თაგორი რაბინდრანათ
გაზიარება

გიტანჯალი (მთარგმნელი ჩხენკელი თამაზ) 

გიტანჯალი (მთარგმნელი ჩხენკელი თამაზ)

1.

შენ მომანიჭე მე ცხოვრება დაუსაბამო.
ნება შენი ასეთი იყო.
ამ უბრალო და მყიფე ჭურჭელს
ჟამით ჟამად სცლიდა და ისევ პირამდე ავსებ.
მინდორ – ველებზე დაატარებ და პატარა ლერწმის სალამურს
და ზედ მარად ახალ – ახალ სიმღერებს უკრავ.
შენი თითების სანუკვრელი შეხებისაგან
მე სიხარულით მემუსრება გულის ბჭენი და
ბაგეებს სწყდება ჯერუთქმელი საგალობელი.
შენი წყალობის უშურველი ნიჭი შენ მხოლოდ
ამ უღონო გულს მოაფინე.
საუკუნენი ილევიან... შენი მადლი იღვრება ციდან,
და მაინც არის ჩემი გულის საუნჯეში მისთვის ადგილი.


2.

როცა მიბრძანებ ვიგალობო,
ასე მგონია, სიამაყით გამისკდება გული და ვუმზერ,
მე შენს სახელს ვუმზერ მაშინ
და ცრემლები მადგება თვალზე.
ჩემი ცხოვრების სიდუხჭირე და სალმობანი
ერთ ტკბილხმოვან გალობად ისმის
და შენდამი თაყვანისცემა ფრთებსა შლის ლაღი ჩიტივითა,
ზღვა რომ უნდა განლიოს ფრენით.
ო, მე ვიცი, შენ გახარებს ჩემი სიმღერა,
და მე ვიცი, შენს წინაშე გალობით რომ უნდა წარმოვდგე.
ჩემი სიმღერის შორს გატყორცნილ ფრთათა ბოლოთი
მე ვეხები შენს ფერხთ,
სადამდეც ვერასოდეს ვერ ავმაღლდებით,
და მე სიმღერის სიხარულით მთვრალს
მავიწყდება ჩემივე თავი
და შენ – ჩემს მოძღვარს – მეგობარს გარქმევ.
 

3.

ო, მე არ ვიცი, როგორ გალობ შენ,
მე მუდამ ჩუმი განცვიფრებით, უფალო, გისმენ.
შენი გალობის შარავანდით ნათობს სამყარო,
შენი გალობის ცხოველი სუნთქვა იფინება ციდან ცათამდე.
შენი გალობის წმინდა განგი ანგრევს ზღუდეებს
და ისევე მიექანება.
ჩემს გულს სწადია შეერთება შენს სიმღერასთან,
მაგრამ ამაოდ ეძიებ ხმას.
მე ვამბობ სიტყვას,
მაგრამ სიტყვა საგალობლად ვერ მოვაქციე
და მე ვტირი გზადაბნეული.
შენ დაატყვევე გული ჩემი
შენი გალობის უსასრული ქსელში, უფალო.
 
4.

ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო!
მე დღემუდამ ვცდილობ, წმინდად შეგინახო ჩემი სხეული.
რამეთუ ვუწყი:
შენი ცხოველი შეხებით ძგერს ყოველი ასო.
მე მუდამ ვცდილობ სიცრუის ჩრდილი განვარიდო ზრახვათ ჩემთა,
რამეთუ ვუწყი:
შენ ხარ სიმართლე, რომლის შუქით ნათობს გონება.
მე მუდამ ვცდილობ, სიბოროტე განვდევნო ჩემგან
და სიყვარული ვაყვავილო გულის მზვარეში,
რამეთუ ვუწყი:
შენა ჰბუდობ ჩემი გულის უკეთეს ბჭესთან.
და მე ვეცდები, სახიერება შენი ჩემში გამოვავლინო,
რამეთუ ვუწყი:
შენ მაძლევა ძალას და სიცოცხლეს ჩემსას წარმართავ!
 
5.

მე გთხოვ მოიღო მოწყალება –
შენს უბეში შემასვენო მცირედი ჟამით.
როცა ვერა ვჭვრეტ შენს ხატებას –
შემართებასა და სიმშვიდეს ვკარგავ და შრომა,
ჩემი შრომა მარტვილობის უნაპირო ზღვად მეჩვენება.
დღეს ჩემს სარკმელს გაზაფხული შემოადგა ფშვენით, შრიალით,
და ფუტკრები აყვავებულ მტილოვანში მოზუზუნე
                                 სიმღერებს თხზავენ.
ახლა ის დროა, შენს წინაშე წყნარად ჩამოვჯდე
და ამ უზღვრო მოვანების ჟამს –
შენ – სიცოცხლის ქება ჩუმი ხმით გიგალობო.
 

6.

ნუ დააყოვნებ,
მოსწყვიტე და ეგ ყვავილი თან წარიტანე –
არ დაიფურცლოს ქარისაგან მიწით აღგვილი.
მერე რა, თუ შენს თაიგულს ვერ დაამშვენებს,
მოსწყვიტე მაინც,
აგრძნობინე სატკივარი შენი ხელის შეხებისაგან.
თუმცა სხვებსავით ფეროვანი არაა იგი,
მოსწყვიტე მაინც –
და შენს ღვთაებას სხვებთან ერთად ეგეც შესწირე.


7.

ჩემმა სიმღერამ ჩამოიხსნა სამკაულები.
ისინი კავშირს შებღალავდნენ ჩვენს შორის,
შუა ჩადგებოდნენ
და შენს ჩურჩულს ჩაახშობდა მათი წკრიალი.
ჩემი მგოსნური ქედმაღლობა შენს წინაშე
                                       სირცხვილით იწვის,
მგოსანო და მოძღვარო ჩემო,
მე შენს ფერხთით ვარ დაჩოქილი
შემაძლებინე:
ცხოვრება ჩემი უბრალო და სადა გავხადო
ლერწმის მყიფე სალამურივით,
რომ შენი ტკბილი გალობითა აღავსო იგი.
 

8.

ძვირფასი კაბით შემოსილ ბავშვს თამაშობა აღარ ახარებს,
სამოსი ბოჭავს მის ყოველ ნაბიჯს.
იგი ყველაფერს ერიდება, რომ მტვერში არ დაესვაროს
                                                    ძვირფასი კაბა,
და ამის გამო ტოლ – სწორებს და მთელ ქვეყანას განზე
                                                            გაურბის.
კარგას არაფერს არ მოუტანს, დედა, შენი ოქრომკერდის
არტახები ნაშიერს შენსას,
თუკი მოწყდება იგი მიწის პოხიერ წიაღს,
კაცთა ცხოვრების განუზომელ სილამაზეს,
მასთან ყოფნის ბედნიერებას.


9.
 
ჰე, უმეცარო,
შენ თავი შენი თავად გინდა ქედზე იტვირთო?
შნ მოწყალებას ითხოვ შენივ სახლის დირესთან?
დაეხსენ–მეთქი,
ტვირთი ეგე მას მიანდე, ვისაც ყოველი ხელეწიფება,
ვისთვისაც უღელი უმძიმესი მხოლოდ შვებაა.
შენი წადილი ღვთის უწმინდეს სასანთლეებს ერთბაშად აქრობს,
მას ბიწი ახლავს,
ბიწიერთაგან, შესაწირავს არ შეიწირავს!


10.

აქ არის შენი საყუდარი –
დავანებულან ფერხნი შენნი
უსასოქმნილთა და უპოვართა, გლახაკთა შორის.
როცა თაყვანს გცემ შენს წინაშ ქვედამხობილი,
ვეღარა ვწვდები, მეუფეო, მე შენს ნატერფალს –
უსასოქმნილთა და უპოვართა, გლახაკთა შორის,
გულზვიადნი და ქედმაღალნი ვერ მოგეახლონ,
იქ, სადაც დახვალ შენ მორჩილის უბრალო ჩოხით –
უსასოქმნილთა და უპოვართა, გლახაკთა შორის,
და გულმა ჩემმა ვერ მოიმკოს შენი წყალობა,
იქ, სადაც სუფევ შენ სუფევით ჭეშმარიტითა –
უსასოქმნილთა და უპოვართა, გლახაკთა შორის.
 
11.

ნუ ევედრები, ნუ ლოცულობ, ნუღა ჰგალობ მაგ
                                                   საგალობელს!
ვისა სცემ თაყვანს ამ უქმი და მივარდნილი ტაძრის
                                                   კუთხეში?
აღახვენ თვალნი და იხილე:
შენი ღმერთი არა დგას შენს წინ!
იგი იქ არის, სად გუთნისდედა ყამირს ტეხს და
კირითხურო ქვებს ეზიდება,
ის მათთან არის ქარსა და მზეში –
პიროფლიანი, თავშიშველი და უხამური.
მოიხსენ წმინდა მოსასხამი,
ეახელ და უფლის მსგავსად შენც მათი სვე გაიზიარე.
სუფევის შვება?
მაგრამ სად ჰპოვო სასუფევლის ნეტარი ჩრდილი?
თავად უფალმა სიხარულით იდო ქედზე შესაქმის ღვაწლი,
ჩვენთან იქნება იგი ჟამით დასასრულამდე!
დასთმე ჭვრეტა და გალობათა ამო საბუნი,
მოეშვი ლოცვებს!
მერე რაა, თუ სამოსი მზით და მტვერით შეგემუსრება.
პირისპირ შეხვდი შენს უფალს და მასთან იმუშავე
ოფლით პირისა შენისაითა!
 
12.
 
წინ დიდი გზა მაქვს და ხანგრძლივი მგზავრობა მელის.
ნათლის პირველი სხივით გავცურე სივრცე
და სამყაროთა უდაბნოსკენ გეზაღებულმა
ცთომილებსა და ვარსკვლავებზე აღვბეჭდე კვალი.
ეს გზა ყველაზე შორი გზაა,
სამაგიეროდ, შენს სამყოფლოს მიგიყვანს იგი,
დახლართული და ძნელსავალი,
სამაგიეროდ, უბრალო და სრულყოფილი
საგალობლის მომნიჭებელი...
უცხოთა კარებს უკაკუნებს ყარიბი, სანამ თავისას ჰპოვებს,
ცხრა მთას გადივლის, სანამ გულის საკურთხეველს არ მოადგება.
დავყიალობდი მეც უგზოუკვლოდ და აჰა, თვალებდახუჭული.
აქ ჩუმად ვამბობ: აქა ხარ–მეთქი.
კითხვა და კვნესა: ო, სადა, სადა, – ცრემლთა
ღვართქაფად მოინქთევა და მთელ ქვეყანას რწმენითა
ნთქავს: ე ს მ ე ვ ა რ, მ ე ვ ა რ!
 
13.
 
უმღერელია აქამომდე
შენს სადიდებლად შემოძღვნილი საგალობელი.
სიმთა აწყობა – გადაწყობამ ბევრი მაწვალა
და აჰა, უქმად წამივიდა კიდევ ერთი დღეს.
გამექცა სიტყვა და ძლისპირს ვეღარ შევუგუე გალობა ჩემი....
მისი ხმა ვერსად გავიგონე და თვალი ვერსად წავატანე
                                                   ხატებას მისას,
გულისყურს მხოლოდ უჩუმარი ნაბიჯის ხმა ესმოდა გზიდან.
მასთან შეხვედრის მზადებაში გავიდა დღე და
სტუმრობის მაცნე ჭაღი მაინც არ ანთებულა.
ასე, ყოველდღე სასოებით ველი ჩემს მოძღვარს,
დღეები გადის, ხოლო იგი არა და არ ჩანს.
 
14.
 
მე მრავლის, მრავლის მოწადინე მეოხად გიხმობ,
მაგრამ შენ მუდამ მშველი ხოლმე მკაცრი უარით.
და ამ უსაზღვრო მოწყალებით მეუფეო,
აღვსილია ჩემი ცხოვრება.
იმ უბრალო და უვედრებელ ნიჭის ღირსი გინდა გამხადო,
ზეგარდმო რომ მომანიჭე:
ცისა და მიწის, სიცოცხლის და გულისნებისა,
რათა უძღები სურვილები დამათმობინო.
როცა წადილით ანთებულა საქმედ ვიჩქარი,
როდესაც მისთვის შეღონებულს გული მელევა, –
უკუდგები და ულმობელი მირბიხარ ჩემგან.
ყოველ წუთსა და ყოველ საათს,
ძაბუნი და უკეთური გულისთქმით შეძრულს შენ მეშველები,
რომ შენი სრული ნათელღების ღირსი გამხადო.
 
15.

მე აქ ვარ, შენთვის სიმღერები რომ ვიგალობო,
შენი დარბაზის კუთხეში ვარ დაყუდებული.
შენს სამყაროში სხვა არა მაქვს მე საზრუნავი
და უსარგებლო სიცოცხლე ჩემი მხოლოდ იმავე
უსარგებლო ხმას თუ გაიღებს.
როს შუაღამის ბნელ ტაძარში
შენდამი უხმო თაყვანცემის საათი დაჰკრავს,
მიბრძანე მე, უფალო ჩემო, შენს წინაშე გალობად დავდგე.
და როცა დილის გრილოვანში ოქროს ჩანგი
ამოდ, ამოდ გაიხმიანებს,
სიცოცხლე ჩემი შენთან იხმე, უფალო ჩემო.
 
16.
 
მე მომიწვიეს ამ საწუთროს დიად ზეიმზე
და ამგვარად სიცოცხლე ჩემი დაილოცა:
თვალთა ჩემთა იხილეს და ყურთა ჩემთა ისმინეს.
მე ამ ნადიმზე ჩემი ქნარი უნდა დამეკრა
და ყველაფერი, რაც ძალმედვა, მე გავაკეთე.
ახლა ვკითხულობ:
დადგა თუ არა საბოლოო ჟამი შენსკენ შემოვიქცე,
გიხილო და გიძღვნა ჩემი უხმო სალამი?
 
17.
 
მე ველოდები მხოლოდ სიყვარულს, რათა მის ხელებს
                                                   მივენდო ბოლოს,
აი, რისთვის გავაცდინე ამდენი ხანი.
მოდიან ჩემთან, რომ ჩემზე წესი განამწსონ და მით შემბოჭონ,
მაგრამ მე მათ სამართლის ბჭეს არ ვეპუები...
მე ველოდები მხოლოდ სიყვარულს,
რათა მის ხელებს მივენდო ბოლოს
კაცთა გაბრჭეს და გამამტყუნეს,
მეძახიან შლეგს, ცნობამიხდილს,
არ დავაყვედრი, ვიცი წრფელი გულითა სჯიან.
მზე ჩაესვენა, მიიწურა სამუშაო დღეც.
ხალხი, რომელიც ჩემი ხმობით ამაოდ დაშვრა,
განმერიდა ბოროტი გულით.
მე ველოდები მხოლოდ სიყვარულს,
რათა მის ხელებს მივენდო ბოლოს.
 
18.
 
ცა იღრუბლება, იღრუბლება და უკუნდება.
ო, საყვარელო ჩემო, გარეთ რად მალოდინებ.
შუადღის ფიცხელ საათებში სამუშაკოდ მე მათთან ვარ,
მაგრამ ამ ბნელ და უდაბურ დღეს
მხოლოდ შენგან ველი ნუგეშინს.
და თუ შენს სახეს არ მიჩვენებ, და თუ დამაგდებ შენს გარეშე
ამ წვიმიან დღეს, მე არ ვიცი როგორ გავუძლებ.
და მე ვუმზერ ცის შორეულ, შორეულ უკუნს
და გული ჩემი მგოდებელი
დაუცხრომელ ქართან ერთად დაეხეტება.
 
19.
 
თუკი შენ დუმხარ,
გულს ავივსებ მე მაგ დუმილით და გავყუჩდები
და როგორც ღამე, ვარსკვლავებით თვალფხიზელი და
მოთმინებით თავდახრილი ჩუმი ღამე –­­­ დაგელოდები.
ცისკარი მოვა უეჭველად, გაჰქრება ბნელი
და შენი ხმა ციდან ოქროს ნაკადულად ჩამოეშვება.
მაშინ ეგ შენი ნაუბარი სიმღერების ფრთებს შეისხამს
ჩემი გულის ყველა ბუდეში,
და შენი ტკბილი გალობანი ჩემს ჭალებში ყვავილებად გაიშლებიან.
 
20. 


იმ დღეს, როდესაც ყვავილობდა ლოტოსი, – ვაგლახ,

დაბნეული მქონდა მე გონი,

არ შემინიშნავს ყვავილები

და კალათა ცარიელი დამირჩა ისევ.

მხოლოდ ხანდახან, მჭვუნვარება როცა დამძლევდა,

მე ვფხიზლდებოდი ბუნებიდან და სამხრეთის საამო ქარში

უჩვეულო სურნელების დინებას ვგრძნობდი.

და ეს მომქროლი სიტკბოება გულს მიკლავდა სურვილით

                                                    და მეზმანებოდა,

რომ სუნთქვა იყო ის გულისთქმით ათრთოლებული,

მაგრამ უკვე მზემიწურვილ შემოდგომისა.

და არ ვიცოდი, ასე ახლო რომ იყო იგი, რომ ჩემი იყო,

და ეგ სრული სიტკბოება ჩემივ გულის მტილოვანში

                                                   რომ აყვავილდა.

 

21.

 

დროა, შევცურო ჩემი ნავით ამ მდინარეში...

გულდასალევად იზლაზნება ჟამი ნაპირზე.

გადუქროლია ვარდობისთვეს,

უეცრად თვალს მიჰფარებია.

და აჰა, ვდგავარ მე, ცუდმაშვრალი,

უხმარი და დაფურცვლილი ვარდებით ხელში...

ყრუდ ახმაურდა სანაპირო,

მჭკნარი ფოთლები დაჰფენია ჩრდილოვან ბილიკს.

რა სიჩუმეა!

არა გრძნობ განა გარშემო უცნაურ თრთოლას

იმ ნაპირიდან მოდენილი შორეული გალობის დუდუნს?

 

22.

 

წვიმიანი ივლისის უკუნეთ ღამეში დაეხეტები შენ ფეხაკრეფით,

ღამისაებრ მდუმარი და პირშებურვილი.

დღეს ცის ნათელმა თვალნი მირულა,

ყური დაუგდო ჭალიკონის ჟინიან ძახილს

და სქელი ნისლი წაეფარა

სიხარულით მბრწყინავ ლაჟვარდებს.

ტყეთა სიმღერა დაცხრა უკვე,

ჩაირაზა ყველა ჭიშკარი.

მხოლოდ შენ დახვალ – ამ ყრუ ქუჩის გვიანი მგზავრი.

ო, ჩემო ტკბილო მეგობარო, სანატრელო მოყვასო ჩემო,

მუდამ ღია მაქვს შენთვის კარი –

ნუ ჩაუვლი სიზმარეულ ჩვენებასავით!

 

23.

 

ამ უდაბურ და ბობოქარ ღამეს არ მოხვალ ჩემთან

სიყვარულის გზით წამოსულო, მიჯნურო ჩემო?

თითქოს და სასოწარკვეთილნი ტირიან ცანი.

ძილი გამიკრთა,

ვაღებ კარებს და განუჭვრეტელ უკუნეთს ვუჭვრეტ,

მიჯნურო ჩემო.

ვერაფერს ვხედავ – მაინც მივდევ ბნელში შენს ბილიკს.

შავი მდინარის აქაფებულ ზვირთების წიაღ

და დაბურული უღრანების ტევრით მავალი –

მოეშურები ჩემსკენ ღამის მუხთალი გზებით

მიჯნურო ჩემო?

 

24.

 

თუკი მზე მიდრკა, თუ არ გალობენ ფრინველები,

თუკი ჩადგა დაღლილი ქარი,

შემომბურე მე განუჭვრეტელ უკუნის ბნელით,

როგორც მოჰბურე დედამიწა სიზმრის ბლონდებით

და მწუხრში ნაზად დაუხუჭე თვალები ლოტოსს.

ყარიბს, ვისაც ტანს სამოსელი შემოეძარცვა,

ვისაც საგზალი დაელია გზის დალევამდე,

ვინც შუაგზაზე შეუდრკა ჭირს და მუხლი მოეჭრა –

წაუღე კდემის მდუმარება და სიძაბუნე

და აღადგინე როგორც შროშანი,

შენი მოწყალე ღამის ჩრდილში განახლებული.

 

25.

 

თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს,

გულს ნუ გაიტეხ, უვალ გზაზე მარტო გასწიე.

თუკი ჯაბანნი, შიშმორეულნი, პირუმტკიცოდ

                                            ზურგს შეგაქცევენ,

გახსენ გული და იდუმალი თავად სთქვი სიტყვა.

თუკი გულადიც უკან დაიხევს,

თუკი ძნელ გზაზე ხელს არავინ შემოგაშველებს,

შეუპოვარმა, უვალ გზაზე მარტო გასწიე.

თუკი წყვდიადი მოიცავს ყოველს,

თუკი ავდარში თავშესაფარს არავინ მოგცემს,

ელვით აინთე გულისგული,

შეუპოვარმა უვალ გზაზე მარტო გასწიე.

 

26.

 

ამ ყრუ ღამეში დე, უდრტვინველად ჩემძინოს

მსასოებელს მე შენდა მიმართ,

ნუ მაიძულებ უღონოქმნილს შენს სამსახურად.

ეგ შენა ჰბურავ ღამეულ საბურველით დღის მიმქრალ თვალებს,

ძილისგან ამდგარს –

კვლავ სიცოცხლით რომ გაბურწყინო დაღლილი მზერა.

 

27.

 

იგი მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა,

მაგრამ არ გამეღვიძა –

ო, წყეულიმც იყოს ის ძილი.

იგი მოვიდა უჩუმარ ღამეს თავისი ქნარით

და სიზმრები ჩემი მის ქნარს გაეხმაურნენ.

რად დაიკარგნენ ყველა ჩემი ღამეები აგრე უკვალოდ?

რატომ ვერასდროს მას ვერ ვხედავ,

ვისი სუნთქვაც ჩემს ძილს ეხება?

 

28.

 

სინათლე, ო, სად არის სინათლე?

აღანთე იგი სურვილისა მხურვალე ალით!

აღუნთებელი დგას სინათლე

და ბედისწერაც, გულო, შენიც ხომ ასეთია,

ო, სიკვდილი გიჯობს, სიკვდილი!

უბედურება გიკაკუნებს კარზე და გამცნობს,

რომ მღვიძარებს შენი უფალი,

და სამიჯნურო პაემანზე გიხმობს იგი ღამის უკუნში.

ცა ღრუბლითაა შებურვილი, წვიმს განუწყვეტლივ,

და მე არ ვიცი, შეჭირვებულს რა მემართება.

იელვებს ელვა და თვალისთვის უფრო დიდი სიბნელე მოაქვს.

და გული ეძიებს გზას,

გზას, საითაც მიმიხმობს მე ღამის გალობა.

სინათლე, ო, სად არის სინათლე?

აღანთე იგი სურვილისა მხურვალე ალით!

ქუხს და გრიგალი მოგუგუნე უკუნეთში მოექანება,

გიშერივით შავია ღამე....

ნუ გაატარებ ღამეებს ბნელში,

სასანთლე შენი სიყვარულის ალით აღაგზენ!

 

29.

 

უღელი ჩემი მძიმე არის და მაინც ვჭმუნავ,

როცა მინდა მისი ჩამოხსნა.

მე სილაღე მწყურია მხოლოდ,

მაგრამ მრცხვენის ვიყო მისთვის იმედნეული.

ვუწყი მე: შენში საუნჯეა აურაცხელი

და რომ შენა ხარ ჩემი ტკბილი, სათნო მოყვარე,

მაგრამ არ ძალმიძს ეგ რიოში ოქროული შემოვიძარცო.

მე რომ მბურავს საბურველი,

ის ამ მიწის და სიკვდილის საბურველია,

მე მძულს იგი და სიყვარულით ვეხვევი მაინც.

ცოდვები ჩემი დიდი არის არის, მარცხი ძლიერი,

და სირცხვილი მძიმე და უხმო,

მაგრამ როდესაც მე წყალობის მისაღებად მივდივარ შენთან,

ვთრთი და მეშინის: ვაიმე თუ შეისმინო ჩემი ვედრება.

 

30.

 

იგი, ვისაც მე მოვეზღუდე ჩემი სახელით,

უჩუმრად ტირის მრუმე საკანში.

მე მარადღე მაღლა ამყავს მისი კედლები

და დღითიდღე ცადაზიდულ კედლის ჩრდილში იმალება,

ჭეშმარიტი არსება ჩემი.

მე უკადრი ვარ და ამ კედლების ყრუ ზვიადობით

და შიგ დარჩენილ მცირე ბზარსაც კირ–სილით ვლესავ.

ასე, თანდათან თვალის ჩინიდან მეკარგება

ჭეშმარიტი არსება ჩემი.

 

31.

 

მე გამოვედი პაემანზე სრულიად მარტო.

მაგრამ, ვინ არის, ვინ გამომყვა ამ ყრუ ღამეში?

მე განზე ვდგები, მასთან ყოფნას რომ განვერიდო, მაგრამ ამაოდ.

მისი ნაბიჯი, მედიდური, გზას ამტვრიანებს,

და ჩემგან თქმულ სიტყვას უმაღლებს ბგერას.

ის ჩემი მცირე ორანია, მოძღვარო ჩემო, ყოვლად ურიდი

და მე მრცხვენია

მასთან ერთად შემოვიდე შენს სამყოფლოში.

 

32. 

 

ტუსაღო, მითხარ ვინ ჩაგჭედა ამ ბორკილებში?

ჩემმა მეუფემ, – თქვა ტუსაღმა.

მე მეგონა, აღზევებული ვიქნებოდი მთელ ქვეყანაზე

სიმდიდრით და ძალმოსილებით და უნჯი ჩემი

მბრძანებლისა ჩემი საუნჯის თაღებქვეშ დავფალ.

როცა ჩავთვლიმე, მისთვის გამზადილ სარეცელში ვისურვე ძილი.

გაღვიძებულმა დავინახე, რომ ტყვე ვიყავი საკუთარი საგანძურისა.

ტუსაღო, მითხარ ვინ გასჭედა უმუსვრელი შენი ბორკილი?

მე, – თქვა ტუსაღმა.

მე თვით გავჭედე გულმოდგინედ ჩემი ბორკილი.

აგრე მეგონა: შეუმუსვრელი ჩემი ძალა მთელ ქვეყანას დაიმონებდა,

მხოლოდ მე ერთი ვიქნებოდი თავისუფალი.

დღისით და ღამით ვმუშაკობდი, ვაწრთობდი ფოლადს

და მერე ვჭედდი სასტიკი და მძიმე უროთი.

როცა მარჭვალნი ჯაჭვად შევკარ,

სამუშაკოს როდესაც მოვრჩი –

დავინახე: თურმე ჩემთვის გამიჭედავს ეს ბორკილები!

 

33.

 

ვისაც ვუყვარვარ მე ამქვეყნად –

გულთანა ვყავარ და ალერსით მბოჭავს ნიადაგ.

მაგრამ შენი სიყვარული, მათ ტრფიალზე უდიდესი,

თავისუფლებას არ მართმევს მე, უფალო ჩემო.

რომ არასოდეს დავივიწყო, ისინი მე არ მშორდებიან,

დღეები კი მისდევენ დღეებს და შენი ხმა ჯერაც არ მესმის.

თუნდა არ გიხმობდე ჩემი ლოცვით,

და თუნდა გულში ჩაბეჭდილი არ მყავდე, მაინც –

შენი ჩემდამო სიყვარული ელოდება სიყვარულს ჩემსას.

 

34.

 

ისინი დღისით შემოვიდნენ ჩემს ეზო–კარში და შემესიტყვნენ:

შენს ჭერქვეშეთში ჩვენ დავიჭერთ უმცირეს ადგილს,

და მათ დასძინეს:

ვემსახურებით უანგაროდ შენს ღმერთს და მისი

მოწყალების მცირე ნაწილს უდრტვინველად მივიღებთ მისგან.

გარნა წყვდიადში ძლიერნი და ბობოქარნი

შემოიჭრნენ ჩემს სალოცავში

და უწმინდური ანგარებით დაისაკუთრეს

მსხვერპლი უფლის საკურთხევლზე.

 

35.

 

დე, ჩემგან დარჩეს ნატამალი მცირეზე მცირე,

რომ მე შემეძლოს სასოება: შენ ხარ ყოველი!

დე, შემემუსროს გულის ნება დაუთრგუნველი,

რომ შენი ტკბილი მეოხებით ვიარო მუდამ!

დე, ჩემგანდ არჩეს ნატამალი ქრთილის ოდენა,

რომ ვერასოდეს შევიძლო მე შენი დაფარვა!

დე, ყველა ხუნდი და ბორკილი ტანს შემომაცვდეს,

რომ შენგან ტყვექმნილს

მხოლოდღა შენი სიყვარულის ბორკილი მედოს!

 

 

36.

 

სადაც ფიქრი უშიშია და შუბლი ამაყად შემართული,

სადაც ცოდნა უფალია საკუთარ თავის,

სადაც სამყაროს ვერ დაყოფენ ცადაზიდულ ზღუდეებითა,

სადაც სიტყვა ჭეშმარიტების წიაღიდან მოედინება,

სადაც უშრეტი მისწრაფება ხელს უწვდის სრულყოფილებას,

სადაც გონების წმინდა ღვარი უნაყოფო და უსიცოცხლო

უდაბნოში არ იკარგება,

სად გონი დიადი ფიქრების და საქმისაკენ მიმართულია,

თავისუფლების ამ უნისლო სასუფეველში, მამაო ჩემო –

გაიღვიძოს ქვეყანამ ჩემმა.

 

37.

 

აი, ვედრება ჩემი შენდამი –

უფალო დაამხე, დაამხე დვირემდე

მკვდოვანება ჩემი გულისა.

მომეცი ძალი:

მწუხარება და სიხარული უდრტვინველად გადავიტანო.

მომეცი ძალი:

ნაყოფი ტკბილი მოისთვალოს ჩემმა ტრფიალმა.

მომეცი ძალი:

არ უარვყო ძე უპოვარი და არასოდეს მოვიდრიკო

ძლიერთა წინა.

მომეცი ძალი:

აღვიმაღლო სული ჩემი წარმავალ დღეზე,

და ძალი:

სიხარულით დავუწინდო ძალნი ჩემნი ნებასა შენსა.

 

38.

 

მე მეგონა, ხეტიალი ჩემი დასრულდა,

გზა ჩამეკეტა, მიმეწურა საგზალი, ღონე.

დამეშრიტა ძალნი და ბოლოს – მე მეგონა,

მოვიდა ჟამი, შევფარვოდი მდუმარე უკუნს.

მაგრამ მე ვხედავ, შენი ნება უბოლოო ყოფილა ჩემში,

და როცა სიტყვა, ძველნათქვამი, ბაგეზე კვდება,

ახალი ჰანგი ამოსკდება მაშინ გულის ბჭეს,

და იქვე, სადაც იკარგება ძველი ბილიკი,

ახალი ქვეყნის საოცარი კარი იხსნება.

 

39.

 

მე რომ შენ მსურხარ და მხოლოდ შენ,

გაიმეოროს გულმა ჩემმა დაუსრულებლივ.

ყველა სხვა სურვილს, დღით და ღამით ჩემში ბუდებულს,

რიოშსა და ბედითს დავარქმევ.

როგორც წყვდიადი,

თვის უკუნში რომ მალავს ლოცვას გათენებისთვის,

ეგრევე გული, და ჩემს გულში რეკავს ძახილი:

მე მხოლოდ შენ მსურხარ, მხოლოდ შენ!

როგორც გრიგალი, მგრგვინავი და ფრთამოგუგუნე,

მოგვანებას მყუდროში ცდილობს,

ეგრევე სული, ბობოქარი ჩემი სული

შენს ტრფიალში ეძიებს სადგურს,

და არ ცხრება მედგარი ხმა მისი ძახილის:

მე მხოლოდ შენ მსურხარ, მხოლოდ შენ!

 

40.

 

დღეს რა მჭმუნვარე საღამოა ცათა მეუფევ,

როგორი ჩუმი.

და ფოთლოვანში დასავლეთის ცა გამოსჭვივის,

მშვიდი და ჩუმი,

და ფრინველებიც არ გალობენ...

მოყვასო ჩემო,

ხედავ, რამდება, ჯერ მჭმუნვარე სღამო თუა,

ხედავ, ღამდება ყრუდ, უსასოდ და შემზარავად!

ვზივარ და გელი და მღიმარი მოხვიდე ნეტავ

და შემოგხვდე შენ, ძმაო და მოყვასო ჩემო.

მოდი, დღეს დიდი მჭმუნვარების საღამო თუა,

მოდი, ვუჭვრიტოთ და ჩუმი ხმით ვთქვათ ნუგეშინი.

ცათა მეუფევ, დღეს რა ჩუმი ფიქრი მიბოძე,

და ფოთლოვანში დაფიონის ღრუბლით შემკული

საღამოც ჩაქრა, მჭმუნვარე და ჩუმი საღამო,

და ფრინველებიც არ გალობენ...

მოყვასო ჩემო,

ხედავ, ღამდება, შენ ძმაო და მოყვასო ჩემო

ხედავ, ღამდება ყრუდ, უსასოდ და შემზარავად!

 

41.

 

როდესაც გული დაშრება და დამებუგება –

შენი წყალობა მომივლინე შხაპუნა წვიმად.

როცა დაჭკნება ყვავილობა სიხარულისა –

მოდი მაშინ და სიმღერებად ამოწყაროვდი.

როს გარეშენი მდრტვინავი ხმით აზვავდებიან –

მშვიდობით და მოვანებით მოვედ, უფალო.

როდესაც გული, შენდა მვედრი ჩემი გული შეიკუმშება –

განახვენ კარნი ბჭეთანი და, მეუფეო, შენ შემობრძანდი.

და როს სურვილთა ბედითი ხმა გონს დამიბნელებს –

ჩემდა მოიქეც, ჰოი წმინდაო,

და შეცთომილს გზა განმინათლე.

 

42.

 

გოლვიან დღეებს არ უჩანთ ბოლო

და გული დაშრა, გული დაშრა, უფალო ჩემო,

ცისკიდური ავად გაშიშვლდა,

ნოტიო ღრუბლის გამჭვირვალე ბლონდიც არა ჩანს

და შორეული გრილი წვიმის წამერთვა სასო.

ო, მოავლინე რისხვებული შენი გრიგალი,

სიკვდილივით ბნელი, ბნელი – თუკი შენი ნება იქნება,

ელვის შოლტებით აღაგზენ ცა კიდით კიდემდე.

ოღონდ მოიხმე, უფალო ჩემო მოიხმე უკან

ეს ყრუ და ულმო მხურვალება ჩემი გულისა,

რომ დამბუგა შემზარავი უსასოებით.

გულმოწყალების შენის ღრუბელს დაბლა დახრიდე

მსგავსად დედის ცრემლიანი შემოხედვისა

მამის საშინელ მრისხანების ჟამს.

 

43.

 

ასეთი უხმო და კრძალული

ყველაზე უკან რატომ დგახარ, ჩემო მიჯნურო?

შფოთვით მიდიან მტვრიან გზაზე მოზეიმენი, შენ ვერ გამჩნევენ,

ხოლო მე შენთვის გამზადებულ შესაწირავით

ვზივარ მარტო და მოლოდინით გული მელევა.

ჩემი კალათის ყვავილები სათითაოდ მიაქვს უცნობ ხალხს.

მზე გადიხარა, მოახლოვდა სარამო ხანი

და მე დამაშვრალს მებლიტება უკვე თვალები –

ნიშნის მოგებით მიყურებენ შინმიმავალნი

და მე ვიწვი სირცხვილისაგან.

მათხოვარივით, თვალზეხელებაფარებული, ვზივარ გზისპირას,

არ კი ვიცი, რა ვუთხრა ამ ხალხს:

ის, რომ მოსვლა აღმითქვი და შენ გელოდები?

როგორ ვთქვა, შენთან – უპოვარს დ ხელცარიელს

მხოლოდ ჩემი სიღარიბე რომ მომაქვს მსხვერპლად!

ვზივარ მარტო და ცის დასავალს თვალს არ ვაშორებ,

ვოცნებობ ჩემთვის, შენს უეცარ გამოჩენაზე.

აილანძება ცა ოქროსფრად და საკვირველად – ცის ტატნობზე

ოქროვანით გავალაკით მოკაზმული შენი ეტლი გამომზევდება.

და რა უსაზღვრო განცვიფრება მოიცავს ყველას,

როცა მე, ვერხვის ფოთოლივით ათრთოლებულს,

მე უპოვარს და არასმქონეს, გვერდით მომისვამ.

მაგრამ დრო მიდის.

ხმაურითა და ღრიანცელით ჩაიარეს მოზეიმეთა.

ნუთუ შენ კვლავაც უჩუმარად იდგები ჩრდილში

უმძრახად და ხმის გაუცემლად,

ხოლო მე შენი მოლოდინით გულდალეული,

ამაო ნატვრას და ოცნებას ცრემლით დავალტობ?

 

44.

 

დილაადრიან ჩვენ ჩურჩულით ვუთხარით ერთურთს,

რომ ზღვაში ნავს შევაცურებთ მხოლოდ მე და შენ,

და ქვეყანაზე ძეხორციელი ვერ გაიგებს ჩვენი უმიზნო,

უსასრულო მგზავრობის ამბავს.

უკიდეგანო ზღვათა შინა,

შენი მოწყალე, მოღიმარე, ნათელი ცისქვეშ,

ამ ტალღებივით ნებიერი

სიტყვის მკერდით უკერველი გალობანი გადმომეღვრება.

არ მოწეულა ჯერ ჟამი ეგე?

სამუშაკო დამრჩა რამ კიდევ?

აჰა, დღემ უკვე მიდრეკა და მზემ დასვლა იწყო,

და მზიან–ჩრდილში თოლიები ბუდეს ეძებენ.

ვინ იცის, როდის განშორდება ნავი სანაოს –

დამავალი მზის უკანასკნელი ნაჟურის მსგავსად ბნელს

                                                რომ დაინთქვს!

 

45.

 

მე არ ველოდი შენს მობრძანებას და შენ, უფალო,

გულში უჩუმრად შემოხვედი, როგორც უცნობი ყარიბი ვინმე,

და საუკუნო ბეჭდით დაბეჭდე

ჩემი უქმი და წარმავალი წუთისოფლის ყოველი წამი.

და ახლა. როცა უნებურად მაგონდება განვლილი ჟამი,

და ზედ ნიშანს ვამჩნევ შენეულს –

მე ვხედავ: ქვიშას გარევია

წუხილსა და სიხარულში მტვრად აღგვილი ჩემი ცხოვრება.

ჩემი ბალღობის დღეებისთვის შენ ზურგი არ შეგიქცევია

და შენი ჩუმი ნაბიჯები, მაშინ გულს რომ ეყურებოდა,

                                                    იგივ ხმა არის,

ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე რომ იფინება.

 

46. 

 

ეგ არის ჩემი სიხარული:

სახლის ერდოდან ვუჭვრიტო ცათა ჭვირვალე ნათელს,

ჩრდილის ძვრასა და საღამოთა ფერისცვალებას.

უცნობი ქვეყნის შიკრიკები მესალმებიან

და ისევ გზად მიიჩქარიან.

გული მევსება ნეტარებით

და ველთაგან მონაბერი გრილი სიო შვებას მანიჭებს.

გათენებიდან მიმწუხრამდე ვზივარ და გელი,

ვიცი, უეცრად ჩამოდგება ნათელი წამი და შენ გიხილავ.

მე მარტოსული ჩუმი ხმით ვგალობ და ვიღიმები,

ხოლო ჰაერი სავსე არის ცადაღკმეული სასოებითა.

 

47.

 

არა გსმენია მის ჩუმი, ჩუმი ფეხის ხმა?

იგი მოდის, იგი მოდის მოედინება.

ყოველ წამს და წუთს, საუკუნეს, დღითა და ღამით:

იგი მოდის, იგი მოდის მოედინება.

მე მწუხარე დ მხიარულიც მიმღერია ბევრი სიმრერა,

მაგრამ მათი მოძახილი ეს იყო მუდამ:

იგი მოდის, მოდის, მოდის მოედინება.

მზეგადაფრქვეულ, სურნელოვან აპრილის თვეში

ტყის ბილიკებით მოდის იგი,

და მუდამჟამს მოედინება.

და ივლისის წვიმიან და ბნელ ღამეებში,

შავ ღრუბელთა მგრგვინავი ეტლით:

იგი მოდის, იგი მოდის მოედინება.

ჭმუნვათა შემდგომ, კვლავ წუხილთა შემოდგომისას

მისი ტერფები ებჯინება ჩემს გულს და მალხენს,

და ამ შეხებით მეფრქვევა მე სიხარულის მზე.

 

48.

 

განა მე ვიცი, რა უხსოვარი წიაღიდან მოიქცევი ჩემს

                                                  შესახვედრად?

შენმა მზემ და ვარსკვლავებმა

სამუდამოდ ვერ დაგმალეს ჩემი თვალისგან.

ო, ბევრჯერ, ბევრჯერ, ცისკარზე და მიმწუხრისას

მომწვდენია შენი ფეხის ხმა

და იდუმალი მოციქულის ჩუმი ძახილი.

არ ვიცი, გული უცნაურად რამ დამიწურა,

ან სიხარულმა რად შემახო უეცრივ ხელი.

დრო არის აწი ჯაფასა და საქმეებს მოვრჩე

და ნეტარებით შევისუნთქო შენი ტკბილი მოახლების

                                               ნელსურნელება.

 

49. 

 

მის ამაო მოლოდინში მიიწურა თითქმის ეს ღამეც.

მე ვშიშობ, კარზე უთენია არ მომადგეს იგი უეცრად,

როცა დაღლილს და ღამენათევს ჩამეძინება.

ო, მეგობრებო, ჩემს მაგივრად გაუღეთ კარი,

არ დაუშალოთ ჩემს ეზოში შემობრძანება.

მისმა ფეხისხმამ თუ უმალ არ გამომაღვიძა,

ძილს ნუ გამიტეხთ, მეგობრებო, აწ, ამასა გთხოვთ.

არა მსურს ფრინველთ ჟრიამულმა, დილის ნიავმა,

ან გარიჟრაჟზე მზის ამოსვლამ გამომაღვიძოს.

მაცალეთ ძილი, თუნდაც მეფეთ მეუფეც რომ მეწვიოს სახლში.

ო, ჩემი რული მის სანუკვარ მოკარებას ელოდება,

                                                         რომ უკუიქცეს,

როცა წინაშე მოვა იგი, ვითა სიზმარი,

ძილის ბნელი უფსკრულიდან ზეწამომდგარი.

დე, განეცხადოს თვალისჩინს იგი

ყველა სხივთაგან უპირველეს ხატად და სხივად.

გაღვიძებული ჩემი გული, პირველი თრთოლვით

დაე, მისმა ნათელმა შეძრას,

რომ ძილის ბნელი უფსკრულიდან უკუმოქცევას

მის დიდ ნათელთან ზიარების ხარება მოჰყვეს.

 

50.

 

ცისკრის დუმილის ზღვა ფრინველების გალობად მოიქცა,

ყვავილებმა შეამკეს გზისპირი.

გაბზარულ ღრუბლებს დაეღვარათ ოქროს სიმდიდრე,

და სწორედ ამ დროს

ჩვენ მივდიოდით ჩვენი გზით და გულისყური შორს იყო

                                                               მათგან.

ჩვენ არ ვგალობდით ტკბილ საგალობელს,

და ჩვენ სიტყვაც კი არ დაგვიძრავს.

ბაგეებს ჩვენსას რიმილი არ გაჰკარებია.

ჩვენ მივდიოდით,

დრო გარბოდა და ჩვენ ნაბიჯს ვუჩქარებდით

                                                   უფრო და უფრო.

მზე ცის თავანზე აიწურა.

შუადღის ხვატში აზრიალდნენ ჭკნარი ფოთლები

და მტრედებმა ჩრდილოვანში ღუღუნი იწყეს.

ლეღვის ჩეროში მეოცნებე მწყემსმაც ჩასთვლიმა,

და მე დავეშვი მდინარისკენ, დამაშვრალი –

ლბილ მდელოზე მოსასვენებლად.

მაშინ მე ზიზღით შემომხედეს თანამავალთა,

ქედამართულნი ისინი კვლავ მიიჩქაროდენ

და ბოლოს გაჰქრნენ შორეულ ცის მხურვალე ალში.

მათ გადიარეს ველები და მთები და ზღვები

და შორეთის უცხო ქვეყნები.

                      დიდება შენ, უსასრულო გზის მხნე ქარვანო;

 

დაცინვა და საყვედური მაქეზებდა წამოვმდგარიყავ,

მაგრამ ჩემში ვერ იპოვეს გამოძახილი.

მე შევწირე თვი ამო დამდაბლების და ბუნდოვან

ნეტარების ჩრდილში დაკარგვას;

მზის სიმშვიდე – ფრთაშესხმული მწვანე მიმწუხრით

შემომადგა ნელიად გულზე.

მე დამავიწყდა, გზაზე რისთვის გამოვეშურე

და ჩემი გონი უდრტვინველად გადავეცი გრილოთა და

გალობათა უცნაურ ბურანს.

დაბოლოს, როცა გამეღვიძა, თვალხილულმა შენ დაგინახე:

დაგევანა ჩემს მახლობლად

და ჩემს სიზმრებს შენი ღიმის ცვარს აპკურებდი.

როგორ ვშიშობდი: გზა შორი და დამქანცველი მეგონა იყო,

და შეჭირვება მოსაღწვად შენამდე მძიმე.

 

51.

 

შენ ჩამოხვედი ტახტიდან და ჩემი ქოხის კართან დადექი.

მე კუთხეში ვგალობდი ჩუმად, შენ რომ გესმა და ყური მოაპყარ.

შენ ჩამოხვედი ტახტიდან და ჩემი ქოხის კართან დადექი.

შენს დარბაზებში მგალობელი ბევრზე ბევრია,

დღემუდამ რომ გალობენ ტკბილად.

მაგრამ მორჩილის უბრალო და სადა სიმღერამ

სიყვარულით შეგიძრა გული.

ჩემი მცირე და მჭმუნვარე ხმა შეუერთდა სამყაროს

დიად გალობას

და ყვავილებით ჩემდა ჯილდოდ –

შენ ჩამოხვედი ტახტიდან და ჩემი ქოხის კართან დადექი.

 

52.

 

სოფლის შარაზე მე კარდაკარ დავდიოდი წყალობის

                                                         თხოვნად,

როს სიზმარეულ ჩვენების მსგავსი

ოქროცურვილი შენი ეტლი ვიხილე უცებ.

მე იმედებით აღმეძრა გული და გავიფიქრე:

მადლობა უფალს, გასრულდა–მეთქი ცემი დუხჭირი

წუთისოფლის მწარე დღეები,

ვიდექი გზაზე და უხვი ხელით მონიჭებულ მოწყალებას

                                                    ველოდებოდი.

ორთვალა დადგა.

ჩამობრძანდი და შემომხედე ამო ღიმილით.

აჰა, ვიფიქრე, კარს მომადგა ბედნიერება.

მაგრამ უეცრად შენ მარჯვენა გამომიწოდე და მშვიდად

                                                          მითხარ:

რას მიწყალობებ?

ო, რა მეფური აზრი იყო –

მათხოვარს სთხოვო მოწყალება ხელგაშვერილმა.

მე არ ვიცოდი, რა მეღონა თავგზადაბნეულს,

ბოლოს გონება მოვიკრიბე, ჩემი აბგიდან ამოვიღე

პაწაწინა ხორბლის მარცვალი და მოგაწოდე.

როგორ გავოცდი, როცა საღამოს ჩემს უბადრუკ ნაწყალობევში

იმ ხორბლის მარცვლის ოდენავე ოქრო შევნიშნე.

მე გულმდუღარედ ავტირდი და მწარედ ვინანე:

უფალო, რატომ ყველაფერი არ შემოგწირე!

 

53.

 

შეღამდა. სოფლად სამუშაო დღე მიიწურა.

ღამეულ სტუმრად უკვე არავინ გვეგულებოდა

და ეზოებში ჩაირაზა ყველა ჭიშკარი.

მაგრამ ბნელში ვიღაცამ თქვა:

„მეუფე მოვა’’.

ჩვენ ჩავიცინეთ და ვუთხარით:

„არ ხდება ეგ სასწაული“ .

ცოტა ხნის შემდეგ მოგვეჩვენა, თითქოს კარზე მგზავრი

ვინმე აკაკუნებდა.

ქარია ალბათ – გავიფიქრეთ, ქარი ხმაურობს.

ჭაღების ალი ჩავაქრეთ და მივიძინეთ ნეტარი ძილით.

მაგრამ ბნელში ვიღაცამ თქვა:

„ეს მეუფის მოციქულია“

ჩვენ ჩავიცინეთ და ვუთხარით:

„არა, არა, ქარი იქნება“.

შუაღამისას უცნაური ხმა შემოგვესმა.

ბურანში მოგვწვდა: შორს, სადღაც შორს იქუხა თითქო.

მერმე შეინძრა დედამიწა, შეზანზარდნენ კედლები და

                                                    გამოგვეღვიძა.

ღამეულ ბნელში ვიღაცამ თქვა:

„ეს ცხენების თქართქურია“.

ჩვენ ძილღვიძილში წავიჩურჩულეთ:

„არა, ალბათ ქუხილის ხმაა“.

ჯერ კიდევ ბნელი ეფინა სოფელს, როცა მოგვესმა

დაფდაფების ხმა და ძახილი:

„ო, გაიღვიძეთ, წამოდექით, ნუ აგვიანებთ!“

ჩვენ ავცახცახდით შიშისაგან და ხელები გულს

                                              დავიკრიფეთ.

ვიღაცამ წარსთქვა:

„ჰა, იხილეთ – მეუფის ეტლი!“

ზარდაცემულნი მაშინ სწრაფად წამოვიჭერით და

                                              ავწრიალდით:

„ჩქარა, ჩქარა, ნუ დავაყოვნებთ,

კარზე მოგვადგა ძალმოსილი ჩვენი მეუფე!

მაგრამ სად არის ჩირაღდნები და გვირგვინები?

სად არის ტახტი მეუფისა მოფენილი ყვავილებითა?“

ვიღაცამ წარსთქვა:

„ამაოდ შფოთავ! ხელცარიელნი მიეგებეთ მეუფეს თქვენსას,

უბრალო ქოხში შეიყვანეთ თქვენი უფალი!“

გააღეთ კარი! დე, ისმოდეს მხიარული საგალობელი!

ღამის უკუნში მოგვეახლა ჩვენი პირქუში და მწუხარე

სახლის მეუფე.

ჭექა–ქუხილით ზანზარებს ზეცა.

ელვისაგან თრთის ღამის ბნელი.

გამოიტანე დაფლეტილი შენი ჭილოფი. გაშალე მოლზე

გრიგალის ფრთებით შემობრძანდა ჩვენს სამყოფლოში

საშინელი ღამის მეუფე.

 

54.

 

ლამაზია შენი ოქროს სამაჯური, თვალებით უხვად

შემკული და მოოჭვილი ვარსკვლავებითა.

მაგრამ შენს მახვილს, ვიშნუს ღვთაებრივი ფრინველივით

ფრთაგაშლილსა და დაფიონის მეწამული შუქით ნაფერს

უფრო დიდი სილამაზე შეუმოსაია.

იგი თრთის, როგორც მიწურვილი სიცოცხლის ფეთქვა.

იგი ელვარებს ვით შესაქმის წმიდა ალი,

ამაო და მიწიერის უშრეტელი ცეცხლით შემწველი.

ლამაზია შენი ოქროს სამაჯური, თვლებით შემკული,

მაგრამ შენს მახვილს, ო, ქუხილთა მბრძანებელო,

ისეთი მძლე და საზარი სილამაზე შეუმოსია,

რომ ძალა არ მაქვს მას ვუმზირო, ვიფიქრო მასზე.

 

55.

 

გული დაგღლია და თვალები დაგხუჭვია ღრმა მწუხარებით.

არა გსმენია, რა ლამაზი ვარდი სუნთქავს ეკალთა შორის.

ო, გაიღვიძე, გაიღვიძე, –

დროს ამაოდ ნუღა დაკარგავ.

ამ კლდოვანი გზის სასასრულზე,

ქალწულებრივი სიმარტოვის ყრუ ქვეყანაში,

ჩემი მოყვასი მარტოდმარტო ზის და მოგელის,

ნუ ეცრუვები, ო, აღდექი, აღდექ ძილისაგან!

მერმე რა, თუ ცა შუადღის ხვატისგან თრთის და ზრიალებს,

და მხურვალე ქვიშა კვდება წყურვილისაგან.

ნუთუ შენს გულში სიხარულის წყაროც ამოშრა

და შენს ნაბიჯზე გზათა ქნარი

სალმობათა ტკბილ გალობად აღარ ხმიანებს?

 

56.

 

აი , რადა ვარ მე გულსავსე შენი ხარებით!

აი, რისათვის გარდამოხვედ ცით, სანატრელო!

ო, მეუფეთა მეუფეო, თუ არ ამ გულში,

სად იქნებოდა შეკრებილი გული შენი სიყვარულისა?

შენ მაზიარე აურაცხელ შენთა საუნჯეთ.

შენ ამიძგერე გული უშრეტ სიხარულითა.

ცხოვრებას ჩემსას შენი ნება მართავს სვიანად.

ცათა მეუფევს,

ჩემი გულის წარსატყვევნად შეგიმოსავს ეგ სილამაზე.

და აჰა, შენი სიყვარული უერთდება სიყვარულს ჩემსას

და ცხად არს ჩემდა საიდუმლო ამ სავსებისა.

 

57.

 

ნათელო, ნათელო ჩემო,

ცით გამომჭირვალო ნათელო,

თვალთა მონასურო ნათელო,

გულთა მოალერსე ნათელო.

 

ჩემი სიცოცხლის გულისგულში როკავს ნათელი –

                                              მიჯნურო ჩემო!

ჩემი სიცოცხლის ჩაღანაზე გალობს ნათელი –

                                              მიჯნურო ჩემო!

ზანზარებს ზეცა, ჰკივის გრიგალი,

სიცილი არყევს ქვეყნიერებას!

ფრთეთა იალქნები შემართა ფარვანამ ნათლის მორევში

აყვავდა შროშანი და იასამანი ნათლის მორევში.

ოქროს ნათელი მოეფინა მთებსა და ღრუბლებს –

                                             მიჯნურო ჩემო!

ალმასის წვიმა წვიმს დედამიწაზე –

                                             მიჯნურო ჩემო!

მხიარული ხმით ეხმიანება ფოთოლი ფოთოლს,

განიხვნენ ცათა საქანელნი, ჰყივის გრიგალი,

ზეცის დირენი გადმოხეთქა ნათლის ჩქრალმა

და სიხარულმა წარღვნა ქვეყანა უნაპირო –

                                             მიჯნურო ჩემო!

 

58.

 

შეაერთებდე უკანასკნელ ჩემს სიმღერაში ყოველსა ჰანგს

                                                      სიხარულისა!

 სიხარულისა:

დედამიწას რომ ბალახების სიუხვით მოსავს.

სიხარულისა:

ორ მარჩვიბ ძმას – სიკვდილ–სიცოცხლეს

უსასრულო სამყაროზე რომ აროკვინებს.

სიხარულისა:

გრიგალთან ერთად რომ ბობოქრობს

და სიცილით არყევს სიცოცხლეს.

სიხარულისა:

აცრემლებული წყნარად რომ ზის

სალმობათა გაშლილ ლოტოსზე,

და სიხარულის:

ყოველივე, რაც აბადია, რომ აცამტვერებს

და სიტყვას რომ არ სცნობს, სიტყვით არ გამოითქმის.

 

59.

 

ო, მე ვუწყი, ჩემი გულის ტკბილო მიჯნურო,

ყველაფერ ამას მხოლოდ შენი სიყვარული თუ დაერქმევა.

ამ ოქროს ნათელს, რომ ფარფატებს მწვანე ფოთლებზე,

მცონარა ღრუბლებს, ლაჟვარდში რომ ცურავენ მშვიდად,

და მქროლავ ნიავს, სიგრილეს რომ მიტოვებს შუბლზე.

ცისკრის ნათელმა ამივსო მზერა –

ჩემს გულს ესეც შენ მოიბოძე.

შენი ხატება იხრება ციდან,

თვალები შენი უმზერენ ჩემსას

და გული ჩემი შენს ფერხთ შეეხო.

 

60. 

 

როდესაც შენთვის მე ფერადი მძივები მომაქვს, ჩემო პატარავ,

მე ვიცი წყალზე და ღრუბლებზე რად ლივლივებს ასეთი ფერი,

ან ყვავილები რად არიან მოხატულნი ათასნაირად,

როდესაც შენთვის მე ფერადი მძივები მომაქვს.

 

როდესაც ვმღერი, რომ შენ გაცეკვო,

მე კარგად ვიცი, რად გალობენ წყნარად ფოთლები,

ანდა ზვირთები სმენად ქცეულ ხმელეთის გულს

ხმათა გუნდებს რად უგზავნიან,

როცა მე ვმღერი, რომ შენ გაცეკვო.

 

როდესაც მომაქვს ტკბილეული შენი ხარბი ხელებისათვის,

მე ვიცი, ნექტარს რად ინახავს ყვავილის ბუტკო,

ან რად არიან შტოდახრილი ნაყოფები გავსებული ჩუმი სიტკბოთი,

როდესაც მომაქვს ტკბილეული შენი ხარბი ხელებისათვის.

 

როცა მე გკოცნი, რომ შენს ბაგეს ღიმი მოვგვარო,

ჩემო ძვირფასო, მე ნამდვილად, ნამდვილად ვიცი,

როგორია ის ნეტარება –

დილის ნათელში ზეციდან რომ იღვრება უხმოდ,

ანდა ის შვება სხეულზე რომ გაზაფხულის ნიავი მაფენს,

როცა მე გკოცნი, რომ ღიმილი მოგგვარო ჩემო.

 

61.

 

შენ მე გამაცან მეგობრები, უცნობი ჩემთვის.

შენ დღემდის უცხო სამყოფლოთა ჭერი დამხურე.

შენ მომიახლე შორიელი –

და უცხო კაცი ძმადნაფიცი გახადე ჩემი.

ძნელი ყოფილა შეჩვეული ჭირის დაგდება.

მე მავიწყდება, ახლის სამოსს რომ იცვამს ძველი

და რომ შენ ჰზი, სანატრელო, ჩემს სიახლოვეს.

დაბადების და სიკვდილის წიაღ,

ამა სოფლად და იმიერ ქვეყნად,

სადაც არ უნდა მიმიძღოდე, შენა ხარ მუდამ

მეგზური ცემი ცხოვრებისა, –

ენითუთქმელს და უცნაურს რომ მიაჯაჭვე ჩემი არსება,

შენთან წილნაყარს არაფერი ეუცხოება,

მისთვის ღიაა ბჭეს შებმული ყოველი კარი.

 

62.

 

მდინარის პირას, შამბიანში მე მას ვუთხარი:

„პატარა ქალო, საით მიგაქვს ეგ სანათური?

ჩემი სამყოფლო ბნელია და უკაცრიელი,

მო, განმინათლე!“

ერთ წამს ასწია წამწამები პატარა ქალმა

და შეღამების მკრთალ ბინდბუნდში თვალი შემავლო.

„მე აქ მოვედი, რომ დინებას გავატანო ჩემი სანათი,

როცა ნათელი მიდრკება ცისა“.

ვიდექი და შამბნარიდან ვუცქეროდი მოცახცახე ალს,

ნაპირისაგან უგზო–უკვლო ზვირთით წაღებულს.

შემოღამების სიჩუმეში მე მას ვუთხარი:

„პატარა ქალო, აკი ჰხედავ, შუქია ყველგან,

საითღა მიგაქვს მოციმციმე ეგ სანათური?

ჩემი სამყოფლო ბნელია და უკაცრიელი,

მო, განმინათლე!“

მან შემომხედა ბუდეშური, შავი თვალებით

და ერთი წუთით შეყოყმანდა პატარა ქალი.

„მე აქ მოვედი, რომ ზენაარსს შევწირო იგი!“

ვიდექი და ვუცქეროდი მცირე სანათურს,

ამ ველთა შორის უმიზეზოდ აციმციმებულს.

უმთვარო ღამის უკუნეთში მე მას ვუთხარი:

„პატარა ქალო, რად იხუტებ გულში სანათურს?

ჩემი სამყოფლო ბნელია და უკაცრიელი,

მო, განმინათლე!..“

მდუმარედ იდგა, ჩაფიქრდა და პატარა ქალმა

შავი თვალებით შემომხედა ღამეულ ბნელში.

„ჩემი სანათი, ანთებული ჩემი სანათი

მე მოვიტანე სანათურთა დღესასწაულზე!“

ვიდექი და ვუცქეროდი მი მცირე ნათელს

ზღვა სანათურთა სინათლეში უჩინოქმნილსა.

  

63.

 

ო, რანაირი ღვთაებრივი სასუმელის შესმა გსურდა

ჩემი სიცოცხლის პირგავსებულ ბარძიმიდან, უფალო ჩემო?

სიტყვის მოქმდო, რასა გრძნობ ნეტავ,

როცა ჩემი თვალითა ჭვრეტ შენ მიერ შექმნილს,

ან როცა ჩემი გულისყურით შენს მიუწვდომელ,

საუკუნო სავსებას უსმენ?

შენი უსაზღვრო საბრძანისი ბადებს ხოლმე სიტყვას ჩემს გულში

და იმ სიტყვას, შენი წმინდა სიხარული აქცევს გალობად.

ჩემში ინთქმები შენ, უფალო,

და ნეტარებით, შენსავ სიტკბოს, ჩემი გულის საწყაულით ეზიარები.

 

64.

 

იგი, ვინც მუდამ გულის სკნელში ღრმად დამარხული

თვის საუფლოში უჩინარად კრთოდა ნიადაგ,

იგი, დღის ნათელს რაც არასდროს არ დაუნახავს, –

გამოსათხოვარ საგალობლით ხორცშემოსილი –

ჩემს უკანასკნელ მსხვერპლშეწირვად მიიღე, ღმერთო!

ამაოდ მსურდა მომეგარსა სიტყვის ნაჭუჭით

დ მას – ყრუს და უსმს, ვეძახოდი მუდამ ამაოდ.

სადაც არ ვიყავ, გულში მყავდა ჩაბეჭდილი

და იმის ფერხთით ინგრეოდა და მაღლდებოდა ჩემი ცხოვრება.

ჩემს ფიქრებსა და საქმეებზე.

ჩემს სიზმრებზე და ოცნებებზე სუფევდა იგი,

და მაინც იგი შორს იდგა და კიდეგან იდგა.

ბევრი მირეკდა, რომ ესმინა მისი ხმა ჩემგან,

მაგრამ ვერავინ გაიგონა ხმა უცნაური,

ქვეყნად არავის დაუნახავს იგი პირისპირ.

იგი უხმო და მარტოსული შენღა თუ გელის,

რომ სიხარულით შენ, უფალო, გულზე მიირქვა.

 

65.

 

შენ ხარ ცა და უზეშთესი ბუდე ყოვლისა,

და ზენაარო, იმ ბუდეში სიყვარულს შენსას

ფერებით, ხმით და სურნელებით ითვისებს სული.

ოქროს კალათით მორონინობს დილა და მოაქვს

სილამაზის გვირგვინი, მიწას უჩუმრად რომ დაადგას თავზე.

და ყველასაგან მიტოვებულ, წმინდა ველებზე

გაუქელავი გზებით მოდის გრილი საღამო,

და სიმშვიდის დასავლეთი ოკეანიდან ოქროს სურით

მოვანების ქარები მოაქვს.

მაგრამ იქ, სადაც მისათვლელად სულისა ჩემის

უსაზღვრო ცა არის ფენილი, მეფობს მარადი სხივოსნება,

იქ არც დღე არის, არცა ღამე, არც სახე, ფერი,

და აროდეს, აროდეს სიტყვა.

 

66.

 

მკლავებგაშლილი შემოდის დილით ჩემს სადგომში შენი

მზე და გულმხურვალედ მეფერება შეღამებამდე,

რათა ბოლოს შენ მოგიტანოს ჩემი ცრემლების,

სულთქმისა და გალობისაგან აკრეფილი მსუბუქი ნისლი.

ნაზი ალერსით შემოიხვევ ამ ბუნდოვან ნისლის

საბურველს და აურაცხელ სახესა და ფერს მიანიჭებ,

მარადმედინი, უსასრულო ფერისცვალებით.

ჩვილია იგი, ცვალებადი, ჰაეროვანი, პირქუში და ცრემლებით სავსე,

მაგრამ განა ამის გამო არ გიყვარს იგი?

და განა სწორედ ამის გამო არა ჩრდილავს ის შენს

წმინდა, შეუბღალავ, უბიწო ნათელს?

 

67.

 

იგივ ჩქერალი სიცოცხლისა,

ჩემს ძარღვებში დღით და ღამით რომ მიმოღელავს,

მიედინება სამყაროშიც და ჯერით როკავს,

ეს იგივე სიცოცხლეა,

მიწიდან ჩუმი აღტაცებით რომ შემართავს ბალახის

                                                      ფურცლებს

და ჯეჯილთა მობიბინე ზღვად გადააქცევს.

იგივ სიცოცხლე, სიკვდილის და დაბადების ზღვათა

                                                          აკვანში

მოქცევითა და უკუქცევით რომ მიირქევი.

მე ვგრძნობ, სხეული ჯადოსნურად გამიცისკროვნდა

ამ სიცოცხლის ძალუმი ფეთქვით,

რომ მისგანვე ვარ სიამაყით დამშვიდებული

და რომ ახალი ჩემს ძარღვებში როკავს სისხლი საუკუნეთა.

 

68.

 

არ შეგიძლია გაიხარო ამ უშრეტი სიხარულითა?

თავდავიწყებით გადაეშვა, თან შეეთქვიფო

შმაგად მბრუნავი სიხარულის საშინელ მორევს?

წინ მიისწრაფის ყოველივე მოუქცევლად, შეუსვენებლივ,

და არას ძალუძს შეაჩეროს ეს მისწრაფება!

ამ დაუდეგარ სიმღერათა ხმაზე როკვენ და მიდიან

წელიწადის დღენი და თვენი,

და ყოველ წუთში განქარებული სიხარულის სიჭარბისაგან

უკიდეგანო ზღვად მოღელავს გალობის ხმა,

ფერები და ნელსურნელება.

 

69. 

 

რუდუნებით და გულმოდგინებით გარემოვაქცევ მე ჩემს არსებას,

რომ შენს უღამო შარავანდედს მოვეფინო ფერადი

ჩრდილით – ასეთია შენი მ ა ი ა.

ურიცხვ ნაწილად განწილული,

აურაცხელი ხმით მოუხმობ თვითეულ მათგანს,

შენს დაუსაბამ ბუნებასთან კვლავ წილსაყრელად.

ხარებისა და მწუხარების, ვაებისა და სასოების ფერისცვალებით

ციაგებს, ხოლმე შენს უსაზღვრო კაბადონზე ჩემი გალობა:

უზენაესო, ჩემშია შენი დამარცხების უკვდავი დვრიტა!

სვეტი, რომელიც შენ აღმართე, დღისა და ღამის

უცნაურმა ფუნჯმა მოჰხატა, ხოლო მის წიაღ – იდუმალი

მრუდებისგან მოქსოვილი შენი ტახტი დგას...

შენმა და ჩემმა სასწულმა შესძრა სრულად ცათა გარემო,

შენი და ჩემი ხმით გალობენ და ხმატკბილად ქუხენ ჰაერნი,

და საკვირველად –

შენი და ჩემი მოქცევით და კვლავ უკუქცევით ილევიან საუკუნენი.

 

70.

 

ეს იგი არის – იდუმალთა მესვეური,

გულს რომ მიღვიძებს

თავის ღრმა და შეფარვული ხელისშეხებით.

ეს იგი არის – თვალისჩინი დაუბინდველი,

ჩემს გულში რომ იჭვრიტება ჭმუნვით და შვებით.

ეს იგი არის – მ ა ი ა ს სამოსს

ვერცხლს და ოქრომკედს, ჟრუნს და მწვანე ფერებს რომ აქსოვს,

და ღვთაებრივი ნაოჭები მოსავენ მის ფერხთ,

რომელთა ხილვამ ცნობისაგან მიმხადა ბევრჯერ.

უცვალებლად დის წლიწადი და საუკუნე,

და მუდამ – უთვლელ სახელით და უამრავ სახით –

ცრემლებით, შვებით, სიხრულით და სიმძიმილით,

ჩემს გულზე მისი მეუფება აღუგველია.

 

71.

 

განა განდგომა მოგვანიჭებს სუფევის შვებას?

ათას ბორკილით გულშებორკილს განმიცდია მე მისი სიტკბო!

ო, შენ ყოველთვის უხვად მასმევ შენი ცხოვრების

სურნელოვან, კურთხეულ ღვინოს

და მით ჩემი ყოფის ბარძიმს პირამდე ავსებ.

ათას კელაპტარს აგინთებს ჩემი წუთისოფელი

და შენს ტაძარში საკურთხეველს შესწირავს ყველას.

აროდეს დავხშავ, მეუფეო, მე ჩემს გულისბჭეს!

სმენის და ცქერის და შეხების სიხარულით

შეძრული გული, შენც სიხარულს მოგანიჭებს,

ჩემო მოძღვარო!

და ეგრე ყველა ჩემს ზმანებას სიხარულის ცრემლით შემუსრავს,

და ყველა ჩემი საწადელი სიყვარულის ნაყოფს დაისხამს.

 

72.

 

მოსაღამოვდა.

დედამიწას ჩრდილი დაეცა.

დროა წავიდ მდინარეზე,

დროა სურა ავავსო ჩემი.

მდინარე ჩუმად იზლაზნება,

მწუხარეა ცა საღამური.

და მე ტალღათა უცნაური ჩქამი მეძახის.

 

დაჰბერა ქარმა და მდინარემ ჩურჩული იწყო,

ბილიკზე მგზავრიც აღარა ჩანს, გვიანი არის.

და მე არ ვიცი, დავბრუნდები შინ თუ აღარა,

და მე არ ვიცი, ამ ბინდბუნდში ვის შევეყრები...

მდინარის ფონთან, მცირე ნავში

უცნობი ზის და ქნარზე უკრავს.

დროა წავიდე მდინარეზე,

დროა სურა ავავსო ჩემი.

 

73.

 

შენ უსაზღვრო მოწყალება ჩვენ მიწიერთ

ყოვლით გვავსებს და

ისევ უკლებლივ უბრუნდება შენივე წიაღს.

მდინარე თავის ჩვეული გზით მიედინება,

სოფელდასოფელ მოდენილი ყანებს დაუვლის,

მაინც კი მისი საზრუნავი შენთა ფერხთა განბანვა არის

ყვავილი ამო სურნელებით ათრობს მიდამოს,

და მაინც, ბოლოს შენც სამსხვერპლოს შეეწირება.

არ დაიღლება დედამიწა შენი წმინდა თაყვანისცემით!

ათასნაირად ესმით ხოლმე მგოსნის სიტყვები –

უკანასკნელი მათი აზრი შენა ხარ მხოლოდ.

 

74.

 

ჩემი სიცოცხლის მეუფეო –

დღეუთვალავად უნდა ვიდგე მე შენს წინაშე?

და მეუფეო სამყაროთა –

ხელდაკრეფილი უნდა ვიდგე მე შენს წინაშე?

შენი დიადი ცისქვეშეთის დუმილსა და უდაბნოებში

მორჩილი გულით უნდა ვიდგე მე შენს წინაშე?

შრომით და ბრძოლით გულაგზნებულ წუთისოფელში

და ამ უშქარ ბრბოთა ხმაურში

უნდა ვიდგე მე შენს წინაშე მარტო, უჩუმრად?

და მეუფეთა მეუფეო –

უხმოდ, უსიტყვოდ უნდა ვიდგე მე შენს წინაშე?

 

75.

 

მე შენ გიცნობ, როგორც ჩემს უფალს და განზე ვდგავარ.

მე ვერ ვბედავ გულისწორად მიგიჩნიო და მოგეახლო.

მე შენ გიცნობ, როგორც მამას დ მუხლს ვიყრი

შენს ფერხთა წინა.

მე არ გეხები, როგორც ძმას და როგორც მეგობარს.

მე იქ არ ვდგავარ, სადაც მაღლით შენ გადმოხვალ

და ჩემეულად თავს შერაცხავ, უფალო ჩემო,

არ მოგეხვევი, მეგობრადაც არ გაღიარებ.

შენ ჩემი ძმა ხარ, მოძმეთა შორის, რომელთაც მე არ ვეკარები.

მე მხოლოდ შენ და არა მოძმეთ, ვუზიარებ ჩემს მცირე არჩივს.

ჭირსა და ლხინში მე არ ვეძებ მათ თანადგომას,

არამედ შენსას.

მე არ მივყვები წუთისოფლის დღეთა დინებას

და გარემყოფი არ ვიძირები არსებობის დიდ მდინარეში.

 

76.

 

ამ საწუთროში თუკი შენი პირისხილვა არ მიწერია –

მუდამ, მარადდღე მაგრძნობინე,

რომ ვერ ვიხილე მე ხატება მზისსახიანი,

ნუ დამავიწყებ ნურასოდეს, მწარედ მანანე,

გულს მომისართე მწუხარება დღისით და ღამით.

 

ამ წუთისოფლის საფარდულში ილევიან ჩემი დღეები

და მე ყოველდღე მონაგარით მევსება ხელი,

მაგრამ შენ მუდამ მაგრძნობინე, რომ არარა არ მომიგია,

ნუ დამავიწყებ ნურასოდეს, მწარედ მანანე,

გულს მომისართე მწუხარება დღისით და ღამით.

 

გზის ასაქცევთან როცა ვზივარ გულდამაშვრალი,

ქარსა და მზეში გულდაღლილი როცა ვისვენებ,

მუდამ, მარადდღე მაგრძნობინე,

რომ გასალევი კიდევ შორი გზა მიდევს წინა,

ნუ დამავიწყებ ნურასოდეს, მწარედ მანანე,

გულს მომისართე მწუხარება დღისით და ღამით.

 

როცა ჩემი სახლი მოკაზმული – იშვებს და ხარობს,

როცა ჩემს ჭერქვეშ მხიაული გალობა ისმის,

ო, მაგრძნობინე მე მარადჟამს, ყოველ წამს და წუთს,

რომ გულბნელმა უგუნურმა შენ არ გწვიე,

ნუ დამავიწყებ ნურასოდეს, მწარედ მანანე,

გულს მომისართე მწუხარება დღისით და ღამით.

 

77.

 

მე ვგავარ ღრუბელს, შემოდგომის ცაზე უგზოდ მოხეტიალეს.

ო, ჩემო მზეო დიდმშვენიერო! –

ნისლშებურვილი – ვერ გამჭვრიტა ჯერ შენმა შუქმა,

ვერ შემაზავა შენს ნათელთან

და მე ამგვარად დღეებსა და თვეებს ვითვლი შენგან გაყრილი.

თუკი ხარება და თუ ნება იქნება შენი,

წაიღე ჩემი წარმავალი ამაოება,

ქარს გაატანე, ან განფინე ის ცვალებად სასწაულებად.

მწუხრზე კი, როცა მოისურვებ დაასრულო შენი თამაში –

მე გავქრები შემომდგარ ბნელში,

ანდა თეთრი და გამჭირვალე დილის ღიმილში.

 

78.

 

უქმე დღეებში მე ვნაღვლობდი დაკარგულ დროზე,

მაგრამ ის არ დაკარგულა, უფალო ჩემო –

შენ მოგიმკია ჩემი ფუჭი წუთისოფლის ყოველი წამი!

არსთა წიაღში დაფარული,

შენ გამოსძალავ თესლიდან ყლორტებს,

შტოებს ყვავილით შემოსავ და აყვავებულ ხეს დაასხამ

მწიფე ნაყოფებს!

მე დავშვერი და ჩამეძინა უქმ სარეცელზე,

ასე მეგონა: მოვრჩი – მეთქი შრომას და გარჯას.

დილით, როდესაც გამეღვიძა, წამოვდექი და მოვიხილე:

ჩემი სავარდე ჯადოსნური ყვავილებით ავსებულიყო.

 

79.

 

უსასრულოა დრო და შენს ხელში, ჩემო ხელმწიფევ,

ვინ შემოსწეროს დღეგრძელობა შენი ჟამისა!

მიგელავს დღე და მიდის რამე

და ვარდებივით იშლება და იფურცლება წელიწადები.

საუკუნენი ილევიან,

რათა სრულყონ პაწაწინა მინდვრის ყვავილი,

მაგრამ ჩვენ, შვილთა სოფლისათა,

განა ძალგვიძს დროის გაცდენა?

და ჰა, დრო მიდის,

მე კი – უბირი, უშურველად ვჩუქნი მას ყველას,

და მოუცლელს დრო აღარ მრჩება შენთვის

მსხვერპლის შემოსაწირად.

შიშით და ძრწოლით მოვიჩქარი შეღამებულზე:

შენი კარიბჭე ჩაკეტილი არ დამიხვდეს–მეთქი,

და ვხედავ – რა, ჯერეთ კიდევ არ არის გვიან.

 

80.

 

დედა, შენს გულმკერდს მე ჩემი ჭმუნვის ხელთუქმნელი

მძივით შევამკობ.

ვარსკვლავბმა სხივებისგან გამოძერწეს სამაჯურები,

შენთა ფერხთა განსამშვენებლად,

განა ჩემი სამკაული გულს დაგიმშვენებს.

დიდებითა და ძლევითა ვარ შენგან მორჭმული

და შენს ხელთაა მათი აყრა და მონიჭებაც.

მაგრამ ჩემი მწუხარება მხოლოდ ჩემია

და როცა მას მსხვერპლადა გწირავ.

შენი მეოხი და მოწყალე გულითა მწყალობ.

 

81.

 

ეს განშორების ტკივილია, განფენილი მთელ სამყაროზე

უსაზღვრო ცაში აურაცხელ სახეს რომ ბადებს.

ეს წუხილია განშორების –

ვარსკვლავებიდან ვარსკვლავებამდე რომ იმზირება

და ივლისის წვიმიან მწუხრში

ფოთლებთან რომ შრიალებს მშვიდად.

ყოვლისმომცველი ტკივილია ეგ – ჩვენს ქოხებში

სურვილის, ტანჯვის, ხარების და სიყვარულის ფესვით ჩამდგარი,

და ეს იგია,

რაც მარად ლღვება და სიმღერებად მოედინება ჩემი გულიდან.

 

82.

 

როცა პირველად გამოვიდნენ მბრძანებლების დარბაზებიდან,

სად დამალეს მეომრებმა თავისი ძალა?

სად იყო მათი თორ–აბჯარი, ჯაჭვ–მუზარადი?

ბედშავნი და შესაწყალნი ვაგლახად იდგნენ

და თავზე რისხვად აცვივოდათ მტერთა ისრები,

როცა პირველად გამოვიდნენ მეომრები მბრძანებლების დარბაზებიდან.

როცა მბრძანებლის დარბზებში კვლავ შემოიქცნენ,

სად დამალეს მეომრებმა თავისი ძალა?

გარეშერტყმული შემოიხსნეს ხმალი და

მშვილდი კაპარჭითურთ ძირს დაანარცხეს,

მათ შუბლზე იყო აღბეჭდილი მთელი ქვეყანა,

და ყველა მათი მონაგარი საწუთროს დარჩა,

როც მეომრები მბრძანებელის დარბაზებში კვლავ შემოიქცნენ.

 

83.

 

სიკვდილი – შენი მოციქული კარზე მომადგა.

ზღვა გადმოლახა იდუმალი

და შენი ჩუმი დაძახილი შინ მომაწვდინა;

ღამის უკუნში შიშისაგან კრთის ჩემი გული.

ჩირაღდნით ხელში ავდგები მაინც, გავაღებ კარს და

კარიბჭესთან შენს მოციქულს მივესალმები.

თვალცრემლიანი თაყვანსა ვცემ ღამეთა მეგზურს,

თვალცრემლიანი თაყვანს ვცემ და მის წინ მოვიღებ

ჩემი გულის ყველა საუნჯეს.

და ჩემს ცარიელ სამყოფლოში მხოლოდ ნეშტი დარჩემა ჩემი,

ვით შეწირული შენთვის მსხვერპლი უკანასკნელი.

 

84.

 

რა ხანი არის მას დავეძებ სასომიხდილი,

დავჩხრიკე სახლის ყველა კუთხე – ის კი არა ჩანს.

ჩემი სადგომი მცირეა და

ის, რაც ერთხელ ზღურბლს გადასცდა არასოდეს დიბრუნდება.

მაგრამ უსაზღვროა, უნაპირო, ღმერთო, შენი უსასრულო სასუფეველი,

და მე შენს ბჭეებს შემოვადექ სამარადისოს,

სად არაფერი იმუსრება – არც ხარება და სასოება

და არც ცრემლებით დალტობილი მწუხარე სახე.

და ჰა, ვდგავარ მე აწ, უფალო,

შენი მღვივანი შეღამების გუმბათის ქვეშე

და მესავი შენ შემოგყურებ.

ო, დანთქე ჩემი უგვანი დღე ამ უსაზღვრო ოკეანეში,

შენს სამყაროსთან მოკარების დაკარგული სიტკბოება განმაცდევინე,

 

85.

 

დაქცეული ტაძრის ღვთაებავ!

მიმწუხრის ზარი შენს მლოცველებს აღარ მოუხობს,

დადუმებულან შენი წყნარი შემოგარენიც.

შენს გაუქმებულ სამყოფლოში მხოლოდ ველთა ნიავი დაჰქრის

და გაზაფხულის ყვავილების სურნელი მოაქვს,

ყვავილებისა, რომელსაც შენ აღარ გწირავენ.

შენი ერთგული მსახური კვლავ უგზოუკვლოდ დაეხეტება,

მესავი შენი წყალობისა, რომელიც მას აღარ ეღირსა.

საღამოს, როცა მზე და ჩრდილი ბნელს შეერევა,

დაღლილი ჩუმად უბრუნდება იგი შენს ტაძარს.

ბევრი დღე მიდის უწირველად დაქცეული თაღების ქვეშე,

ბევრი საღამო და სამეუფო დღესასწაული ...

ბევრი ხატება აღუმართავთ ქვისგან ოსტატებს,

მაგრამ წამხდარა მათი დრო და აღუგვია დავიწყების

წმინდა მდინარეს.

მხოლოდ ამ უქმი, დაქცეული ტაძრის ღვთაება

დგას საუკუნოდ მიგდებული

თავად სიკვდილის ბრჭყალთაგანაც მივიწყებული.

 

86.

 

ვერ გაიგონებთ აწ, ხმამაღალ, მქუხარე სიტყვას ჩემი პირიდან.

ასეთია ნება ჩემი მბრძანებლისა!

ამიერიდან გული ცემი ხმაუჩუმარ სიმღერებად გადმოიღვრება.

ხალხი ხელმწიფის საფარდულში მიიჩქარის და, აჰა,

თავი შეუყრიათ მყიდველებს და გამყიდველებსაც.

მაგრამ მე ხელმა უცნაურმა მომარიდა მათ აურზაურს,

ჭირისოფელს და შუადღის გნიასს.

მაშ, გაიშალოს ვარდი ჩემი სავარდისა,

თუმცა ჯერ კიდევ არ მომდგარა ვარდობის ალო,

ბაღში ფუტკრებმა, დე, ამო და უზრუნველი ზუზუნი იწყონ!

დიდხანს ვიყავი გულდაბმული

სიკეთისა და ბოროტების სასტიკი ბრძოლით,

აწ მინდა ჩემთა უქმე დღეთა სანატრელ მოყვასს

უზრუნველად მივაყრდნო თავი ...

ვერ გაიგონებთ აწ, ხმამაღალ, მქუხარე სიტყვას ჩემი პირიდან,

ნება ჩემი მბრძანებლისა ასეთი არის.

 

87.

 

როცა სიკვდილი კარზე წყნარად მოგიკაკუნებს,

სტუმარს შენსას რით დაუხვდები?

ჩემი სიცოცხლის სავსე ბარძიმს დავუდგამ წინ და

მხიარული მასპინძელი ვიქნები თავად.

ზაფხულის დღეთა ჭირნახულს და შემოდგომის ღამეების

ჭვირვალ ღვინოებს,

ჩემი ტვირთმძიმე წუთისოფლის ყველა მომკულს

მის წინ მოვიღებ ჩემს დღეთა ბოლოს –

როცა სიკვდილი კარზე წყნარად მომიკაკუნებს.

 

88.

 

ო, მოდი და მიჩურჩულე მე –

სიცოცხლის აღსრულებავ უკანასკნელო:

შენ, სიკვდილო, სიკვდილო, მოდი.

დღიდან დღემდე მოგელოდი, შენ და შენთვის გადვიტანე

სალმობა და სიხარული ამა სოფლისა.

იგი, რაც მე ვარ, რაც მახლავს, ან რისთვისაც ვესავ

და ჩემი ზღვა სიყვარული მუდამ შენსკენ მოისწრაფოდა.

მხოლოდ ერთი შემოხედვა შენი, სიკვდილო,

და სიცოცხლეს საუკუნოდ მიითვლი ჩემგან.

საქორწილო გვირგვინები დაწნეს და, აჰა, შემომდგარ ბნელში

შენ გელოდები, მშვიდს და ტკბილად მოღიმარსა.

ო, მოდი და მიჩურჩულე მე –

სიცოცხლის აღსრულებავ უკანასკნელო:

შენ, სიკვდილო, სიკვდილო, მოდი.

 

89.

 

მე ვიცი, მოვა დღე, როდესაც ამ მშვენიერ დედამიწას ვეღარ ვიხილავ.

წავა სიცოცხლე და თვალებზე უკანასკნელ მოსაბურავს ჩამომაფარებს.

ვარსკვლავები კი კვლავაც თრთოლვით ჩასხდებიან ზეცის კალთაში

და ის ღამეც გათენდება უწინდებურად.

მაგრამ როდესაც მე გარდაცვლის უკანასკნელ წამისთვის ვფიქრობ,

წამთა სამანი ირღვევა და სიკვდილის შუქზე

შენს უსაზღვრო სამყაროს ვხედავ

უზრუნველად გაბნეული საგანძურებით.

 

რაც მე ამაოდ მინატრია, ან რაც მივიღე –

დაიქცეს და განმშორდეს იგი,

ოღონდ ნამდვილად მას ვფლობდე მე,

რასაც მუდამ გავურბოდი და უარვყოფდი.

 

90.

 

ჩემმა საათმა დაჰკრა უკვე!

უნდა დაგშორდეთ, მშვიდობის გზა მისურვეთ, ძმებო!

აჰა, კლიტენი ჩემი სახლისა,

სამუდამოდ დამიგდია ეგ სამყოფელი.

ამას გთხოვთ მხოლოდ,

ტკბილი სიტყვა მომაშველეთ განშორების ჟამს.

ერთმანეთს დიდხანს ვუმეზობლეთ, როგორც შგვეძლო,

თუმც ნაკლები გავეცი მე, ვიდრე მივიღე.

და ჰა, დღე იგი შერიჟრაჟდა,

ნელ–ნელა ჰქრება სასანთლეთა მბჟუტავი ალი.

მშვიდობით, ძმებო, განშორების საათმა დაჰკრა!

 

91.

 

განშორების ჟამს

გზამშვიდობისა მისურვეთ და დამლოცეთ, ძმებო!

ოქროსფრად ღვივის დაფიონი

და ჩემი გზაც ნათლით ფენილა.

ნუ მკითხავთ, თან რა წავიტანე, მოყვასნო ჩემნო.

ხელცარიელი მივალ, მაგრამ თან მიმყვება

გული სავსე სასოებითა.

მე დავიხურავ საქორწილო ვარდების გვირგვინს,

ყარიბის ხამლი არა ხამს ჩემდა,

და თუმცა მელის გზა საშიში – არა მიძს შიში.

მწუხრის ვარსკვლავი გამინათებს ცის დასავალზე

და შეღამების გალობანი მომისვენებს მეუფის კართან.

 

92.

 

მე შეცნობილი არ მაქვს ის წამი,

ამ საწუთროში პირველად რომ შემოვდგი ფეხი.

რამ გადამშალა ამ ვეება საიდუმლოში,

როგორც შუაღამ ტყებურვილში გაშლილი კვირტი?

როცა სინათლე ვიხილე დილის, მე მყის ვიგრძენი,

რომ ამქვეყანად უცხო არ ვიყავ,

რომ უსახელო და უსახო იდუმალებამ

მე საკუთარი დედის სახით გულს ჩამიხუტა.

სიკვდილის ჟამსაც მომევლინება ამგვარადვე იგივ უცხოჲ

როგორც ჩემთვის მუდამ ცნობილი,

და რადგან მიყვარს ეს სიცოცხლე,

ვუწყი: სიკვდილიც მეყვარება,

პატარა ტირის, როდესაც დედა მოაშორებს მარჯვენა ძუძუს,

რომ იმავე წამს მარცხენში ჰპოვოს სიმშვიდე.

 

93.

 

როცა მე წავალ ამ სოფლიდან, განშორებისთვის იყოს თქმული,

რომ იგი, რაც მე ვიხილე, მიუწვდომია.

მე ვიგემე გოლეული, ნათლის უსაზღვრო სივრცეებზე

გაშლილ ლოტოსის – რითაც ვეკურთხე,

და ეგ იყოს ჩემგან თქმული განშორებისთვის.

ამ ქვეყნის უშქარ სახეულთა განსაცხრომელში

მე შევასრულე სახიობა ჩემი და თვალიც აქვე მოვკარ

ჩუმს და უსახოს.

ჩემი სხეული აათრთოლა მისმა შეხებამ,

ვისაც ვერასდროს შეეხები.

და აღსასრულიც თუკი მოვა, დეე, მოვიდეს –

განშორებისთვის ჩემგან თქმული სიტყვა ეგ იყოს.

 

94.

 

შენთან გულმშვიდად მოთამაშე

არასოდეს შეგკითხვივარ –  ვინა ხარ–მეთქი!

მე არა ვგრძნობდი მწუხარებას, შიშსა და ძრწოლას,

ჩემი ცხოვრება უზრუნველად ედინებოდა.

დილაადრიან მაღვიძებდი უდარდელ მოყვასს

და სიხარულის უსასრულო გზებით მიგყავდი.

მესმოდა შენი გალობანი და უგულისხმოდ

პირი უმალვე ბანს აძლევდა შენს საგალობელს.

ახლა, როდესაც თამაშის დრო წავიდა,

რა სანახავი იხილა სულმა?

შიშით მოცულა სამყარო და შენს ფერხთით უხმოდ

დაუხრია  ვარსკვლავთ თვალები.

 

95.

 

ჩემი დიდი და საბოლოო დამარცხების გვირგვინით მოგრთავ.

ეგ არის ჩემი ერთადერთი ნაალაფარი,

ვერც მე გადვურჩი უძლეველის მსახვრალ მარჯვენას!

დასცხრება ჩემი სიამაყე, მე კარგად ვიცი:

მწარე ტკივილით დაიმსხვრევა ჩემი სიცოცხლე

და ქარისაგან ატირებულ ლერწამივით აქვითინდება.

მე ვიცი, ბოლოს გადიშლება

გოლეულით ავსებული ლოტოსის გული,

მაღალი ციდან უფლის თვალი დამაშტერდება

და მიმიხმობს უძლეველი ხელმწიფის ხელი.

ვეღარსად წავალ, წასასვლელი გზაც არ მექნება

და შენს ფერხთით თავდახრილი შევხვდები სიკვდლს.

 

96.

 

მოვა ჟამი და საჭეს ჩემგან მიტოვებულს შენ ჩაიბარებ:

ამაო არის ყოველივე, არ გარდავა გარდაუვალი!

დასცხე შენ, გულო, შეურიგდი ამ დამარცხებას

და მოწყალებად მიითვალე უჩუმრად იქ დაყუდება,

სადაც მოგიწევს.

ქარმა ჩამიქრო ჩირაღდნები

და მისთვის მზრუნველს დამავიწყდა აკი ყოველი!

ბრძნად მოვიქცევი მე ამჯერად,

გავშლი ჭილოფს და მე სიბნელეში დაგელოდები.

და რა ინებო –

მოძღვარო, ჩემო, შემობრძანდი ჩემს სამყოფლოში!

 

97.

 

მე ვიძირები სახეულთა ოკეანის ბნელ უფსკრულებში

სასოებითა, რომ უსახოს სწორუპოვარ მარგალიტს ვპოვებ.

მეყო ამ ზღვებზე რაც ვიქროლე დაუდგრომელად,

დრო არის აწი, გრიგალებით შემუსვრილი ჩემი ნავი

ნავსადგურში შემოვაცურო.

იმ დაუსაბამ საუფლოში,

სადაც შენი უსმენელი გალობა იმის,

ჩემი სიცოცხლის ჩაღანით შევალ.

გარდასულ დღეთა ჰანგებს დავუკრავ

და როს მიწყდება უკანასკნელ გალობათა ხმა,

უთქმელს ფერხთით დავაყუდებ მას საუკუნოდ.

 

98.

 

წესი, რომელიც არ შესრულდა,

საზორველი შეუწირავი,

ვიცი, ო, ვიცი, დაკარგული არ არის იგი.

 

ნორჩი კვირტები, გაუშლელად ძირს დაცვენილნი,

მდინარეები დაშრეტილნი უდაბნოს გულში –

ვიცი, ო, ვიცი არ გამქრალა ეგე ყოველი.

 

საწუთროს ბრუნვამ რაც განიგდო, განზე დასტოვა.

ვიცი, ო, ვიცი, არ გამქრალა ეგე ყოველი.

 

რაც არ აღსრულდა ამა ქვეყნად,

რაც ამ სოფლად არ აღმოცენდა –

შენც ჩარანაზე გალობს მარად, უფალო ჩემო.

 

ვიცი, ო, ვიცი, დაკარგული არ არის იგი.

 

99.

 

გალობა ჩემი შენ გეძებდა მთელი სიცოცხლე.

მასთნ ერთად დავდიოდი მე კარდაკარ

და მხოლოდ მისი მეოხებით ვცნობდი ქვეყანას.

ის მაგონებდა ყოველივეს, მიჩვენებდა გზებს იდუმალს.

და თვალთა ჩემთა ჩემივ გულის ცადაქნილზე

ვარსკვლავები მან დაანახა.

მასთან ერთად დავდიოდი მე მთელი დღე

წამების და ნეტარების იდუმალ ქვეყნად

და ვითარ ბჭეებს მივადგებით ჩვენ მიმწუხრზე

მგზავრობის ბოლოს?

 

 

100.

 

მე დავიქადე კაცთა წინაშე – შენ გიცნობ–მეთქი.

ყველა ჩემს ნაშრომს დ ნახელავს შენი ხატების

წარუშლელი ბეჭედი აზის.

მოდიან და მეკითხებიან: „ვინ არის იგი?“

მე არ ვიცი, რა ვუპასუხო და ვეუბნები:

„ო, ვინ იცის ჭეშმარიტად ვინ არის იგი!“

ისინი ზიზღით მიყურებენ, მკიცხავენ და მიდიან ჩემგან.

შენ კი ზიხარ და იღიმები.

ჩემს გალობაში მუდამ შენზე ფიქრი მარხია.

იდუმალებამ გადმოხეთქა გულის ბჭენი

და სიმღერებად გადმომეღვარა.

მოდიან და მეკითხებიან: „გვითხარ მათი ფარული აზრი!“

მე არ ვიცი, რა ვუპასუხო და ვეუბნები:

„ო, ვინ ამოხსნას დამარხული მათში გულისხმა!“

ისინი ზიზღით მიყურებენ, მკიცხავენ და  მიდიან ჩემგან.

შენ კი ზიხარ და იღიმები.

 

 

101.

 

შენდამი ერთ მისალმებად, უფალო ჩემო,

განმეღოს მე გულის ბჭე და შენს ფერხთა მტვერში

ეზიაროს ამ წუთისოფელს!

შემოდგომის ტვირთმძიმე და დედამიწაზე ქვედაზიდულ

ჯიქანსავსე ღრუბელთა მსგავსად –

დაიდრიკოს სული ჩემი შენს კარიბჭესთან!

შენდამი ერთ მისალმებად, უფალო ჩემო, –

შეიკრიბოს ყველა ჩემი საგალობელი

და შთაინთქას მდუმარების უჟამო სკნელში!

წეროთა მსგავსად, დღისით და ღამით სამშობლოსკენ

რომ ისწრაფიან –

თვის საუფლოში დაივანოს ჩემმა სიცოცხლემ

შენდამი ერთ მისალმებად, უფალო ჩემო!

??????