სტრიქონები
ციკლიდან „ეპოქა“
1
აგერ ვაზები, სიმინდები და ტყე მზიანი,
საღამოს ქარი - მოძახილი იყო ახოთა.
აჩქარებული, მხიარული, თავაზიანი
„უნდა იცოცხლო“ - დედამიწა გაიძახოდა.
2
გათენდა დილა და ალისფერად,
შემოიბურა აღმოსავლეთი,
ყველგან სტველია და ჟრიამული,
მხოლოდ ზეცაში არაა ღმერთი.
მხოლოდ ქვეყნების მაცოცხლებელი,
გადმოიღვარა სიცოცხლე - ძალა,
და აბობოქრდა, და აღტაცებით
შრომის სიმღერა დააგრიალა.
3
განახლებისკენ, განახლებისკენ
მიისწრაფოდეს ფიქრი რჩეული,
საკაცობრიო გზათა ბრძოლაში
სიმშვიდის სიტყვებს გადაჩვეული.
1928