* * * ოდესღაც, სადღაც...
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში,
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.
ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გატაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
1911