ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ჩამავალი მზე 

ვუძღვნი მონაზონ ქალს

1
მზე დასავლეთით ესვენებოდა,
სჭკნებოდნენ ვნებით სხივები მზისა,
ორთქლით დანამულ მიწაზე ვწერდი -
რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!

2
მზე ამოვიდა, ღრუბელთ სიწითლეს
მოულოდნელად ფერი ეცვალა
და საიდუმლოს ფერი ბრწყინვალე
შემოეძარცვა, შემოეცალა.

3
ცელქმა ნიავმა ჩემი სიტყვებით
დასერა ლურჯი ეთერი ცისა
და წაიკითხა მთელმა მსოფლიომ -
რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!..

4
უცებ გაცოცხლდა ირგვლივ ყოველი,
ველებს აღელვებს ნიავი მშვიდი,
ამოიშალა ძველი სიტყვები,
ახალი გზებით მიდის რაინდი!

1911

??????