ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

სატანა, დირიჟორი მსოფლიო ორკესტრისა 

მიწიდან ლალის ალი ავარდა
და კაელიოს ზეცას ეხება,
უცებ სატანამ გაინავარდა
და შორი მეხი მეხს ეტეხება.
მძაფრი ორკესტრი, ძლიერ და ორკეცს,
ორატორიებს, მთაზე ატანა,
გრიალი გააქვს მსოფლიო ორკესტრს:
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.
უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება?
ჯერ დედამიწას არ მოსმენია,
მსოფლიო ბაგეთ ასე გოდება.
გულს აატირებს ოცნების ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.
პირველი, მძაფრი და შხამიანი -
სუსტი, - შეუცნობ დედას და მამას,
ბადებს წამებით ადამიანი -
ორკესტრი მარად იგლოვებს ამას.

1910

??????