შეხედეთ, მიწა!
გემის ბაქანზე
ვიდექ მარტო.
მინასებრ მწვანე -
ყინულთ კედლები
აწვებოდნენ
გემს მაღალ მხრებით;
შეუბრალებელ
და ურყეველ
ბარიერებით
გადაიკეტა
მომავალის
გზა მოტორტმანე.
იდგნენ ყინულის
სასახლეთა
მუნჯნი გროვანი,
ყინულის მთები
და კოშკები
მაღალ თაღებით,
რაც იყო თვალით
სანახავი,
ხელშესახები,
ისახებოდა
ვით ქალაქი
ყინულოვანი.
მკრთალ-მოზურმუხტე,
სავსე მთვარის
დაღლილი სახე
ცივზე-ცივ ნათელს
ყოველივეს
ახვევდა ზეწრად.
და იმ ნათელში,
იმ საოცარ
წამში, უეცრად
მაღალ ანძასთან
ხელში დროშით
შენ დაგინახე!
შენ დაგინახე,
სიცოცხლისა
გენიავ ჩემო!
როგორც კი გულმა
სიახლოვის
შეიგრძნო ძლევა -
დამაყრუებელ
ხმაურობით
დაიწყო ნგრევა,
რაც კი ყინულთა
გარემოცვა
იყო გარშემო.
წყალქვეშ მიწისძვრას
ედრებოდა
ძალა ხმოვანი.
მივვარდი საჭეს
ყინულთაგან
თავისუფალი.
ვხედავდი - როგორ
დაყირავდა,
როგორც ღრუბელი
და გაიფანტა
ის ქალაქი
ყინულოვანი!
ის ციხეები
და კოშკები
ჩაიმსხვრნენ მაშინ,
უზარმაზარი
ლილის მთები
ჩემს თვალთა წინა
განიფშვნებოდენ
ისე, როგორც
მსუბუქი მინა
და მწვანე ნათლის
ელვარებით
წვებოდნენ ზღვაში.
როგორც დაიძრა,
ისე მალე
გაიჭრა გემი -
ხმლის მოქნეულის
სიბასრით და
ისრის სისწრაფით!
განვლო მანძილი
ავსებული
ყინულთა ქაფით
მხარისკენ, რომელს
საოცნებო
ჰქვია ედემი.
შეხედეთ, მიწა!
სიყვარულის
გრძნობებით მკვიდრით
ჩვენ გვეგებება
აქ გულწრფელი
სიცოცხლის ქნარით
ჩვენი ბრწყინვალე,
ჩვენი ვრცელი
სამშობლო მხარე,
ზღვის ნაპირები
ასწლოვანთა
ხეთა სიმდიდრით!
ასე ვხედავდი,
მშვენიერი
და დიდებული
მოსჩანდენ მთები,
მე მესმოდა
იმათი ძმობა.
ეს იყო მათი
გარდაქმნა და
ახლად სრულყოფა,
და სიდიადე
მაღლა, ცამდი
შეკიდებული!
სმენა იჭერდა
უსაყვარლეს
მდინარეთ ხმაურს,
ჰაერში იდგა
სურნელებათ
სხვადასხვა ზვავი.
ნაპირებიდან
შემპარავი
ჰქროდა ნიავი,
რომელიც მარად
ზღვასშეჩვეულს
ხიბლავს მეზღვაურს!
სადღაა ყინულთ
ჟრიამული
და ქარის სტვენა?
ო, მომავალის
დიდი რწმენის
კარგო ბუნება...
შენ შეგიძლია
დღეთა ჩვენთა
შემობრუნება,
მშვენიერ დღეთა
შეგიძლია
მომმადლო ენა!
1917