ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * შუაღამეა... 

შუაღამეა... ზღვის ნეტარ გულში
წყნარად სხივებს ჰბანს კაშკაშა მთვარე...
შუაღამეა... ვარსკვლავთა კრება
მორცხვად ციმციმებს შუქმოელვარე...
სატრფოვ, აღარ მსურს შენგან შორს ყოფნა,
მსურს მთვარესავით სხივებში მხვევდე...
ერთხელ დახედე ჩემის ყოფნის ზღვას,
ერთხელ ჩემს გულშიც ჩამოიხედე!
შუაღამეა... სადღაცა მწყემსი
სალამურს უკრავს, ღუღუნებს სტვირი,
ხედავ, ნაზ ყვავილს როგორ ეხვევა
მთით მოწყვეტილი ცელქი ზეფირი!
დავემხვე პირქვე და ავქვითინდი,
თავდავიწყებით მიწას ვემთხვიე,
სატრფოვ გულისა! ცელქ ნიავივით
შემომეკონე... შემომეხვიე!

1911

??????