* * * მე თვითონ ვიცი ჩემი ამბავი...
მე თვითონ ვიცი ჩემი ამბავი:
სადმე, სხვა მხარეს -
ჩემი ლექსები დაუსტამბავი
ჰპოვებენ მთვარეს.
კარს გამიღებენ მე წინაპრები -
გიცდიდით. ვიცით.
ხომ მიატოვე ის ნაპირები,
ჩვენი სიმტკიცით?
მომეგებება არაგვის პირი
და ხმა ძლიერი -
შენ, გალაკტიონ, კაცი ხარ გმირი
და ნიჭიერი.
შენ, ქვეყანაზე ბევრი იწვალე,
საწყალო, რია.
გარდაიცვალე, გარდაიცვალე,
არაფერია.
1927