ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ვინ იცის მტკვარო... 

რას იტყვის მტკვარი?! უთქმელობას წაიდუდუნებს,
ტალღის დგაფუნი ვერ ასცდება ჯებირს ბეტონის,
ვერ შეადარებს ჭავლის ბრწყინვას ძველ სათუთუნეს _
ვერცხლისფერ კოლოფს, ეგ თვალები უიმედონი.
გაქრა განწყობა ძველებური, საელეგიო
და ჰერაკლიტეს მდინარეში სჩრია ხელები,
ეიმედება მეთევზეთა მეჩხერ ლეგიონს
მრავალ ანკესზე წამოცმული ჭიაყელები.
ჯებირზე სუფრა უმწირესი, სახელდახელო,
ჩაანაცვლებენ ქაფქაფა ლუდს სითხით მწარეთი,
თვალის მოხუჭვა, გარინდება, მერე ახელა
და ზედაპირზე ფეკალური ყოფის პწკარედი.
ვინ იცის, მტკვარო, ეგ ტალღები რას ირეკლავენ?!
ჭადრებს და ხიდებს, რესტორნების მაძღარ კონტურებს
და ცასთან ერთად შენს ტალღებზე ხატავს რეკლამებს
იგი, დღედაღამ შენს დინებას ვინც აკონტროლებს.
გახსოვდა, მაგრამ დაგავიწყდა თვითონ მეფენიც,
რომ აღიძვროდნენ მიწისთვის და იქცნენ მიწადა,
მე შენს ტალღებზე მსურდა გული გადამეფინა,
მაგრამ მიდიან და არც ერთმა არ დამიცადა.
ახალი ხმების და მიმქრალი ხმების სინთეზი
და ცვალებადი უცვლელობის ტყუილ-მართალი,
შეუბღალავი და გაცვლილი ვერცხლზე სინდისი,
შენი დინება მშობლიური და უმართავი...
რასაც იჭერდნენ მეთევზენი _ ისევ იჭერენ,
ზოგიერთები ერთობიან სხვათა დაჭერით,
სისხლი სიტყვიდან მომდინარი ვერ შევიჩერე
და წავიფარე ჭრილობაზე ზეცის ნაჭერი.
მხოლოდ თვალებით ნაღვლიანით, ხმით კი არ კვნესენ;
დუდუნებს მტკვარი, უთქმელობის ამბავს რომ ჰყვება,
დროის მორევში გადაშვებულს ვგავართ ანკესებს
და წუთს მომავალს, ვინ გაიგებს, რა ამოჰყვება.

??????