სასაფლაოზე
მიყვარს საღამო წყნარი, მშვიდი და მოწყენილი,
როცა მზე სხივებს უკანასკნელს აათამაშებს,
როცა მდუმარებს ტყე-ბუჩქნარი გადაფენილი,
როცა ბულბული მწუხარედ ხმას ააწკრიალებს.
მივეჩქარები, რომ სალამი მივცე საფლავთ ქვებს...
იქ არ მოისმის ადამიანთ უღვთო ხარხარი;
იქ ანგელოსი წრფელად გალობს ზეციურ ჰანგებს
და ჩუმად უგდებს მის სიმღერას ყურს მთა და ბარი.
გზას მოიკვეთავს ყვავილებში ნაკადი მთისა...
საფლავებს შორის ნელ დუდუნით მიიკლაკნება,
ხან აქვითინებს უარყოფა სიყვარულისა,
ხან კი ახარებს შორს წარმტაცი ბედნიერება...
ნიავი ჰქრის... შორს მიფრინავს ლაღი ოცნება,
სულს ასხიოსნებს უკვდავების სახე ნარნარი.
სამშობლო მხარე, ბედნიერი წინ მეხატება...
ადამიანი ცას შეჰხარის მშვიდი, დამტკბარი.
ამ დროს გაისმის სევდით სავსე ზარის წკრიალი...
და შეშფოთდება ოცნებაში მფრინავი სული;
კვლავ წინ მეხატვის სოფლის ბრუნვა, სოფლის ტრიალი.
ოჰ, არც ოცნება აღარ მატკბობს აზვირთებული.
მსურს, რომ ვიტირო და ჩემს ტირილს, მსურს, ყურს უგდებდეს
სასაფლაოსი არემარე დადუმებული.
დეე, იცოდეს, დეე, მხოლოდ იმან უწყოდეს,
თუ რარიგ შფოთავს მგოსნის გული დაობლებული.
მხოლოდ... იმ ტირილს და იმ მოთქმას მარტოობაში
მე არ გადავცვლი არავითარ ნეტარებაზედ,
მთელს სიტკბოებას მირჩევნია ბედკრულს იმ წამში
ეს უიმედო, ობოლი ცრემლი ლამაზ წამწამზედ.
მზე მთისა მწვერვალს გადასცდება, ჩაესვენება...
ცისა ლაჟვარდი აენთება უკანასკნელად,
უკანასკნელად მთასა და ველს მოეფინება
ბულბულის ჰანგი ნაღვლიანად და მოწყვეტილად.
მწუხრის ზეწარი ეფინება მდუმარ მიდამოს,
ნამი ციური ყვავილის გულს ზედ ეკონება,
ცის ანგელოსი დაჰღიღინებს დანამულ მდელოს,
ნიავი ნელი ვარდს გაფურჩქვნილს ესალმუნება.
მიყვარს საღამო, სევდიანი და მოწყენილი...
მიყვარს ფიქრებში მოქანცული მე სასაფლაო...
დეე, მაშინაც თვალწინ მედგას ყოფნა გახრწნილი,
მაშინაც ვგრძნობდე, რომ ფუჭია იგი, ამაო!
1909