აბუსელიძე როინ
გაზიარება

შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა 

შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა,
ჩემი კი მხოლოდ მიმოზებს იტევს,
იმოსავ ვხედავ, უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს.
შენს მთვარეს ღრუბლის მანტია მოსავს,
ჩემსას კი ღრუბლის მანტია ქენჯნის,
ფეხმძიმე ქალის იგუებ პოზას
და თვალს ადევნებ ლექსების მეჯლისს,
რომელიც ჩემი ლექსები არის,
რომელიც მხოლოდ ლექსები არის
და შენს პატარა მუცელთან ერთად,
იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი.
ამ ბოლოს ასე მიხდება წერა,
იძინებ ჩემი კუთვნილი ძილით,
გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა,
ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -
ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით,
შენია თუმცა შენამდე მქონდა
და ასე მინდა გაჩუქო მარსიც,
რომ გამოირჩე პოეტის ცოლთა -
შორის და კალებს კვირტების სოლო
ეწყებათ შენ კი ორ სხეულს იტევ,
იმოსავ თანაც, უფრო ამ ბოლოს,
სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს
და არ ივიწყებ მხოლოდ და მხოლოდ,
რომ ისევ ისე გიყვარვარ კიდევ.

??????