მშობლიური ეფემერა
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს -
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
„დიდი ხანია?“ - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „დიდი ხანია“...
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
„ამირანია?“ - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
„დაკარგულია?“ - მივმართავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „დაკარგულია“...
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერები ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შინდი...
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით,
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა.
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა...
სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო.
მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!..
შეხავსებია კლდეები კლდეებს.
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
„ამირანია?“ - კვლავ ვკითხავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: „ამირანია“...
1923