პროლოგი 100 ლექსის
რა საოცარი დასრულდა წლები!
მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი,
მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,
ნიკოლოოზი და ფერდინანდი.
მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,
სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი:
იმ საშინელ წელს - პოეტი-მეფე -
გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი,
ჰანგების მეფე - დიდი სენ-სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი...
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი -
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,
რომ გამომევლო ჯერარსმენილი
ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა
და მომეტანა საქართველოში
სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!
1925