დახუჭული თვალები
ტბა, ლერწამით შემოსილი,
გამჭვირვალე, როგორც მინა,
თეთრი თოვლით დაიფარა,
უნუგეშოდ გაიყინა.
ეგ თვალებიც, ჩემო კარგო,
წამწამთ გუნდში ჩაიმალა,
სამუდამოდ დაიხუჭა,
როცა სევდით დაიღალა.
გაზაფხული მალე მოვა,
აენთება სხივი მწველი,
ტბაზე გედი აცურდება -
ამაყი და უზრუნველი.
მაგრამ თვალებს, ჩემს მკვლელ თვალებს
ვინ ჩააბნევს სიცოცხლის ძაფს?
გლოვით თავი დაუხრია
შენს საფლავზე ობოლ კანაფს...
ცამ ტბას ცრემლი დააფრქვია,
ზამთრის სუსხმა სხივი მოჰკლა,
მე თვალები დაგიხუჭე,
ცამ საფლავი დაგიორთქლა.
1912