ბატონი პროხარჩინი
უსტინია ფეოდოროვნას ბინის ყველაზე ბნელსა და მიყუჩებულ კუთხეში ცხოვრობდა სემიონ ივანოვიჩ პროხარჩინი. ხნიერი, კეთილგონიერი კაცი იყო, სასმელს არ ეტანებოდა. რადგან ბატონ პროხარჩინს პატარა ჩინი ჰქონდა და ჯამაგირსაც თავისი სამსახურებრივი ნიჭის მიხედვით იღებდა, უსტინია ფეოდოროვნას არაფრით შეეძლო თვეში ბინის ქირად ხუთ მანეთზე მეტი გამოერთმია. ზოგი ამბობდა, ქალს ამ შემთხვევაში თავისი საკუთარი ანგარიში აქვსო, მაგრამ როგორც უნდა ყოფილიყო, ბატონი პროხარჩინი თითქოსდა ყველა თავისი ავად მახსენებლის ჯიბრზე დიასახლისს ყველასგან გამორჩეული ჰყავდა, ამ სიტყვის კეთილშობილური გაგებით. უნდა ითქვას, რომ ყავისა და სახსნილო საჭმლის მოყვარულსა და მარხვის გაჭირვებით შემნახავ უსტინია ფეოდოროვნას, ფრიად პატივსაცემსა და ზორბა ქალს, კიდევ რამდენიმე მდგმური ჰყავდა, რომლებიც ორჯერ მეტ ბინის ქირასაც უხდიდნენ, მაგრამ პროხარჩინისთანა უწყინარი როდი იყვნენ, პირიქით, უკლებლივ `მავნებ მქირდავნი~ გახლდნენ მისი დედაკაცური ბუნების, უმწეობის. ამის გამო დიახაც მცირდებოდნენ ქალის თვალში, ასე რომ, ბინის ქირას თუ არ გადაიხდიდნენ, არათუ თავის სახლში გააჩერებდა, თვალით დანახვასაც კი არ მოისურვებდა. სემიონ ივანოვიჩი ყველასგან გამორჩეული შეიქნა მას შემდეგ, რაც ვოლკოვის სასაფლაოს მიაბარეს მაგარი სასმელების მოტრფიალე სამსახურიდან გადამდგარი ან, უკეთ რომ ვთქვათ, გამოგდებული ერთი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ სასმელების მოტრფიალე და გამოგდებული მოხელე თვალდალილავებული დადიოდა, როგორც თვითონ ამბობდა, თავისი ვაჟკაცობის წყალობით, და ცალფეხაც იყო, მისივე სიტყვით, ამავე მიზეზით, მან მაინც შეძლო დაემსახურებინა და ესარგებლა უსტინია ფეოდოროვნას იმ კეთილგანწყობით, როგორიც ამ ქალს შეეძლო გამოეჩინა. ალბათ კიდევ დიდხანს გაძლებდა, როგორც მისი ყველაზე მეტად ერთგული დამქაში და მესუფრია, რომ ბოლოს სამარცხვინოდ არ გალოთებულიყო და სმას არ გადაჰყოლოდა. ყველაფერი ეს ჯერ კიდევ პესკიზე მოხდა, როცა უსტინია ფეოდოროვნას მხოლოდ სამი მდგმური ჰყავდა, რომელთაგანაც ახალ ბინაში გადასვლისას, სადაც უფრო გაშალა ფრთები და ათიოდე ახალი მდგმური დაიყენა, სამიდან მხოლოდ ერთი _ ბატონი პროხარჩინი დაიტოვა. ვინ იცის, თვით ბატონ პროხარჩინს ჰქონდა თუ არა თანდაყოლილი ნაკლოვანებანი, თუმცა არც მისი ამხანაგები იყვნენ ამისგან დაზღვეული _ მაგრამ ეს კია, ორთავე მხარის ურთიერთობა თავიდანვე ცუდად წარიმართა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უსტინია ფეოდოროვნას ახალი მდგმურები, ყველანი უკლებლივ, ღვიძლი ძმებივით ექცეოდნენ ერთმანეთს; ზოგიერთები ერთად მსახურობდნენ; ყველანი რიგრიგობით ყოველი თვის პირველ რიცხვში აგებდნენ ერთმანეთთან მთელ თავის ჯამაგირს ბანქოში; მხიარულ გუნებაზე რომ იყვნენ, უყვარდათ ერთად დროს ტარება, როგორც თვითონ ამბობდნენ, ცხოვრების მჩქეფარე წუთებით ტკბობა; ზოგჯერ მაღალ მატერიებზე ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე ხშირად კამათით მთავრდებოდა, მაგრამ რაკი მათი წრიდან ცრურწმენები განდევნილი იყო, ურთიერთთანხმობა არასოდეს დარღვეულა. მდგმურებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მარკ ივანოვიჩი _ ჭკვიანი და ნაკითხი კაცი, კიდევ ერთი მდგმური ოპლევანიევი, შემდეგ პრეპოლოვენკო _ ისიც თავმდაბალი და კარგი ადამიანი; მერე ზინოვი პროკოფიევიჩი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული აუცილებლად მაღალ საზოგადოებაში შეედგა ფეხი; ბოლოს სახაზინო ქაღალდების გადამწერი ოკეანოვი, თავის დროზე რომ კინაღამ დიასახლისის გული არ წაართვა სემიონ ივანოვიჩს, შემდეგ მეორე ასეთივე გადამწერი სუდბინი; კანტარიოვი-რაზნოჩინელი და კიდევ სხვები. მაგრამ სემიონ ივანოვიჩი თითქოს არც ერთთან არ ამხანაგობდა. რა თქმა უნდა, მისთვის ცუდი არავის სურდა, მით უმეტეს, რომ თავიდანვე სამართლიანად მოექცნენ პროხარჩინს და მარკ ივანოვიჩს დაუჯერეს, კარგი და წყნარი ადამიანია და, თუმცა მაღალ საზოგადოებას არ ეკუთვნის, სიტყვის პატრონია, მლიქვნელობა არ უყვარსო. რა თქმა უნდა, უნაკლო როდია და, თუ ოდესმე დაისჯება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი წარმოსახვის უნარი არ გააჩნია. კიდევ მეტი: თუმც საკუთარ წარმოსახვას მოკლებულია, ბატონი პროხარჩინი არც თვალტანადობითა და მიხრა-მოხრით გააოცებდა ვისმე და თვალს ვერ დაუყენებდა (დამცინავი ადამიანები ხშირად ამის გამოც სასაცილოდ იგდებენ ხოლმე კაცს), მაგრამ მის ტანადობასაც არავინ ახირებია, ამასთან მარკ ივანოვიჩმა, როგორც ჭკვიანმა კაცმა, თავს იდო სემიონ ივანოვიჩის დაცვა და დიახაც მოსწრებულად და მაღალფარდოვნად განაცხადა, პროხარჩინი ხანში შესული, დარბაისელი კაცია და ელეგიების დრო კარგა ხანია მოჭამაო. ჰოდა, თუ სემიონ ივანოვიჩი ხალხს ვერ ეგუებოდა, ამაში მხოლოდ და მხოლოდ თვითონ იყო დამნაშავე. პირველი, რასაც ყურადღება მიაქციეს, სემიონ ივანოვიჩის წუწურაქობა იყო. ეს თვისება თავიდანვე შენიშნეს და დაიხსომეს, რადგან სემიონ ივანოვიჩი არაფრის გულისთვის, თუნდაც მცირე ხნითაც კი, არავის ათხოვებდა ხოლმე თავის ჩაიდანს; ამ საკითხში მეტისმეტად უსამართლო იყო, რადგან თვითონ ჩაის თითქმის არ სვამდა და, თუ საჭიროების დროს დალევდა ხოლმე, მინდვრის ყვავილებისა და სხვადასხვა სამკურნალო ბალახის სასიამოვნო ნაყენს მიირთმევდა. ეს ყვავილები და ბალახები მას ყოველთვის ბლომად ჰქონდა შემონახული. თუმცა ჭამითაც ისე არ ჭამდა, როგორც ჩვეულებრივად ჭამენ ხოლმე სხვა მდგმურები. მაგალითად, არასოდეს მისცემდა თავს უფლებას ერთბაშად შეეჭამა სადილი, რომელსაც უსტინია ფეოდოროვნა მის ამხანაგებს მიართმევდა ხოლმე. სადილი ათი შაური ღირდა. სემიონ ივანოვიჩი ხარჯავდა ოცდახუთ კაპიკს და ამაზე მეტს არასოდეს იმეტებდა, ამიტომ ხან ხორციან ღვეზელს მიირთმევდა შჩისთან ერთად, ხან კი მხოლოდ ძროხის ხორცს; უფრო ხშირად კი არც შჩის და არც ძროხის ხორცს ეკარებოდა და მარტო ცოტაოდენი პურით, ხახვით, ხაჭოთი, მჟავე კიტრითა და სხვა ასეთებით კმაყოფილდებოდა, რაც გაცილებით იაფი უჯდებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა შიმშილი მეტისმეტად შეაწუხებდა, ისევ სადილის ნახევარს მიუბრუნდებოდა... იქ ბიოგრაფი უნდა გამოტყდეს, რომ არაფრის გულისთვის ილაპარაკებდა ასეთ უმნიშვნელო, მდაბალ და, ასე ვთქვათ, საჭოჭმანო, უფრო მეტიც, მაღალფარდოვანი სტილის ზოგიერთი მოყვარულისთვის საწყენ წვრილმანებზე, ყველა ეს წვრილმანი რომ არ მოწმობდეს ჩვენი გმირის ხასიათში გაბატონებულ ერთ მთავარ თავისებურებაზე, რამეთუ ბატონი პროხარჩინი არც ისე ღარიბი იყო, როგორც ზოგჯერ თვითონ ირწმუნებოდა, რომ სასმელ-საჭმელი მოეკლო და კარგად არ დანაყრებულიყო. მაგრამ ჭამა-სმაზე მაინც თავს იკავებდა, არც რცხვენოდა და არც ხალხის ლაპარაკის ეშინოდა მხოლოდ და მხოლოდ თავისი უცნაური და ახირებული ხასიათის გამო, რაც მის სიძუნწესა და ზედმეტ სიფრთხილეს მიეწერებოდა, თუმცა ეს გაცილებით ნათელი გახდება შემდგომ. ჩვენ არ გვინდა მკითხველს თავი მოვაბეზროთ სემიონ ივანოვიჩის ყველა უცნაურობის აღწერით და ამიტომ არათუ გვინდა გამოვტოვოთ მკითხველისთვის საინტერესო და ძალიან სასაცილო აღწერა მისი ტანსაცმლისა, არამედ, თუ არა უსტინია ფეოდოროვნას ჩვენება, კრინტსაც არ დავძრავდით იმაზე, რომ სემიონ ივანოვიჩს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გაებედა გასარეცხად მიეცა საცვალი ანდა, თუ გაბედავდა, ისე იშვიათად, რომ ამ ხანში შეიძლება სრულიად დაგვიწყებოდა, საცვალი ეცვა თუ არა. დიასახლისის ჩვენებით კი: `სემიონ ივანოვიჩი, ღმერთმა აცხონოს მისი სული, ოცი წლის განმავლობაში ალპობდა მისი ბინის კუთხეს და იმდენად ურცხვი იყო, რომ ამქვეყნიური ცხოვრების დროს არათუ მუდამ და დაჟინებით უარყოფდა წინდების, ცხვირსახოცებისა თუ სხვა ასეთი საგნების ხმარებას, არამედ თვით უსტინია ფეოდოროვნას საკუთარი თვალით დაუნახავს დაფლეთილი თეჯირიდან, რომ ზოგჯერ იმ საცოდავს თავისი თეთრი სხეულის დასაფარავიც კი არაფერი გააჩნდა~. ასეთი მითქმა-მოთქმა მისი სიკვდილის შემდეგ გავრცელდა. მაგრამ ცოცხალი რომ იყო, ვერაფრით ითმენდა, მიუხედავად სასიამოვნო ამხანაგური დამოკიდებულებისა, ვინმეს ცხვირი შეეყო მის კუნჭულში _ თუნდაც დაფლეთილი თეჯირიდან. იგი იყო ჯიუტი, სიტყვაძვირი, რომელსაც არ უყვარდა უაზროდ ლაქლაქი. არავითარი მრჩევლები არ უყვარდა, მეტიჩრებსაც არ სწყალობდა და ყოველთვის მაშინვე უსაყვედურებდა მქირდავსა და არამკითხე მრჩეველს. `მრჩეველი კი არა, ლაწირაკი და ქარაფშუტა ხარ, დიახ; საკუთარ ჯიბეში ჩაიხედე, ბატონო, და უკეთ იანგარიშე, რამდენი ძაფი დასჭირდა შენს ფეხსახვევებს, დიახ, დიახ~. უბრალო კაცი იყო და ყველას შენობით მიმართავდა. იმასაც ვერ იტანდა, როცა ვინმე ჩააცივდებოდა და ხუმრობით დაუწყებდა გამოკითხვას, სკივრში რა გიდევსო. სკივრი საწოლქვეშ ედგა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა; თუმცა ყველამ იცოდა, რომ შიგ ძველი ჭინჭების, ორი-სამი წყვილი დაფლეთილი ჩექმისა და სხვა ხარახურის მეტი არაფერი ედო, პროხარჩინი დიდად აფასებდა ამ თავის მოძრავ ქონებას და ერთხელ მდგმურებმა ყურიც კი მოჰკრეს, უკმაყოფილებას რომ გამოთქვამდა ძველი, თუმცა საკმაოდ გამძლე ბოქლომის გამო და სურდა შეეცვალა რაღაც განსაკუთრებულით, გერმანულით, რომელსაც სხვადასხვა საიდუმლო ზამბარა ჰქონდა. მაგრამ როცა ერთხელ ზინოვი პროკოფიევიჩმა ახალგაზრდული სიბრიყვით გამოთქვა მეტად უხამსი და უტიფარი აზრი, თითქოს სემიონ ივანოვიჩი იმ თავის სკივრში ქონებას აგროვებს, შთამომავლობას რომ დაუტოვოსო, ყველანი განაცვიფრა იმ ამბავმა, რაც ზინოვი პროკოფიევიჩის წარმოთქმულმა აზრმა გამოიწვია. პირველ ყოვლისა, ბატონმა პროხარჩინმა ერთბაშად ვერც კი მოძებნა საკადრისი პასუხი ასე პირდაპირ და ურცხვად გამოთქმულ მოსაზრებაზე. კარგა ხანს აფრქვევდა უაზრო სიტყვებს და ბოლოს ძლივს მიხვდნენ, რომ სემიონ ივანოვიჩი პირველ ყოვლისა ზინოვი პროკოფიევიჩს მის მიერ ოდესღაც წუწურაქობით ჩადენილ საქმეს აყვედრიდა; შემდეგ გაიგეს, თითქოს სემიონ ივანოვიჩი უწინასწარმეტყველებდა ზინოვი პროკოფიევიჩს, რომ ვერასოდეს მოხვდებოდა მაღალ საზოგადოებაში და მკერავი, ვისი ფულიც მართებდა, უეჭველად მიბეგვავდა იმისთვის, რომ ეს ურცხვი ლაწირაკი ამდენი ხანია არ უხდიდა ვალს. დაბოლოს ესეც დაუმატა: `ჰუსართა იუნკერი გინდა გახდე, მაგრამ ვერ მოგართვეს, ჩაფლავდები, შე ლაწირაკო, შენა, და როდესაც შენს ამბავს გაიგებენ, როგორც ცხვირმოუხოცელს, მწერლად გაგანწესებენ; აი რა მოგივა, შე ლაწირაკო, შენა!~ მერე სემიონ ივანოვიჩი დამშვიდდა, ხუთიოდე საათი იწვა, შემდეგ კი თითქოს ისევ ძველი გაიხსენა და ჯერ თავისთვის, მერმე კი ზინოვი პროკოფიევიჩისკენ მიბრუნებულმა, ისევ შერცხვენა და ძრახვა დაუწყო, რამაც საყოველთაო განცვიფრება გამოიწვია, მაგრამ საქმე ამით როდი დამთავრდა. საღამო ჟამს, როცა მარკ ივანოვიჩმა და მდგმურმა პრეპოლოვენკომ ჩაის დალევა გადაწყვიტეს და ოკეანოვი მიიპატიჟეს, სემიონ ივანოვიჩი საწოლიდან ადგა, განგებ მიუჯდა მათ, ოცი თუ თხუთმეტი კაპიკი ჩამოვიდა და, ვითომ ჩაის დალევა მომინდაო, დიდი ამბით დაიწყო იმის ახსნა, რომ ღარიბი კაცია და საიდან უნდა შეაგროვოს და შეინახოს. ამ საუბარში ბატონი პროხარჩინი გამოტყდა, რაკი ეს სიტყვამ მოიტანა, რომ ძალიან უჭირს, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ უნდოდა იმ თავხედს მანეთს დასესხებოდა და ახლა კი აღარ სთხოვს, რათა იმ ლაწირაკმა ამით არ დაიტრაბახოსო. აი, რა დღეში ვარ, რადგან ისეთი მცირე ჯამაგირი მაქვს, საჭმლის ფულადაც არ მყოფნისო. ბოლოს დაუმატა, ამისთანა ღარიბი კი, როგორსაც მხედავთ, ყოველთვიურად რძალს ხუთ-ხუთ მანეთს ვუგზავნი ტვერში და იმ ჩემს რძალს ტვერში ხუთ მანეთს რომ არ ვუგზავნიდე, შიმშილით მოკვდებოდა, ის კი რომ მომკვდარიყო, დიდი ხანია ახალ ტანსაცმელს შევიკერავდიო... სემიონ ივანოვიჩი კიდევ დიდხანს და გრძლად ლაპარაკობდა ღარიბ კაცზე, ფულზე, რძალზე და მსმენელებისთვის რომ შეეგონებინა, სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა. ბოლოს აირია და გაჩუმდა და მხოლოდ სამი დღის შემდგე, როცა ყველამ თავი დაანება და ყველას დაავიწყდა ეს ამბავი, დაუმატა ამის მსგავსი რაღაც: როცა ზინოვი პროკოფიევიჩს ჰუსარად ჩარიცხავენ, ფეხს მოსჭრიან, იმ თავხედს იმას, და ნამდვილი ფეხის ნაცვლად ხისას ჩამოაცვამენ, მაშინ ზინოვი პროკოფიევიჩი მოვა მასთან და ეტყვის: `ერთი ნაჭერი პური მიწყალობე, კეთილო ადამიანო, სემიონ ივანოვიჩ!~ ჰოდა, მაშინ სემიონ ივანოვიჩი პურს არ მისცემს იმ უტიფარ კაცს და ზედაც არ შეხედავს. აი, ასე მოხდება.
ყველაფერი ეს, მეტად საინტერესოდ და ამასთან სასეიროდ მოეჩვენა ყველას. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დიასახლისის ყველა მდგმურმა პირი შეკრა, რათა შემდგომი გამოკვლევა მოეხდინათ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტეს, ერთად და საბოლოოდ შეეტიათ სემიონ ივანოვიჩისთვის. და რადგან ბატონ პროხარჩინსაც ამ უკანასკნელ დროს, ესე იგი, მას შემდეგ, რაც ხალხში მოუხდა ცხოვრება, ალბათ, რაღაც საკუთარი ფარული მიზეზების გამო, მეტისმეტად შეუყვარდა ყველაფრის გამოკითხვა და გამოძიება, ორთავ მტრული მხარის ურთიერთობა იწყებოდა ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, სრულიად ძალდაუტანებლად _ თითქოს შემთხვევით და თავისთავად. ურთიერთობის გასაბმელად სემიონ ივანოვიჩს ყოველთვის ჰქონდა შემონახული თავისი განსაკუთრებული, საკმაოდ ეშმაკური და ფრიად უცნაური ხერხი, რომელსაც მკითხველი უკვე ნაწილობრივ იცნობს! სწორედ მაშინ წამოდგებოდა ლოგინიდან, როცა ჩვეულებრივად ჩაის სმის დრო იყო და, თუ დაინახავდა, სხვებს თავი ერთად შეეყარათ და ამ სასმლის მირთმევას აპირებდნენ, თავმდაბალი, ჭკვიანი, ალერსიანი კაცივით მივიდოდა მათთან, ჩამოვიდოდა თავის კანონიერ წილად ოც კაპიკს და განაცხადებდა, მეც მსურს ჩაის სმაში მივიღო მონაწილეობაო. მაშინ ახალგაზრდობა შეთანხმებულად ერთმანეთს თვალს ჩაუკრავდა და ზრდილობიან, დარბაისლურ საუბარს იწყებდა. შემდეგ რომელიმე, სხვებზე უფრო ენაკვიმატი ადამიანი, თითქოსდა აქაც არაფერიაო, იწყებდა ახალი ამბების მოყოლას, თანაც მეტად ცრუსა და სიმართლეს მოკლებულს. თითქოს დღეს ვიღაცას გაეგონოს, რომ მისმა მაღალკეთილშობილებამ უთხრა თვით დემიდ ვასილიევიჩს, ჩემი აზრით, ცოლიანი მოხელენი უცოლოებზე დარბაისლურად `გამოიყურებიან~ და მათი წინ წაწევა სჯობს, რადგან უფრო მორჩილნი არიან და ქორწინების შემდეგ უფრო ნიჭიერნიც ხდებიანო. და ამიტომ იგი, ამ ამბის მთხრობელი, თავი რომ გამოიჩინოს, ჩქარობს, რაც შეიძლება მალე შეირთოს რომელიღაც ფევრონია პროკოფიევნა. ან, მაგალითად, იტყოდნენ, თითქოს მათი ძმების უმრავლესობას ხშირად აკლია დარბაისლური აღზრდა და დახვეწილი მიხრა-მოხრა, რაც ქალებს არ მოსწონთ და რის გამოც გადაწყვეტილია ჯამაგირის ნაწილი ჩამოაკლონ და შეგროვილი თანხით მოაწყონ ისეთი დარბაზი, სადაც მათ შეასწავლიან ცეკვას, კეთილშობილ მიმოხრას, თავაზიანობას, უფროსებისადმი პატივისცემას, შეიძენენ ხასიათის სიმტკიცეს, ეზიარებიან მადლიერებას და სხვადასხვაგვარ სასიამოვნო ქცევას. იმასაც იტყოდნენ, ყველა მოხელემ, ღრმა მოხუცებმაც კი, იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ განათლებული გახდნენ, ყველა საგანში რაღაც გამოცდა უნდა ჩააბარონ. ამის წყალობითო, განაგრძობდა მთხრობელი, ყველაფერი გამოაშკარავდება და ზოგიერთ ვაჟბატონს შეეტყობა, რა ბიჭიც ბრძანდებაო, _ ერთი სიტყვით, ათასნაირ ასეთ და ამის მსგავს სისულელეს ჩმახავდნენ. ყველანი ვითომ მაშინვე იჯერებდნენ ამ ამბავს, მსჯელობდნენ, ბჭობდნენ, ფიქრობდნენ. ზოგიერთი კი მოიწყენდა, თავს აქნევდა და რჩევას კითხულობდა, რა ექნა, თუ ასეთი რამ მასაც დაატყდებოდა თავს? რა თქმა უნდა, პროხარჩინზე ბევრად უფრო ნაკლებ გულუბრყვილო და მორჩილ ადამიანსაც კი დააბნევდა ეს საერთო ხმები. გარდა ამისა, ყველა ნიშნის მიხედვით შეუცდომლად შეიძლება დავადგინოთ, რომ სემიონ ივანოვიჩი მეტისმეტ სიჩლუნგესა და უნიჭობას იჩენდა მისი გონებისთვის ყოველგვარი უჩვეულო აზრის მიმართ და, როცა რაიმე ახალ ამბავს გაიგებდა, ჯერ თითქოს უნდა გადაეღეჭა იგი და გადაეხარშა, აზრი მოეძებნა, ტვინი ეჭყლიტა და ბოლოს შეიძლება ჩასწვდომოდა მას, თუმცა მაშინაც სრულიად განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხით... ამგვარად სემიონ ივანოვიჩმა უეცრად გამოავლინა სხვადასხვა საინტერესო, აქამდე შენიღბული თვისება... ჰოდა, დაიწყო მითქმა-მოთქმა და ბოლოს ყოველივე ამან, ათასნაირი დამატებით, კანცელარიამდე მიაღწია. ეფექტს ისიც უწყობდა ხელს, რომ ბატონ პროხარჩინს, ვისაც დიდი ხანია სულ ერთნაირი იერით იცნობდნენ, უეცრად გამომეტყველება შეეცვალა: მოუსვენრობა დაეტყო, გამოხედვა მშიშარა, გაუბედავი და ცოტა არ იყოს ეჭვიანიც გაუხდა, ფეხაკრეფით დადიოდა, კრთომა და ყურის გდება დაიწყო. ყველა ამ თავის ახალ თვისებასთან ერთად შეუყვარდა ჭეშმარიტების ძიება. ჭეშმარიტებისადმი სიყვარულმა იქამდე მიიყვანა, რომ ორიოდეჯერ გაბედა, თვით დემიდ ვასილიევიჩისთვის ეკითხა, რამდენად სწორი იყო ამბები, რომლებსაც დღეში ათობით იგებდა. და თუ ჩვენ აქ ვდუმვართ სემიონ ივანოვიჩის ამ საქციელით გამოწვეულ შედეგებზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გულით ვუფრთხილდებით მის სახელს. ამგვარად გადაწყვიტეს, რომ კაცთმოძულე გახდა და საზოგადოებრივ ზრდილობას არად აგდებსო. მერე ისიც თქვეს, თითქოს ბევრი რამ ფანტასტიკური სჩვევიაო. და არცთუ დიდად შემცდარან, რადგან მრავალჯერ შენიშნეს, რომ სემიონ ივანოვიჩი ზოგჯერ გამოყეყეჩებული, გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილას პირდაღებული და კალამაწეული. ამ დროს იგი გონიერი არსების ჩრდილს უფრო ჰგავდა, ვიდრე თვით გონიერ არსებას. ხშირად ესეც ხდებოდა, რომ რომელიმე უნებლიეთ თვალებგაშტერებული ვაჟბატონი უეცრად მის უცაბედ, ამღვრეულ და რაღაცის მაძებარ მზერას შეამჩნევდა, შეკრთებოდა, შეშინდებოდა და მაშინვე საჭირო ქაღალდზე ან მელანს დააღვენთებდა, ანდა სრულიად უმაქნის სიტყვას დაწერდა. სემიონ ივანოვიჩის უხამსი საქციელი აკრთობდა და შეურაცხყოფდა ჭეშმარიტად კეთილშობილ ადამიანებს... ბოლოს, ერთ მშვენიერ დილას, მას შემდეგ, რაც კანცელარიაში ხმა დაირხა, თითქოს სემიონ ივანოვიჩი დერეფანში შეხვდა თვით დემიდ ვასილიევიჩს და თავისი უცნაური შესახედაობით ისე შეაკრთო, კაცმა უკანაც კი დაიხიაო, უკვე ეჭვი არავის ეპარებოდა ბატონი პროხარჩინის აზრების ფანტასტიკურ მიმართულებაში... ამ ხმამ ბოლოს თვით სემიონ ივანოვიჩამდე მიაღწია. ეს რომ გაიგონა, მაშინვე ადგა, დერეფანში გავიდა, საკუთარი ხელით ჩამოხსნა შინელი, ჩაიცვა, გარეთ გავიდა და გაურკვეველი დროით სადღაც გადაიკარგა. შეეშინდა, თუ რაღაც სხვამ მიიზიდა მისი გონება, _ არ ვიცით, მხოლოდ ეს კია, რომ არც სახლში და არც კანცელარიაში რამდენიმე ხანს აღარ გამოჩენილა... ჩვენ სემიონ ივანოვიჩის ბედის ახსნას პირდაპირ მისი ფანტასტიკური მიმართულებით არ დავიწყებთ. მაგრამ განა შეგვიძლია არ მოვახსენოთ მკითხველს, რომ ჩვენი გმირი, კაცი უბრალო და მორჩილი, ვიდრე ხალხში მოხვდებოდა, ცხოვრობდა თავისთვის კარჩაკეტილად, იყო ჩუმი და თითქოს საიდუმლოებით მოცული, რამეთუ პესკიზე თავისი უკანასკნელი ცხოვრების ჟამს თეჯირს უკან იწვა საწოლზე, დუმდა და თითქმის არავის ეკარებოდა. ორივე მისი ძველი თანამცხოვრები მასავით ატარებდა წუთისოფელს. ორთავენი თითქოს ასეთივე საიდუმლოებით მოცულნი იყვნენ და თხუთმეტი წელიწადი თეჯირს უკან წოლაში გაატარეს. პატრიარქალურ სიმშვიდეში ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა ნეტარი, მთვლემარე დღეები და საათები და რადგან გარშემო ყველაფერი თავისი წესითა და რიგით მიდიოდა, არც სემიონ ივანოვიჩს და არც უსტინია ფეოდოროვნას აღარ ახსოვდათ, როდის შეჰყარა ისინი ბედმა. `არ ვიცი, ათი, თხუთმეტი ან იქნებ ოცდახუთი წელიწადი იყოს, _ ეუბნებოდა ქალი ზოგჯერ თავის ახალ მდგმურებს, _ რაც ჩემთან დაბინავდა, ღმერთმა აცხონოს~. და ამიტომ ბუნებრივია, რომ საზოგადოებას უჩვევი ჩვენი გმირი გაოცებული დარჩა და არ ესიამოვნა, როცა სწორედ ერთი წლის წინ ეს დარბაისელი და თავმდაბალი ადამიანი უეცრად თავისი ახალი მეზობლებისა და ამხანაგების, ათიოდე ხმაურიანი და მოუსვენარი ახალგაზრდა ბიჭის წრეში აღმოჩნდა. სემიონ ივანოვიჩის გაუჩინარებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია მობინადრეთა შორის. ჯერ მარტო იმიტომ, რომ იგი დიასახლისის რჩეული გახლდათ. თანაც პასპორტი, დიასახლისს რომ ჰქონდა ჩაბარებული, სადღაც გადაკარგულიყო. უსტინია ფეოდოროვნა, როგორც ყოველ ასეთ კრიტიკულ შემთხვევაში, გაცეცხლდა, ორი დღე და ღამე აგინებდა და ლანძღავდა მდგმურებს, მოთქვამდა, მდგმური წიწილასავით დამიშინეს, იმავ `მავნე მქირდავებმა~ დამიღუპესო, მესამე დღეს კი ყველანი გარეთ გაყარა, მოძებნეთ და, რადაც უნდა დაგიჯდეთ, მკვდარი ან ცოცხალი მომგვარეთო. საღამოს პირველი მოვიდა გადამწყერი სუდბინი და განაცხადა, გაქცეული ძველმანების ბაზარში ვნახე, სხვაგანაც კუდში ვდიე, გვერდითაც ვედექი, მაგრამ გამოლაპარაკება ვერ გავუბედე, ახლოსაც კი ვიყავი მისგან, როცა კრივოიზე სახლს ცეცხლი წაეკიდაო. ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ ოკეანოვი და რაზნოჩინელი კანტარევი. მათაც სიტყვასიტყვით იგივე გაიმეორეს; ჩვენც ახლოს ვიდექით, სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯზე, მაგრამ ვერც ჩვენ გავბედეთ გამოლაპარაკება, ისე კი ორთავემ შევნიშნეთ, რომ სემიონ ივანოვიჩი ლოთ მათხოვარს დაჰყვებოდაო. ბოლოს, როცა ყველა მდგმურმა შეიყარა თავი, გადაწყვიტეს, პროხარჩინი ალბათ სადმე ახლოსაა და მალე მოვაო, მაგრამ ადრეც ყველამ ვიცოდით, ლოთ მათხოვართან რომ დადიოდაო. ლოთ მათხოვარს, ხელიდან წასულ კაცს, შფოთისთავსა და მლიქვნელს, ალბათ რაღაცით მოეხიბლა სემიონ ივანოვიჩი. სემიონ ივანოვიჩის დაკარგვამდე სწორედ ერთი კვირით ადრე მობრძანდა და თან თავისი ამხანაგი რემნევი მოიყვანა. ცოტა ხანს აქ იცხოვრა, მოჰყვა, რომ სიმართლისთვის ვიტანჯები, წინათ სხვადასხვა მაზრაში ვმსახურობდი, ერთხელ რევიზორი დაგვეცა თავსო, მე და ჩემი წრე სიმართლისთივს დავისაჯეთო. მერე პეტერბურგში ჩამოვედი, პორფირი გრიგორიევიჩს დავუჩოქე და მისი თხოვნით ერთ-ერთ კანცელარიაში მიმიღეს, მაგრამ ბედი არ მწყალობდა, აქედანაც დამითხოვეს, შემდეგ ეს კანცელარიაც გააუქმეს და სხვა სახელით აღადგინეს; მოხელეთა ახალ შტაბში აღარ მიმიღეს სამსახურისადმი სრულიად უვარგისობის და სხვა გარეშე საქმისადმი დიდი ნიჭის, თან სიმართლისმოყვარეობისა და მტრების ხრიკების გამოო. ამბის მოყოლა რომ გაათავა, რომლის დროსაც ბატონი ზიმოვეიკინი წამდაუწუმ ლოშნიდა თავის შუბლშეკრულ და გაუპარსავ მეგობარ რემნევს, რიგრიგობით მდაბლად დაუკრა თავი ყველას, ვინც კი ამ დროს ოთახში იყო, მათ შორის მოსამსახურე ქალს ავდოტიასაც, ყველას მწყალობლები უწოდა და დაუმატა, უღირსი, აბეზარი, თახსირი, თავაშვებული და სულელი კაცი ვარო. ყოველივე ამის გამო პატიებაც ითხოვა, ერთი უბედური და უბრალო ადამიანი გახლავართო. რაკი მფარველობა მოითხოვა, ბატონი ზიმოვეიკინი, რომელიც ხუმარა კაცი გამოდგა, მეტისმეტად გამხიარულდა, უსტინია ფეოდოროვნას ხელები დაუკოცნა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი თავმდაბლად უმტკიცებდა, ერთი უბრალო ქალი ვარ, აზნაური არ გეგონოო. დაბოლოს დაჰპირდა მთელ საზოგადოებას, საღამოთი გიჩვენებთ შესანიშნავ სახასიათო ცეკვასო. მაგრამ მეორე დღესვე მისი საქმე ცუდად დამთავრდა. არ ვიცი, სახასიათო ცეკვა მეტისმეტად სახასიათო გამოდგა, თუ, უსტინია ფეოდოროვნას სიტყვით რომ ვთქვათ, `შემარცხვინა და თავლაფი დამასხა, მე კი თვით იაროსლავ ილიჩს ვიცნობ და რომ მინდოდეს, უკვე დიდი ხანია ობეროფიცრის ცოლი გავხდებოდი~, _ ეს კია, რომ ზიმოვეიკინი იძულებული გახდა, იქიდან წაბრძანებულიყო. წავიდა, მერე ისევ დაბრუნდა, კვლავ უპატიოდ გააძევეს, შემდეგ სემიონ ივანოვიჩის ნდობა და სიყვარული მოიპოვა. სხვათა შორის, ახალი შარვალი ააცალა და ბოლოს ისევ სემიონ ივანოვიჩის სახით მოევლინა იქაურობას. როგორც კი დიასახლისმა შეიტყო, სემიონ ივანოვიჩი ცოცხალია, კარგადაა და პასპორტი უკვე საძებნელი აღარ არისო, გულს მოეშვა და მოსასვენებლად გავიდა. ამ დროს ზოგიერთმა მდგმურმა გადაწყვიტა დიდი ამბით შეჰგებებოდა ლტოლვილს: რაზა გააფუჭეს, დაკარგულის საწოლს თეჯირი მოაშორეს, ოდნავ აშალეს ლოგინი, აიღეს და ჩვენთვის ცნობილი სკივრი ლოგინზე ფერხთით დადგეს, საწოლზე კი დააწვინეს რძალი, ესე იგი თოჯინა, რომელიც დიასახლისის ძველი თავსაფრის, ჩაჩისა და სალოფიდან გააკეთეს და ისე დაამსგავსეს რძალს, რომ ადამიანი მართლაც ადვილად მოტყუვდებოდა. მუშაობა რომ დაამთავრეს, სემიონ ივანოვიჩის მოსვლას დაელოდნენ, უნდოდათ, მოვიდოდა თუ არა, ეუწყებინათ მისთვის, მაზრიდან რძალი გეწვია და თეჯირს უკან გელოდება ის საბრალო, ისაო. მაგრამ ელოდნენ, ელოდნენ, ელოდნენ-ელოდნენ... ამ ლოდინში მარკ ივანოვიჩმა უკვე ნახევარი თვის ჯამაგირი წააგო მდგმურებთან, პრეპოლოვენკოსა და კანტარევთან; ოკეანოვს კი წაგების გამო ცხვირი დაუსიეს და გაუწითლეს ბანქოს ქაღალდით; მოსამსახურე ავდოტიამ თითქმის გამოიძინა და ორჯერ დააპირა ადგომა, შეშის მოტანა და ღუმლის დანთება, ზინოვი პროკოფიევიჩი კი თავით ფეხამდე გაიწუწა, რადგან წამდაუწუმ გარეთ გარბოდა, სემიონ ივანოვიჩი ხომ არ მოდისო; მაგრამ არავინაც არ მოსულა _ არც სემიონ ივანოვიჩი და არც ლოთი მათხოვარი. ბოლოს ყველა დაწვა და, ყოველი შემთხვევისთვის, რძალი თეჯირს უკან დატოვეს; მხოლოდ ოთხ საათზე მოისმა ჭიშკარზე ბრახუნი. თანაც ისეთი მაგარი ბრახუნი, რომ მომლოდინეებს სრულიად აუნაზღაურდათ გარჯა. აბრახუნებდა ის, სწორედ სემიონ ივანოვიჩი, ბატონი პროხარჩინი. მაგრამ ისეთ დღეში იყო, რომ ყველა გაოცდა და რძალი აღარავის გახსენებია. დაკარგული უგრძნობლად დაბრუნდა. შინ შემოიყვანა, უკეთ, კი არ შემოიყვანა, მხარზე გადაკიდებული შემოიტანა გაწუწულმა, სიცივით აკანკალებულმა, ჩამოხეულ-ჩამოფლეთილმა ღამის მეეტლემ. დიასახლისის შეკითხვაზე, ასე სად დათვრა ეს უბედურიო, მეეტლემ უპასუხა: მთვრალი არ გახლავთ, წვეთიც არა აქვს დალეული, ამას მართალს მოგახსენებთ, ოღონდაც არ ვიცი ჭკუადაბნელებულია, არ ვიცი გამოშტერებულია თუ დამბლადაცემულიო. უკეთ რომ დაჰკვირვებოდნენ, ღუმელს მიაყუდეს და მართლაც დარწმუნდნენ: არც მთვრალი იყო, არც დამბლადაცემული, სულ სხვა რაღაც ამბავი იყო მის თავს, რადგან სემიონ ივანოვიჩი ენას ვერ აბრუნებდა, თითქოს სახე ემანჭებოდა და მხოლოდ თვალებს აფახულებდა. გაოცებით მისჩერებოდა ღამის სამოსში გამოწყობილ ხან ერთსა და ხან მეორე მდგმურს. შემდეგ მეეტლეს დაუწყეს გამოკითხვა, საიდან წამოიყვანეო? `საიდან და, _ უპასუხა მან, _ კოლომნიდან. მხიარული მოქეიფენი ეხვია გარს. ვერ გეტყვით, ვინ იყვნენ, ჯანდაბას მათი თავი, ბატონები თუ მდაბიონი. ჰოდა, აი, ამ სახით ჩამაბარეს, არ ვიცი, ჩხუბი მოუვიდა თუ კრუნჩხვამ მოუარა. ღმერთმა უწყის, რა მოხდა, ისე კი მხიარული, კარგი ბატონები იყვნენ!~... სემიონ ივანოვიჩი აიყვანეს, ზორბა მხრებზე გაიდვეს და საწოლზე დააწვინეს. მაგრამ როცა დაწოლისას ფეხი თოჯინასა და სანუკვარ სკივრს წამოჰკრა, შემზარავად შეჰყვირა, ოთხზე დადგა, აკანკალებულმა, სადამდეც მისწვდა, საწოლს ხელები შემოხვია და დაფეთებული, მაგრამ საოცრად მტკიცე მზერით ყველა იქ მყოფთ თითქოს ამცნობდა, რომ უმალ თავს მოიკლავდა, ვიდრე თავისი უბადრუკი ქონების თუნდაც მესამედს სხვას დაუთმობდა... სემიონ ივანოვიჩი ორ თუ სამ დღეს იწვა თეჯირს ამოფარებული, ქვეყნიერებასა და ყოველგვარ მღელვარებას მოწყვეტილი. როგორც ხდება ხოლმე, მეორე დღეს უკვე ყველამ დაივიწყა; დრო თავისი წესითა და რიგით მიდიოდა. საათი საათს, დღე დღეს ცვლიდა. ავადმყოფის დამძიმებულ, გახურებულ თავს ნახევრად ძილი და ნახევრად ბოდვა დაეუფლა; მაგრამ მშვიდად იწვა, არც კვნესოდა და არც არაფერს უჩიოდა, პირიქით, გაყუჩებული იყო, დუმდა და ითმენდა, საწოლს ისე მიჰკვროდა, როგორც მიეკრობა მიწას კურდღელი, მონადირეთა ხმას რომ გაიგონებს. ზოგჯერ ბინაში ხანგრძლივი, სევდისმომგვრელი სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველანი სამსახურში იყვნენ წასული და გამოღვიძებულ სემიონ ივანოვიჩს შეეძლო, რამდენიც სურდა, გაექარვებინა მოწოლილი სევდა. აყურადებდა ხმაურს, რომელიც ახლოდან, სამზარეულოდან მოისმოდა, სადაც დიასახლისი ფუსფუსებდა, ანდა მოსამსახურე ავდოტიას გაცვეთილი ფეხსაცმლის ფრატუნს, როცა იგი ოხვრითა და კრუსუნით ალაგებდა, გვიდა და ასუფთავებდა ყველა კუთხეს. ასე გადიოდა მთვლემარე, ზანტი და მოსაწყენი საათები, ისეთივე მოსაბეზრებელი, როგორიც სამზარეულოში მაგიდიდან ვარცლში თანაბარი ხმაურით ჩამდინარე წყალი. ბოლოს მდგმურები ბრუნდებოდნენ, რიგრიგობით ანდა ჯგუფ-ჯგუფად და სემიონ ივანოვიჩს ნება-ნება შეეძლო მოესმინა, როგორ აძაგებდნენ ისინი ამინდს, ითხოვდნენ საჭმელს, ხმაურობდნენ, თამბაქოს ეწეოდნენ, ილანძღებოდნენ, ერთმანეთს ელაქუცებოდნენ, ბანქოს თამაშობდნენ და ჩაის დალევის წინ ფინჯნებს აწკარუნებდნენ. სემიონ ივანოვიჩი ანგარიშმიუცემლად წამოდგომასა და კანონის მიხედვით სხვებთან ერთად ჩაის დალევას დააპირებდა, მაგრამ ისევ ძილი მოერეოდა და ისე ეგონა, თითქოს უკვე დიდი ხანია მაგიდას უზის, ჩაის შეექცევა და ბაასობს, რომ ზინოვი პროკოფიევიჩმა დრო იხელთა და საუბარში ჩაურთო რაღაც ამბავი რძლებსა და სხვადასხვა კარგი ადამიანის მათდამი ზნეობრივ დამოკიდებულებაზე. სემიონ ივანოვიჩს მაშინვე სურდა მისთვის აეხსნა და ეპასუხა, მაგრამ დანარჩენების მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ `არაერთხელ შემჩნეულია~, მყისვე პირზე შეაყინა პასუხი, ისე რომ სემიონ ივანოვიჩმა იმაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონა, კვლავ ოცნებებს მისცემოდა, წარმოიდგინა, თითქოს დღეს პირველი რიცხვია და მანეთიანებს იღებს თავის კანცელარიაში. ქაღალდი იქვე, კიბეზე გახსნა, მიიხედ-მოიხედა, რაც შეიძლება სწრაფად გაყო შუაზე მიღებული კანონიერი საზღაური და ჩექმის ყელში დამალა, შემდეგ აქვე, კიბეზე, გადაწყვიტა _ აინუნშიც არ ჩაუგდია ის ამბავი, რომ ძილში თავის საწოლზე მოქმედებდა _ როგორც კი შინ მივიდოდა, მაშინვე გადაეხადა დიასახლისისთვის საჭმელ-სასმლისა და ბინის ქირა, შემდეგ ცოტა აუცილებელი რამ ეყიდა და ზოგიერთისთვის, ვითომდა წინასწარ განზრახვის გარეშე, უცაბედად გაეგებინებინა, თითქოს ჯამაგირი დაუქვითეს, აღარაფერი დარჩა და ახლა რძალსაც ვეღარაფერს გაუგზავნის. ამასთან სურდა აქვე რძლის გამო მწუხარება გამოეთქვა, ხვალაც და ზეგაც მასზე ბევრი ელაპარაკა და ათიოდე დღის შემდეგაც სხვათა შორის, გაკვრით ეთქვა იმ ქალის სიღარიბეზე, რათა ამხანაგებს არ დავიწყებოდათ ეს ამბავი. ეს რომ გადაწყვიტა, დაინახა, ანდრეი ეფიმოვიჩიც, სწორედ ის დაბალი, მუდამ მდუმარე მელოტი კაცი, რომელსაც კანცელარიაში სამი ოთახი აშორებდა სემიონ ივანოვიჩს და მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში ხმაც არ გაუცია მისთვის, აქვე, კიბეზე დგას, თავის ვერცხლის მანეთიანებს ითვლის, თავს აქნევს და ამბობს: `ფულია, ბატონო! თუ ფული არა გაქვს, არც ფაფა გექნება _ ამატებს ამასაც მკაცრად, კიბეზე ჩადის და უკვე პარმაღზე გასული ასკვნის, _ მე კი, ბატონო ჩემო, შვიდი მყავს, შვიდი~. ამ სიტყვებით მელოტმა კაცმა, რომელიც ალბათ აგრეთვე ვერ ამჩნევდა, რომ აჩრდილივით მოქმედებდა და არა ცხადში, ერთ არშინსა და გოჯზე ასწია ხელი იატაკიდან, მერე თანდათან დაბლა დაუშვა და ჩაიბუზღუნა, უფროსი უკვე გიმნაზიაში დადისო; შემდეგ აღშფოთებით შეხედა სემიონ ივანოვიჩს, თითქოს სწორედ ბატონი პროხარჩინის ბრალი იყო, რომ შვიდი ჰყავდა, ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა, შინელი შეიბერტყა, მარცხნივ გაუხვია და მიიმალა. სემიონ ივანოვიჩს ძალიან შეეშინდა, და თუმცა სავსებით დარწმუნებული იყო თავის უცოდველობაში ერთ ჭერქვეშ შვიდეულის არასასიამოვნო თავშეყრის გამო, სინამდვილეში მაინც ისე გამოდიოდა, ვითომ სწორედ სემიონ ივანოვიჩს მიუძღოდა ბრალი. ჰოდა, შეშინებული გაიქცა, რადგან მოეჩვენა, თითქოს მელოტი კაცი დაბრუნდა, სადაცაა დაეწევა, რომ ჯიბეები დაუჩხრიკოს და მთელი საზღაური წაართვას, ისევ იმ თავის შვიდეულის გამო და მტკიცედ უარყოფს ყოველგვარი რძლების რაიმე შესაძლებელ დამოკიდებულებას სემიონ ივანოვიჩისადმი. ბატონი პროხარჩინი უკან მოუხედავად გარბოდა, სული ეხუთებოდა... მის გვერდით მრავალი ადამიანი მირბოდა და ყველა თავისი მოკლე ფრაკების უკანა ჯიბეებში საზღაურს აჩხარუნებდა; ბოლოს ყველა გაიქცა, აგრიალდა სახანძრო საყვირები და ხალხის ტალღამ თითქმის მხრებით მიიყვანა იგი იმ ხანძრამდე, რომელსაც ლოთ მათხოვართან ერთად უკანასკნელად ესწრებოდა. ლოთი, _ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბატონი ზიმოვეიკინი _ უკვე იქ იყო, სემიონ ივანოვიჩს შეეგება. მყის დატრიალდა, ხელი ჩასჭიდა და შუაგულ ხალხში შეიყვანა. ისევე, როგორც მაშინ, ცხადში, მის გარშემო გუგუნებდა და ხმაურობდა აუარება ხალხი, რომელსაც გაეჭედა მთელი ფონტანკა ორივე ხიდს შორის და ყველა ახლომახლო ქუჩები და შესახვევები; სულ ისე, როგორც მაშინ, ხალხმა ლოთ მათხოვართან ერთად სემიონ ივანოვიჩიც მესერს იქით გაიტანა და ჩაჭედა შეშით გამოტენილ უზარმაზარ ეზოში, რომელიც ძველმანების ბაზრიდან თუ გარშემო მდებარე სახლებსა და სამიკიტნოებიდან თავშეყრილ მაყურებელს აევსო. სემიონ ივანოვიჩი მაშინდელივით ხედავდა ყველაფერს და მაშინდელივით განიცდიდა; ბოდვითა და ციებ-ცხელებით არეულ ტვინში უელავდა და უკრთოდა სხვადასხვა უცნაური სახე. ზოგიერთი გაიხსენა კიდეც. ერთ-ერთი ის ვეება, ერთი საჟენის სიმაღლე და ერთი არშინის სიგრძე ულვაშიანი წარმოსადეგი ვაჟბატონი იყო, ხანძრის დროს რომ ზურგს უკან ედგა სემიონ ივანოვიჩს და წაუთაქა კიდეც, როცა ჩვენმა გმირმა აღტაცების მსგავსი რაღაც იგრძნო და ფეხები დააბაკუნა, თითქოს ამით სურდა ტაში დაეკრა სახანძრო რაზმის ყოჩაღი ბიჭებისთვის, რომელთაც მშვენივრად ხედავდა თავის მაღლობიდან. მეორე კი სწორედ ის ბრგე ბიჭი იყო, ქვემოდან რომ მჯიღი ამოჰკრა, რათა მეორე ღობეზე შეესვა, როცა სემიონ ივანოვიჩმა თითქმის გადაწყვიტა მესერზე გადამძვრალიყო და ვიღაც გადაერჩინა. იმ ბუასილიანი მოხუცის სახემაც გაუელვა, რაღაც ძონძშემორტყმული ბამბის დაფლეთილი ხალათი რომ ეცვა. მოხუცი ჯერ კიდევ ხანძრის დაწყებამდე მდგმურებს ორცხობილასა და თამბაქოს საყიდლად გაეგზავნათ დუქანში, ახლა კი სარძევითა და ჩარექიანით ხელში მიარღვევდა ხალხს, რათა მიეღწია სახლამდე, სადაც ცოლ-შვილი და ლეიბქვეშ ამოდებული ოცდაათი მანეთი და ათი შაური ეწვოდა. მაგრამ ყველაზე ცხადად ხედავდა იმ ღარიბ, ცოდვილ დედაკაცს, არაერთხელ რომ ელანდებოდა ავადმყოფობის დროს, _ ახლაც სწორედ ისე ხედავდა, როგორც მაშინ _ ზურგზე ნაქსოვ ტომარამოგდებულს, ძონძებში გამოხვეულს, ფეხზე ქალამანწამოცმულს, ჯოხით ხელში. ქალი მეხანძრეებსა და ხალხზე ხმამაღლა გაჰკიოდა, ჯოხს და ხელებს აქნევდა და გაიძახოდა: ღვიძლმა შვილებმა გამომაგდეს და ორი თითო შაურიანიც დამეკარგაო. შვილები და შაურიანები, შაურიანები და შვილები _ წამდაუწუმ იმეორებდა იმდენად უაზროდ, რომ ხალხმა ვერაფერი გაუგო და ბოლოს ზურგი შეაქციეს. მაგრამ ქალი ვერ ისვენებდა, გაუჩერებლად კიოდა, ღმუოდა, ხელებს აქნევდა. თითქოს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა არც ხანძარს, სადაც იგი ხალხის ტალღას შემოეგდო, არც ადამიანებს, მის გარშემო რომ ტრიალებდნენ, არც სხვის უბედურებას და არც მუგუზლებსა და ნაპერწკლებს, თავზე რომ ეყრებოდა იქვე მდგომ ადამიანებს. ბოლოს ბატონმა პროხარჩინმა იგრძნო, რომ შიშმა აიტანა, რადგან აშკარად ხედავდა, ეს ტყუილუბრალოდ არ ხდება და ასე იოლად არ ჩამივლისო. და მართლაც იქვე, მის ახლოს შეშებზე შემძვრალიყო გლეხი, რომელსაც გაგლეჯილი, უქამრო ზედატანი ეცვა და წვერ-ულვაში შეტრუსვოდა. ის სემიონ ივანოვიჩის წინააღმდეგ აქეზებდა მთელ ხალხს. ხალხი მატულობდა, გლეხი კი ყვირილს განაგრძობდა. თავზარდაცემულ ბატონ პროხარჩინს უეცრად გაახსენდა, რომ ეს სწორედ ის მეეტლე იყო, რომელიც ხუთი წლის წინ არაადამიანურად მოატყუა, ვიდრე ფულს მისცემდა, ჭიშკარში სტუცა თავი და ისე მოუსვა, თითქოს შიშველი ფეხებით გავარვარებულ ქვაფენილზე გარბოდა. გულგახეთქილ პროხარჩინს სურდა ეთქვა რაღაც, ეყვირა, მაგრამ ხმა უწყდებოდა, გრძნობდა, გააფთრებული ბრბო ჭრელი გველივით ეხვეოდა, აწვებოდა, ახრჩობდა. თავს საოცარი ძალა დაატანა და გააღვიძა. ამ დროს დაინახა, რომ ყველაფერი იწვის, იწვის მთელი მისი კუთხე, თეჯირი, მთელი ბინა უსტინია ფეოდოროვნასა და ყველა მის მდგმურთან ერთად, იწვის მისი საწოლი, ბალიში, საბანი, სკივრი და ბოლოს მისი ფასდაუდებელი ლეიბი. სემიონ ივანოვიჩი ფეხზე წამოხტა, ლეიბს ხელი წამოავლო და გაიქცა. მაგრამ დიასახლისის ოთახში, სადაც ასე უბოდიშოდ შეირბინა ჩვენმა ფეხშიშველა და პერანგისამარა გმირმა, ხელი სტაცეს, შეკრეს და დიდი ამბით ისევ შეიტანეს თეჯირს უკან, რომელიც სრულებით არ იწვოდა, ცეცხლი თეჯირს კი არა, სემიონ ივანოვიჩის ტვინს ეკიდა თურმე, და საწოლზე დააწვინეს. მსგავსად იმისა, როგორც ჩააწვენს ხოლმე სამგზავრო ყუთში ჩამოფლეთილი წვერგაუპარსავი და გოროზი მეარღნე-მსახიობი თავის კლოუნს, რომელმაც იბობოქრა, ყველას სცემა, ეშმაკს სული მიჰყიდა და ახლა კი მომავალ წარმოდგენამდე უნდა განისვენოს სკივრში ეშმაკს, ზანგებს, ტაკიმასხარას, მამზელ კატერინასა და მის ბედნიერ საყვარელ _ სამაზრო პოლიციის უფროს კაპიტანთან ერთად. ყველანი მყისვე სემიონ ივანოვიჩს შემოეხვივნენ. დიდმა და პატარამ მის საწოლთან მოიყარა თავი და ავადმყოფს დააშტერდნენ. ყველა რაღაცას მოელოდა. ამასობაში ავადმყოფი გამოფხიზლდა, მაგრამ შერცხვა თუ სხვა რამემ შეაწუხა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, საბანს დაექაჩა, ალბათ სურდა თანამგრძნობთა ყურადღებას დამალვოდა. ბოლოს მარკ ივანოვიჩმა პირველმა დაარღვია სიჩუმე. მან ტკბილად დაუწყო ლაპარაკი სემიონ ივანოვიჩს. უთხრა, უნდა დამშვიდდეთ, ავადმყოფობა ცუდია და სამარცხვინო, ასე მხოლოდ პატარა ბავშვები იქცევიან, უნდა გამოჯანმრთელდეთ და სამსახურში წახვიდეთო. ეს შეგონება მარკ ივანოვიჩმა ხუმრობით დაამთავრა, რომ ავადმყოფებს ჯერჯერობით ჯამაგირს არ უნიშნავენ და, რადგან მტკიცედ იცის, რომ ჩინებიც არ ემატებათ, მისი აზრით, ასეთი მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ერთი სიტყვით, ეტყობოდათ, რომ ყველას მართლა ებრალებოდა სემიონ ივანოვიჩი და გულით თანაუგრძნობდნენ. მაგრამ სემიონ ივანოვიჩი საოცრად უზრდელად განაგრძობდა წოლას, ხმას არ იღებდა და სულ უფრო და უფრო ეხვეოდა საბანში. მარკ ივანოვიჩმა თავი დამარცხებულად არ ცნო, გული გაიმაგრა და ისევ ტკბილად დაუწყო საუბარი სემიონ ივანოვიჩს, რადგან იცოდა, რომ ავადმყოფ კაცს ასე უნდა მოქცეოდა. სემიონ ივანოვიჩს კი არაფრის გაგება არ სურდა, პირიქით, უნდობლად რაღაც ჩაიბუზღუნა და უცბად ისე მტრულად მიიხედ-მოიხედა, კაცს ეგონებოდა, სურს ყველა თავისი თანამგრძნობი მოსპოს და გაანადგუროსო. ახლა კი გაჩუმება აღარ შეიძლებოდა: მარკ ივანოვიჩმა ვეღარ შეიკავა თავი და დაინახა რა, კაცს გადაეწყვიტა ჯიუტად თავისაზე მდგარიყო, გაჯავრდა და პირდაპირ და ყოველგვარი ტკბილი მოიარების გარეშე განუცხადა, რომ დროა ადგეს, ეყოფა გორაობა. დღისითა და ღამით ხანძარზე, რძალზე, ლოთებზე, ბოქლომებზე, სკივრებსა და, ეშმაკმა დალახვროს, კიდევ ვინ იცის, რაზე _ ყვირილი სისულელეა, უზრდელობაა და შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის, რადგან თუ თვით სემიონ ივანოვიჩს ძილი არ სურს, სხვებს დააცალოს. და ბოლოს დაუმატა: ეს ყველაფერი კარგად დაიხსომეო. მარკ ივანოვიჩის სიტყვამ შთაბეჭდილება მოახდინა, სემიონ ივანოვიჩი მაშინვე მიუბრუნდა ორატორს და მტკიცედ, თუმცა ჯერ ისევ სუსტი, ჩახლეჩილი ხმით განუცხადა: `ხმა ჩაიწყვიტე, შე ლაწირაკო, შენა! ამაო მოუბარო! ენაბილწო! ყეყეჩო! თავადი მყავხარ, ჰა? გესმის, რაშია საქმე?~ ეს რომ გაიგონა, მარკ ივანოვიჩი აფეთქდა, მაგრამ რაკი მიხვდა, ავადმყოფ კაცთან ჰქონდა საქმე, დიდსულოვნად აპატია, პირიქით, სცადა შეერცხვინა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა, რადგან სემიონ ივანოვიჩმა მაშინვე მიახალა, სასაცილოდ თავს არავის ავაგდებინებ, მიუხედავად იმისა, რომ მარკ ივანოვიჩმა ლექსი შეთხზაო. ორწუთიანი სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს მარკ ივანოვიჩი გონს მოეგო და პირდაპირ, გასაგებად და საკმაოდ მჭევრმეტყველურად განუცხადა სემიონ ივანოვიჩს: უნდა იცოდე, რომ კეთილშობილ ადამიანთა შორის იმყოფებიო, და `ისიც უნდა გესმოდეს, მოწყალეო ბატონო, როგორ ეპყრობიან პატივცემულ პიროვნებას~. საჭიროების შემთხვევაში მარკ ივანოვიჩმა იცოდა მჭევრმეტყველური ლაპარაკი და თავისი მსმენელების შეგონება. თავის მხრივ სემიონ ივანოვიჩი, ალბათ ჩვეული მდუმარების გამო, ლაპარაკობდა და მოქმედებდა უფრო ნაწყვეტ-ნაწყვეტად. გარდა ამისა, როცა, მაგალითად, გრძელი წინადადების წარმოთქმა სჭირდებოდა, ამ წინადადებაში ჩაღრმავების კვალდაკვალ, ყოველი სიტყვა თითქოს შობდა მეორე სიტყვას, მეორე თავის წარმოშობისთანავე მესამეს, მესამე _ მეოთხეს და ასე შემდეგ, ასე რომ, პირი ევსებოდა, ყელში რაღაც უღიტინებდა და ბოლოს დაგუბებული სიტყვები საოცარი ხატოვანი უწესრიგობით სწყდებოდნენ მის ბაგეებს. აი, რატომ იყო, რომ სემიონ ივანოვიჩი, ეს ჭკვიანი კაცი, ზოგჯერ საშინელ სისულელეებს როშავდა: `სტყუი, _ გაიძახოდა იგი ახლა, _ შე მოქეიფე ახალგაზრდავ, შენა! მაგრამ გუდას რომ მოიკიდებ და სამათხოვროდ იწანწალებ, მაშინ ნახავ; შენ ხომ თავისუფალი მოაზროვნე ხარ, თახსირი ხარ; აი ესეც შენ, მელექსევ!~ _ ნუთუ კიდევ ბოდავთ, სემიონ ივანოვიჩ? _ ყური მიგდე, _ უპასუხა სემიონ ივანოვიჩმა, _ ბოდავს სულელი, ლოთი ბოდავს, ძაღლი ბოდავს, ბრძენი კი კეთილგონიერებას ემსახურება! გესმის, შენა, საქმე არ იცი, შე მაწანწალა, შე მწიგნობარო, შენა! ჰოდა, ისე დაიწვები, ვერც კი გაიგებ, თავი როგორ მოგეწვება, დიახ, გაიგე ახლა? _ დიახ... ესე იგი... ესე იგი ამას როგორ ამბობთ, სემიონ ივანოვიჩ, თავი მოგეწვებაო?.. მარკ ივანოვიჩმა ვერც კი დაამთავრა, რადგან ყველამ დაინახა, რომ სემიონ ივანოვიჩი ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულიყო და ბოდავდა; მაგრამ დიასახლისმა ვერ მოითმინა და მაშინვე შენიშნა, კრივოიზე მდებარე სახლი ქაჩალი გოგოს გამო დაიწვა, იქ ქაჩალი გოგო ცხოვრობდა, სანთელი დაანთო და საკუჭნაოს წაუკიდა. მე კი ასეთი რამ არ დამემართება, ჩემს ბინაში ყველაფერი რიგზე იქნებაო. _ სემიონ ივანოვიჩ! _ დაიღრიალა განრისხებულმა ზინოვი პროკოფიევიჩმა და დიასახლისს სიტყვა გააწყვეტინა. _ სემიონ ივანოვიჩ, შე ასეთო და ისეთო, შე ჩამორჩენილო, უბირო კაცო, რა ვქნათ ახლა, გეხუმროთ განა იმ თქვენს რძალზე თუ ცეკვის გამოცდებზე? _ იცი, რა გითხრა, _ უპასუხა თავის კეთილისმყოფელებზე საბოლოოდ გამწყრალმა ჩვენმა გმირმა, უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა და ლოგინიდან წამოიწია, _ ვინაა შენი მასხარა? თვითონ ხარ მასხარა, ძაღლია მასხარა, შე მართლა მასხარავ, მე კი, ჩემო ბატონო, შენი ბრძანებით მასხარა არ გავხდები, გესმის, ლაწირაკო, შენი მსახური არ გახლავარ, ბატონო! სემიონ ივანოვიჩს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და ლოგინზე დაეცა. გულშემატკივრები გაოცებული დარჩნენ და პირი დააღეს, რადგან მიხვდნენ, რაც მის თავს იყო, და არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ; უცბად სამზარეულოს კარი აჭრიალდა, გაიღო და ლოთმა მეგობარმა, _ ანუ სხვაგვარად ბატონმა ზიმოვეიკინმა, _ მოკრძალებით შემოჰყო თავი. მან ჩვეულებისამებრ ფრთხილად დაყნოსა იქაურობა. თითქოს მოელოდნენო, ყველამ ერთბაშად დაუქნია ხელი, რომ ჩქარა შემოსულიყო. მეტისმეტად გახარებული ზიმოვეიკინი, შინელის გაუხდელად, აჩქარებითა და სრული მზადყოფნით მივიდა სემიონ ივანოვიჩის საწოლთან. ჩანდა, ზიმოვეიკინს სიფხიზლესა და ჯაფაში გაეტარებინა ის ღამე. მარჯვენა ლოყაზე რაღაც ჰქონდა მიკრული; შეშუპებული ქუთუთოები დაჩირქებულ თვალებს დაენამა; ფრაკი და დანარჩენი ტანსაცმელიც ჩამოჰგლეჯოდა, მასთან სამოსის მთელი მარცხენა მხარისთვის თითქოს რაღაც საძაგელი ლაფი შეესხათ. იღლიის ქვეშ ვიღაცის ვიოლინო ამოედო, რომელიც სადღაც მიჰქონდა გასაყიდად. როგორც ჩანს, არც შემცდარან, საშველად რომ უხმეს, რადგან გაიგო თუ არა, საქმე რაშიც იყო, ამ აურზაურის ამტეხ სემიონ ივანოვიჩს მიუბრუნდა და უპირატესობის მქონე ადამიანივით, რომელმაც გარდა ამ თავისი უპირატესობისა, რაღაც ხერხიც იცის, უთხრა: `რა იყო, სენკა? ადექი! რას სჩადი, სენკა, ბრძენო პროხარჩინ, კეთილგონიერებას უხმე! თორემ თავხედობა თუ დაიწყე, ლოგინიდან ფეხით ჩამოგათრევ, კმარა თავის აგდება~. ასეთმა მოკლე, მაგრამ ძლიერმა სიტყვამ გააოცა დამსწრენი; ამაზე მეტად გაოცდნენ, როცა დაინახეს, რომ სემიონ ივანოვიჩმა გაიგონა თუ არა ეს ყველაფერი და ამ პიროვნებას შეხედა, ისე დაიბნა, შეცბუნდა და შეკრთა, რომ მხოლოდ ძლივძლივობით გამოსცრა, თანაც ჩურჩულით: `შე უბედურო, შენა, გასწი აქედან, _ თქვა მან, _ შე უბედურო და ქურდო! გესმის? კიკო ხარ, კიკო!~ _ არა, ჩემო ძმაო, _ გაბმით უპასუხა ზიმოვეიკინმა, რომელიც იხტიბარს არ იტეხდა, _ ცუდია, ჩემო ბრძენო ძმაო, პროხარჩინო, პროხარჩინელო კაცო! _ განაგრძობდა ზიმოვეიკინი სემიონ ივანოვიჩის კილოთი და სიამოვნებით აცეცებდა თვალებს. _ ნუ ყოყლოჩინობ! დამშვიდდი, სენია, დამშვიდდი, თორემ დაგაბეზღებ, ყველაფერს, ყველაფერს ვიტყვი, ჩემო ძმაო, გესმის? მგონი, სემიონ ივანოვიჩმა ყველაფერი გაიგო, რადგან ბოლო სიტყვები რომ მოისმინა, შეკრთა და უცბად დაბნეულად დაიწყო აქეთ-იქით ცქერა. შთაბეჭდილებით კმაყოფილ ზიმოვეიკინს სურდა განეგრძო, მაგრამ მარკ ივანოვიჩმა მაშინვე შეაწყვეტინა და როცა სემიონ ივანოვიჩი გაჩუმდა, დაწყნარდა და თითქმის სრულიად დამშვიდდა, დიდხანს და თავაზიანად დაუწყო მშფოთვარეს შეგონება, რომ `ისეთი აზრების გამოთქმა, როგორიც მას ახლა თავში უტრიალებს, ჯერ ერთი, უსარგე ბლოა და მეორეც, არათუ უსარგებლო, მავნეც, და ბოლოს იმდენად მავნე არა, რამდენად სრულიად უზნეო; და ამის მიზეზი ისაა, რომ სემიონ ივანოვიჩი აცდუნებს დანარჩენებს და ცუდ მაგალითს აძლევს მათ~. ყველანი ელოდნენ, რომ ასეთი სიტყვა კეთილგონივრულ შედეგს გამოიღებდა. მით უმეტეს, რომ ახლა სემიონ ივანოვიჩი სრულიად დამშვიდებული იყო და თავშეკავებულად პასუხობდა. ძმურად მიმართეს, ჰკითხეს, ასე რამ შეგაშინაო? სემიონ ივანოვიჩმა უპასუხა, მაგრამ ნართაულად. მას შეესიტყვნენ; სემიონ ივანოვიჩმაც თავის მხრივ უპასუხა. თითო-თითოჯერ კიდევ შეეპასუხნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ყველანი ჩაერივნენ, რადგან ლაპარაკი ისეთ საოცარ და უცნაურ საგანზე ჩამოვარდა, არც ერთმა არ იცოდა, რა ეთქვა და როგორ ეთქვა. კამათმა ბოლოს თავშეუკავებელი ხასიათი მიიღო, მოუთმენლობამ ყვირილი გამოიწვია, ყვირილმა _ ცრემლებიც კი. ბოლოს გაცოფებულმა მარკ ივანოვიჩმა უკან დაიხია. მან განაცხადა _ ასეთი კერკეტი კაცი არასოდეს მინახავსო. ოპლევანიევმა გადააფურთხა, ოკეანოვს შეეშინდა, ზინოვი პროკოფიევიჩს თვალზე ცრემლი მოადგა, უსტინია ფეოდოროვნამ კი მოთქმა გააბა: `კვდება ჩემი მდგმური, გაგიჟდა, უპასპორტოდ კვდება ეგ უბედური, ახლა ვეღარ იტყვის, სად აქვს და მე საცოდავს აქეთ-იქით თრევით სულს ამომხდიან.~ ერთი სიტყვით, ბოლოს ყველასთვის აშკარა შეიქნა, რომ რაც დათესეს, იმაზე ათასჯერ მეტი მოიმკეს. ნიადაგი ნოყიერი აღმოჩნდა და სემიონ ივანოვიჩმა თავი ისახელა მათ წრეში და გვარიანადაც ისახელა. გაჩუმდნენ, რადგან დაინახეს რა, სემიონ ივანოვიჩი ყოველივე ამან შეაცბუნა და შეაკრთო, თვით თანამგრძნობნიც შეცბნენ... _ როგორ! _ დაიღრიალა მარკ ივანოვიჩმა,_ ნეტავ რამ შეგაშინათ? რამ გაგაგიჟათ ასე? თქვენზე ვინ ფიქრობს, ბატონო? ან კი გაქვთ შიშის უფლება? ვინა ხართ? რა ხართ? ნული და არარაობა, აი რა ხართ! რას ატეხეთ აურზაური?
რახან ქუჩაში დედაკაცი გასრისეს, განა თქვენც გაგსრესენ? რომელიმე ლოთმა ჯიბეს თუ ვერ მოუარა, განა თქვენც კალთას მოგაჭრიან? სახლი თუ დაიწვა, განა თქვენც თავი მოგეწვებათ? ასე ხომ არ გგონიათ, ბატონო? მართლა ხომ არ გგონიათ ასე? _ ბრიყვი ხარ, ბრიყვი! _ ბუტბუტებდა სემიონ ივანოვიჩი, _ ცხვირი რომ მოგაჭამონ, პურს ისე ჩაატან, ვერც კი შეამჩნევ... _ ყეყეჩი ვარ, დაე ვიყო ყეყეჩი, _ ყვიროდა მარკ ივანოვიჩი, რომელიც სემიონ ივანოვიჩის სიტყვებს ვერ ჩასწვდა, _ იქნებ ვარ კიდეც ყეყეჩი! მაგრამ მე ხომ გამოცდა არა მაქვს ჩასაბარებელი, არც ცოლს ვირთავ, არც ცეკვის სწავლა მჭირდება; სკამი, რომელზედაც ვზივარ, არ ჩამიტყდება, ჩემო ბატონო. რაო, ბატონო, ადგილი არ გვეყო? იატაკი ფეხქვეშ გვენგრევა? _ ვითომ რაო, შენ შეგეკითხებიან? დახურავენ და მორჩა. _ არა. რას დახურავენ?! კიდევ რა მოხდა, ა? _ ლოთი ხომ ჩამოაგდეს... _ ჩამოაგდეს, მაგრამ ის ხომ ლოთია, ჩვენ კი ადამიანები ვართ. _ ადამიანები. ის კი დგას, დგას და აღარაა... _ არა! კი მაგრამ, ვინ დგას? _ ვინა და კანცელარია... კან-ცე-ლა-რია!!! _ კანცელარია ხომ საჭიროა, თქვე ღვთის გლახავ, თქვენა? _ საჭიროა, ჰო! დღესაც საჭიროა, ხვალაც, ზეგ კი როგორმე საჭირო აღარ იქნება. აი, ამას წინათ მითხრეს... _ მთელი წლის ჯამაგირს ხომ მოგცემენ! თომა ხართ, ურწმუნო თომა! ხანშიშესულობის გამო სხვა ადგილას დაგდებენ პატივს... _ ჯამაგირი? ჯამაგირი დავხარჯე, ქურდები მოვლენ, ფულს წაიღებენ; მე კი რძალი მყავს, რძალი, გესმის? რძალი! კოჭო... _ რძალი! კაცი ხართ... _ კაცი; მე კაცი ვარ, შენ კი ნაკითხი, სულელი, გესმის, კოჭო, კოჭი ხარ, აი რა! მე შენსავით არ ვმასხრობ, არა! ერთი ისეთი ადგილია, აიღებს და მოსპობს ადგილს. დემიდიც, დემიდ ვასილიევიჩიც ამბობს, მოისპობა ადგილი... _ ეჰ, დემიდ, დემიდ! შე უზნეო, აკი... _ ჰოდა, მორჩა, უადგილოდ დარჩები; მერე უყარე კაკალი... _ ბოლოს და ბოლოს, ან სტყუით, ანდა სულ გაგიჟდით! უბრალოდ გვითხარით, თუ ასეა. გამოტყდით! ამაში სამარცხვინო არაფერია! გაგიჟდი, ძმაო, ხომ? _ გაგიჟდა! ჭკუაზე შეიშალა! _ გაისმა ირგვლივ და ყველანი სასოწარკვეთილებით ხელებს იმტვრევდნენ, დიასახლისი კი უკვე ორთავე ხელით ჩაფრენოდა მარკ ივანოვიჩს, ეშინოდა, სემიონ ივანოვიჩი არ გაგლიჯოსო. _ წარმართი ხარ, შე წარმართო სულო, შენა, ბრძენი ხარ, სენია! _ ევედრებოდა ზიმოვეიკინი. _ უწყინარი, ლამაზი, თავაზიანი! უბრალო, სათნო!.. გესმის? ყველაფერი სათნოებით მოგდის; თავზე ხელაღებული და სულელი კი მე ვარ, მე, მათხოვარი; აი, კეთილმა ადამიანმა არ მიმატოვა; პატივი მცა; მისი და დიასახლისის მადლობელი ვარ; ხომ ხედავ, მდაბლად თავს ვუკრავ, დიახ, დიახ. ვალს ვიხდი, ვალს, დიასახლისო! _ ამ დროს ზიმოვეიკინმა მართლაც რაღაც მეტისმეტი ღირსებით ყველას მდაბლად თავი დაუკრა. ამის შემდეგ სემიონ ივანოვიჩმა ისევ მოინდომა ლაპარაკი, მაგრამ არ დაანებეს. ყველა ევედრებოდა, არწმუნებდა და ბოლოს იმას მიაღწიეს, რომ სემიონ ივანოვიჩს შერცხვა და სუსტი ხმით მოინდომა თავისი აზრი გამოეთქვა. _ ჰოდა, ძალიან კარგი, _ თქვა მან, _ რომ ლამაზიც ვყოფილვარ, მშვიდიც, მასთან სათნოც, ერთგულიც და საიმედოც; სისხლის, იცი, სისხლის უკანასკნელ წვეთს, გესმის, ლაწირაკო, კიკო... დაე დარჩეს ადგილი; მე ხომ ღარიბი ვარ; მაგრამ რომ ადგებიან, კიკო შენა, _ და წაიღებენ, ახლა გაჩუმდი და მისმინე, რომ ადგებიან და... წაიღებენ, მორჩა... არის და აღარაა, ჩემო ძმაო... გესმის? მე კი, ძმაო, გუდააკიდებულმა უნდა ვიარო, გესმის? _ სენკა! _ აღრიალდა გაშმაგებული ზიმოვეიკინი და თანაც ისეთი ხმით, რომ ამჯერად ამტყდარი ხმაური დაფარა. _ თავისუფლად მოაზროვნე ხარ! ახლავე დაგასმენ! ვინ ხარ? რა ხარ? შფოთისთავი, შე ჩერჩეტო, შენა! შფოთისთავსა და სულელს, გესმის, გაგაგდებენ, ვინა ხარ?! _ სწორედ ეგ არის და... _ რა არის?! აბა რა უნდა უყო ამას... _ ვინ ამას?.. _ აგერ ეს თავისუფალი კაცია, მეც თავისუფალი ვარ; მაგრამ რომ წევხარ, წევხარ... აი... _ რა აი? _ თავისუფალი მოაზროვნე ხდები... _ თა-ვი-სუ-ფა-ლი მო-აზ-რ ოვ-ნე! თავისუფალი მოაზროვნე თვითონ ხარ, სენკა!.. _ სდექ!.. _ დაიძახა ბატონმა პროხარჩინმა, ხელი ჩაიქნია და ატეხილი აურზაური ჩაახშო. _ გაიგე, გაიგე, ბრიყვო: მშვიდი ვარ, დღეს ვარ მშვიდი, ხვალ ვარ მშვიდი, ზეგ კი აღარ ვიქნები მშვიდი, ტლანქად მოვიქცევი, ქამრის ბალთას გდრუზავ და მერე ნახე თავისუფალი მოაზროვნე!.. _ ბოლოს და ბოლოს, რა ამბავში ხართ? _ დაიგრგვინა მარკ ივანოვიჩმა, წამოხტა სკამიდან, რომელზედაც დასასვენებლად ჩამოჯდა, საწოლს მივარდა და აღშფოთებულმა, გაცოფებულმა, სიბრაზისა და წყენისაგან აკანკალებულმა სემიონ ივანოვიჩს მიმართა, _ რა ამბავში ხართ? ბრიყვო! ღატაკო!
რაო, თქვენს მეტი აღარავინ არის ამ ქვეყანაზე? ეს ქვეყანა მარტო თქვენთვის ხომ არ გაუჩენიათ? ნაპოლეონი ხომ არ ბრძანდებით? ვინ ხართ? ნაპოლეონი, ჰა? ნაპოლეონი ხართ, თუ არა? ბრძანეთ, ბატონო, ბრძანეთ, ნაპოლეონი ხართ თუ არა?.. მაგრამ ბატონ პროხარჩინს აღარ უპასუხია. ის კი არა, თითქოს შერცხვა. რომ ნაპოლეონია, ან შეეშინდა თავს ედო ასეთი პასუხისმგებლობა, არა, მას აღარ შეეძლო აღარც დავა და აღარც საქმეზე ლაპარაკი... ამას ავადმყოფური კრიზისი მოჰყვა. უეცრად აღგზნებული ნაცრისფერი თვალებიდან კურცხალი გადმოჰყარა. გამდნარი, გაძვალტყავებული ხელები სახეზე აიფარა, საწოლზე წამოიწია და სლუკუნ-სლუკუნით დაიწყო ლაპარაკი, რომ სრულიად ღარიბი, უბედური, უბრალო, კაცია, სულელი და გაუნათლებელი. ამიტომ კეთილმა ადამიანებმა უნდა აპატიონ, შეინახონ, დაიფარონ, აჭამონ, ასვან და ამ უბედურების ჟამს არ მიატოვონ. ღმერთმა უწყის, კიდევ რას არ მოთქვამდა სემიონ ივანოვიჩი. მოთქმის დროს შემზარავი შიშით აცეცებდა თვალებს, თითქოს ელოდა, საცაა ჭერი ჩამოიქცევა ანდა იატაკი ჩაინგრევაო. ყველას შეეცოდა საბრალო და ყველას გული მოულბა. დიასახლისმა, სოფლის დედაბერივით რომ ქვითინებდა და თავის უპატრონობაზე მოთქვამდა, თავისი ხელით ჩააწვინა ავადმყოფი ლოგინში. მარკ ივანოვიჩიც, რომელმაც დაინახა, ნაპოლეონის ხსენება სრულიად უსარგებლო იყო, მაშინვე მოლბა და ისიც სხვებს მიეშველა. დანარჩენებმა, თავის მხრივაც რომ რაიმე გაეკეთებინათ, თქვეს, ჟოლოს ნაყენი დავალევინოთო, იმწამსვე ყველაფერს შველის, თანაც ავადმყოფს ესიამოვნებაო; მაგრამ ზიმოვეიკინმა ეს წინადადება მყისვე უარყო, ასეთ დროს რაიმე ნაყენი სჯობს, თუნდაც გვირილის, რომ შეახუროსო. რაც შეეხება ზინოვი პროკოფიევიჩს, მისთვის ჩვეული გულკეთილობით ქვითინებდა და ცრემლს აფრქვევდა, ნანობდა, სემიონ ივანოვიჩს სხვადასხვა მოგონილი ამბით რატომ ვაშინებდიო. ხოლო ავადმყოფის უკანასკნელი სიტყვის მნიშვნელობას რომ ჩასწვდა, ღარიბი ვარ და მაჭამეთ რამეო, მაშინვე შეუდგა ხელმოწერით ფულის შეგროვებას ჯერჯერობით მხოლოდ უსტინია ფეოდოროვნას მდგმურებს შორის. ყველა ოხრავდა და ვიშვიშებდა, ყველა წუხდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვირდათ, ასე რამ შეაშინა ეს კაციო? მესმის, დიდ ადგილზე ემსახურა, ცოლი, ბავშვები ჰყოლოდა, ანდა რაიმე საქმისთვის პასუხისგებაში მიეცათ; თორემ ერთი უბედური კაცია, გერმანული ბოქლომით დაკეტილი ერთი სკივრი გააჩნია, ოცი წელიწადია თეჯირს უკან წევს, დუმს; არც სიხარული და არც მწუხარება არ უნახავს, ძუნწობდა და წუწურაქობდა და უცბად ვიღაცის უხამსი, სულელური სიტყვების შემდეგ ტვინი გადმოუტრიალდა, შიშმა შეიპყრო, ამქვეყნად გაჭირდა ცხოვრებაო... ის კი არ უფიქრია, რომ ყველას უჭირს!... ეს რომ ეფიქრა, _ ამბობდა შემდეგში ოკეანოვი, _ ყველას უჭირსო, თავს გაუფრთხილდებოდა, სისულელეებს არ აჰყვებოდა და ცხოვრებას საითაც საჭიროა, როგორმე იქით წარმართავდა. მთელი დღე მხოლოდ სემიონ ივანოვიჩზე ლაპარაკობდნენ. აკითხავდნენ, როგორ ხარო, ანუგეშებდნენ, მაგრამ საღამოთი უკვე ნუგეშის თავი არ ჰქონდა ბატონ პროხარჩინს, სიცხემ აუწია, ბოდავდა, გონება დაკარგა, კინაღამ ექიმი არ მოიყვანეს. მდგმურები შეთანხმდნენ და ერთმანეთს სიტყვა მისცეს, მთელი ღამე რიგრიგობით თავს დასდგომოდნენ და მოევლოთ სემიონ ივანოვიჩისთვის და, თუ რამ მოხდებოდა, სხვები მაშინვე გაეღვიძებინათ. იმ მიზნით, რომ არ დასძინებოდათ, ბანქოს ჩაუსხდნენ, ავადმყოფი კი ლოთ მეგობარს ჩააბარეს, რომელიც მთელ დღეს მასთან დარჩა და ღამის გათევაც კი ითხოვა. რადგან უფულოდ თამაშობდნენ და ეს მეტისმეტად უინტერესო იყო, მალე მოიწყინეს. თამაშს თავი დაანებეს, შემდეგ რაღაცაზე კამათი დაიწყეს, ახმაურდნენ და ბოლოს თავ-თავიანთ კუთხეს მიაშურეს, სადაც კიდევ დიდხანს ჩხუბობდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. და რადგან ამან ყველანი გააგულისა, მორიგეობა აღარ მოინდომეს და დაიძინეს. მალე ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, როგორიც ცარიელ სარდაფშია ხოლმე, მით უმეტეს, რომ საშინლად ციოდა. ყველაზე ბოლოს ოკეანოვმა დაიძინა. `არ ვიცი, _ ამბობდა ის შემდეგ. _ ცხადად თუ სიზმარში, გარიჟრაჟზე მომეჩვენა, თითქოს ჩემ გვერდით ორი კაცი ლაპარაკობდა~. ოკეანოვი ამბობდა, ზიმოვეიკინი ვიცანიო. ზიმოვეიკინმა მის გვერდით მწოლიარე ძველი მეგობარი რემნევი გააღვიძა და დიდხანს ჩურჩულებდნენ: შემდეგ ზიმოვეიკინი გავიდა. ოკეანოვს მოესმა, როგორ ცდილობდა იგი გასაღებით გაეღო სამზარეულოს კარი. გასაღები კი, _ როგორც შემდეგში დიასახლისი ირწმუნებოდა, _ თავქვეშ მედო და სწორედ იმ ღამეს დაიკარგაო. ბოლოს, _ განაგრძობდა ისევ ოკეანოვი, _ მომესმა, თითქოს ავადმყოფთან შევიდნენ თეჯირს უკან და სანთელი აანთეს. ამის მეტი არაფერი ვიცი, თვალები დამეხუჭა, გაღვიძებით კი ყველასთან ერთად გამეღვიძა, როცა ყველანი უკლებლივ წამოცვივდნენ ლოგინებიდან, რადგან თეჯირს უკნიდან ისეთი ყვირილი მოისმა, მკვდარსაც კი ფეხზე წამოაყენებდაო. _ ამ დროს ბევრს ისე მოეჩვენა, თითქოს სანთელი, თეჯირს უკან რომ ენთო, ჩაქრა. ატყდა ალიაქოთი, ყველას შეეშინდა, როგორც იყვნენ, ყველა ისე გაცვივდა იქით, საითაც ყვირილი მოისმა. მაგრამ თეჯირს უკან ფაციფუცი, ყვირილი, გინება და ჩხუბი ატყდა. ამ დროს სინათლე რომ აანთეს, დაინახეს, ზიმოვეიკინი და რემნევი ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, ორთავენი იგინებოდნენ და რაღაცაში ამტყუნებდნენ ურთიერთს; როგორც კი სინათლე მიანათეს, ერთმა დაიყვირა: `მე კი არა, აი ამ ყაჩაღმა!~ მეორემ კი, სწორედ ზიმოვეიკინმა, დაიძახა: `ხელი არ მახლოთ, უდანაშაულო ვარ; თუ გინდ ახლავე დავიფიცებ!~ არც ერთს ადამიანის ფერი არ ედო; მაგრამ პირველ წუთებში მათთვის ვიღას ეცალა; ავადმყოფი თავის ძველ ადგილას, თეჯირს უკან აღარ იყო. მოჩხუბრები გააშველეს, საწოლს მოაცილეს და დაინახეს, რომ ბატონი პროხარჩინი საწოლქვეშ ეგდო, ალბათ სრულიად უგონოდ, ჩავარდნის დროს საბანი და ბალიშიც თან ჩაეთრია, ასე რომ ლოგინზე მხოლოდ ცარიელი, ძველი, გაქონილი ლეიბი იყო (ზეწარი არასოდეს უხმარია). სემიონ ივანოვიჩი ამოათრიეს, ლეიბზე დადეს, მაგრამ მაშინვე შეატყვეს, დიდი დავიდარაბა საჭირო აღარ იყო, კვდებოდა; ხელები უცივდებოდა და თვითონაც ძლივს ედგა პირში სული. თავზე დაადგნენ: ის ჯერ კიდევ ოდნავ ცახცახებდა და მთელი სხეულით თრთოდა, რაღაცა სწადდა გაეკეთებინა ხელებით, ენას ვეღარ აბრუნებდა, თვალებს კი ისე ახამხამებდა, როგორც ახამხამებს ხოლმე თბილი, ცოცხალი თავი, რომელიც ჯალათმა ეს-ეს არის ნაჯახით ტანს მოაშორა. ბოლოს თანდათან დამშვიდდა; შეწყდა სულთმობრძავის თრთოლვა და კრუნჩხვებიც; ბატონმა პროხარჩინმა ფეხი გაჭიმა და თავის კეთილ საქმეებსა და ცოდვებს გამოუდგა. რაღაცის შეეშინდა სემიონ ივანოვიჩს თუ სიზმარი ნახა ასეთი, როგორც შემდეგში რემნევი ირწმუნებოდა, ან სხვა რამ ცოდვა დატრიალდა _ არავინ იცის; საქმე ის იყო, რომ ახლა თუნდაც ეკზეკუტორი მოსულიყო მის ბინაში და თავისუფალი აზროვნების, ჩხუბისთავობისა და ლოთობისთვის პირადად აბშიდი გამოეცხადებინა სემიონ ივანოვიჩისთივს, თუნდაც მისი რძლის სახით მეორე კარიდან შემოსულიყო მათხოვარი ჭორიკანა დედაკაცი, თუნდაც თვით სემიონ ივანოვიჩი ორასი მანეთით დაესაჩუქრებინათ, დაბოლოს, სახლს ცეცხლი წაჰკიდებოდა და სემიონ ივანოვიჩსაც მოსდებოდა, შეიძლება თითიც არ გაენძრია ასეთი ამბების გაგებისას. ვიდრე პირველმა გაოცებამ გაიარა, ვიდრე დამსწრეთ ენა ამოიდგეს, სხვადასხვა აზრისა და ეჭვის გამოთქმა დაიწყეს და აურზაური ატეხეს, ვიდრე უსტინია ფეოდოროვნა საწოლქვემოდან სკივრს ექაჩებოდა, აჩქარებით ბალიშისა და ლეიბის ქვეშ ხელებს აფათურებდა და სემიონ ივანოვიჩის ჩექმაშიც იქექებოდა, ვიდრე რემნევის და ზიმოვეიკინის დაკითხვას აწარმოებდნენ, მდგმურმა ოკეანოვმა, აქამდე რომ არცთუ დიდი ჭკუის პატრონ, წყნარ და ჩუმ მდგმურად ითვლებოდა, უეცრად მხნეობა მოიკრიბა, თავისი ნიჭი და უნარი გამოიჩინა, ქუდს წამოავლო ხელი და ამტყდარ ხმაურში ბინიდან გაძვრა. როცა უთავობამ და არეულობამ უკანასკნელ წერტილს მიაღწია აქამდე მშვიდ, ახლა კი აფორიაქებულ ბინაში, კარი გაიღო და უეცრად მეხივით თავს დაეცათ ჯერ კეთილშობილური გარეგნობის ვაჟბატონი, მკაცრი, მაგრამ უკმაყოფილო სახით, მას უკან მოჰყვა იაროსლავ ილიჩი, იაროსლავ ილიჩს მოსდევდა მთელი მისი მრევლი და ყველა, ვინც ამ დროს საჭიროა. ყველაზე ბოლოს კი _ დარცხვენილი ოკეანოვი. მკაცრი, მაგრამ კეთილშობილური გარეგნობის ვაჟბატონი პირდაპირ სემიონ ივანოვიჩთან მივიდა, მაჯა გაუსინჯა, დაიღრიჯა, მხრები აიჩეჩა და განაცხადა ყოვლად ცნობილი ამბავი, სახელდობრ, რომ განსვენებული უკვე მკვდარია და დაუმატა, ამ დღეებში ასეთი რამ დაემართა ერთ საპატიო, დიდ ბატონს, რომელიც ასევე ძილში მიიცვალაო. შემდეგ კეთილშობილური გარეგნობის, მაგრამ უკმაყოფილო სახის მქონე ვაჟბატონი საწოლს მოშორდა, თქვა, ტყუილად შეგიწუხებივართო, და წავიდა, მისი ადგილი მაშინვე იაროსლავ ილიჩმა დაიკავა (ამასობაში რემნევი და ზიმოვეიკინი ჩააბარეს, ვისაც ჯერ არს). იაროსლავ ილიჩმა გამოჰკითხა ზოგიერთებს, მარჯვედ დაეუფლა სკივრს, რომლის გახსნასაც დიასახლისი უკვე ცდილობდა, ჩექმა ძველ ადგილას დააწყო, თანაც თქვა, გაცვეთილი და სრულიად უვარგისიაო. ბალიში უკან მოატანინა, ოკეანოვი მიიხმო, სკივრის გასაღები მოსთხოვა, რომელიც ლოთი მეგობრის ჯიბეში აღმოჩნდა და დიდის ამბით, იმათი თანდასწრებით, ვინც საჭირო იყო, გახსნა სემიონ ივანოვიჩის ავლადიდება. ყველაფერი ადგილზე აღმოჩნდა: ორი ჩვარი, ერთი წყვილი წინდა, პატარა თავსახვევი, ძველი შლაპა, რამდენიმე ღილი, ძველი ლანჩები და ჩექმის ყელები, _ ერთი სიტყვით, ყოველგვარი ხარახურა და ნაყარნუყარი, რომელსაც დაძველებული საქონლის სუნი ასდიოდა; მხოლოდ გერმანული კლიტე ვარგოდა. დაუძახეს ოკეანოვს, მკაცრად დაჰკითხეს, მაგრამ ოკეანოვი მზად იყო ხატზე დაეფიცა. ბალიში მოითხოვეს, კარგად გასინჯეს: ძალზე ჭუჭყიანი იყო, თორემ სხვა მხრივ სავსებით ჰგავდა ბალიშს. ლეიბს მიადგნენ, აწევა მოინდომეს, მაგრამ შეჩერდნენ, დაფიქრდნენ, უეცრად, სრულიად მოულოდნელად, რაღაც მძიმე საგანი წკრიალით გაგორდა იატაკზე. დაიკუზნენ, ხელები მოაფათურეს და ქაღალდში გახვეული შეკვრა იპოვეს, ქაღალდი გახსნეს და შიგ გახვეული ათიოდე მანეთიანი ნახეს. `ოჰოჰო!~ _ თქვა იაროსლავ ილიჩმა და თან ლეიბის გახეულ ადგილზე მიათითა, საიდანაც ძუა და ბამბა მოჩანდა. გახეული ადგილი გასინჯეს და დარწმუნდნენ, ეს-ეს არის დანით იყო ნახევარ არშინზე გაჭრილი; ხელი შეყვეს და გამოიღეს, ალბათ, ფაციფუცში ჩარჩენილი დანა, რომლითაც ლეიბი გაეჭრათ. იაროსლავ ილიჩმა ვერ მოასწრო გაჭრილი ადგილიდან დანა გამოეღო და კიდევ ეთქვა: `ოჰოჰო!~ რომ მაშინვე მეორე შეკვრა გადმოვარდა, _ მას კი ორი ათათშაურიანი მოჰყვა, შემდეგ ხუთშაურიანი, რაღაც ხურდები და ძველებური ვეება შაურიანი. ყველაფერი ეს მყისვე აკრიფეს. აქვე იფიქრეს, რომ სჯობდა, ლეიბი მთლიანად გაერღვიათ მაკრატლით და მაკრატელი მოითხოვეს... ამასობაში მთლად მილეული ქონის სანთლის შუქი მეთვალყურისთვის მეტად საინტერესო სცენას ანათებდა. უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილ ათიოდე დაუვარცხნელ, გაუპარსავ, პირდაუბანელ, გამოუძინებელ მდგმურს იმ სახით, როგორიც იყვნენ დაძინების წინ, თავი მოეყარა საწოლთან. ზოგი მეტისმეტად გაფითრებულიყო, ზოგს შუბლი გაოფლიანებოდა, ზოგს აციებდა, ზოგს აცხელებდა. მთლად გამოთაყვანებული დიასახლისი ჩუმად იდგა, ხელები დაეკრიფა და იაროსლავ ილიჩის წყალობას ელოდა. ღუმლიდან შეშინებული ცნობისმოყვარეობით იცქირებოდნენ მოსამსახურე ავდოტია და დიასახლისის საყვარელი კატა; გარშემო ეყარა დაგლეჯილი და დამსხვრეული თეჯირის ნაწილები; თავახდილ სკივრს მთელი თავისი უბადრუკი შიგნეული გამოეფინა. აქვე ეგდო ლეიბიდან გადმოცვენილი ბამბის ნაგლეჯებით დაფარული საბანი და ბალიში, ხოლო ხის სამფეხა მაგიდაზე ბრჭყვიალი გაჰქონდა ვერცხლისა და სხვადასხვა მონეტების გროვას, რომელიც თანდათან იზრდებოდა. მხოლოდ სემიონ ივანოვიჩმა შეინარჩუნა გულგრილობა. ის მშვიდად იწვა საწოლზე და გეგონებოდათ, სრულებით ვერ გრძნობდა თავის გაღატაკებასო. როცა მაკრატელი მოიტანეს და იაროსლავ ილიჩის თანაშემწემ, ურროსის საამებლად, ცოტა არ იყოს, მოუთმენლად ასწია ლეიბი, რათა მისი პატრონისთვის გამოეცლია იგი, სემიონ ივანოვიჩმა, ზრდილობის გამო, ჯერ პატარა ადგილი დაუთმო, მერე კი გვერდზე გადაგორდა და მძებნელებს ზურგი შეაქცია; მეორე ბიძგის შემდეგ გულდაღმა დაწვა, ბოლოს კიდევ გაიწია და, რადგან საწოლს უკანასკნელი გვერდითი ფიცარი აკლდა, უეცრად, სრულიად მოულოდნელად, თავქვე ჩავარდა შიგ. ახლა საწოლიდან მოჩანდა მხოლოდ მისი ორი გაძვალტყავებული, გამხდარი, გალურჯებული ფეხი, დამწვარ ხის ორ ტოტს რომ ჰგავდა. რადგან ბატონმა პროხარჩინმა ამ დილით უკვე ორჯერ ჩაჰყო თავი საწოლქვეშ, ხალხს ეჭვი შეეპარა და ზინოვი პროკოფიევიჩის მეთაურობით ისინიც შეძვრნენ, რათა ენახათ, ხომ არაფერია იქაც დამალულიო. მაგრამ მძებნელებმა მხოლოდ ამაოდ მიარტყეს ერთმანეთს შუბლები. ხოლო როცა იაროსლავ ილიჩმა შეუყვირა და უბრძანა, ახლავე ამოეყვანათ სემიონ ივანოვიჩი ბილწი ადგილიდან, ორი უკეთილგონიერესი პიროვნება ორთავ ხელით ჩაეჭიდა ცალ-ცალ ფეხში მიცვალებულს, მოულოდნელი კაპიტალისტი საწოლს ქვემოდან ამოათრიეს და ზედ გარდიგარდმო დადეს. ამასობაში ირგვლივ ძუებისა და ბამბის ნაგლეჯების კორიანტელი დადგა, ვერცხლის გროვა უფრო და უფრო იზრდებოდა და _ ღმერთო ჩემო! რას არ ნახავდა აქ კაცი... კეთილშობილ მანეთიანებს, დარბაისლურ მანეთნახევრიანებს, ლამაზ ათშაურიან მონეტებს, მდაბიურ ხუთშაურიანებს, აბაზიანებს, მოხუცი დედაბრის ნაქონ ორშაურიანებს და ვერცხლის შაურიანებს _ კოხტად და წესიერად გახვეულს ცალ-ცალკე ქაღალდებში. იშვიათი რამეებიც იყო: რაღაც ორი ჟეტონი, ერთი ნაპოლეონდორი, ერთი ცუნობი, მაგრამ მეტად იშვიათი პატარა მონეტა... ზოგიერთი მანეთიანიც ასევე უძველეს დროს ეკუთვნოდა; იყო ელისაბედის დროინდელი გაცვეთილი მონეტები, გერმანული ჯვრიანი ფულები, პეტრესა და ეკატერინეს დროს მოჭრილებიც; იყო, მაგალითად, სრულიად გაქექილი, მაგრამ ამჟამად მეტად იშვიათი ძველი სამშაურიანები, საყურეებად რომ დაეხვრიტათ, მაგრამ კანონით დაწესებული ყველა წერტილი შერჩენოდათ, იყო სპილენძის ფულიც ოღონდ უკვე გამწვანებული და დაჟანგული... ერთი წითელი ქაღალდიც აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი _ მეტი არა. ბოლოს, როცა ლეიბის ანატომია დამთავრდა, მისი პირი მრავალჯერ დაფერთხეს და გაიგეს რომ აღარაფერი წკრიალებდა, ფული მთლიანად მაგიდაზე დადეს და დათვლას შეუდგნენ. ერთი შეხედვით კაცი ადვილად შეიძლება მოტყუებულიყო და ეფიქრა, მილიონიაო! მაგრამ მილიონი არ იყო, თუმცა თანხა მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა, _ ზუსტად ორი ათას ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი მანეთი და ათი შაური, ხოლო გუშინ ზინოვი პროკოფიევიჩს რომ ხელმოწერა ჩაეტარებინა, შეიძლება სულაც ორი ათას ხუთასი მანეთი ყოფილიყო ასიგნაციებით. ფული წაიღეს, მიცვალებულის სკივრი დალუქეს, დიასახლისის ჩივილი მოისმინეს და უთხრეს, სად და როდის უნდა წარედგინა ცნობა გარდაცვლილის ვალის თაობაზე. ვისაც საჭირო იყო, ხელწერილი ჩამოართვეს, რძალიც ახსენეს, მაგრამ რაკი დარწმუნდნენ, რომ რძალი, ასე ვთქვათ, მითი იყო, ესე იგი სემიონ ივანოვიჩის წარმოსახვის ნაკლოვანების შედეგი, რასაც, როგორც გამოკითხვით გაიგეს, მრავალჯერ უსაყვედურებდნენ განსვენებულს, მაშინ მიატოვეს ეს იდეა, როგორც უსარგებლო, მავნე და ბატონ პროხარჩინის კეთილი სახელის შემბღალავი; საქმე ამით დამთავრდა. როცა პირველმა შიშმა გაიარა, როცა მოისაზრეს და გაიგეს, ვინც იყო მიცვალებული, დამშვიდდნენ, მიჩუმდნენ და რაღაც უნდობლობით დაუწყეს ერთმანეთს ცქერა. ზოგმა მეტად ახლოს მიიტანა გულთან სემიონ ივანოვიჩის საქციელი და თითქოს ეწყინათ კიდეც... თურმე რა კაპიტალი შეუგროვებია ამ კაცს! მარკ ივანოვიჩმა სიმშვიდე შეინარჩუნა, არ დაიბნა და დაიწყო ამის ახსნა, თუ რამ შეაკრთო და შეაშინა ასე უეცრად სემიონ ივანოვიჩი; მაგრამ უკვე ყურს არავინ უგდებდა. ზინოვი პროკოფიევიჩი რატომღაც მეტისმეტად ჩაფიქრებული იყო, ოკეანოვმა ცოტა გადაჰკრა, დანარჩენები მოიკუნტნენ, პატარა კაცუნა კანტარიოვი, ცხვირი ბეღურას ნისკარტს რომ მიუგავდა, საღამოთი სხვა ბინაზე გადავიდა. წასვლის წინ გულმოდგინედ დაგმანა ყველა თავისი სკივრი, შეკრა ფუთები და ცივად აუხსნა ცნობისმოყვარეებს, მძიმე დრო და აქ ცხოვრება ძვირი მიჯდებაო. დიასახლისი კი გაუჩერებლივ გაჰკიოდა და წყევლიდა სემიონ ივანოვიჩს, ჩემისთანა უპატრონო ქალს აწყენინაო. ჰკითხეს მარკ ივანოვიჩს, განსვენებული ფულს რატომ ლომბარდში არ ინახავდაო? _ ჭკუა არ ეყო, _ უპასუხა მარკ ივანოვიჩმა. _ თქვენც კაი ბრიყვი ყოფილხართ, _ ჩაულაპარაკა ოკეანოვმა დიასახლისს, _ ოცი წელი თქვენთან იდგა კაცი ერთმა წკიპურტმა წააქცია, თქვენ კი ამ დროს შჩის ხარშავდით და ვერ მოიცალეთ!.. ეჰ!.. _ ეჰ, ის საცოდავი, ისა! _ განაგრძობდა დიასახლისი, _ ლომბარდი რად უნდოდა! ცოტა რამ რომ მოეცა ჩემთვის და ეთქვა: მიიღე, უსტინიუშკა, აი ეს წყალობა, შემინახე, ვიდრე ამ მიწაზე დავიარებიო, _ ღმერთი გამიწყრეს, ვაჭმევდი, ვასმევდი, მოვუვლიდი. აჰ, ის ურცხვი, მატყუარა ისა! მომატყუა მე უბედური!... ისევ სემიონ ივანოვიჩის ლოგინთან მივიდნენ. ახლა როგორც წესი და რიგია, ისე იწვა, ეცვა თავისი საუკეთესო, თუმცა ერთადერთი ტანსაცმელი. გაყინული ნიკაპი, ცოტა არ იყოს, უხეიროდ შეკრულ ჰალსტუხში ჩაემალა. იყო გაბანილი და თმადავარცხნილი, თუმცა გაუპარსავი, იმიტომ, რომ სამართებელი არავის აღმოაჩნდა: ერთადერთი, რომელიც ზინოვი პროკოფიევიჩის საკუთრებას შეადგენდა, ჯერ კიდევ შარშან დაბლაგვდა და ხელსაყრელ ფასში გაყიდეს ძველმანების ბაზარში; დანარჩენები კი სადალაქოში დადიოდნენ. ოთახის დალაგება ჯერ ვერ მოესწროთ. დამსხვრეული თეჯირი ისევ ისე იატაკზე ეგდო და სემიონ ივანოვიჩის განმარტოებული კუთხე გაეშიშვლებინა, თითქოსდა იმის ნიშნად, რომ სიკვდილი ფარდას ხდის ყველა ჩვენს საიდუმლოებას, ინტრიგებსა და ხრიკებს. ლეიბის შიგანიც გროვა-გროვად ეყარა ირგვლივ. მთელ ამ ასე ერთბაშად გაცივებულ კუთხეს პოეტი ადვილად შეადარებდა `მეოჯახე~ მერცხლის დანგრეულ ბუდეს: ქარიშხალს ყველაფერი დაუმსხვრევია და დაუგლეჯია, ბარტყებიც მოუკლავს დედასთან ერთად და მათ გარშემო მიმოუფანტავს ბუმბულის, ფრთებისა და ბამბისგან ნახელავი თბილი საწოლი. თუმცა სემიონ ივანოვიჩი უფრო ბებერ, თავკერძა და ქურდ ბეღურასავით გამოიყურებოდა. დადუმებული იწვა, თითქოს სულგანაბული, ვითომ დამნაშავეც კი არ იყო, ვითომ თვითონ არ მოეწყო ოინი, რომ უსირცხვილოდ, უნამუსოდ და უზრდელად მოეტყუებინა კეთილი ადამიანები. მას უკვე აღარ ესმოდა დაობლებული და განაწყენებული დიასახლისის მოთქმა და ტირილი. პირიქით, გამოცდილი და გაქნილი კაპიტალისტივით, კუბოშიც კი რომ არ სურს წუთითაც უსაქმოდ იწვეს, თითქოს რაღაც სპეკულაციურ ანგარიშზე ფიქრს მოეცვა. სახეზე რაღაც ღრმა აზრი აღბეჭდვოდა, ტუჩები ისე მრავლისმეტყველად მოეკუმა, რომ კაცი ვერ წარმოიდგენდა, სიცოცხლეში თუ სემიონ ივანოვიჩს ასეთი გამომეტყველება შეიძლება ჰქონოდა. თითქოს დადინჯებულიყო კიდეც. მარჯვენა თვალი ეშმაკურად მოეჭუტა, გეგონებოდათ, რაღაც სურდა ეთქვა, რაღაც მეტად საჭირო ამბავი ეუწყებინა, აეხსნა, თანაც ახლავე, სასწრაფოდ, დროს დაუკარგავად, იმიტომ რომ ბევრი საქმე ჰქონდა და არ ეცალა. თითქოს ისმოდა: `აბა, რას სჩადი, გეყოფა, გესმის, შე სულელო დედაკაცო, შენა! ნუ ფშლუკუნებ! გამოფხიზლდი, გეთაყვა, გესმის, გამოფხიზლდი! მე მოვკვდი, ახლა საჭირო აღარ არის; რაც მართალია, მართალია! კარგია ასე წოლა... მე, ესე იგი, გესმის, იმაზე არ ვამბობ; შე კიკო, შე კიკო! დედაკაცო, უნდა გაიგო; აი მე მოვკვდი; მაგრამ ვთქვათ და, ასე არ იყოს, ვთქვათ და არ მოვკვდი _ ვთქვათ და ავდგე, მაშინ რა იქნება, ჰა?!~