ჯიხაძე მერაბ
გაზიარება

გათოვდა ძმა... 

                       ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,
                       ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ
                       (როი)

ღრუბლები... გათოვებას აჩვენებს თერმომეტრი,
სიტყვები უმიზეზოდ განცდებმა მოიპარეს,
ლოდინით გადაღლილი სარკმლებთან ველოდებით,
უმანკო, ყველაზე თეთრ ფიფქების კორიანტელს.
სიჩუმემ ლოდინმა და თამბაქოს ნაფაზებმა,
იანვრის ოცდაექვსი მოტეხეს  კალენდრიდან,
მინებზე სტრიქონებად დავწერეთ აღსარება,
ათასჯერ დაწერილი, (ართქმული მამებისთვის)
გათოვდა ფანჯრის მინებს წარსული ეტმასნება,
ამ ღამით გეფიცები ღამემაც აურია,
თოვს რაღაც აბსურდულად ურიტმო ეტაპებად,
(ამ ღამით ლექსის წერაც ვფიქრობ, რომ აბსურდია)
თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრესიით,
შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაშენი...
თოვს რაღაც ულოგიკო ფიფქების პროგრესიით,
შემდეგი თოვლის ფიფქი იქნება მამაჩემი...
ოთახში მოგონებებს დუმილი გაემიჯნა,
დუმილი უსაშველო განცდათა მომეტებით,
და ასე იშვიათად, ჩარაზულ ფანჯრებიდან,
სახლებში ბრუნდებიან მამები - პოეტების.

??????