მეხი მეხს, ქარი ქარს, ჩვენ კი მივსცეთ მხარი მხარს!
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
აქ ჯერ
არაა პროლეტარი,
მხოლოდ გლეხია,
მაგრამ საზღვრები
წაიშლება,
არის წერტილი,
სადაც შეხვდება
მძლე ქარხანა,
მშვიდი მინდორი
და რომელიღაც
ჯვარედინზე
გახდება ერთი.
ფოლადის ხარი
მიაბიჯებს.
სადღაც ღობეზე
ძველის ძველიდან
ჩამოცმული
ცხენისთავია.
აი, წარსულო!
აი, დღეის
ახალი კვალი,
რისთვის გეგონა
ჩვენი მიწა
რომ უძრავია?
კვარის მაგივრად
მოელვარე სანთლით
„ღამურა“, -
ქარისგან შემკრთალ
სინათლეში
გათავდა დღე რა,
ღამითაც შრომობს
საქართველო,
გათენებამდეც.
მახლობლად
მედგარ კოლექტივის
სცემს გულის ძგერა.
ჩასხმული,
შავი,
მზით დამწვარი,
თითქო რჩეული
ერთი მეორის
უკეთესი
თვალებ-ბრდღვიალა,
გადახალისდნენ,
გამოცოცხლდნენ
ჩვენი ბიჭები.
მიაბიჯებენ -
სიმღერამაც
დაიგრიალა:
მხარი მხარს,
მხარი მხარს,
კოლექტივო,
მხარი მხარს,
აბა ჰე, აბა ჰე,
აბა მივსცეთ
მხარი მხარს,
წავიდეთ, მოვედოთ,
ბორკილ-აყრილ
მთა და ბარს;
მივიდეთ, მივუდგეთ,
გაერთიანებულ ჯარს.
ჰარიქა, ჰარიქა,
ჩავეჭიდოთ
გუთნის ტარს,
ჰარიქა, ბობოლა,
ძველ ღობეებს
უვლის გარს,
მეხი - მეხს, ქარი - ქარს.
ჩვენ კი მივსცეთ
მხარი მხარს.
1930