ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს 

სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს,
ღვინო ეძებდა სულ სხვას პირიქით
და შემდეგ უცნობ პიანინოებს
ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით.
როგორც მრავალი ვარდების მფენი,
მას სული ჰქონდა უხვად ციური,
მასში მრავალი იყო შოპენი
და პაგანინი ფანტასტიური.
მას საქართველომ გადაუზნიქა
ვერხვები შორი ალაზანისა
და აი, ეხლა მისი მუსიკა
ჩვენი ისლების რხევამ დანისლა.
მშვენიერია ეფექტი მისი
იქ, სადაც სიტყვა თავდება ძველი,
ოდეს თავისი და არასხვისი
ცრემლებით თვალი უბრწყინავს სველი.

1919

??????