ტალახში
ქალაქებიდან სოფლებისკენ დაიძრა ჩარჩი
ყალბი ფულებით, დატვირთული როგორც აქლემი,
ფულს გაანაღდებს ჭირნახულში, სოფელს აჩეჩებს
თვითმპყრობელობის დროინდელი ქაღალდის ქისას.
გზებია სოფლის ოღრო-ჩოღრო და დანგრეული,
ურმის ბორბლები ორმოებში მძიმედ ეფლობა,
კამეჩებს უჭირთ ტალახიდან მათი ათრევა.
- მომეგებენით, - მხიარული ფიქრობდა ჩარჩი, -
მომეგებენით! მოალაგეთ აქ ჭირნახული,
თორემ გავიდა შემოდგომა! აჰანდე შენა.
თანაც იგონებს სხვა სოფელში შენამთხვევ ამბავს:
ღრიანცელითა და ყვირილით მას გზაში დახვდა
სოფლის ქალების მთელი გროვა, დაუწყეს ცემა.
უცხო მგზავრები ჩაერივნენ მაშინ საქმეში,
ჩარჩს დაანება ყველამ თავი - და იერიში
მათზე მიაწყდა, ვინც მოვიდა გასაშველებლად.
იყო ყვირილი, მუქარა და ლანძღვა-გინება...
ჩარჩი ეხლა სხვა სოფლებისკენ მიედინება.
ყალბი ფულებით დატვირთული და მოღიმარი,
შემოდგომაზე ტალახებში მავალი ჩარჩი.
1920