* * * გაშლილ წალკოტში...
გაშლილ წალკოტში ნორჩ ყვავილის
მოწყვეტა მსურდა,
მაგრამ სერაფიმს ბედკრულისთვის
ესეც შეშურდა!
ყვავილს სინაზით კალთა თვისი
მან დააფარა
და უშფოთველი, გულწრფელობის
ცრემლი დაჰღვარა.
მწარე ღიმილით გესლიანი
მე მას განვშორდი,
და შავს ქვესკნელში განწირულად
დავჰქროდი, ვძრწოდი!
ოჰ, ვის, ვის ესმის ჩემი კვნესა
და ტანჯვა სულის,
საუკუნეთა მსვლელობაში
გაცივებულის?
ადამიანო! ყოფნა შენი
კუბოდ იცვლება,
მე კი, უბედურს, თვით სიკვდილიც
არ მეღირსება!
უსიყვარულოდ, უმნიშვნელოდ
მიჰქრიან დღენი.
ოჰ, ვის, ვის ძალუძს, განიცადოს
ტანჯვა ესდენი?!
1910