დაბრუნდა გრძნობა და სისადავე
დაუნდობელად თვალებ-აშკარა
წინ მიდიოდა ცეცხლის კანკელი,
როცა დემონმა აალაშკარა
უდაბურება და ღრიანკელი.
ძვირფასი შხამით სავსე ფიალა
მე გამოვცალე ქვეყნად, მეგონა.
სულში გრიგალმა გადიგრიალა,
სამუმს სამუმი გადაეკონა.
ვერ დავუკავე მერანს სადავე,
გულმა ხალისი ვეღარ დამალა,
მოვიდა გრძნობა და სისადავე!
ისევ დაბრუნდა ჩვენი ამალა!
1925