ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

სიკვდილის ბრჭყალებში 

კავკასიის მთის ციცაბო კლდეზე
ძირს ტოტ-დახრილი მუხა დგას ობლად,
ცა მიაჩნია შორეულ ღმერთად
და დედამიწა მახლობელ-მშობლად.
წელიწადების ურიცხვმა გროვამ
ვერ გამოსტაცა სიმხნე და ძალა,
ქარიშხლიანი მოგონებები
მისი ხსოვნიდან დრომ ვერ წაშალა.
ღრმა ნაოჭებით დაფარულ შუბლზე
შემოდგომისა მეფობდა დილა,
ბევრჯერ აშლილა შავი ფიქრები
და ბევრჯერ ისევ-ისე წაშლილა.
და მხოლოდ ფიქრი ერთი უმიზნო
ღრმად ჩარჩენია, ვით წყევლის კვალი:
„და ყოველივე და ყოველივე
ამაო არის და წარმავალი,
ნათელი სხივით შემოსუდრული
ხვალ დაბნელდება ცა გამჭვირვალე
და შენც, მოხუცო, სიკვდილის ხელი
გაგანადგურებს ან დღეს, ან ხვალე!“
კავკასიის მთის ციცაბო კლდეზე
ძირს ტოტ-დახრილი მუხა დგას ობლად,
ზურმუხტისფერი ცა არ იზიდავს
და დედამიწა აღარ სწამს მშობლად.

1915

??????