იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია,
მესმის რულში, როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმაური,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.
მე ვიგონებ ვნებას სიყმაწვილის დროს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დამიხატავდა.
მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
არა - არას, მე ვისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ ეტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
იყო ღამე, იყო უდაბნოეთი,
ოდეს მშვიდი და უცნობი პოეტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
1917