მსახიობ ქალს
როცა ფიქრებით დატყვევებულ-გარემოცული
მარტო ხარ, ობლად და გიტანჯავს სულს მწუხარება,
როცა უცნაურ აღმაფრენით გიტოკავს გული
და წარგიტაცებს საოცარი იდუმალება.
აწ, როცა სატრფოს გატაცებით ესაუბრები,
ორთავეს გიწვევს განსაცხრომლად ტყე დაბურული,
მისი სიტყვებით, მისი სუნთქვით უებრად ვტკბები,
კვლავ საოცნებოდ აღტაცებით მიილტვის სული.
როცა ხარხარებ განუწყვეტლივ, ანდა ქვითინებ,
როცა ბრბოს მეფედ, გვირგვინოსნად თავის თავს აცნობ,
კერძო გულისთქმას, სულის კვნესას ვმარხავ, ვივიწყებ,
მხოლოდ მას ვფიქრობ, რომ შენ მაშინ ურცხვად თვალთმაქცობ.
ოჰ, რარიგ მინდა მაშინ ძლევის დაგიდგა ძეგლი,
გულწრფელ სიტყვებში გამოვხატო ეს გრძნობა მცირე:
- ძეგლის ღირსი ხარ, რადგან სული უკანასკნელი
შენს ერთ სიყვარულს, ხელოვნების ტაძარს შესწირე!
1909