ასათიანი ლადო
გაზიარება

პირადი წერილები 

დედას-ლიდა ცქიტიშვილს

* * *

ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში

ძვირფასო დედა! მე კარგად ვარ, შენ ყოფილხარ ავად –სამწუხაროა. შემომითვალე, რით შემიძლია დახმარება...ისე, ისეთი ამბები მე არ მაწუხებს და არც ვიტკივებ თავს მასზე ფიქრით,-არაა საჭირო ამაზე წერა.

ფული შემომაკლდა, მაგრამ არა უშავს – ვიშოვი. საბანი არ შემიკერავს.

სხვა რა მოგწერო, გიგზავნი ლექსს, რომელმაც აალაპარაკა ხალხი ქუთაისში. ახლა „მნათობშიც“ დაიბეჭდება.

რასაც მწერ, გავაკეთებ.

მოკითხვა გოგის, მედიკოს-

შენი ვ ა ლ ო დ ი ა.
17.9.1936. 
ქუთაისი. 

* * * 

ძვირფასო დედა! სალამი და კარგად ყოფნა!...მე კარგად ვარ. ამ კვირას ბათუმში მივდივარ ლიტერატურული საღამოსათვის, ტრიუმფალურად მიდის ქუთაისისა და კერძოდ ჩემი ლიტერატურული ცხოვრება, გიგზავნი გაზეთებს. გვერდში რომ ლექსია, მანდ დავწერე, ის კი, ცალკე რომაა, ახალია. მწერალთა კავშირის წევრების კანდიდატად დამამტკიცეს.შემოქმედებითი მუშაობისათვის (მივლინებისათვის) 300 მანეთი გამომიწერეს, ავიღებ დაახლოებით 20 დღეში. 

სხვა რა მოგწერო.

როგორც იცი,პასპორტი დამეკარგა. ასე :ქუთაისი, ჯაფარიძის ქუჩა № 64, შალვა ასათიანს - ვალოდიასათვის. მოკითხვა მედიკოს და გოგის.

შენი ლ ა დ ო ა ს ა თ ი ა ნ ი.

(წერილი უთარიღოა)


ძმას-გიორგი ასათიანს
* * *

ქუთაისში

გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს.

ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე იარე, მიწაზე-ქუთაისის მიწაზე! 

რომ მწერ, აქ გაჩერება არ შემიძლიაო, რატომ არ შეგიძლია?! ასეთ სისულელე-ებსაც, თუ კაცი ხარ, თავი დაანებე.

ბევრს ვკითხულობო, იკითხე მერე, კითხვა ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს, მაგრამ არ ვაგრა: ვინც ბევრს კითხულობს, ის არასოდეს ლაპარაკობს, ბევრს ვკითხულობო.

ის იკითხე, რაც ახლა გესაჭიროება, ძველი ქართული მწერლობა ისწავლე, ის სჯობია ყველაფერს...

თუ ძმა ხარ, სიტყვების კორიანტელი, გატყლარჭული სტილი და ათასნაირი უცხოური ამბები ნუ გაგიტაცებს, მაგ ყველაფერი სისულელეა; ჩვეულებრივი ადამიანური ენით დაწერილი (ილია, აკაკი, ვაჟა) წაიკითხე და იყავი ჩვეულებრივად უბრალო. ასეთი წერილი მეორედ არ მომწერო, თორემ შევწუხდები.

მე მგონია, მანდ რომ ჩააბარო გამოცდები, ის სჯობია, ყველა დაგეხმარება, ჩემი ამხანაგები, მიშა, შოთა და სხვები. შენ უთხარი, მეც მივწერე, ანდა რად უნდა მიწერა, ისედაც კარგად იციან შენი ამბავი.

ასე, მომიკითხე ბიძია, ბიცოლა, ნარგიზა, შოთა ქურიძე და სხვანი და სხვანი.

შენი ძმა ლ ა დ ო ა ს ა თ ი ა ნ ი.
19.6.1939. 
თბილისი.



***

ქ.ქუთაისი, გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ რედაქცია.

ძმაო, გოგი! შენი ლექსი უშეცდომოდ დაიბეჭდაო, რომ მწერ, ესაა, ბიჭო, უშეცდომოდ?! წათების მაგიერი-წაქები წერია, ნადუღი რომ დაგეწერათ, უკეთესი იქნებოდა, წინ-მბრძოლის მაგივრად-წინბრძოლი. ისე-ს მაგივრად ისევ და სხვა. განსაკუთრებით ეს „ისევ“ ამახინჯებს აზრს. ზევით სამ სტრიქონში „ისევ“ არის ნახმარი და თქვენ, ალბათ, იფიქრეთ, მეოთხეშიც „ისევ“ იქნებაო, და გაუშვით ასე. მეო-თხეში უნდა იყოს „ისე გულდაგულ შევარდნენ“. თქვენ გაგიწყდათ მიწა, თქვენ! სოფელში ყოფილხარ, ბიჭო, გაზეთის მუშაკი ხარ, ცოტადაწვრილებით რომ მოიწერო, არ შეგიძლია?! რა არის ეს ორი პწკარი!

მე არა მიშავს, ოთახი მივიღე ძერჟინსკის ქ. № 3-ში, მაგრამ ჯერ კიდევ „სახლაფორთოა“ და დამრჩება თუ არა, არ ვიცი.

თუ მოახერხო, გამოიარე აქეთ. მანდ წესიერად იყავი, წერილები მოიწერე.

მოგიკითხეს ანიკომ და მანანამ. მოიკითხე ჩვენები და რედაქციის ხალხი. იყავი კარგად.

შენი ძმა ლადო ასათიანი.
5.12.1942. 
თბილისი. 


მეუღლეს - ანიკო ვაჩნაძეს.

* * * 

ანიკო ძვირფაო! დავბრუნდი თბილისს მშვიდობით, დაღლილი ნახულითა და გაგონილით, მთვრალი ღვინითა და სიყვარულით.

რედაქციაში დამხვდა შენი წერილი - სიტყვაძვირი და სიტყვამცირე, დამხვდა და გამახარა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი დამხვდებოდა.

ანიკო, თბილისღი ყველაფერი ძველებურადაა, ყველაფერი სტანდარტულადაა, სასახლეშიც ასევეა, ყველგან ასეა, მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე არაა ძველებურად: ნაცნობი ხე შეცვლილა ოდნავ, ფოთლები გასცვენია, შემოდგომის ბრალია, თუ შენმა უნახაობამ დაჰმართა ეს საქმე...

ანიკო! მაპატიე, რომ ისეთ მდგომარეობაში გინახულე...11-ში წამოვალ; ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ წამოვიდე და დამხვდი. აუცილებლად.

წერილი მომწერე, თუ მოასწრო, მხოლოდ „გასაგები, ადვილად გასაგები“.

კიდევ ნახვამდის, მოგიკითხა ყველამ, ვისაც იცნობ ახლოს.

ლადო ასათიანი
7.9.1939. 
თბილისი.


* * * 

ანიკო, ძვირფასო! მშვიდობით ჩამოვედი, მაგრამ ნეტავი არ ჩამოვსულიყავი, მომწყინდა, მოსაბეზრებელია აქაურობა. დავდივარ მარტოდმარტო ნაძვნარში. ხომ გახსოვს ჰაინრიხ ჰაინეს ნაძვი, სამხრეთზე რომ ოცნებობს, იმ ნაძვს ვგავარ ახლა მე. დავდივარ და ვფიქრობ საქართველოზე - ჩემს სამშობლოზე, და შენზე...

...საზიზღარ ხასიათზე ვარ ახლა, სად გადმონაგდე ამ იდიოტობაში, 23-ში წამოვალ აუცილებლად და გნახავ.

ლადო ასათიანი.
18.9.1939. 
წაღვერი.

* * *

ანიკო, ძვირფასო! დღეს ხომ სამი რიცხვია, ბაქოში ვართ ჩასული (პირველი საათია), მივდივართ როსტოვს და მერე სად, არ ვიცი. სიცხე მაქვს და თავი მტკივა.

ვაგონ-რესტორანი ამ მატარებელს არ ჰქონია და ხომ იცი...

სხვა რა მოგწერო, რომ ჩავალ და მოვეწყობით, მაშინ მოგწერ დაწვრილებით ყველაფერს.

მომიკითხე მეგობრები, იყავი კარგად და სულ კარგად.



გკოცნის შენი ლადო ასათიანი.
3.11.1939. 
ბაქო.

* * *

ანიკო, ძვირფასო! როსტოვიდან ლასკში ჩავედით, გზაში ძალიან ცუდად ვიყავი, ახლა ლისკში ვარ (ღამის 5 საათია) და ვორონეჟისაკენ მივდივართ. ნეტავ რად მივდივარ, ვიცოდე მაინც, ან რა მომელის?!

შენ, ალბათ, კარგათ ხარ, დადიხარ თბილისის ცის ქვეშ არხეინად...

სურათები თუ გამომიტანე? იყავი კარგად და კარგად. მომიკითხე ნიკა და სხვ.

გკოცნის შენი ლადო ასათიანი.


6.11.1939. 
ლისკი. 

* * * 

ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე, როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი, და ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო, რას ქვია, პასუხს მომწერ...

ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ ასეთი რამეები არ არის საჭირო.

ახლა ერთ რამეს გეტყვი: ამ თვის ბოლოს შვებულება აიღე...

იქნებ, ჩემი წიგნის დარჩენილი ჰონორარის აღება მოახერხო, შენც ხომ მიიღებ ფულს და ჩამოდი. აქ, საჭმელი, ხომ იცი, იშოვება... თუ ფეხმძიმობა ძალიან არ შეგაწუხებს და თუ სუსტად არ იქნები, აგვისტო აქ რომ გავატაროთ, არაფერი გიჭირს, მეც შენთან ერთად უზომოდ გავიხარებ...

ასე თუ მოხერხდება, ეს გავაკეთოთ ძალიან გთხოვ, შენთვის კარგი იქნება. მერე აქედან ერთად წავიდეთ. სხვაგან წასვლაზე კი ვერ დაგეთანხმები, შენზე გაბრაზებული ვარ. დღეს შენს წერილს ველი, თუ მივიღე, შეგირიგდები.

ასე. გკოცნის შენი ლადო ასათიანი.
12.07.1940
აბასთუმანი


* * * 

ანიკუშა გენაცვალე! მივიღე შენი გამოგზავნილი „თაობა“ წერილებითურთ.

მივიღე ყურძნის წვენი, რად გინდოდა ამდენი ყურძნის წვენი, ა? რას ხარზჯავდი ამდენ ფულს, გქონდეს მაინც?! ეჰ, ჩემო, ანიკო, არავითარი საჭირო არ იყო ამდენი „ხლაფორთი“, რა საჭიროა, თუ ღმერთი გწამს, ა? უშენოდ ამ ერთი თვის მეტს ვერ გავჩერდები.

ანიკო, გენაცვალე! გამიგე და მომწერე, - რადიანი თუ არის თბილისში, გაზეთში გიორგი ნატროშვილია თუ ის. მომწერე ეს მალე.

ნახე ჟაკი და ჰკითხე თავისი მისამართი და მომწერე, ქუჩა ვიცი, მაგრამ ნომერი არ მახსოვს, კოტე მესხის... არ ვიცი.

ო, ჭირიმე, კაპიკი ფული არა მაქვს უკვე და სამი თუმანი ვალიც მაქვს.

ერთი კიდევ: „თაობაში“ გამიგე, № 6-ში ლექსი თუ იბეჭდება ჩემი, ანდა საჯაიამ თუ მიუტანა ნიკას ლექსი, ორი ლექსი აქვთ მანდ ჩემი. მოიწერე ამაზეც. ნიკა აგიაშვილს რა მოუვიდა, არაფერს მწერს? პრეზიდიუმი თუ იყო?

ასე, ჩემო გოგო, შენ რომ ამდენი რაღაცეები გამომიგზავნე, მე რა გამოგიგზავნო?
ალიოშა შოვშია, ხომ?

ასე ჩემო ანიკო! როგორც მე გეუბნები, ისე მოიქეცი, ნუ გეშინია, ჯერ არ მოვკვდებით.

გკოცნის შენი ლადოია.

საჩქაროდ მომწერე წერილი.

მომიკითხე ხალხი და დედაშენი.

შენი ლადო ასათიანი
24.VII.1940 
აბასთუმანი. 

* * *

ანიკი გენაცვალე! მივიღე ფული და გავაგრძელე კიდეც ვადა 1-მდე. ძალიან კარგად ვარ, ოღონდ შენი ამბავი მაწუხებს.

შეწუხებული იქნები, მაგრამ ყველაფერს დაგავიწყებ, რაც გაჭირვება გინახავს.

ლექსები თუ მიიღე, თუ მიიტანე, როგორაა საქმე? ხომ იცი, როგორც ვწერდი, ისე, „ჩვენს თაობაში“. იმ ერთი ლექსის გარდა, რომელიც მაგათი ანგარიშით № 7-ში უნდა დაიბეჭდოს, კიდევ აქვთ ერთი ლექსი „ასათიანური“ და თუ არ დაბეჭდავენ, გამოართვი.

ბიჭები ხომ არ ჩამოსულან თბილისში? ალნათ, 1-სათვის ჩამოვლენ, ალიოშა ხომ არ ჩამოსულა? ლექსები არ დამიბნიო, გიგზავნი ცნობას, მაგრამ რად გინდა?

გკოცნის შენი ლადო ასათიანი 
14.8.1940 
აბასთუმანი.

* * *

ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია, ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათს და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეძლებელია. ასე მირჩია ყველამ, ექიმებმაც და სხვებმაც , მერე მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?!

აქ ზამთარში მხოლოდ ისეთი ოჯახები არიან, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ზამთარში აქ ამდენი ხალხი კი არ არის, ერთი დუქანია და მეტი არაფერი, მერე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახურზე აქ ერთი ამბავია, ერთი ადგილის განთავისუფლებას ოცი კაცი შეჰყურებს...

როგორც ვხედავ, მე აქ ზამთარში ასე ვერ დავრჩები. თუ შენ შეგიძლია მოაწყო ეს ყველაფერი, ოთახიც იშოვნო, შეშაც, სამსახურიც, ფულიც და სურსათიც, დიდი სიამოვნებით, მაგრამ... ვერც შენ და ვერც მე ამას ვერ შევძლებთ.

თბილისში უნდა დავბრუნდე. უნდა ვიმუშაო სადმე და რეჟიმით უნდა ვიცხოვრო. ასე კი არ კვდება ხალხი, ექიმობს და ცოცხლობს. ნამეტან ახსნა-განმარტებებს და მსჯელობებს თავი დაანებე, მე შენზე უფრო მინდა ყველაფერი. უკვე აღარ შემიძლია წერა, ისე მომეშალა ნერვები.

თბილისში დავბრუნდები, დავწყნარდები და სადაც დაწყნარებული ვიქნები, იქ უკეთესია ჩემთვის და ჩემი ავადმყოფობისათვის.

რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. და ამიტომ თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას. 

მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო, მერე ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე. ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელი დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს!

შენი ლადო.
1940.აბასთუმანი.


(თვე და რიცხვი არ აწერია).

* * *


ანიკო! მივიღე შენი წერილი. მე არა მიშავს. დღეს დავითვალე და უკვე 10 ახალი ლექსი აღმომაჩნდა... 
კაცო, რა ეშმაკი მოუვიდა „ერთცახე“ წიგნს, მაგან გამიჩინა მე ჭლექი, უკვე თვენახევაეი გავიდა და კიდევ არაა. 
დღეს ვარ კარგად, ფოსტალიონმა მითხრა, დიდი წერილია შენიო, წიგნი მეგონა, მივედი და შენი და რეზოს წერილები იყო. 
მოიწერე დაწვრილებით, ბავშვი როგორაა. წიგნი თუ იქნა, გამომიგზავნე.



შენი ლადო ასათიანი.


10.3.1941. 
აბასთუმანი.

* * *

ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს „მნათობისათვის“. უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე-ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რამე შეიცვლება, თუნდაც ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი, არც სადაოა რამე. აგვისტოს ნომერში რომ დაბეჭდონ, კარგი იქნება. ისევ გიმეორებ, თუ ასე დაიბეჭდება, თორემ არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები რომ სხვანაირად რამე მოხდეს, ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები.

თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს. კიდევ გიმეორებ, თუ ასე არ დაიბეჭდება, არ მინდა, კარგად დაიმახსოვრე. სხვას არავის მისცე, სიმონი სჯობია, ან კარლო.

საგზურისას რას შვრები, უკვე მითავდება ვადა.

როგორც გწერდი, ერთი თვის იშოვე კიდევ, მეტი არ მინდა, მალე, თორემ ახლა ერთი ამბავია. წერილები და ცნობა თუ მიიღე? საგზური თუ მოხერხდეს, თორემ გზის ფული გამომიგზავნე და ან ქუთაისში წავალ ან მანდ ჩამოვალ.

ასე, გენაცვალე, საჩქაროდ გააკეთე ეს, ანიკო. ლექსებს არაფერი ჩხიკინი არ დაუწყო, არ გადამრიო, შვილივით გაბარებ, იცოდე! წიგნის საქმე როგორაა?

აჩვენე ლექსები, ხალხი რომ არ იქნეს, მაშინ, როგურც გწერდი სიმონს ან კარლოს; თუ მოხერხდა ასე დაბეჭდვა, დაუტოვე, თუ არა და ისე ჩუმად წაიღე შინ და შეინახე. რომელ ნომერშიც დაიბეჭდება, სულ ერთია, მხოლოდ ასე და ამგვარი რაოდენობით უნდა დაიბეჭდოს.

ასე და ასე! წერილები მოიწერე.

გკოცნის მრავალს შენი ლადო ასათიანი.

(წერილი უთარიღოა).


* * *

ჩემო ანიკო! გამოგიგზავნე ქეთო დადიანის ხელით “მანი კრუპა“ და წერილი, ალბათ, მიიღებდი.

ამ წერილს ისე ვწერ საჩქაროდ, ბორჯომში ჩააგდებს კაცი. მე არა მიშავს, ვარ ისე, ნელ-თბილადო, რომ იტყვიან... ეს ხველება ვერ მოვიშორე. 

ანიკო, ასე, ამ თვის დამლევისათვის, თუ მოახერხო, ცოტა ფული გამომიგზავნე გზის ფულად და გზაში რომ მეყოს; შეიძლება, სულ მალე დამჭირდეს წამოსვლა. ხომ იცი, ეს რას ნიშნავს?! შეიძლება, სხვანაირად დატრიალდეს საქმე. ისე კი არ მინდა ფული. იქნებ, წამოსვლაც იქნეს საჭირო, სულ მალე, ეს იცოდე.

მე კი არ მინდა, ძალიან კარგად ვარ ამ სიცხეში აქ და ამიტომ ვთხოვ განგებას, ცოტა ხანს, სანამ ეს სიცხეები გათავდებოდეს, ნუ გამომაგდებს აქედან, თანაც გაძლიერებულ კვებაზე ვარ გადაყვანილი.

ანიკო, შენ გენაცვალე, იქნებ ახლა სასაცილოც იყოს წიგნების გაგზავნ-გამოგზავნა, მაგრამ ერთი წიგნი მჭირდება, ძალიან მჭირდება, ერთ რაღაცას ვწერ და ის თუ არ მექნა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს წიგნი არის ჩემი მაგიდის უჯრაში, რომელში – არ ვიცი, ერთ-ერთში იქნება, პირველად ზევითა უჯრაში ნახე – მარცხნივ რომ ზევითა უჯრაა. წიგნს სათაური არა აქვს, კანი შემოხეული აქვს, პატარა, თხელი, თეთრი წიგნია, თავზე აწერია, მგონი, „ქართველები უძველეს დროში“, თუ „ქართველების უძველესი ადგილმდებარეობა“. აი, ეს წიგნი გამომიგზავნე ვინმეს ხელით, თუ ქალი ხარ. თუ დავრჩი აქ, ძალიან მჭირდება. გიგზავნი წიგნის ზომას (ქაღალდს), რომ უფრო კარგად მიაგნო. ასე, აბა, შენც იცი, თუ გამიკეთებ ამას.

მანანა როგორ არის? ავად იყოო, იწერებოდი...

კარგად დაუკვირდი, სხვა არ გამომიგზავნო.

თუ ზევით უჯრაში არაა, მერე მარჯვენა ქვეითაში ნახე. იყავი კარგად. წერილი მომწერე, აკოცე მანანას. 

გკოცნის შენი ლადო ასათიანი
18.7.1942 
აბასთუმანი.

სიდედრს – ტასო ვაჩნაძეს

* * *

დედა ტასო! მე ახლა ძალიან კარგად ვარ, მხოლოდ ანიკოს ამბავი მაწუხებს და შენ იცი, თუ ცოტას შეუმსუბუქებ მდგომარეობას. ნუ, გეშინია, ყველაფერი სასიხარულოდ იქნება და შენც მოისვენებ.

მალე ჩამოვალ; მხოლოდ მანდ რომ ვერ მოვიდე, არ გეწყინოს. იყავი კარგად და კარგად.

შენი ლადო ასათიანი
17.8.1940 
აბასთუმანი.

ნიკა აგიაშვილს

***

ვანის რაიონი, სოფელი დიხაშხო.

ვივა აგიევ! როგორ მყოფობთ?ალბათ, კარგად... ჩვენც არა გვიშავს...

ისევ სტანდარტული ამბები, სიცხე და სხვ... მივიღეთ შენი წერილი ორმა ადამიანმა. ჩვენ ერთმანეთს ვემდუროდით და შენი წერილი გახდა მიზეზი ჩვენი შერიგების.

ნიკოლაუს, აგიუს ფლაკუს! აქეთ მაინცდამაინც ახალი არაფერია. ვცხოვრობთ ვირივით წყნარად. ძალიან ვწუხვარ, შენს პლევრიტით დაავადებას, თუ ეს მართალია, მაგრამ, ალბათ, ხუმრობ.

ალბათ, ხარბად სუნთქავ დიხაშხოში უფასო ჰაერს, არა? რა გიჭირს, ბიძიკო, ჩვენ აქ ყველაფერში ფულს ვიხდით.

ნიკოლაუს! დღეები მძიმედ ხომ არ მიდიან მაქაც? ჩვენთან, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივი მოწყენილობაა. შენი ძმა, ლადიმიე, მუდმივ სულიერ აფორიაქებას განიცდის.

ნიკა, თუ რამდენიმე ხანს კიდევ დაჰყო დიხაშხოში, წერილი მოიწერე. როცა დაბრუნდე, შენს ძმას შენი მაქაური „ბიბლიოთეკიდან“ წამოუღე მისთვის საინტერესო რაიმე წიგნი.

მახსოვს, ძველ წიგნებზე მელაპარაკებოდი და მითხარი, სოფელში მაქვსო, ვგონებ, შენი წინაპრის ხელით გადაწერილი ლოცვანის დიდი წიგნი... აბა, შენ იცი, არ დაგავიწყდეს.

მოკითხვა ყველასაგან.

შენი უმცროსი ძმა და მეგობარი ლადო ასათიანი.
13.8.1937 
ქუთაისი

* * * 

აქვე, ქუთაისი, სასტუმრო „გრანდ-ოტელი“ 


ძვირფასო ნიკოლაოზ! ჩვენ ერთნაირად გვიყვარს ძაღლები. ეს იმ ბებერი ძაღლის მოსაგონარი იყოს, რომელიც 1937-1938 წლებში ხშირად გვხვდებოდა სასტუმრო „გრანდ-ოტელის“ წინ, სადაც შენ ცხოვრობდი.

ეს იმ ბებერი ძაღლის მოსაგონარი იყოს, ნიკოლოზ ჩემო რომელიც ასე ბებერი და დაუძლურებული მუდამ ახელებდა ჩვენს შთაგონებას თავისი მრავლისმეტყველი თვალებით...

ძაღლები და ცხენები თავიდანვე მიყვარდა, ჩეხოვმა და ჯეკ ლონდონმა კიდევ უფრო შემაყვარა ძაღლი. ლევ ტოლსტოის “Холстомер”-ი მაგიჟებს...

იცი, რა უთხრა ტურგენევმა ავტორს, როცა ეს გასაოცარი მოთხრობა წაიკითხა?- უკაცრავად, ლევ, ნიკოლაევიჩ, ოდესმე თქვენ ცხენი ხომ არ ყოფილხართო?

როგორ მინდა ჩემნაირი სიხარულით წაიკითხოს ყველამ ჩემი საყვარელი წიგნები, ნახოს ის კარგი ფილმები, მე რომ მინახავს,-როგორ დავტკბები ამ დროს სხვისი სიამოვნებით, მასთან ერთად ხელმეორედ დამივლის ჟრუანტელი, ჩემებურად ამიტყდება თავზარდამცემი ჟრჟოლა და დამღუპველი ცახცახი...

შენი ლადო ასათიანი
6.1.1938. 
ქუთაისი.

* * *

თბილისი, მსროლელთა ქ. № 13

ძმავ და მეგობარო, მამავ და მასწავლებელო, ჩემო ძვირფასო ნიკალაშა! 8-ში მივიღე წერილი. მეტყველება ისეც არ მივარგოდა და შენი წერილის მიღების შემდეგ სულ ჩამივარდა ენა სიხარულით.

რაც შენ წახვედი, მას შემდეგ სულ მარტო ვარ, არც ქალაქში გავსულვარ ერთხელ მეტად.

„გრანდ-ოტელისაკენ“ არ გამიხედავს. დღეს ვიშოვნე სამი მანეთი და ჩვენს საყვარელ მა გიდასთან მინდა დავჯდე - საშაქარლამოში, მინდა ვიფიქრო შენზე... სხვებზე... ყველაზე... ქვეყანაზე, ცოტა ჩემზედაც.

ჩემი საქმე კარგათ მიდის. ლევან გაბრიაძემ მითხრა. თხუთმეტისათვის ინსტიტუტში დაგაჯენო, დასკვნა გაკეთებული მაქვს და მდივანთან უნდა შევათანხმოო.

ალბალ, მეშველება რამე, მოგწერ აუცილებლად.

ეჰ... ნიკალაშა, როგორ მარტოდ დამტოვე, კაცი არა მყავს, სიტყვა ვუთხრა... ვინ ყოფილხარ, რა ყოფილხარ!... გულზე მომხვდა შენი მონაწერი...

დამიჯერე, არ შეგარცხვენ, ნიკალაი!...

გადაეცი ჩემი სალამი და მადლობა ალიო მაშაშვილს ყურადღებისათვის. იმედი მექნება დანაპირების ასრულების.

გიგზავნი „ორ ბალადას“ ილიაზე - „ეძახის“, მეორე- „საგურამო“ მანდ გაქვს და, თუ გიყვარდე, დაბეჭდე ასე: „ორი ლექსი ილიაზე“ („საგურამო“ , „ეძახის“).

„საგურამოში“ შეასწორე პირველი ტაეპის მეორე სტრიქონი ასე: “ხე რხეული და რტოებხნიერი“, და მე-14 ტაეპის მეორე სტრიქონი ასე: „მიაგავს იგი გაშლილ ჩაბალახს“.

ასევე ერთად დამიბეჭდე „ორი ბალადა“.

პოემიდან ვერ გიგზავნი ვერაფერს, სულ მალე მთლიანად პოემას გამოგიგზავნი.

ქუთაისში თოვს... გუშინ ძაღლების ჩხუბს ვუყურე და ჩვენი ბებერი ძაღლი გამახსენდა...

ნახვამდის. წერილი მალე მომწერე... თუ რამე დაგჭირდეს, შემომითვალე...

გეხვევა მარად შენი ლადო ასათიანი.
10.3.1938. 
ქუთაისი.

***

თბილისი, მაჩაბლის ქუჩა №13, „ჩვენი თაობის“ რედაქცია.

ძვირფასო ნიკალაი! გიგზავნი მწერალთა კავშირის მომართვას... უთხარი ალიოს კიდევ ჩემს შესახებ, აჩვენე ეს ცნობა და – საერთოდ – ასე: მესამე ნომრისათვის აუცილებლად უნდა ვიქნე. გულის ფანცქალით ველი. „მნათობი“ გამომიგზავნე, როგორც კი დაიბეჭდოს, ხომ იცი, ვდნები, სანამ მივიღებდე.

შენს ჟურნალში კი...

აბა შენ იცი, ნიკალაშა, აბა შენ იცი!

სალამი ალიოს, გიორგი ნატროშვილს, ალექსანდრე გომიაშვილს, ჩემს უცნობ და პატივცემულ სახლიკაცს ასევე პატიოსანი და ალალმართალი კაცისაგან. ამ დღეებში მაქეთ ვაპირებთ გამოსეირნებას შალიკო კახაევი და მე. ვესტუმრებით ჩვენს საყვარელ თბილისს და დაგვხვდით მანდ, თუ ბიჭები ხართ.

მაგრად ხელს გართმევს შენი

ლადო ასათიანი
31.3.1938. 
ქუთაისი.

***

თბილისი. მწერალთა კავშირი, „ჩვენი თაობის“ რედაქცია.

ნიკალაი! როსტოვში ვართ. ირგვლივ თოვლია და ყინვა საშინელი.

არ ვიცით, სად მივდივართ, მე ავად ვარ, სიცხე მაქვს 37, 5 უფრო უარესად ვიყავი გზაზე, ექიმიც კი გამოიძახეს ჩემთვის მახაჩყალიდან.

არაფერია, გავუძლებ!

შენი ძმა ლადო ასათიანი
5.11.1939. 
როსტოვი გავლით.



***

თბილისი, „მწერალთა კავშირი, „ჩვენი თაობის“ რედაქცია

ნიკალაი ჩემო! როგორც იქნა, ჩავედით „უკნასკნელ განსასვენსა ალაგსა“. ავადმყოფობამ გამიარა და ახლა არა მიშავს. რა, მიუხედავად საშინელი სიცივეებისა, და სიცივეში, ხომ იცი შენ, როგორი ვაჟკაცია ლადიმიე ასათიანი. ამიტომ, რანაირად ვარ, ნიკალაი, რომ იცოდე, თვალები დაგისველდება. დავით გურამიშვილის „ ქართლის ჭირის“ ოცდამეთორმეტე ტაეპი წაიკითხე და ისე ვარ, იქ რომ წერია. 

ისე, ჩემი საქმე ჯერ არაა გარკვეული, სად ჩამრიცხავენ, არ ვიცი, რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში არ გატარებენო, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო. მეც დღე-დღეზე ვუცდი ამ „საქმეს“...

მირზა უკვე წასული იქნება და შეიძლება ახლა ფინეთის ომში იყოს.

ჩემს მდგომარეობაში ბრძოლებში მონაწილეობა მირჩევნია!

გამომიგზავნე მისამართი,- წერილს მივწერ. ფული ჯერ-ჯერობით მაქვს, თუ შემომელია, იცოდეთ, არავის მოგერიდებით

მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტათი კიდეც მიხდება და ნამდვილ ბუმბერაზს ვგავარ.
შენი ძმა და მეგობარი ლადო ასათიანი
10.11.1939. 
ოსტროგორსკი.

***

ამ წერილთან ერთად გიგზავნი ერთ ფოტოსურათს. ეს ლადო ასათიანია, წითელი არმიის რიგითი ჯარისკაცი, რუხმაზარიანი ქართველი ჭაბუკი, თავზე ბუდიონური ქუდი ახურავს, საფეთქელთან ხელთათმანიანი ხელი მიუდევს, გამოჯგიმულა და გესალმება: „ სალამი და გამარჯობა, ნიკალაი, ძმაო! ეს მე ვარ, შენი უმცროსი ძმა, ლადიმიე“.

აჰა, ნახე ჩემი სახე, თუ მოგწონდეს (!), შეინახე,

და თუ არა, არას დავდევ, ბუხარშიაც შეუძახე!

( ეს სტრიქონები ერთი ძველი ალბომიდან მახსოვს, ჩემი არ გეგონოს).

რაღაც ღმერთი შემეწია, ძალზედ კარგად ვარ. თანაც ის მიხარია, რომ ყველანი პატივსა მცემენ და კარგი ავტორიტეტიცა მაქვს ახლა ამხანაგებში, ასე რომ, თუ გამათავისუფლეს და წამოვედი, ნამდვილად გული დამწყდება...

გუშინწინ ვიყავი ქალაქ ვორონეჟში, ბევრი ვიარე მის ქუჩებში. აქვეა პოეტების- ამ ქალაქის მკვიდრთა - კოლცოვისა და ნიკიტინის საფლავები, ოღონდ ახლა ისინი თოვლითაა დაფარული. ტევრად მიმდგარი ვერხვები მირიადი ყვავებითაა მინაბდული ყველგან და ყოველ ნაბიჯზე.

გაგიკვირდება, რით იკვებება ამდენი ფრინველი! ამაოდ ებრძვის მათ ამ დიდი პარკის ადმინისტრატორ – ზედამხედველი. ნეტავი როგორი იქნება ეს მიდამოები ზაფხულში?

ხელახლა გადავიკითხე კოლცოვისა და ნიკიტინის სევდიანი, გლეხური ლექსები, დავათვალიერე მათი და სტანკევიჩის ლიტერატურული მუზეუმი ( სტანკევიჩიც აქაური ყოფილა), კრამსკოის სახელობის სამხატვრო გალერეაში დავათვალიერე რეპინის, ლევიტანის, პოლენოვის, აივაზოვსკის და თვით კრამსკოის ( ისიც ვორონეჟელია) შედევრები. კინო-თეატრში ვნახე ქართული ფილმები-”ვინ არის დამნაშავე”, “ელისო” და “ჯიმ შვანთე”. გასაოცარია, სად ჰქონიათ გადანახული ამდენ ხანს ეს სურათები? ვუმზერდი მათ და თავი საქართველოში მეგონა.

ეჰ, ჩემო ნიკლიაუზნიკა! რამდენი რამე მინდა მოგწერო, მაგრამ თავს არ შეგაწყენ. არც გეცლება წაკითხვისათვის.

ისე კი, შესაძლოა, ორ კვირაში გნახო... სიტყვა სამხედროსაგარნიზონო კომისიას ეკეთვნის.

ლადო ასათიანი
22.11.1939 
საფოსტო ყუთი 27/2 
მეექვსე ასეული.

***

ППС 500, п/я 111 Н.Д. Агиашвили.
გამარჯობა, ნიკოლოზ ძვირფასო! გუშინ მომიტანა გოგუცამ შენი წერილი და ძალიან გამიხარდა.

სამი თვეა სრულებით აღარ ვიცოდი შენი ამბავი. ანიკომ მომწერა აბასთუმანში, ფრონტზე არისო, სხვა არაფერი არ ვიცოდი. ვწუხდი, რასაკვირველია... 

კარგია, რომ ღონივრად და კარგად ყოფილხარ, ისიც კარგია, რომ კარგ ხასიათზე ხარ, მაგრამ უფრთხილდი, არაფერი მოგეწიოს, აგიაშვილო! აბა, მითხარი, რა ჩვენი საქმეა ომი! ისიც ასეთი სასტიკი ომი. ჩვენ სენაკებში უნდა ვისხდეთ და წიგნებში ვიქექებოდეთ შანდლიანი სანთლების სინათლეზე, ან სადმე მწვანე ეზოში “ ბჟოკაკალეს” ძირში ვიწვეთ პირდაბჩენილი და უნდა ვუცდიდეთ, როდის ჩაგვივარდება მწიფე “ბჟოკაკალე” პირში. ან კიდევ ბუნებაში, სიწყნარესა და სინედლეში ვოცნებობდეთ და ვოცნებობდეთ...

ჰოდა ომი არაა, ძამია, მე და შენი საქმე. მე და შენ ვიკინგებად არ გამოვდგებოდით, მით უმეტეს, კოჭებამდე წყალში ცურვაც ძლივს რომ იცი.

ტუმცა ისიც წამიკიტხავს, ერთ ყველაზე სახელგანტქმულ მეკობრეს, რომელიც თურმე თავზარსა სცემდა მთელ ხმელთაშუა ზღვას, ცურვა არ სცოდნია და ცოფიანივით ეშინოდა წყალში ჩასვლის...

მე - დაწყევლილი ლადო ასათიანი - ერთი კვირაა, რაც გეახელით თბილისს. თითქმის ხუთი თვე გავატარე აბასთუმანში აბსოლუტურად მარტომ- სულ წიგნებთან, არავითარი გაუმჯობესება არ მიმიღია ჯანმრთელობის მხრივ. ჩემი ფილტვების მიხედვიტ მე მალე უნდა მივიცვალო, ძვირფასო, და, აბა შენ იცი, ცრემლებს თუ დაღვრი.

როცა ჩამოხვალ, შენ ნახავ ჰეგზამეტრებით წარწერილ ეპიტაფიას ჩემი სამარის ქვაზე.

ახლა, რაც სეეხება ჩემს პოეტურ მოღვაწეობას, ვიცი - გაინტერესებს. ბევრი არაფერი დამიწერია, არც ისეთი რამ მაქვს ამჯერად, შენ რომ მწერ, რაც თქვენი გაზეთისათვის გამოდგება, და ამიტომ ნუ დამემდურები. დავწერე რამდენიმე ლექსი:”გულბაათ ჭავჭავაძე”, “ქართველი ოქროსმაძიებლების სიმღერა”, “ირმების შეთქმულება”, “სუმბული”, და ერტიც 300-სტრიქონიანი ისტორიული პოემა თუ ბალადა “ბასიანის ბრძოლა”, თამარ მეფის დროიდან... ეს ნაწარმოები გასულ კვირას თავიდან ბოლომდე მიკროფონტან წავიკიტხე და მოვახსენე საქართველოს.

“მნათობში” იბეჭდება. სხვებიცა მაქვს, კაი-კაი “ასათიანური”.

თუ ავადმყოფობამ არ შემიშალა ხელი და არც სხვა რამე უხიაგობა არ გამომიტყვრა საიდანმე, მინდა ცალკე წიგნად გამოვცე “ასპინძა”, ეს ბალადა და სხვა ასეთი ლექსები. დამპირდნენ გამოცემას. წიგნს “ წინაპრები” უნდა დავარქვა... “წინაპრების” გეგმა უკვე მოფიქრებული მაქვს. წიგნი არ იქნება დიდი, ზომით ძალზე პატარა- შიგ მოთავსდება სულ 16 ლექსი: “ სალაღობო”, “ცხრა ძმა ხერხეულიძე”, “ქართველი ოქროსმაძიებლების სიმღერა”, “ ასპინძა”, “ გულბაათ ჭავჭავაძე”, “კრწანისის ყაყაჩოები”, “ციხის სიზმარი”, “ქართული ენა”, “ბასიანის ბრძოლა”, “მანანა ორბელიანის სურათზე”, “ბაბუაჩემი”, “ბარდნალა”, “საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი”, “პირველი მჭედლები”, “სარწყული”, “ივანე ჯავახიშვილისადმი”...

თუ ცოცხალი დავრჩი და შენც ცოცხალს მომისწარი, როცა ჩამოხვალ, კაი ლამაზ წიგნს დაგახვედრებ... მგონი, არ იქნება ცუდი.

ვინძლო მისმა გამოსვლამ ეს უღიმღამო სიცოცხლე ოდნავ გამიხანგრძლივოს. ესაა ჩემი იმედი...

ეჰეი აგიაშვილო, ასეა ეს! რამდენი კილომეტრითა ვართ ერთმანეთს დაშორებული? მომენატრე! ახლა, ალბათ, სადღაც ზრვისპირეთის მთებში იქნება შებუდებული და გერმანელ სნაიპერებს ემალები. ღმერტმან მომენათრე. უთუოდ- შენც გენატრება ლადო ასათიანი და აქაურობაც... ჩამოდი, ჩამოდი, მაგ ძაღლთაპირ ფაშისტებს უსენოდაც მოუვლიან!..

წერილი შევწყვიტე (მწერალთა კავშირში ვწერ) სიმონ ჩიქოვანის მოსვლის გამო, რომელმაც, მოვიდა თუ არა, თუმანი მთხოვა. მივეცი თუმანი - შემთხვევით მქონდა, და მერე ჩემი ზემოხსენებული “ბასიანის ბრძოლა” წავუკითხე. გენიალურიაო, მითხრა, სიმონმა მიიღო შენი წერილი.

გაავრცელა შენი ორი ხუმრობა: რადიანზე და ერთიც კიდე.

წერილი კიდევ შევწყვიტე. ბესო ჟღენტი მოვიდა და მკითხა, რას თხზავო. მე ვუთხარი, წერილს ვწერ ნიკას-მეთქი. სად არის ნიკაო, ფრონტზე-მეთქი,მოკითხვაო და სხვა.

ახლა სიმონ ჩიქოვანი მოვიდა ისევ. თუ კაცი ხარ, გულრწფელი მოკითხვა მისწერეო, წერილის ხასიათზე არა ვარ და ჯერ ვერ ვწერო. მეც გწერ გულწრფელ მოკითხვას.

ახლა კიდევ მოდის აგერ ვიღაც, მაგრამ ასე ვეღარ გავაგრძელებ, რადგან, შეიძლება, პიესის წერას მივეჩვიო, და ხომ იცი...

ანიკოსა და ჩემს ქალიშვილს გადავეცი შენი მოკითხვა. მოგიკითხეს იმათაც დიდი სიყვარულით.

აქ რომ ჩამოვედი, ახალი ფუნაგორიები დამახვედრეს – აი ერთ – ერთი მათგანი: 

გაჩენილი კატის კნუტად

კანტს კითხულობს კანტი – კუნტად...

ჯერ „არ ვიცი“, ვის ეხება.

სხვა რაღა მოგწერო, ნიკოლოზ ჩემო, გოგუცაც მოვიდა აგერ და უნდა მივცე წერილი. თუ კაცი ხარ, თავი დაანებე მანდ ფხაკურს და წამოდი აქეთ – მოტოციკლეტით. ასე და ასე:

ნიკაია მოხალისევ,

მალე თბილისს მოხვალ ისევ!..

იყავი მაგრად და მაგრად. მოგიკითხა ყველამ.

გწერს შენი ლადო ასათიანი
24.09.1942. 
თბილისი. 

***

ნიკოლოზ დიმიტრის ძევ!

რამდენიმე ხნის წინათ შენგან გამოგზავნილი წერილი გადმომცეს. გამიხარდა, რომ კარგად ყოფილხარ და მაგრად.

იცავ შავი ზღვისა და კავკასიონის მისადგომებს. მაგ მიდამოებში ჩვენი საყვარელი ლერმონტოვიც იბრძოდა თენგინის პოლკში. ალბათ, იმ სოფელ თენგინკას, წერილში რომ ახსენებ, ლერმონტოვის პოლკიდან დაერქვა სახელი.

ჩემს ამბავს კითხულობ... ძალზე გიმადლი, მანდედანაც რომ არ მივიწყებ, ოღონდ რა მოგწერო, რა გითხრა, მეც აღარ ვიცი, როგორ ვარ და როგორ წავა ჩემი საქმე. ამის გამო დუმილს ვამჯობინებ...

ახლა თბილისი დაცარიელებულია, მაგრამ კიდევ დარჩნენ ეფროსინეები... ო, როგორ მძიმს და მეზიზღება ზოგი ხეპრე და ბოთლის თაყვანისმცემელი, კარგად ნასადილევი ადამიანის სახე რომ აქვს. საზარელია მისი ტანისამოსი, აღნაგობა, ყველაფრით რომ კმაყოფილია, თითქოს რომ არაფერი არ აკლია, ყველაფერი რომ თავის ადგილზე აქვს, მაგრამ არ გააჩნია შნო, ლაზათი და მშვენიერება, თვალებში უაზრობა ჩასდგომია...

ასეთი ადამიანის გული ბნელია, როგორც ძუნწი კაცის საფლავი!..

ჰე, უნიკალურო ნიკალაი! ბევრი, ძლიერ ბევრი მინდა გავაკეთო. მაგრამ... “როდისღა, ჩემო მოჭირნახულევ?”

ამ ამბებს ერთი კაცის ხანგრძლივი სიცოცხლეც კი არ ეყოფა, მე კი... „დამქროლა ქარმან სასტიკმან“. მაგრამ, რასაც მოვასწრებ, ვეცდები... ისე კი ძალიან უნუგეშოა ჩემი ყოფნა.ხანდახან, როგორც იტყვიან , მარტო საკუთარი ლანდი თუ ჩრდილი,მეგობრად და ისიც მზიან დღეში .ავდარში სულ მარტო ვარ და სულ ამომძვრა პარაშუტზე ჩამოკიდულ ადამიანს ვგავარ, ცისა და მიწის შუა გახირულს.

დღეს „ბახტრიონის“ წაკითხვა მომენატრა : შესავალი სტრიქონები, კვირიას სიზმარი, ლელას გამოჩენა, ლუხუმი და გველი... ესაა თითქოს ყველაფერი და კიდევ, ჩემი პაწაწინა მანანა...

მშვიდობით საყვარელო და ტკბილად მოსაგონარო.

შენი ძმა ლადო ასათიანი
16.12.1942.


თბილისი.

***

Полевая почта 42716-А

ნიკალაი, ძვირფასო!რომ იცოდე, როგორი გაზაფხულია თბილისში, ყველაფერი ჰყვავის,ყველაფერი ხალისობს.რა იქნება ჩემს ბარდნალაში!ჩვენს ღელეებში ახლა ამოდი ფშალა, გაფურჩქნილა ძეწნა და ტირიფი, ქალები კრეფენ ადრეულ ეკალას, იფრქვევა ახლად მოხნული წის სუნი, მალე დაიჩეკებიან პირველი ბარტყები, ჩეროში სკუპ-სკუპით დახტიან თეთრ-თეთრი თიკნები...

სულ მენატრება და მელანდება ასეთი სურათი:

თენდება, ყველაზე უწინ ჩიტების ჭიკჭიკი და ჟღურტული ჩამესმის ყურში,-თვალებს ვჭყეტ, ზეზე წამოვვარდები, ფეხშიშველი,თავქუდმოგლეჯილი გავვარდები კარში! მზე ახლად ამოდის, გუმარეშის ჭალებში ჩრდილები წაგრძელებულან, გავრბივარ მდელოზე , ცვრიანი ბალახი შემიხიჩინებს ფეხის გულში და მთლად გავილუმპები...ერთი ასეთი სოფლის დილა ღირს მთელ სიცოცხლედ. ესაა მიწის სინედლე და სურნელება, -ვაჟასა და ფიროსმანს რომ უყვარდათ! :ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?“ 

მე კი...

ძლივსღა დავღოღავ... ბოტანიკურ ბაღშიც ვეღარ გავდივარ, - რაღა გამანედლებს?!...

უკვე აყვავდა გლიცინიები მწერალთა სახლის ვერანდაზე. ვზივართ ბაღში ვუსმენთ ცოცხალ კლასიკოსთა დინჯ ბაასსა და მოგონებებს. ხანდახან აივნიდან კონსტანტინე გამსახურდია გადმოგვხედავს და გადმოგვძახებს :„ვეფხვებო“! „ჭაბუკებო“! და კაი გამარჯობას გვეტყვის, შეშვენის კაცურ კაცს. მაგრამ ვინღაა „ჭაბუკი“ და „ვეფხვი“? ჰემინგუეის „კილიმანჯაროს თოვლიანი მთები“ ხომ გახსოვს? ისევ მოვკიდე ხელი და, თუ შევძელი, უნდა ვთარგმნო.

დედანში უნდა კითხულობდე ასეთ ნაწარმოებებს და იქიდან უნდა თარგმნიდე. ჯერ თარგმანი რაა, და თარგმანის თარგმანი რაღა იქნება,- მდიდარი კაცის ნაჩუქარი გამონაცვალი ტანისამოსი რომ აჩუქო შენზე ღარიბ კაცს, იმას ემგვანება . ნელ-ნელა ვთარგმნი ბლოკის „Возмездие“-ს... ჩვენი გალაქტიონისა არ იყოს, ბლოკი მართლა ღმერთია...

ბონდო სვანეთშია და იქ მასწავლებლობს, მირზა ისევ ბრძოლებშია და მისი ლექსები დროდადრო გაიელვებენ გაზეთებში. ნატიფი და მოხდენილი, პირმწყაზარი საჯაია, ჩვენი კოკი- ალიოშა, მოკითხვას გითვლის...

ძალზე მოსაწყენ რამერუმეს „გწერავ“, მარა ნუ მიწყენ. მეტი საინტერესო აქ არაფერია. საინტერესო და საყურადღებო ახლა მაქაური ამბებია.

ნეტავი შენ, რომ ბევრ რამეს საკუთარი თვალით ნახავ და მერე მოსაგონარი და გასახსენებელი აღარ დაგელევა.

საერთოდ, ვეღარ ვძლებ შინ მყოფი, ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე , ნეტავი ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო?! ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქოს ყოველ ღამითა და დღისითაც, როცა ოდნავ წათვლემ, სულ თავახდილი კუბოები მეზმანება.

ახლა ჩემთვის უძილობის გამო საუკუნის ღამე ჩამოდის და თვალს დავხუჭავ თუ არა, საშინელი სიზმრები, არ მასვენებენ... სულ ერთი და იგივე - უცვლელად: ვითომც, ვწევარ ერთ შავ რკინის კუბოში, გარშემო უამრავი კელაპტარი უნთია, მათ ლიფლიფზე შავ კატებს მხრებზე შეუდგამთ ის კუბო და ამაზრზენი კნავილ-ჩხავილით, კუდების სხმარტალითა და შესაზარი თვალთა ბრიალით, „კუბო“, „კუბო-ს“ ერთობლივი შემაძრწუნებელი ძახილითა და გნიასით მიმაქროლებენ სადღაც... შემდეგ ის კატები ქრებიან, კუბო ჟღრიალით ენარცხება მიწას და ის კატებიც დახოცილნი მაცვივიან თავზე. კუბო ივსება მათი გახრწნილი, რბილ-რბილი, ამყრალებული ლეშით გავურბი მძორის საშინელ სუნს, მაგრამ მუხლები მეკვეთება, ძირს ვეცემი და ვიღვიძებ ოფლში გალუმპული. ჯერ არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი.

შენ იცი, როგორ მიყვარდა ცხოველები და მათ შორის კატები!...

გახსოვს, ჩემი საყვარელი ბერანჟეს ლექსთა ძველ კრებულში იყო მშვენიერი სურათი-ერთი სიმღერის ილუსტრაცია: ბავშვებს რომ ეწვევა მეზობლის შავი კატა!... პატარა ბავშვივით მახარებდა იმ სტრიქონების წაკითხვა და სურათის დათვალიერება.

ახლა ამ საშინელმა სიზმრებმა ყველაფერი შემაძაგეს და შემაზიზღეს...

მენატრება ამხანაგები, სტუდენტობის მეგობრები: რაჟდენ შკუბულიანი, მიშა ალავაძე, შოთა ქურიძე, სხვები და სხვები... მენატრებით ყველანი, მაგრამ ბევრი თქვენგანი აღარა ხართ ჩემს ახლოს, ზოგი ომის გზებზე ხართ დამდგარი და სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოგფანტათ ცხოვრების მდინარებამ ამ მძიმე წლებში!...

იყავი მშვიდობით, ჯვარიმც გეწეროს...

ვერ გეტყვი, ნახვამდის-მეთქი, გნახავღა კი?

შენი ძმა ლადო ასათიანი.
20.3.1943. 
თბილისი.

აკაკი გაწერელიას

* * *

თბილისი, მაჩაბლის ქ. #13, მწერალთა სასახლე.

ძვირფასო აკაკი! როგორც მოგეხსენება, აბასთუმანში. თოვლი არაა, მოწმენდილი, მზიანი ამინდებია- გაზაფხულის ამინდები. რომ მოველოდი, ის „суровая красота“ ვეღარ ვიხილე, სამი წელი არ ყოფილა აბასთუმანში ასეთი ზამთარიო, ამბობენ აქაურები. ჩემი ცხოვრება ამჟამად შემდეგნაირად მიმდინარეობს: ვხეტიალობ, ვთამაშობ ბილიარდს, ვკითხულობ და ვწერ ხანდახან „რაღაც-რაღაცეებს“.

ცალკე ოთახი მაქვს და ვარ ბერივით...

შენი „შამილი“ წავიკითხე, მომეწონა. შესანიშნავი იქნება შენი დიდი წიგნი. შამილზე დიდი ხანია მინდა დავწერო ლექსი, შენმა წერილმა ამაღებინა კალამი ხელში, მაგრამ...

სხვა შენ როგორ ხარ, აკაკი? ვერლენის „Мудрость-ს“ ვკი-თხულობ, (შესანიშნავი წიგნი მაჩუქე, გასაგიჟებელი ლექსებია. ბრიუსოვის წერილიც ძალიან მომეწონა). თბილისში ამ თვის ბოლოს ჩამოვალ, მანამდი უნდა ვიმარტვილო აქ, მეტი ჯანი არაა, ძალიან კი მომწყინდა. ჩემს წიგნს თუ ეშველება რამე, ალბათ, იმ დროისათვის იქნება. მოგართმევ, სადმე თბილისის კაფეში რომ დავსხდებით „სამდურავებისათვის ამა სოფლისა“.

იყავი კარგად და მაგრად.

პატივისცემით და მეგობრობით ლადო ასათიანი.
01.03.1941.


აბასთუმანი. 

მიხეილ ალავიძეს

მიხეილ ნესტოროვიჩ!

იყავი კარგად და სულ კარგად; სხვა რაღა გისურვო, ისედაც გამარჯვებული ხარ. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ – ჩემს ძმას, გიორგი მექის-ძე ასათიანს დაეხმარო ინსტიტუტში მოწყობაზე და, ერთი სიტყვით, უნდა მოაწყოთ! აბა, რას მიკეთებთ მანდ! უნიჭო ბიჭი არაა, არ შეგარცხვენთ, გამოცდებსაც, კარგად ჩააბარებს და ა.შ.

მაპატიე ასეთ მინჯღრეულ-მონჯღრეული წერილისათვის შენ ჩვენი მიშიკო არა ხარ?!

იყავი კარგად.

მომიკითხე პეტია და სხვები. 

შენი ლადო ასათიანი
10. 07.1939. 
თბილისი.

მირზა გელოვანს


საყვარელო ძმაო მირზა! 

გაგიკვირდება, ალბათ, თბილისიდან წერილს რომ გწერ, მაგრამ წუთისოფლის ბრუნვამ ასე ისურვა, და მე, სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებული, ისევ დავბრუნდი ტფილისს, ვარ ისე, საშუალოდ. არა მიშავს რა, დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხვარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცი სხვა საქართველო სად არის...

საინტერესოა შენი ამბავი.

როგორ შეეთვისე, გედევანოვიჩ, ჯარსა, ლეიტენანტობა ხომ არმიგიღია მეყვსეულად, ახლა „მნათობში“ ვზივარ და ვწერ წერილს. ჩემს ირგვლივ მთელი გალერეაა შესანიშნავი ადამიანებისა. კონსტანტინე ლორთქიფანიძე და დემნა შენგელაია რაღაც მოთხრობას ჩაჰკირკიტებენ კარლო კალაძე ახლა შემოვიდა გორში იყო („ნაგორალია“), „მნათობის“ მე-9 ნომრის ჰონორარს წერს. ასე რონ- ჩაიბარა ჟურნალი, რომელიც ახლახან მოიტანა შაოსანმა შიკრიკმა. ნიკა აგიაშვილი დივანზე ზის და იოსებ ნონეშვილს ელაპარაკება ჰომეროსზე, გაბრიელ ჯაბუშანური „მნათობს“ კითხულობს . ალეკო შენგელაია დნება ჰონორარის გამოწერის მოლოდინში და ასე, ამგვარად, არის დაუსრულებელი მოძრაობა და წვა პოეტთა, პროზაიკოსთა, კრიტიკოსთა, პოეზიის მოყვარულთა, მემანქნეთა და აწი მრავალთა...

მირზაჯან, რა კარგი იქნებოდა, რომ შენც მოხვიდე ახლა აქ.

ძველებურად ავივლიდეთ, ჩავივლიდეთ...

ყოჩაღად იყავი, ყოჩაღად! ლექსები დაწერე და გამოგზავნე. მე აქ ვარ ,იცოდე, ყოველ წუთს გავახსენებ შენს თავს ყველას. ჩვენი ლექსები მე-10 ნომერში უნდა დაბეჭდილიყო. ხომ იცი, გადაუდვიათ მე11-ში... ამაზე მე ავტეხე ერთი ამბავი აწი აღარ განმეორდება ესეთები.

სხვა შენ, ალბათ, წერილს იქ გამოგზავნიდი, სადაც ვიყავი. გამოვასწარი იმ წერილს.

ახლა, მირზა, მომწერე წერილი, წერილებით მაინც ვიბაასოთ და ამასობაში ეს დროც მალე გაიარს. დღეს მივდივარ დედაშენთან მე და ნიკა აგიაშვილი, მიმაქვს შენი სურათი და გვინდა, გავახაროთ მშობელი შენი.

იყავი რკინასავით.
გკოცნის შენი ძმა 
ლადო ასათიანი 
22.12.1939.


თბილისი.

კოტე ხიმშიაშვილს

***

ძმაო კოტე!

ჯერ მოგილოცავთ ბედნიერებას და გისურვებთ ორთავეს, ცოლსა და ქმარს, ერთ ბალიშზე დაბერებას. ჰაი გიდი, რომ მართლაც კარგი ქორწილი გამოვტოვე, მაგრამ ჟაკი რომ არ გყოლია, ეს კი ვერ მოგვსვლია კარგი! კოტეჯან, ჟაკი ქორწილის რუპორი იქნებოდა, შინ და გარეთ. 

შენი პირველი წერილი რომ მივიღე, ძალიან გამეხარდა. ჩვენ უთუოდ ბევრი საერთო გვაქვს როგორც ცხოვრებაში, ისე ლიტერატურაში. ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთისგან. შენი არ ვიცი და მე ამაზე გულიც მიმდიოდა, ხომ იცი, ჩვენს პატარა წრეში ბევრი არაა ისეთი, რომ „რამეზე“ ფიქრობდეს, „რამე“ აწუხებდეს... უფრო სწორად, მე მიყვარს პატიოსანი მწერლები, გამიგებ, რა პატიოსნებაზეც ვლსაპარაკობ...

ეს ის პატიოსნებაა, გრიბოედოვს „ვაი ჭკუისაგან “ რომ დააწერინა და სხვებს კიდევ მრავალი... ეს წმინდა ლიტერატურული პატიოსნებაა, რომლისგანაც ძალიან შორსაა ბევრი ქართველი მწერალი... მომწონს მე შენი „ჯონქა“ სწორედ ამ პატიოსნებისათვის ...

მწერ, როგორა ხარ ქეიფზე, წერ თუ არაო? ვერა ვარ, კოტეჯან, მთლად კარგად მაგრამ წერით ხანდახან გავკრავ ხოლმე... ისე კი, მოგეხსენება, აგარაკი საკმაოდ აჩერჩეტებს კაცს, სულ სხვაა,შენს ეზოში, საკუთარ კაკლისხისქვეშ რომ წევხარ,მაგრამ სადაა ახლა საკუთარი ეზო?! ეზო არ ვიცი და რეზო, როგორც შენ მატყობინებ, მაშაშვილთან ერთად წასულა სვანეთში...

მივიღე „თაობა“ მე-5-ე, სავსე კორექტურული შეცდომებით, დამიმახინჯეს ყველაფერი:„ქნარის“ მაგიერ „ქარი“ სწერია და სხვა კიდევ მრავალი, მაგრამ „წვიმაში“ რომ მაინც გადავრჩი, ღმაერთს მადლობა! 

ასე, კოტეჯან, ნუ ნუ დავივიწყებთ ერთმანეთს თბილისამდე... სექტემბერში, ალბათ, თბილისში ვიქნები...

მაგრად გართმევ ხელს

შენი ლადო ასათიანი.

25.7.1940. 

აბასთუმანი.

* * *

კოტეს სიცოცხლე!

მოგეხსენება, აბასთუმანში ვმარტვილობ, ზამთარი აღარაა, გაზაფხულია, საერთოდ „გაზაფხულია ჩვენს ქვეყანაში“. მაქვს ცალკე ოთახი და უმეტესად, ბევრი არაფერი დამიწერია, „რაღაც-რაღაცეები“ მაინც მოვახერხე...

შენ როგორ ხარ? რომანის ბეჭვდა თუ დამთავრდა? სასახლეში თუ დადიხარ და რა ამბავია? წიგნის გამოცემის საქმე როგორ მიდის? ჩემს წიგნს ხომ უყურებ, ჯერაც არსად ჩანს... ოჯახად როგორ ხარ, ოჯახად? მთავარი ესაა!

ეჰ, კოტეჯან, არ ვიცი, რა მოგწერო... რა უნდა მოგწერო, როცა ქვეყნის დაბრუნებაზე ვოცნებობდი და ახლა აბასთუმანში ვზივარ ტუბ ინსტიტუტში. მაინც, ეს ინსტიტუტი ვერ მოვიშორე -ჯერ ხომ ჯერ ხომ პედინსტიტუტში ვიყავი ახლა კიდევ ტუბ ინსტიტუტში!

ასე და ასე, იყავი კარგად. გულრწფელი სალამი შენს მეუღლეს, თუმცა საღამოზე არ დამესწარით ცოლ-ქმარი. მომიკითხე ბიჭები: ვოლდემარი, რეზო, გრიშა და ყველა, ვინც კაი ბიჭია, წერილი მოიწერე. გართმევს ხელს-

შენი ლადო ასათიანი.
06.07.1941.


აბასთუმანი.

რევაზ მარგიანს 

ძმაო რეზო!

მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ. სხვა?! საღამოებს მართავთ და მართავთ. ალიოშა მწერს, რეზო საღამოსთვის ემზადება, დატვირთულიაო.ჯაბუშანურის საღამოსთვის ემზადება,დატვირთულიაო. ჯაბუშანურის საღამო... ახლა შენგელაიას საღამო იქნება თურმე, მაგრამ ლექსებს თვითონ რომ ვერ წაიკითხავს?! თუმცა მერე რა, ჟაკი წაიკითხავს, ალბათ...

მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. უკვე მომწყინდა, იდიოტობაა ირგვლივ.

ჩემთან ერთად ისვენებს პროკოფი რატიანი. იცი ალბათ, ვინცაა.ავდ არის ისიც.კარგი ბიჭია, ოღონდ ლაპარაკი უყვარს ისეთების, ჩვენ ვიცით...- ვიხრჩობი სიცილით...

რაც შეეხება „ვინმე“ კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი...მაგისი ასე და ისე! მაგისი გასაბითურებელი თუ ვარ, მაგასაც ნახავს მაგ უთავო, მაგი! ბიჭო, მე,კაცი, რომელიც ლექსისთვის ვარ დაბადებული, რომელსაც ნახევარჯერ არ მძინავს, რომელსაც სტრიქონი არ დამიწერია ყალბი, ერთი ცუდი საქმე არ ჩამიდენია, მაგან უნდა გამაბითუროს, მაგ სულელმა?!როდის წერდნენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა?!

ან თუ გინდა სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან მე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ?!თუ ამას ჩვენ მწერლობაში ერთი ჭკვიანი კაცი იტყვის, მე ხელს ვიღებ ყველაფერზე.მაგრამ მაგ სულელმა არ იცის, რომ ფიროსმანზე თითო-ოროლა სტრიქონი თუ ვინმეს აქვს აქა-იქ, თორემ მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი,მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური.მე ფიროსმანის „პრიმიტივი“მესმის როგორც მაღალი ხელოვნება. ყოველი დიდი კულტურული პოეტი ასე რომ აკეთებდეს (ეს ტერმინი ფიროსმანს არ უდგება, მაგრამ არაფერია!) ლექსებს, როგორც ფიროსმანი თავის სურათებს, რაღა გვჭირდება მაშინ! ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსებისათვის, კაცს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი-ხატავს, მორჩა და გათავდა. რამდენი „კურტურული“ მხატვარი ინატრებდა მის სურათებს.

ვიმეორებ, ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვზრი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი, ნიჭი ქმნის კულტურას. რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა, როცა კულტურული პოეტი ხარ, ნიჭიერიც და ფიროსმანის სურათების გვარად უბრალო და ცოცხალ ლექსებს ქმნი.

აი ,ეს არის, რეზო, ჩემი ნატვრა! განა სიყვარულზე რომ წერდნენ, ჩვენ აღარ უნდა ვწეროთ იმავე სიყვარულზე?! მეც ვწერ და სხვანაირად რომ ვწერ, ამის გამოცნობა ჭკვიანს არ გაუჭირდება და სულელებისთვის მე არ ვწერ... ეს უნდა ყველამ იცოდეს...

მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსების თემა მუდამ საქართველოა... იჭია-ბიჭია, ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის.

აი ასეთი თანამედროვე პოეტი ვარ და ასეთი თანამედროვეობა მწამს მე, მორჩა და გათავდა! ვინც ეს არ იცის, ის სულელია, ეს ბევრმა არ იცის, არ იცის ოთხმოცდაათმა პროცენტმა მაინც. ნიკა აგიაშვილმა კარგად იცოდა ეს, მაგრამ მაგას მგონი გაუშრა სახელოვანი ქაიხოსრო აგიაშვილის სისხლი! მაგას ესმოდა კაცის და მაგანაც უგვერდა ახლა!

ასეა, რეზო, არც შეიძლება, სხვაგვარად იყოს , ასე და ასე იქნება სიკვდილამდე, ეს ვარ მე! ეს, რასაკვირველია, შენ კარგად იცი, მაგრამ მაინც გწერ, რომ გული ვიჯერო. მომკლა ბიჭო, ამდენმა სირეგვენემ! ნიკას წააკითხე ეს წერილი, ქაქანს რომ დაიწყებს, მაშინ. კაცო „თაობის“ რედაქციაში რომ წერ წერილებს, სახლი დაგექცა?! თუ, მართლა, სახლში არ დადიხარ შენ, ქეიფობ ხომ?!

კოკის წერილებს ხშირად ვღებულობთ... მომიკითხე დიმიტრი და ემერია, ვახტანგი, ვოლდემარი, ძიგვა, ნიკა, ნონეშვილი...

შენ, ალბათ, მუშაობ ლექსებზე, მეც დავწერე რაღაც... ძველი და ახალი ჩანაფიქრები... მომიკითხე გაბრიელი, კოტე ხიმშიაშვილი, გამიგე მირზას მისამართი და მომწერე, თუ ძმა ხარ.

ფუნაგორია ახლა არ მაქვს, თორემ გამოგიგზავნიდი, მალე მექნება... ასე! გკოცნის

შენი ლადო ასათიანი.

??????