ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ტყეს მთებისას გაიფრენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უგონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინად, დიდი ხნის წინათ...
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვენ ოდესღაც და მიეძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინად, დიდი ხნის წინად,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა.
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.
1915
წაღვერი