გაზაფხულის ღამე (ი-ს)
ი. გრიშაშვილს
არ იძვრის ქარი, ნიავი არ ჰქრის,
ბაღი ოცნების ტბაში შთანთქმულა,
მთვარის ნათელი ნაზად, ვერცხლებრივ
ცისა ტატნობზე გამოსახულა.
არ იძვრის ქარი, უცხო სიზმარი
დამთვრალ მიდამოს ეალერსება,
მხოლოდ ნაღველი, გულის ნაღველი,
ისევ დამდაგველ ნაღველად რჩება.
ოჰ, რომ შემეძლოს სადმე ვიპოვო
შესასვენები ნავსაყუდარი,
მეტად მძიმეა ეკლის გვირგვინი,
მეტად მძიმეა ჩემი სუდარი.
სატრფო, ნუგეში და მეგობრობა
მწარე ღიმილით ბურუსში კრთება,
ეს ნაღველი კი, გულის ნაღველი,
ისევ დამდაგველ ნაღველად რჩება.
1911