ეკო უმბერტო
გაზიარება

"ქრისტეს ვნებანი" მელ გიბსონისაგან 

მთარგმნელი ლადარია ნოდარ
 
შემეშინდა, ვაი თუ კითხვები დამაყარონ, მე კი ვერაფერი ვუპასუხო-მეთქი, ჰოდა, როგორც იქნა, წავედი მელ გიბსონის “ქრისტეს ვნებათა" სანახავად. უცხო ქვეყანაში ვიყავი, სადაც ჭკუა იხმარეს და ბავშვებს აუკრძალეს ფილმის ნახვა. ეკრანზე ბევრს ლაპარაკობენ არამეულად, დიდი-დიდი რომაელებს გაუგო, როცა ყვირიან – “ი!" – რაც, როგორც ეტყობა, უნდა ნიშნავდეს: “წადი, შენი!".

ახლავე უნდა ვთქვა, რომ ფილმი, რომელიც ტექნიკურად ძალიან კარგადაა გაკეთებული, არაა არც ანტისემიტიზმის და არც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გამოხატულება. ის არც რაღაც სასტიკი მსხვერპლშეწირვის მისტიკითაა დატვირთული. ეს ეგრეთ წოდებული “სპლატერია", ანუ ფილმი, რომელიც გადაღებულია ბევრი ფულის საშოვნელად, რისთვისაც მაყურებელს იმდენ სისხლსა და ძალადობას უჩვენებს, რომ ტარანტინოს “კრიმინალური საკითხავი" საბავშვო ბაღებისთვის გადაღებულ ანიმაციურ ფილმად უნდა ჩავთვალოთ. კაცმა რომ თქვას, ტომი და ჯერის მულტფილმები ბავშვებს უჩვენებენ, როგორ ჭყლეტენ პერსონაჟებს ასფალტის სატკეპნი მანქანები, როგორ ვარდებიან პერსონაჟები ცათამბჯენებიდან, ათას ნაწილად იმსხვრევიან, კარებში ეტანებიან მთელი ტანით და ა. შ. ერთი სიტყვით, ამის მსგავსად, გიბსონის ფილმშიც სისხლის ჰექტოლიტრები იღვრება, რომლებიც ალბათ ათი ავტოცისტერნით მოზიდეს, თანაც მის შესაგროვებლად მთელი ტრანსილვანიის ვამპირებს უყვეს მობილიზაცია.
ეს არაა რელიგიური ფილმი. ქრისტეს მოძღვრებიდან ის მხოლოდ იმას გულისხმობს და გადმოგვცემს, რასაც ყველანი პირველი ზიარებისას ვსწავლობთ კატეხიზაციის გაკვეთილებზე.

ქრისტეს ურთიერთობა მამასთან აშკარად ისტერიული და სრულიად “საეროა". ასეთი ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა, მაგალითად, ჩარლი მენსონს სატანასთან, მაგრამ აქ თვით სატანასაც არა აქვს სათანადო დიდებულება: მხოლოდ აქა იქ გამოჩნდება ქუჩის ოღრაშივით გამოწყობილი და მილიარდობით დაღვრილი ერითროციტის შემხედვარეს მასაც კი გული უწუხს. მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი სცენა ქრისტეს აღდგომაა, რომელიც ფილმში გაცოცხლებული მკვდრების ღამეს უფრო ჰგავს, ვიდრე რენესანსულ მხატვრობას. სახარებათა დიადი და ღირსეული სიტყვიერი მომჭირნეობისა ამ ფილმს არაფერი ეტყობა: მას სააშკარაოზე გამოაქვს ყველაფერი, რასაც სახარებები დუმილით უვლიან გვერდს, რომ მკითხველმა თვითონ განსაჯოს მდუმარედ, რას ნიშნავს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა. იქ, სადაც სახარებები იმის თქმით შემოიფარგლებიან, რომ იესო გვემეს (სამი სიტყვა მათესთან, მარკოზთან და იოანესთან, არც ერთი – ლუკასთან), გიბსონი ქრისტეს ჯერ ლერწმის წკეპლებით აცემინებს, მერე ლურსმნიანი ღვედებით, ბოლოს კი ხის უროებით, სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს, როგორიც, მაკ-დონალდსის მომხმარებელთა აზრით, უნდა იყოს ჰამბურგერის დასამზადებლად დაბეგვილი ხორცი.
ნაზარეველის მიმართ გიბსონის ზიზღი გამოუთქმელად დიდი უნდა იყოს, ვინ იცის, რომელ ბავშვობისდროინდელ მძიმე მოგონებას იხშობს ის, როცა ქრისტეს სხეულს სულ უფრო და უფრო ასისხლიანებს. მადლობა ღმერთს, ფილოლოგია არ აძლევს საშუალებას, თორემ ალბათ ელექტროშოკსა და ბენზინის ოყნასაც იხმარდა. ნუთუ ზოგიერთებს მართლაც ჰგონიათ, რომ ამგვარად უნდა შეიგრძნონ ჯანსაღი ძრწოლა ცხოვნების საიდუმლოს წინაშე?
მაგრამ განა ეს ანტისემიტური ფილმია? თუ ვინმეს უნდოდა “სპლატერ ვესტერნის" (უფრო ზუსტად კი “ისტერნის") გადაღება, ალბათ აშკარად უნდა დაეზუსტებინა მხარეების ფუნქცია: კარგი ცუდების წინააღმდეგ.

ცუდებიც ისეთებად უნდა ეჩვენებინა, რომ მათზე უარესების წარმოდგენა ძნელი ყოფილიყო. მაგრამ თუ ასეთი ცუდები ებრაელი მღვდლები არიან, მათზე უარესებად რომაელები აღიქმებიან. რა თქმა უნდა, გიბსონი ფიქრობდა, რომ თუ ცუდებად რომაელებს გამოიყვანს (რაც მანამდე ასტერიქსმა უფრო დიდი წარმატებით განახორციელა), არ უნდა გვეშინოდეს, რომ ვინმე კაპიტოლიუმს ცეცხლს წაუკიდებს. ამავე დროს, როცა საქმე თანამედროვე ებრაელებს ეხება, უფრო ფრთხილად უნდა მოიქცე. მაგრამ რა შეიძლება მოვთხოვოთ მას, ვისაც მხოლოდ სისხლიანი ბიფშტექსის შეთავაზება სურს ბევრი წიწაკითა და ბევრი კეტჩუპით? გიბსონმა ერთგვარი კეთილგონიერება გამოიჩინა და გვიჩვენა შედარებით კარგი სამი ებრაელი და სამი რომაელი, რომლებსაც რაღაც ყოყმანის მაგვარი მოიცავს — ისინი მაყურებელს შესცქერიან და სახეზე თითქოს შეკითხვა ეხატებათ: “ბიჭებო, მეტი ხომ არ მოგვდის?". მაგრამ მათი ეჭვი და ყოყმანი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ უფრო აუტანელი გახდეს, რასაც ფილმი გვიჩვენებს და რომ ნამდვილად აგერიოს გული, როცა დაინახავ, რა გამოედინება გადახსნილი ნეკნებიდან.
გიბსონი ინტუიციურად ხვდება, რომ ყველაზე შემოსავლიანი “სპლატერი" ის იქნება, რომელშიც ძეს ღვთისას ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებენ. ამას ის მშვენივრად ახერხებს და უნდა მოგახსენოთ, რომ როცა ქრისტე ბოლოს და ბოლოს კვდება და მისი წამების ყურება აღარ გვაწუხებს (ან აღარ გვატკბობს), როცა იწყება ქარიშხალი, მიწისძვრა, როცა იხევა ტაძრის კრეტსაბმელი, რაღაც ემოციას მართლაც განვიცდით იმის გამო, რომ, როგორც იქნა, თუნდაც ასეთი ზედაპირული და მეტეოროლოგიური ფორმით, ჩნდება ის ტრანსცენდენტული, უზენაესი საიდუმლოება, რაც ასე აშკარად აკლია ფილმს.

დიახ, ამ მომენტში მამა ღმერთი გვასმენს თავის ხმას. მაგრამ გონიერი და, იმედია, მორწმუნე მაყურებელი ხვდება, რომ მამა ღმერთი ამით სწორედ მელ გიბსონს რისხავს.

??????