ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

სამი ღრუბელი 

მე არა ერთხელ მინახავს:
რა ნაზად დაუჯგუფელი,
ჩემს ეფემერებს ინახავს
სამი ფერადი ღრუბელი.
ღრუბელი ცაზე ენთება
ლაჟვარდი, ოქრორეული,
ო, დროო! გამახსენდება
შენი გზა სიზმარეული.
წითლად ელვარებს მეორე,
მრისხანე ეფემერადი,
ქარივით მომეტეორე
და ცვალებადით ფერადი.
და თეთრი, თეთრი ღრუბელი
თითქო მარადი ქაფია,
სიცოცხლე დაუგუბელი
და ცივი ეპიტაფია.

1925

??????