დოსტოევსკი თეოდორ
გაზიარება

უგვანო ანეკდოტი 

ეს უგვანო ანეკდოტი სწორედ იმ ხანებში მოხდა, როცა შეუკავებელი ძალითა და ასე გულის ამაჩუყებელი, მიამიტი აღმაფრენით დაიწყო ჩვენი საყვარელი მამულის აღორძინება, როცა მის სქელ და სახელოვან ვაჟიშვილებს ახალი მომავლისადმი დიდი მისწრაფებანი და იმედები აღეძრათ. იმხანად, ზამთრის ერთ უღრუბლო სუსხიან საღამოს, თუმცა თორმეტი უკვე დაწყებული იყო, სამი ფრიად დარბაისელი კაცი პეტერბურგის მხარეზე მდებარე ერთი მშვენიერი ორსართულიანი სახლის კეთილმოწყობილ კი არადა, დიახაც მდიდრულად მორთულ ოთახში დარბაისლურად საგულისხმო საგანზე საუბრობდა. სამთავეს გენერლის ეპოლეტები ამშვენებდა, სამივენი პატარა, მრგვალ მაგიდას უსხდნენ მშვენიერ რბილ სავარძლებში და შიგადაშიგ დინჯად, ნება-ნება ყლურწავდნენ შამპანურს. შამპანურის ბოთლიც იქვე, მაგიდაზე იდგა, ვერცხლის ლარნაკში ჩაცივებული. საქმე ის გახლდათ, რომ მასპინძელი, საიდუმლო მრჩეველი სტეფან ნიკიფოროვიჩ ნიკიფოროვი, სამოცდახუთი წლის უცოლო კაცი, ახალნაყიდ სახლში ახალმოსახლეობასა და ამ ზეიმს დამთხვეულ თავის დაბადების დღეს იხდიდა, რაც აქამდე არასოდეს გადაუხდია. თუმცა ზეიმის დარქმევა ცოტა მეტისმეტი იქნება; როგორც ვნახეთ, ორად ორი სტუმარი ჰყავდა, ორივე ბატონი ნიკიფოროვის ყოფილი თანამშრომელი და მისივე ყოფილი ხელქვეითი. სახელდობრ: ერთი ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი სემიონ ივანოვიჩ შიპულენკო და მეორე ივან ილიჩ პრალინსკი, ისიც ასევე ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. სტუმრები დაახლოებით ცხრა საათზე მობრძანდნენ, ჩაი მიირთვეს და ახლა ღვინოს შეექცეოდნენ. ორივემ იცოდა, რომ ზუსტად თორმეტის ნახევარზე მასპინძელს უნდა დაემშვიდობონ, რამეთუ მასპინძელი მისი დღე და მოსწრება სიზუსტის მიმდევარი ბრძანდებოდა. ბარემ ორ სიტყვას მასზეც მოგახ სენებთ: კარიერის დასაწყისში იგი ერთი წვრილფეხა, ხელმოკლე მოხელე გახლდათ, მთელი ორმოცდახუთი წელი უშფოთველად ეწეოდა ერთფეროვანი სამსახურის ჭაპანს, მშვენივრად უწყოდა, რა ჩინსაც მიაღწევდა, ჭირივით სძულდა, როცა ვინმე ვარსკვლავებს ეპოტინებოდა ცაში, თუმცა ორი ვარსკვლავი თვითონ უკვე მოეწყვიტა. არ უყვარდა, რა საქმეც უნდა ყოფილიყო, საკუთარი აზრი გამოეთქვა. ბუნებითაც პატიოსანი იყო, ანუ დიდად საძრახისი საქმე არასოდეს ჩაედინა; უცოლოდაც საკუთარმა თავკერძოობამ დააბერა, ჭკუა კარგად უჭრიდა, მაგრამ ჭკუის გამოჩენა კი ძალზე ეჯავრებოდა. მეტადრე არ წყალობდა ფეთხუმსა და აღტაცებული ბუნების ხალხს. სიცოცხლის მიწურულს საბოლოოდ ჩაითრია კეთილმოწყობილი ცხოვრების ტკბილმა, მომადუნებელმა ტალღებმა და მარტოობა შეიყვარა. მერე რა, რომ დროდადრო თვითონ დაბრძანდებოდა თავისზე უკეთეს ოჯახებში სტუმრად, საკუთარ სახლში სხვების მოწვევა ახალგაზრდობიდანვე სძულდა. ამ უკანასკნელ ხანს თუ გრანპასიანსს არ უჯდა, სავსებით კმაყოფილი იყო თავისი სასადილო საათის საზოგადოებით და, სავარძელში მთვლემარე, უშფოთველად უსმენდა საღამოობით ბუხრის თავზე შუქის ხუფის ქვეშ მდგარ ამ საათის წიკწიკს. შესახედაობა ფრიად რიგიანი ჰქონდა, სახე მუდამ გაპარსული, კარგად შენახული კაცის პირობაზე ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, იმედი იყო, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ჯენტლმენურ წესებსაც ზედმიწევნით იცავდა. სადღაც საკმაოდ თბილ ადგილზე იჯდა და რაღაცას ხელს აწერდა. ერთი სიტყვით, ყველა ჩინებულზე ჩინებულ ადამიანად მიიჩნევდა. თავისი წუთისოფელი მხოლოდ ერთი ოცნება _ ანუ სანუკვარი სურვილი ჰქონდა: ბატონკაცური და არა ფულიანი კაცის გემოვნებით ნაგები სახლი ეყიდა. ბოლოს ეს სურვილიც აისრულა: პეტერბურგის მხარეზე ერთი სახლი შეარჩია და იყიდა კიდეც. მართალია, ცოტა მოშორებით იყო, სამაგიეროდ კოხტა გახლდათ და თავისი ბაღიც ჰქონდა. ახალი სახლის პატრონის აზრით, ეს სიშორე უკეთესიც იყო: სტუმრები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა, ხოლო სადმე წასასვლელად მშვენიერი ორადგილიანი შოკოლადისფერი ეტლი ჰქონდა, კიდევ ორი ტანმორჩილი, მაგრამ ფეხმარდი ლამაზი ცხენი და მეეტლე მიხეი ჰყავდა. ორმოცი წლის განმავლობაში მომჭირნეობით შეძენილი ქონება ძალიან ახარებდა. ამიტომაც, როცა ახალი სახლი იყიდა და იქ გადავიდა, მისმა უშფოთველმა გულმა ისეთი სიამოვნება იგრძნო, სტუმრებიც კი დაპატიჟა თავის დაბადების დღეზე, თუმცა ამ დღეს აქამდე გულდაგულ უმალავდა ახლო ნაცნობებს. ერთი სტუმრის დაპატიჟებისას თავისი ანგარიშიც ჰქონდა. ახალ სახლში მან ზემო სართული დაიკავა, ხოლო ქვემოთ, ზუსტად ისეთივე წყობით განლაგებული ბინის გაქირავება განიზრახა. ბატონ ნიკიფოროვს სწორედ სემიონ ივანოვიჩ შიპულენკოს იმედი ჰქონდა, მდგმურად დამიდგებაო, და იმ საღამოს ერთი-ორჯერ კიდეც ჩამოუგდო ამ საკითხზე საუბარი. მაგრამ ბატონ შიპულენკოს გარკვევით ვერაფერი წამოაცდენინა. ამ უკანასკნელსაც დიდი ჭაპანწყვეტით მოუხდა ცხოვრებაში გზის გაკაფვა. ეს იყო შავთმიანი და შავქილვაშიანი კაცი, მუდამ ჩაყვითლებული ნაღვლის შეტევის გამო. ჰქონდა ოჯახი, ბუსავით სულ შინ იჯდა და მთელ სახლს მისი შიშით აკანკალებდა. სამსახურშიც თავდაჯერებული იყო, მშვენივრად იცოდა, რისი მიღწევა შეეძლო, კიდევ უკეთ _ რასაც ვერასოდეს მიაღწევდა. კარგი ადგილი ჰქონდა და სკამზე მაგრად იჯდა. ახალ წესებს, მართალია, ბოღმიანი თვალით უცქერდა, მაგრამ არც მაინცდამაინც აშფოთებდა ეს ამბავი: ფრიად დიდი რწმენა ჰქონდა საკუთარი თავისა და ცოტა არ იყოს, დამცინავი ღვარძლით უსმენდა ახალ თემებზე ივან ილიჩ პრალინსკის ლაქლაქს. თუმცა მეტ-ნაკლებად ყველანი იყვნენ შეჭიკჭიკებული, ისე რომ, თვით ბატონმა ნიკიფოროვმაც იკადრა ბატონ პრალინსკის ახალ წესებზე შედავებოდა. აქ მის აღმატებულება პრალინსკიზეც მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, მეტადრე, რომ სწორედ ის გახლავთ ჩემი მოთხრობის მთავარი გმირი. ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი ივან ილიჩ პრალინსკი ეს ოთხი თვეა, რაც მისი აღმატებულება, ანუ ახალგაზრდა გენერალი გახდა. ასაკითაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო, ასე ორმოცდასამი წლის. შესახედავად უფრო ახალგაზრდა ჩანდა და უყვარდა კიდეც ახალგაზრდულად თავის მოჩვენება. იცვამდა კოხტად და დარბაისლურად, ტანად მაღალი, ლამაზი კაცი გახლდათ, ფრიად ღირსებით ატარებდა საკმაოდ დიდ ორდენს ყელზე, პატარაობიდანვე ჰქონდა შეთვისებული რამდენიმე დიდკაცური ქცევა, ცოლი არ ჰყავდა და მდიდარი, დიდგვაროვანი ოჯახიშვილის შერთვაზე ოცნებობდა. საოცნებო ჯერაც ბევრი ჰქონდა, თუმცა ჭკუა არ აკლდა. შიგადაშიგ ლაპარაკი უყვარდა და სახელმწიფო მოღვაწის პოზებსაც იღებდა. თავად კარგი ოჯახიშვილი იყო, მამა გენერალი ჰყავდა, ყრმობის ნაზი ასაკიდანვე ხავერდ-ბატისტებში იზრდებოდა, სწავლობდა დიდკაცურ სასწავლებელში. და თუმცა იქიდან ბევრი ვერაფერი ცოდნა გამოიტანა, მაინც იმარჯვა და გენერლობას მიაღწია. უფროსებს ნიჭიერ კაცად მიაჩნდათ და დიდ იმედებსაც ამყარებდნენ. ბატონ ნიკიფოროვს, ვისი ხელმძღვანელობთაც დაიწყო და თითქმის გენერლობის მიღებამდე განაგრძობდა სამსახურს, თავის დღეში საქმიან კაცად არ ჩაუთვლია და არც იმედი დაუმყარებია მასზე. მაგრამ ის კი მოსწონდა, რომ პრალინსკი კარგი ოჯახიშვილი და შეძლებული კაცი იყო, ანუ დიდი სახლი ჰქონდა, მკვიდრად ნაგები, ჰყავდა მმართველი, ენათესავებოდა არცთუ პატარა ხალხს და გარდა ამისა ჩინებული თავდაჭერა იცოდა. ოღონდაც გულში ზედმეტად დიდი წარმოდგენისა და ქერქეტობისთვის ძრახავდა. თავად პრალინსკიც გრძნობდა ხოლმე ხანდახან, რომ თავმოყვარე იყო და ბევრ ისეთ რამეს თაკილობდა, რაც არ უნდა ეთაკილა. საკვირველია და, ზოგჯერ საოცარი სინდისის ქენჯნა და რაღაც სინანული აიტანდა. გულში მწარედ გაჰკრავდა ფიქრი, რომ არც ისე მაღლა-მაღლა დაფრენს, როგორც თვითონ ჰგონია. ამისთანა წუთებში, ასე განსაჯეთ და, რაღაც ჭმუნვა აიტანდა, მეტადრე თუ ბუასილი შემოუტევდა. თავის ცხოვრებას უიმედოდ მიიჩნევდა, აღარც თავისი სახელმწიფო მოღვაწის ნიჭი სწამდა, ცხადია, მხოლოდ გულში, საკუთარ თავს პარლერს, ანუ ყბედს ეძახდა, რაც ფრიად სასახელო იყო მისთვის, მაგრამ ხელს სულაც არ უშლიდა ნახევარი საათის შემდეგ კვლავ ამაყად აეწია თავი და ჯიუტად და მედიდურად ერწმუნა, რომ კიდევ მოასწრებდა საკუთარი ნიჭის გამოვლენას და არათუ წარჩინებული მოხელე, სახელმწიფო მოღვაწეც გახდებოდა, ვის სახელს დიდხანს არ დაივიწყებდა რუსეთი. შიგადაშიგ დიდების კვარცხლბეკებიც ელანდებოდა. აქედან ჩანს, რაოდენ შეუძლებელს ეპოტინებოდა, თუმცაღა გულში ღრმად და ცოტა არ იყოს, შიშითაც მალავდა ამ გაურკვეველ ოცნებებსა და იმედებს. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ეს გახლდათ პატიოსანი და, ასე განსაჯეთ, პოეტური სულის კაციც. უკანასკნელ წლებში უფრო და უფრო გაუხშირდა იმედგაცრუების მტკივნეული წუთები, მეტისმეტი გაღიზიანება და ეჭვიანობა დასჩემდა და ყოველი შეკამათება სწყინდა. მაგრამ განახლებულმა რუსეთმა უეცრად დიდი იმედი აღუძრა, ხოლო გენერლობამ ყველაფერი დააგვირგვინა. კაცს სიმხნევე მოემატა, წელში გაიმართა, თავი ასწია. ერთბაშად ენამჭევრობის ტრფიალმა აიტანა, გასაოცარი სისწრაფითა და გზნებით ათვისებულ ახალ იდეებზე გაუთავებლად ლაპარაკობდა. მთელ ქალაქს შემოუვლიდა, ოღონდ კი ლაპარაკის საშუალება მისცემოდა და ბევრ ოჯახშიც თავზე ხელაღებული ლიბერალის სახელი გაითქვა, რაც ძალიან სიამოვნებდა. ამ საღამოს ოთხმა ჭიქა შამპანურმა მეტისმეტად აუშალა ლაპარაკის საღერღელი. გადაწყვიტა თავის რწმენაზე მოექცია ბატონი ნიკიფოროვი, რომელსაც დიდი ხანია აღარ შეხვედრია, მაგრამ ყოველთვის პატივს სცემდა და უჯერებ და კიდეც ყველაფერს. ეს კია, რატომღაც ძველი აზრების კაცად თვლიდა და ამიტომ გასაოცარი სიფიცხით შეუტია. ბატონი ნიკიფოროვი თითქმის არაფერში შედავებია, მხოლოდ მზაკვრული იერით უსმენდა, თუმცა კი საუბრის საგანი მართლა აინტერესებდა. გაფიცხებული პრალინსკი, რომელსაც ეგონა, ცხარე კამათი გვაქვსო, იმაზე ხშირად ეწაფებოდა სასმელს, ვიდრე საჭირო იყო. ნიკიფოროვიც უმალ ბოთლს დაავლებდა ხელს და სასმისს უვსებდა. ეს კი უკვე რატომღაც ძალიან სწყინდა პრალინსკის, მეტადრე, რომ მის გვერდით მჯდომი შიპულენკო, ვისაც იგი განსაკუთრებული ზიზღით უცქერდა, უფრო მეტიც, მისი გესლისა და ღვარძლის გამო კიდეც უფრთხოდა, მეტისმეტად ვერაგულად დუმდა და უფრო ხშირად იკრიჭებოდა, ვიდრე საჭირო იყო. `ესენი, მგონი, ლაწირაკად მთვლიან~, _ თავში გაჰკრა ივან ილიჩს. _ არა, ბატონებო, დროა, რა ხანია უკვე დროა, _ განაგრძობდა ეშხში შესული გენერალი, _ კიდეც დაგვიგვიანდა. ჩემი აზრით, ჰუმანურობა, ხელქვეითებთან ჰუმანურობა უპირველესი საქმეა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინიც ადამიანები არიან. ჰუმანურობა ყოვლის მხსნელი და ყოვლის გადამრჩენია... _ ხი-ხი-ხი-ხი! _ გაისმა სემიონ ივანოვიჩის სავარძლიდან. _ ვერ გამიგია, ასე რატომ გვიწყრებით, _ თავაზიანი ღიმილით შეეკამათა ბოლოს სტეფან ნიკიფოროვიჩი, _ გამოგიტყდებით, ივან ილიჩ, და აქამდე ვერ გამიგია, თუ რას გვიხსნით. თქვენ ჰუმანურობას ანიჭებთ პირველ ადგილს. მაშასადამე, კაცთმოყვარეობას, არა? _ დიახ, თუნდაც კაცთმოყვარეობას. მე... _ მომითმინეთ ცოტა. რამდენადაც მესმის, საქმე მარტო ეს როდი გახლავთ. კაცთმოყვარეობა ყოველთვის მართებს ადამიანს. რეფორმა კი მარტო ამით არ ისაზღვრება. მან წამოჭრა უამრავი საკითხი, რაც გლეხობას, სასამართლოებს, მეურნეობას, მოიჯარადეებს, ზნეობას თუ... სხვასა და სხვას შეეხება. ასე რომ, ყველაფერმა ერთად შეიძლება წარმოქმნას, ასე ვთქვათ, დიდი მერყეობა. აი, რა გვაშინებს ჩვენ, და არა მარტო ჰუმანურობა... _ საქმე უფრო ღრმად გახლავთ, ბატონო ჩემო, დიახ, _ ჩაურთო ბატონმა შიპულენკომ. _ დიახაც მესმის და ნურც ის გეწყინებათ, სემიონ ივანოვიჩ, თუ საგნების ღრმად ჩაწვდომაში არ ჩამოგრჩებით, _ გესლიანად და მეტისმეტად მკვახედ მიუგო ივან ილიჩმა, _ ოღონდაც მაინც გავბედავ და შევნიშნავ, სტეფან ნიკიფოროვიჩ, რომ ვერც თქვენ გამიგეთ... _ ვერ გაგიგეთ, ბატონო ჩემო. _ მე კი მწამს და მუდამ იმ აზრს ვადგავარ, რომ ჰუმანურობა და სწორედ ხელქვეითთან ჰუმანურობა, მოხელე იქნება იგი, მწერალი, ყმა თუ გლეხი, შეიძლება, ასე ვთქვათ, მოსალოდნელ რეფორმათა თუ საერთოდ განახლების ქვაკუთხედად გამოდგეს. რატომ? იმიტომ. აი, მაგალითისთვის სილოგიზმი: მე ჰუმანური ვარ, მაშასადამე, ხალხს ვუყვარვარ. მენდობიან, სწამთ ჩემი, მაშასადამე, ვუყვარვარ... თუმცა არა, მე მინდა ვთქვა, რომ თუ სწამთ, მაშასადამე, რეფორმასაც იწამებენ, ასე ვთქვათ, საქმის არსს ჩასწვდებიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ზნეობრივად გადაეხვევიან და მეგობრულად, საფუძვლიანად გადაწყვეტენ ყველაფერს. რა გაცინებთ, სემიონ ივანოვიჩ? გაუგებარია? ბატონმა ნიკიფოროვმა უხმოდ აზიდა წარბები; გაკვირვებული ბრძანდებოდა. _ მე მგონი, ზედმეტი დავლიე, _ გესლიანად ჩაურთო ბატონმა შიპულენკომ, _ ამიტომაც ცოტა დავჩლუნგდი. ასე ვთქვათ, გონება დამიბნელდა, დიახ. პრალინსკის შეაჟრჟოლა. _ ვერ გავუძლებთ, _ უეცრად წარმოთქვა მცირეოდენი ჩაფიქრების შემდეგ ნიკიფოროვმა.
_ როგორ თუ ვერ გავუძლებთ? _ ჰკითხა ამ უეცარი და მოკლე შენიშვნით სახტად დარჩენილმა ივან ილიჩმა. _ დიახ, ვერ გავუძლებთ. _ ნიკიფოროვმა აღარ ისურვა უფრო ვრცლად განემარტა. _ არა, ბატონო, ჩემს თავზე პასუხს მე ვაგებ. _ ცოტა არ იყოს დაცინვით შეესიტყვა ივან ილიჩი. იმავე წუთს საათმა თორმეტის ნახევარი ჩამოჰკრა. _ სტუმრობასაც თავისი დრო აქვს, _ თქვა ბატონმა შიპულენკომ და ასადგომად წამოიწია. მაგრამ ბატონმა პრალინსკიმ დაასწრო, წამოდგა და ბუხარზე ჩამოდებული თავისი სიასამურის ქუდი აიღო. ნაწყენი იყურებოდა. _ მაშ, მოიფიქრებთ, სემიონ ივანიჩ? _ უთხრა გაცილებისას ნიკიფოროვმა. _ ბინაზე ბრძანებთ? მოვიფიქრებ, მოვიფიქრებ. _ თუ მოიფიქრებთ, მაშინვე მაცნობეთ. _ სულ საქმეებზე წუხხართ? _ თავაზიანად და ოდნავ ლაქუცით შენიშნა პრალინსკიმ და ქუდი აათამაშა. ისე ეჩვენა, თითქოს მისი აქ ყოფნა აღარავის ახსოვდა. ნიკიფოროვმა წარბები აზიდა და აღარაფერი თქვა, აქაოდა, სტუმრებს არ გაკავებთო. სემიონ ივანიჩი საჩქაროდ დაემშვიდობა. `კი ბატონო... რახან უბრალო თავაზიანობის არაფერი გესმით... თქვენი ნებაა~, _ გადაწყვიტა გუნებაში პრალინსკიმ და თითქმის დაუდევრად გაუწოდა ხელი ნიკიფოროვს. შემოსასვლელში ძვირფას, მსუბუქ ქურქში რომ გაეხვია, რატომღაც თვალი აარიდა სემიონ ივანიჩის გაქუცულ ენოტს. ორივე კიბეზე დაეშვა. _ მგონი, გაგვინაწყენდა ბებერი, _ ჩაულაპარაკა პრალინსკიმ დადუმებულ სემიონ ივანიჩს. _ არა მგონია, ვითომ რა მიზეზით? _ მიუგო იმან დინჯად და ცივად.
`ყურმოჭრილი ყმა!~ _ გაივლო გულში ივან ილიჩმა. პარმაღზე სემიონ ივანიჩს თავისი მარხილი მოჰგვარეს, შიგ შეუხედავი ტრედანა ცხენი ება. _ ეს რა უბედურებაა! სად ეშმაკებში წაიყვანა ტრიფონმა ჩემი ეტლი! _ შესძახა ივან ილიჩმა, როცა თავისი ეტლი ვერ დაინახა. აქეთ ეცა, იქით ეცა, _ ეტლი არა და არ ჩანდა. სტეფან ნიკიფოროვიჩის მსახურმა არაფერი იცოდა. ჰკითხეს სემიონ ივანიჩის მეეტლე ვარლამს, იმან უპასუხა, სულ აქ ტრიალებდა, ეტლიც აქ იდგა, ახლა კი სადღაც გაქრაო. _ უმსგავსობაა! _ ბრძანა შიპულენკომ, _ გნებავთ, მიგიყვანთ? _ ეს რა გათახსირებული ხალხია! _ გაცოფებით შეჰყვირა პრალინსკიმ. _ აკი მთხოვა მაგ წუპაკმა, ქორწილში გამიშვიო. აქ, პეტერბურგის მხარეს ვიღაც მაგისი ნათლიდედა თხოვდება თურმე, ჯანდაბას მისი თავი. სასტიკად ავუკრძალე, ფეხი არ მოიცვალო-მეთქი. სანაძლეოს ჩამოვალ, თუ იქ არ წაეთრია! _ მართლაც იქ წავიდა, _ ჩაურთო ვარლამმა, _ თქვა კი, ერთ წამში აქ გავჩნდებიო, ანუ დროზე მოვალო. _ აბა, აბა! თითქოს გული მიგრძნობდა! დამაცადოს ერთი! _ ერთი-ორჯერ პოლიციაში გააწკეპლინეთ, მაშინ ისწავლის ჭკუას, _ თქვა სემიონ ივანიჩმა. _ მაგაზე ნუ წუხხართ, სემიონ ივანიჩ! _ თუ გნებავთ, მართლა მოგიყვანთ. _ ბედნიერად იმგზავრეთ, გმადლობ. სემიონ ივანიჩი წავიდა. ივან ილიჩი ფეხით გაუყვა გზას. ძალიან გაბრაზებულ გუნებაზე იყო. `ახლა კი მორჩა, ახლა მე ვიცი შენი ამბავი, არამზადავ! ჯიბრზე ფეხით წავალ, რომ შეგრცხვეს და შეგეშინდეს! მოეთრევი და გაიგებ, ბატონი ფეხით წავიდაო... უნამუსო!~
პრალინსკის თავის დღეში ასე არავინ ულანძღავს, მაგრამ გულზე გახეთქილი და თანაც შეზარხოშებული იყო. რაკი სმა არ უყვარდა, რაღაც ხუთი-ექვსი ჭიქა უკვე თავში აუვარდა. ისე კი მშვენიერი საღამო იდგა. ყინავდა, მაგრამ ქარი არ ქროდა და საოცარი სიწყნარე სუფევდა. ცა ვარსკვლავებს მოეჭედა. სავსე მთვარე ნაზ ვერცხლისფერ შუქში ხვევდა მიდამოს. ივან ილიჩს ორმოცდაათიოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ სულ დაავიწყდა თავისი გასაჭირი, ისე იმოქმედა ამ მშვენიერმა საღამომ. საოცრად სასიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. შექეიფიანებულ ადამიანს ხომ გუნება სწრაფად ეცვლება. უკაცრიელ ქუჩაში უშნო ხის სახლებიც კი მოეწონა. `კარგია, ფეხით რომ წამოვედი, _ ფიქრობდა გუნებაში, _ ტრიფონისთვისაც კარგი გაკვეთილია და მეც ვისიამოვნე. რა ვუყოთ მერე? დიდ პროსპექტზე ხელად ვიშოვი მეეტლეს. მშვენიერი ღამეა! რა პატარა სახლებია აქ. ეტყობა, წვრილფეხა მოხელეები ცხოვრობენ... ვაჭრებიც ალბათ... ოჰოჰო, სტეფან ნიკიფოროვიჩ! მერედა რა დამყაყებული ხალხია ეს ბებრუცუნები! დიახ, დიახ, ბებრუცუნები, თუმცა ჭკუას ვერ წაართმევ, საღი აზრი აქვთ, საგნების ფხიზელი, პრაქტიკული გაგება; მაგრამ დაბერდნენ, დაბერდნენ კია! აღარა აქვთ... მოიცა, რა ჰქვია! ერთი სიტყვით, რაღაც აკლიათ... ვერ გავუძლებთო! ნეტავ რა იგულისხმა? დაფიქრდა კიდეც ამის თქმისას. თუმცა მე კი სრულებით ვერ გამიგო. ან რა იყო გაუგებარი? უფრო ძნელია ვერ გაიგო, ვიდრე გაიგო. რაც მთავარია, გულით მწამს. ჰუმანურობა... კაცთმოყვარეობა. ადამიანი თავის თავს დაუბრუნო... აღუდგინო საკუთარი ღირსება და მაშინ... მზა მასალით შეუდგე საქმეს. მგონი, ნათელია! დიახ, ბატონო! ნუ გეწყინებათ, თქვენო აღმატებულებავ, და სილოგიზმი აიღეთ: მაგალითად, შევხვდით ერთ მოხელეს, ღარიბს, დაბეჩავებულს. `აბა... ვინ ხარ?~ `მოხელე~. ძალიან კარგი, მოხელე. შემდეგ: `რა მოხელე ხარ?~ ესა და ეს. `მსახურობ?~ _ `ვმსახურობ!~ `გინდა ბედნიერი იყო?~
_ `მინდა~. `რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?~ ეს, ეს და ეს. `რატომ?~ იმიტომ... ჰოდა, ამ კაცს ჩემი ორი სიტყვიდან ესმის: ეს უკვე ჩემია, ასე ვთქვათ, უკვე გავაბი ბადეში, როგორც მინდა, ისე ვატრიალებ, ესე იგი მისივე სიკეთისთვის. დიდი წუპაკი ვინმეა ეს სემიონ ივანიჩი! ან რა წუპაკი სიფათი აქვს... პოლიციაში გააწკეპლინეო, _ განგებ მითხრა. _ არა, ძმაო, თუ გინდა, შენ გაწკეპლე, მე ვერ გავწკეპლავ. ტრიფონს სიტყვით მოვუვლი, საყვედურებით მოვიყვან ჭკუაზე, მაშინ იგრძნობს. წკეპლას რაც შეეხება, ჰმ... ეს საკითხი გადაუწყვეტელი რჩება, ჰმ... ემერანსთან ხომ არ შემევლო? ეს ოხერი წანწალები! _ შესძახა მან, ფეხი რომ დაუცდა. _ სატახტო ქალაქიც ამას ჰქვია! განათლებაც ამას ჰქვია! კაცი ფეხს მოიტეხ. ჰმ, უჰ, უჰ, როგორ მძულს ეს სემიონ ივანიჩი, დიდი წუპაკი სიფათი აქვს. ჩაიხითხითა, წეღან რომ ვთქვი: ზნეობრივად გადაეხვევიან-მეთქი. დიახაც გადაეხვევიან, რა შენი საქმეა? ნუ გეშინია, შენ მაინც არ გადაგეხვევი; გლეხს უფრო გადავეხვევი... გლეხი თუ შემხვდა, დაველაპარაკები კიდეც. თუმცა მთვრალი ვიყავი და იქნებ ისე ვერა ვთქვი. მგონი, ახლაც ისე ვერ ვამბობ... ჰმ. თავის დღეში აღარ დავლევ. იყბედებ, იყბედებ საღამოს და მეორე დღეს ნანობ. მერე რა, ხომ არ ვბანცალებ... თუმცა ყველა კაი არამზადაა! ასე არეულად, უთავბოლოდ მსჯელობდა ივან ილიჩი და გზას მიჰყვებოდა. სუფთა ჰაერმა იმოქმედა და გუნება აუშალა. ხუთიოდე წუთის შემდეგ დამშვიდდებოდა და ძილი მოუნდებოდა. მაგრამ უცბად დიდი პროსპექტიდან თითქმის ორ ნაბიჯზე მუსიკის ხმა მოესმა. მიიხედ-მოიხედა. ქუჩის მეორე მხარეზე ერთ ძველ, ერთსართულიან გრძელ ხის სახლში დიდი ქეიფი იყო. ზუზუნებდა ვიოლინოები, წრიპინებდა კონტრაბასი, აჭყვიტინებდა ფლეიტა კადრილის მხიარულ ჰანგს. ფანჯრებთან მაყურებლები მიმდგარიყვნენ, მეტწილად დაბამბულთავსაფრიანი დედაკაცები და დარაბის ჭუჭრუტანებში იჭყიტებოდნენ, რამე დავინახოთო. შიგ ალბათ დიდი მხიარულება სუფევდა. მოცეკვავეთა ფეხების ბრაგუნს მეორე მხარეს გაიგონებდი. ივან ილიჩმა შორიახლოს უბნის პოლიციელს მოჰკრა თვალი და მისკენ წავიდა. _ ეს ვისი სახლია, ძმაო? _ ჰკითხა და ზუსტად იმდენზე გადაიღეღა ძვირფასი ქურქი, რომ პოლიციელს კისერზე დაკიდებული საკმაოდ დიდი ორდენი დაენახა. _ მოხელე ფსელდონიმოვის გახლავთ, რეგისტრატორის, ბატონო, _ მიუგო უბნის პოლიციელმა და წინ გაეჭიმა. ორდენი უმალ შეამჩნია. _ ფსელდონიმოვის? ვაჰ! ფსელდონიმოვის... ვითომ რა? ცოლს თხოულობს? _ თხოულობს, თქვენო მაღალშობილებავ, ტიტულოვანი მრჩევლის ქალს თხოულობს. გვარად მლეკოპიტაევისა... გამგეობაში მსახურობდა. ამ სახლს მზითვში აძლევს თავის ქალს. _ მაშ, ეს უკვე ფსელდონიმოვის სახლია და არა მლეკოპიტაევის? _ ფსელდონიმოვის, თქვენო მაღალშობილებავ. მლეკოპიტაევის იყო, ახლა ფსელდონიმოვის გახლავთ. _ ჰმ. იმიტომ გეკითხები, ძმაო, რომ მისი უფროსი ვარ. იმ უწყების გენერლის, სადაც ფსელდონიმოვი მსახურობს. _ ეგრე გახლავთ, თქვენო აღმატებულებავ. _ პოლიციელი უფრო გაიჯგიმა. ივან ილიჩი კი ჩაფიქრდა. რაღაცას იხსენებდა... ჰო, ჰო, ფსელდონიმოვი მართლა მის უწყებაში მუშაობდა, სწორედ მისივე კანცელარიაში; იმ პატარა მოხელეთაგანი იყო, ვისი ჯამაგირი თვეში ათ მანეთს არ აღემატებოდა. პრალინსკიმ დიდი ხანი არაა, რაც კანცელარია ჩაიბარა. ამიტომ ყველა თავისი ხელქვეითი შეიძლება არც ხსომებოდა, მაგრამ ფსელდონიმოვი კი დაამახსოვრდა და ისიც მისი გვარის წყალობით. მაშინვე თვალში ეცა და დაინტერესდა ამ გვარის პატრონისთვის კარგად შეეხედა. ახლა მოაგონდა, რომ ჯერ სულ ახალგაზრდა ბიჭი იყო, ჰქონდა გრძელი კეხიანი ცხვირი, ღია ქერა ბურძგი თმა, გამჭლეული, ნაშიმშილევი სახე. ეცვა უბადრუკი ვიცმუნდირი და კიდევ უფრო სამარცხვინო შარვალი. გაახსენდა, მაშინვე რომ გაიფიქრა, რა იქნება, თუმნით მეტი მივცეთ ამ საცოდავს, უქმეზე მაინც გამოძღესო? მაგრამ რახან ამ საცოდავს თავ-პირი ჩამოსტიროდა და გამოხედვაც უსიამო, ზიზღის მომგვრელი ჰქონდა, ეს კეთილი ზრახვა თავისთავად გაქრა და ფსელდონიმოვიც ჯილდოს გარეშე დარჩა. ჰოდა, კიდევაც გაუკვირდა, როცა ამ ფსელდონიმოვმა ერთი კვირის წინ თხოვნა შემოიტანა, ცოლს ვირთავო. ივან ილიჩს გაახსენდა, რომ რატომღაც ვერ მოიცალა ამ საქმის დაწვრილებით გასარჩევად და ქორწილის საქმე ზერელედ, სახელდახელოდ გადაწყდა. მაგრამ ის კი კარგად ახსოვდა, რომ ფსელდონიმოვი მზითვად ხის სახლს და ორმოც თუმან ნაღდ ფულს იღებდა. ამ გარემოებამ მაშინაც გააოცა. ისიც ახსოვდა, რომ ფსელდონიმოვისა და მლეკოპიტაევის გვარების შეერთებაზე კიდევაც წაიოხუნჯა. მოიგონა ეს ყველაფერი და უფრო მეტად ჩაფიქრდა. მოგეხსენებათ, რომ თავში ზოგჯერ უამრავი ფიქრი გაგირბენს თვალის დახამხამებაში რაღაც შეგრძნების სახით, რაც ადამიანისა და მით უმეტეს ლიტერატურის ენაზე ძნელად გადმოითარგმნება. მაგრამ მაინც შევეცდებით ჩვენი გმირის ეს შეგრძნება გადმოვთარგმნოთ და მკითხველს თუნდაც ამ შეგრძნებათა არსი მივაწოდოთ, ასე ვთქვათ, ის, რაც მთავარია და თან სიმართლესაც ჰგავს. რამეთუ ჩვეულებრივ ენაზე გადმოთარგმნილი ჩვენი ბევრი შეგრძნება დაუჯერებელი შეიძლება მოეჩვენოს კაცს. ამიტომაც უჩინარნი რჩებიან ისინი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს. რაღა თქმა უნდა, პრალინსკის შეგრძნება და ფიქრები ცოტა არეული გახლდათ, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რატომაც. `ეეჰ! კაცმა რომ თქვას, ლაპარაკში ვერავინ გვაჯობებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, კაპიკია ჩვენი ფასი. აი, მაგალითად, თუნდაც ეს ფსელდონიმოვი ავიღოთ: კაცმა ჯვარი დაიწერა, ეკლესიიდან გულაჩქროლებული მოვიდა, იმედით, მოლოდინით აფორიაქებული... ეს მისი ცხოვრების უნეტარესი დღეა... ახლა სტუმრებს დაფუსფუსებს, ქეიფს მართავს _ მართალია, უბრალოსა და ღარიბულს, სამაგიეროდ მხიარულსა და გულწრფელს. ნეტავ რა მოუვა, რომ გაიგოს, მე, მისი უფროსი, მისი ყველაზე დიდი უფროსი ამ წუთს მის სახლთან ვდგავარ და მუსიკას ვუსმენ! მართლა რა მოუვა, ჰა? არა, მართლა რა დაემართება, რომ უცებ ავდგე და შევიდე? ჰმ... ცხადია, ჯერ დაფეთდება, დაბნეულობისგან ენა ჩაუვარდება. ჩემი მისვლა ხელს შეუშლის, იქნებ ყველაფერი ჩაუშალოს... დიახ, დიახ, სწორედ ასე მოხდება, ვინმე სხვა გენერალი რომ შევიდეს, მხოლოდ მე არა... საქმეც ისაა, ვინც გინდა, ჩემ გარდა... დიახ, სტეფან ნიკიფოროვიჩ! წეღან თქვენ ვერ გამიგეთ. მაგრამ აჰა, ბატონო, უტყუარი მაგალითიც. დიახ, ბატონო, ჩვენ, ყველანი, ბევრს გავყვირით ჰუმანიზმზე, გმირობის ჩადენა კი არავის შეგვიძლია. რა გმირობის? რა და ასეთის. აბა განსაჯეთ: საზოგადოების წევრების ახლანდელი დამოკიდებულების დროს ჩემი შესვლა, დიახ, დიახ, ჩემი შესვლა ღამის პირველ საათზე ჩემი ხელქვეითის, ათმანეთიანი რეგისტრატორის ქორწილზე ხომ არეულობას გამოიწვევს, ეს ხომ იდეათა შეტრიალებაა, პომპეის უკანასკნელი დღე, დომხალი! ამას ვერავინ გამიგებს. სტეფან ნიკიფოროვიჩი მოკვდება და ვერ გაიგებს. აკი თქვა: ვერ გავუძლებთო. დიახ, თქვენ ვერ გაუძლებთ, იმიტომ, რომ დაბერდით, იმიტომ რომ დამბლადაცემულები ხართ, იმიტომ, რომ დამყაყდით ხალხი, მე კი გა-ვუ-ძლებ! მე გადავაქცევ პომპეის უკანასკნელ დღეს ჩემი ხელქვეითებისთვის უნეტარეს დღედ, გაუგონარ საქციელს _ ჩვეულებრივ, პატრიარქალურ, მაღალი ზნეობის საქმედ. როგორ? როგორ და ასე. აბა, ყური მიგდეთ... დიახ... ვთქვათ და, შევედი: _ ყველა სახტად რჩება, ცეკვები წყდება, დაფეთებული მიცქერიან, უკან-უკან იხევენ. ასე, ბატონო, მაგრამ აქ ჩემს თავს ვაჩენ; პირდაპირ მივადგები შეშინებულ ფსელდონიმოვს და ალერსიანი ღიმილით უბრალოდ ვეტყვი: `ასეა და ასე-მეთქი საქმე, მის აღმატებულება სტეფან ნიკიფოროვიჩთან გახლდით, ვგონებ, იცი, აქ მეზობლად ცხოვრობს...~ შემდეგ ისე, ხუმრობით ვყვები ტრიფონის ამბავს. ტრიფონიდან იმაზე გადავდივარ, როგორ წამოვედი ფეხით: `ჰოდა, მუსიკა გავიგონე, პოლიციელს ვკითხე და შევიტყვე, რომ ცოლს თხოულობ, ძმაო. ვიფიქრე, მოდი, ჩემს ხელქვეითთან შევალ, დავხედავ, ჩემი მოხელეები როგორ ილხენენ და... ქორწინდებიან. მე მგონი, არ გამაგდებ!~ გამაგდებო! როგორი მოსასმენია ხელქვეითისთვის. რის გაგდება, რა გაგდება! მგონი, ჭკუაზე შეცდება კაცი, ჯარასავით დატრიალდება, უმალ სავარძელში ჩამსვამს, აღტაცებისგან აცახცახდება, პირველ წუთს გონზეც ვერ მოვა!.. განა რა უნდა იყოს ამ საქციელზე უბრალო და მოხდენილი! რისთვის შევედი? ეს სხვა საკითხია! ეს უკვე, ასე ვთქვათ, საქმის ზნეობრივი მხარეა. აქ მარხია ძაღლის თავი! ჰმ... რაზე ვფიქრობდი? ჰოო! რა თქმა უნდა, ყველაზე საპატიო სტუმართან დამსვამენ, ვინმე ტიტულოვანი მრჩევლის თუ გადამდგარი შტაბსკაპიტნის გვერდით, მათ წითელცხვირა ნათესავთან... დიდებულად ჰყავს აღწერილი ეს თავისებური ხალხი გოგოლს. რასაკვირველია, პატარძალსაც გამაცნობენ. მეც შევაქებ, სტუმრებს გავამხნევებ. ვთხოვ, არ მოგერიდოთ, იმხიარულეთ, იცეკვეთ-მეთქი, ვოხუნჯობ, ვიცინი, მოკლედ _ თავაზიანად და საამურად ვიქცევი, როგორც ყოველთვის, თუ ჩემი თავის კმაყოფილი ვარ... ჰმ... საქმეც ისაა, რომ, მგონი, ცოტა კიდევ... არა, მთვრალი კი არა, ასე ვთქვათ... ...რასაკვირველია, ჯენტლმენის პირობაზე ყველას ისე ვექცევი, როგორც ჩემს ტოლსა და სწორს, განსაკუთრებულ პატივს არ ვითხოვ... მაგრამ რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, ეს სხვა საქმეა: ისინი მიხვდებიან და დააფასებენ... ჩემი საქციელი გაუღვიძებთ ყველა კეთილშობილურ გრძნობას... ჰოდა, დავრჩები ნახევარი საათი... ჰა, ერთი საათი. ცხადია, ვახშმამდე წამოვალ. იცოცხლე, დაბზრიალდებიან, რას არ შეწვავენ და გამოაცხობენ, წელში გადატყდებიან ხვეწნით, მე კი მხოლოდ ერთ სასმისს დავლევ, დავლოცავ, ხოლო ვახშამზე უარს ვიტყვი. საქმეები მაქვს-მეთქი, მოვიმიზეზებ. `საქმეებს~ რომ ვიტყვი, ყველას სახე დაუგრძელდება და მოწიწება გადაეფინება. ეს ჩემგან თავაზიანი შეხსენება იქნება, თუ რა სხვაობაა ჩვენ შორის. ცა და დედამიწა. არა, კი არ მინდა ვაგრძნობინო, მაგრამ ხომ მაინც საჭიროა... რაც უნდა თქვა, ზნეობრივადაც აუცილებელია, თუმცა მაშინვე გავიღიმებ, გავიცინებ კიდევაც და ყველანი გამხნევდებიან... პატარძალსაც ისევე გავეხუმრები; ჰმ... იმასაც გადავუკრავ, ზუსტად ცხრა თვის თავზე ნათლიად გესტუმრებით-მეთქი. ჰეჰე! ის ალბათ ამ დროისთვის მოილოგინებს. ეგენი ხომ კურდღლებივით მრავლდებიან. ყველა გადაიხარხარებს, პატარძალი გაწითლდება. მე გრძნობით ვაკოცებ შუბლზე, დავლოცავ... და მეორე დღეს ჩემი გმირობის ამბავი მთელ კანცელარიას მოეფინება. მეორე დღეს კვლავ მკაცრი გავხდები, მეორე დღეს კვლავ მომთხოვნი ვიქნები, შეუბრალებელიც კი, მაგრამ ჩემი გულის ამბავი უკვე ყველას ეცოდინება. გაიგებენ, ვინც და რაც ვარ; `უფროსის კვალობაზე სასტიკია, როგორც ადამიანი კი ანგელოზიო!~ და გავიმარჯვებ კიდეც. დიდი არაფერია, მაგრამ ამ საქციელით, თქვენ რომ თავშიც არ მოგივათ, ეგენი უკვე ბადეში გავხვიე, ეგენი უკვე ჩემები არიან, მე _ მამა, ისინი _ შვილები... აბა, თუ ვაჟკაცი ხართ, მობრძანდით და ასე მოიქეცით, თქვენო აღმატებულებავ, სტეფან ნიკიფოროვიჩ... ... იცით კი, ან გესმით, რომ ფსელდონიმოვი მერე თავის შვილებს მოუყვება, თვით გენერალმა როგორ იქეიფა მის ქორ წილში! მისი შვილები თავიანთ შვილებს მოუყვებიან, ისინი შვილიშვილებს და ასე წმიდათაწმიდა ანეკდოტად გავრცელდება ეს ამბავი, წარჩინებულმა მოხელემ და სახელმწიფო მოღვაწემ (იმხნისთვის კი ერთიც ვიქნები და მეორეც) როგორ გახადა ისინი ღირსად... მე ხომ ამით დაბეჩავებულს ზნეობრივად წელში გავმართავ, მე ხომ მას საკუთარი თავის რწმენას დავუბრუნებ... ის ხომ თვეში ერთ თუმანს იღებს!.. მე რომ ხუთჯერ ან ათჯერ ასერიგად მოვიქცე, საქვეყნოდ ცნობილი გავხდები... ყველას გულზე დავეხატები. ამისთანა ცნობილი სახელით კი, ღმერთმა იცის, რას არ მოიხვეჭს კაცი!..~ ასე თუ ამდაგვარად მსჯელობდა ბატონი პრალინსკი (ბატონებო, განა ამისთანებს იტყვის ადამიანი თავის გულში, მეტადრე ესოდენ უცნაურ გარემოებაში). ამ ფიქრებმა გაურბინა რაღაც ნახევარი წუთის განმავლობაში თავში და იქნებ მართლა ამ ოცნებებით დაკმაყოფილებულიყო, იქნებ მხოლოდ გულში შეერცხვინა სტეფან ნიკიფოროვიჩი, შემდეგ კი არხეინად წასულიყო შინ და მშვიდად დაეძინა. მერედა რა კარგად მოიქცეოდა! მაგრამ ვაი რომ, ეს მხოლოდ წუთი იყო, უცნაური წუთი. თითქოს ჯიბრზე სწორედ იმ წუთს მოჩახჩახებულმა წარმოსახვამ უეცრად სტეფან ნიკიფოროვიჩისა და სემიონ ივანოვიჩის გაბღენძილი სახეები დაუხატა. _ ვერ გავუძლებთ! _ გაიმეორა სტეფან ნიკიფოროვიჩმა და ქედმაღლურად გაიღიმა. _ ხი-ხი-ხი! _ ბანი მისცა სემიონ ივანოვიჩმა ბილწზე ბილწი ღიმილით. _ აბა ვნახოთ, თუ ვერ გავუძლებთ! _ გადაწყვეტით თქვა ივან ილიჩმა და სახეზე სისხლი მოაწვა. მერე წანწალიდან ჩამოვიდა, მტკიცედ გადაჭრა ქუჩა და თავისი ხელქვეითის, რეგისტრატორ ფსელდონიმოვის სახლს მიაშურა. იგი წერას აეტანა, მას ბედისწერა მიაქროლებდა. მხნედ შევიდა ღია ჭიშკარში და ზიზღით ჰკრა ფეხი პატარა, გაბანჯგვლულ ფინიას, რომელიც უფრო თავის გამოსაჩენად, ვიდრე საქმისთვის, ჩახრინწული ყეფით შეუვარდა ფეხებში. გადახურულ პარმაღამდე ფიცარნაგით მიაღწია. შემდეგ აიარა დაძველებული კიბე და პაწაწკინტელა შესასვლელში ამოყო თავი. იქ, სადღაც კუთხეში სანთლის ნამწვი თუ სანათი ბჟუტავდა, მაგრამ ივან ილიჩმა მარცხენა კალოში მაინც ჩატუცა გასაცივებლად გადმოდგმულ გალანტირში. მან დაიხედა და დაინახა, რომ იქ კიდევ ორი ლანგარი იდგა რაღაც ლაბიანი კერძით და ორი ფორმაც, მგონი, ბლანმანჟეთი. გაჭყლეტილმა გალანტირმა, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა და წამით თავში გაუელვა: ხომ არ ჯობს გავიპაროო? მაგრამ ეს აზრი მეტისმეტ ლაჩრობად მიიჩნია. იფიქრა, მაინც არავის დავუნახავვარ, ჩემზე ვერც ვერავინ იფიქრებსო, საჩქაროდ გაწმინდა კვალის დასაფარავად კალოში, ქეჩით აკრული კარი ხელით მონახა, შეაღო და პაწაწკინტელა დერეფანში აღმოჩნდა. მისი ერთი ნახევარი შინელებს, ბეკეშებს, სალოფებს, კაპორებს, შარფებსა და კალოშებს დაეკავებინა. მეორეში მუსიკოსები დასკუპულიყვნენ. ორი ვიოლინო, ფლეიტა და კონტრაბასი _ სულ ოთხი კაცი _ რა თქმა უნდა, ქუჩიდან მოყვანილი, შეუღებავ ხის მაგიდას მისხდომოდნენ, წინ ერთი ქონის სანთელი ედგათ და გამყინავად, თავაწყვეტით აწრიპინებდნენ კადრილის ბოლო ცეკვას. დარბაზის ღია კარიდან, მტვრის ბუღში, თამბაქოს კვამლსა და ოხშივარში მოცეკვავენი მოჩანდნენ. იდგა ერთი ხორხოცი, ყიჟინა, ისმოდა ქალების კივილი. კავალრები ისე აბრაგუნებდნენ ფეხებს, ცხენების ესკადრონი გეგონებოდა. იმ სოდომში ცეკვების გამრიგეს ხმა ისმოდა, როგორც ჩანს, დიდი მოურიდებელი და წრეგადასული კაცის: `კავალრები წინ, შენ დე დამ, ბალანსე!~ და სხვა. ცოტა არ იყოს აღელვებულმა ივან ილიჩმა ქურქი და კალოშები გაიძრო და ქუდით ხელში ოთახში შევიდა. უკვე განსჯის თავიც არ ჰქონდა... პირველ წუთში ვერავინ შეამჩნია: ცეკვა მთავრდებოდა და ყველა ამით იყო გართული. ივან ილიჩი დარეტიანებულივით იდგა, ამ დომხალში ვერაფერი გაერჩია. თვალწინ უკრთოდა მანდილოსანთა კაბები, პაპიროსგაჩრილი კავალრები... ვიღაც ქალბატონის ღია ცისფერი შარფი ცხვირის წვერზე მოხვდა. ამ ქალს გახელებული აღტაცებით მიჰყვა თმაგაჩეჩილი სტუდენტი და საკმაოდ მაგარი მუჯლუგუნი უთავაზა. თვალწინ გაუელვა ბოძივით აყუდებულმა რომელიღაც პოლკის ოფიცერმა. ბრაგუნ-ბრაგუნით ჩაუქროლა ვიღაცამ და არაბუნებრივი ხმით დასჭყივლა: `ეჰეი, ფსელდონიმუშკა!~ ივან ილიჩს ფეხები ეწებებოდა: იატაკზე ალბათ სანთელი თუ წაესვათ. თუმცა ოთახი პატარა არ იყო, ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა. მაგრამ ერთი წუთის შემდეგ კადრილი დამთავრდა. დამთავრდა და თითქმის მაშინვე ის მოხდა, რაზეც წანწალზე ოცნებობდა. სტუმრებსა და მოცეკვავეებს შორის, რომლებმაც სულის მოთქმა და ოფლის მოწმენდა ვერ მოასწრეს, რაღაც უჩვეულო გუგუნი და ჩურჩული ატყდა. ყველას თვალი და ყველას მზერა შემოსულმა სტუმარმა მიიპყრო. შემდეგ ნელ-ნელა უკან-უკან დაიხიეს. ვისაც კი ივან ილიჩი ჯერ ვერ შეემჩნია, იმას ტანსაცმელზე ექაჩებოდნენ და გონს მოჰყავდათ. ისინიც მოიხედავდნენ და მაშინვე სხვებთან ერთად უკან აწყდებოდნენ. ივან ილიჩი ზღურბლზე იდგა გაუნძრევლად. მასა და სტუმრებს შორის თანდათან დიდდებოდა მანძილი. ცარიელი სივრცე იატაკზე დაყრილი კანფეტების ქაღალდებით, ბილეთებითა და პაპიროსის ნამწვებით იყო მოფენილი. უცებ ამ ცარიელ სივრცეში გაუბედავად შემოვიდა ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ვიცმუნდირი ეცვა, ბურძგი ქერა თმა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა. ისე მობღუნძული მოდიოდა ბატონი პრალინსკისკენ და ისე შეჰყურებდა მოულოდნელ სტუმარს, როგორც ძაღლი თავის პატრონს, რომელიც წიხლის ჩასაზელად ეძახის. _ გამარჯობა, ფსელდონიმოვ, ვერ მიცანი?.. _ უთხრა ივან ილიჩმა და იმწამსვე იგრძნო, რა საშინლად უხერხულად გამოუვიდა ნათქვამი და რა დიდ სისულელეს სჩადიოდა ამ წუთს. _ თ-თ-თქვენო აღმატებულებავ!.. _ ამოილუღლუღა ფსელდონიმოვმა. _ მაშ, მაშ, ძმაო, სრულიად შემთხვევით შემოვიარე, თვითონაც მიხვდები ალბათ... მაგრამ ფსელდონიმოვს არაფრის მიხვედრის თავი არ ჰქონდა. თვალებდაჭყეტილი, გაოგნებული იდგა. _ მე მგონი, არ გამაგდებ... ხომ იცი, სტუმარი ღვთისაა!.. _ განაგრძო ივან ილიჩმა და იგრძნო, როგორ იწურება სირცხვილის ოფლში, გაღიმება უნდა და ვერ ახერხებს, სტეფან ნიკიფოროვიჩსა და ტრიფონზე გახუმრებაც გაუჭირდება ახლა და არც გამოუვა. არადა, ფსელდონიმოვი, თითქოს ჯიბრზე, ისევ გაშეშებული დგას და გამოლენჩებული შეჰყურებს. ივან ილიჩი შეტოკდა, მიხვდა, ცოტა კიდევ და რაღაც წარმოუდგენელი დომხალი მოხდება. _ ხელი თუ შეგიშალეთ... მე წავალ! _ ძლივს ამოღერღა მან და ტუჩის მარჯვენა კუთხესთან რაღაც ძარღვი აუთამაშდა... მაგრამ ფსელდონიმოვი უკვე გონს მოეგო... _ რას ბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ... როგორ გეკადრებათ... ესოდენი პატივი... _ ლუღლუღებდა და წელში ოთხად იკეცებოდა, _ წყალობა დაგვდეთ და დაბრძანდით... _ საბოლოოდ გონს მოსულ ფსელდონიმოვს ორივე ხელი დივნისკენ გაეშვირა, საიდანაც ცეკვების დროს მაგიდა გაეწიათ... ივან ილიჩმა სული მოითქვა და დივანზე დაჯდა; ვიღაცამ საჩქაროდ მაგიდა მოუჩოჩა. პრალინსკიმ მიმოიხედა და ნახა, მის გარდა ყველა ფეხზე იდგა, ქალებიც კი. ეს ცუდის ნიშანი იყო. მაგრამ ახლა არც ამის თქმა და არც გამხნევება არ ივარგებდა. სტუმრები ისევ უკან-უკან იხევდნენ. წინ მხოლოდ წელში მოკაკული, გაოგნებული ფსელდონიმოვი ედგა, რომლის სახეს ღიმილის ნატამალი არ ეტყობოდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ისეთი საძაგელი ვითარება შეიქნა და ჩვენი გმირი იმწუთს ისეთმა საშინელმა განცდებმა შეიპყრო, მისი შემოჭრა მხოლოდ და მხოლოდ პრინციპის გამო ხელქვეითის ოჯახში დასტურ დიდ გმირობად ჩაეთვლებოდა. უცებ ფსელდონიმოვს ვიღაც კაცი ამოუდგა გვერდით და პრალინსკის თავი დაუკრა. ივან ილიჩმა ენით აუწერელი სიხარული და ბედნიერება იგრძნო, როცა თავისი კანცელარიის პალატის უფროსი აკიმ პეტროვიჩი ზუბიკოვი იცნო, ვისაც, მართალია, კარგად არ იცნობდა, მაგრამ საქმიანი და უენო მოხელე რომ იყო, ეს კი იცოდა. ბ-ნი პრალინსკი სასწრაფოდ წამოდგა და აკიმ პეტროვიჩს ხელი გაუწოდა, დიახ, დიახ, ხელი და არა ორი თითი. გენერალი აღტაცებამ მოიცვა. ხსნა მოევლინა, კაცი გადარჩა. მართლაც ფსელდონიმოვი უკვე მეორე კი არა, ასე ვთქვათ მესამე პირად იქცა. პრალინსკის ახლა შეეძლო პირდაპირ პალატის უფროსისთვის ეამბნა, რისი მოყოლაც სურდა და ამ გასაჭირში ნაცნობად და ახლო ნაცნობადაც მიეჩნია. ფსელდონიმოვს კი თუნდაც სულ ნუ ამოეღო ხმა და მხოლოდ მოწიწებით ეცახცახა. მაშასადამე, წესი და რიგი დაცული იქნებოდა. ისე კი რაღაც მართლა უნდა ეამბნა; ივან ილიჩი გრძნობდა და ხედავდა, რომ სტუმრები რაღაცას მოელიან, რომ ორივე კარი ოჯახის წევრებით გაიჭედა და ლამის ზედახორას გადადიან მის სანახავად და მოსასმენად. მაგრამ ეს ხეპრე პალატის უფროსი რომ არ ჯდება, ეს კი ცუდია. _ რაღას უცდით! _ ჩაილაპარაკა ივან ილიჩმა და უხერხულად მიუთითა თავის გვერდზე. _ რას ბრძანებთ... მე აქაც, ბატონო ჩემო... _ აკიმ პეტროვიჩი სასწრაფოდ დაჯდა სკამზე, რომელიც ჯიუტად ფეხზე მდგარმა ფსელდონიმოვმა ხელდახელ მიუსრიალა. _ წარმოიდგინეთ, რა ამბავი მოხდა, _ მხოლოდ და მხოლოდ აკიმ პეტროვიჩის მისამართით თამამად დაიწყო ივან ილიჩმა. თუმცა ხმა ოდნავ უკანკალებდა, სიტყვები გაჭიანურე ბითა და დაყოფით გამოსდიოდა, ა-ს ნაცვლად რატომღაც ე-ს გამოთქვამდა, მოკლედ, თვითონვე გრძნობდა, რომ იპრანჭებოდა, მაგრამ თავს ვეღარ მორეოდა; რაღაც გარეშე ძალა ამოქმედებდა. ამწუთას საოცრად ბევრს შეიგრძნობდა და ეს შეგრძნებები მტანჯველი იყო. _ წარმოიდგინეთ, ეს წუთია, სტეფან ნიკიფოროვიჩ ნიკიფოროვისგან მოვდივარ. ალბათ გსმენიათ, საიდუმლო მრჩეველი რომაა. ჰმ... იმ კომისიისა... აკიმ პეტროვიჩი მოწიწებით გადმოიხარა წინ: აქაოდა, როგორ არ გვსმენიაო. _ ახლა შენ მეზობლად ცხოვრობს, _ ზრდილობის გამო წამით ფსელდონიმოვისკენ მიაბრუნა თავი ივან ილიჩმა, მაგრამ თვალებზე რომ შეატყო, ფსელდონიმოვისთვის ეს სულერთი იყო, უმალ ისევ მოტრიალდა. _ ბებერს მთელი სიცოცხლე აბოდებდა სახლის ყიდვა... ჰოდა, იყიდა კიდეც. ძალიან კოხტა სახლია. დიახ... თანაც დღეს მისი დაბადების დღე ყოფილა. თუმცა წინათ არასოდეს უზეიმია. გვიმალავდა და არ გვიმხელდა, ხარჯს ერიდებოდა, ხე-ხე! ახლა ახალმა სახლმა ისე გაახარა, მე და სემიონ ივანოვიჩი დაგვპატიჟა. იცნობთ ალბათ შიპულენკოს. აკიმ პეტროვიჩი ისევ გადმოიხარა და დიდი მოწიწებითაც გადმოიხარა! ივან ილიჩს ცოტა გულზე ეფონა. თორემ ლამის იყო იფიქრა, ხომ არ მიხვდა პალატის უფროსი, მისი აღმატებულებისთვის ამწუთას რომ ერთადერთი ხსნა იყო. ესღა აკლდა ახლა. _ ჰოდა, დავსხედით სამივე, შამპანური გამოიტანა, საქმეებზე ვიმუსაიფეთ... ხომ იცით, აქითურზე, იქითურზე... სხვადასხვა საკითხზე... კიდეც ვიკამათეთ... ხე-ხე! აკიმ პეტროვიჩმა მოწიწებით ასწია წარბები. _ მაგრამ საქმე ეს არაა. ბოლოს გამოვეთხოვე, მოგეხსენებათ მოხუცის ამბავი, თავისი წესების კაცია, ადრე წვება, გამოვედი... სადაა ჩემი ტრიფონი! შევშფოთდი, ვიკითხე: `ტრიფონმა სად წაიყვანა-მეთქი ეტლი?~ თურმე იმ იმედით, დააგვიანდებაო, ვიღაც თავისი ნათლიდედის ქორწილზე წაბრძანებულა... ღმერთმა იცის მისი თავი. აქვე, პეტერბურგის მხარეს ყოფილა. ეტლიც თან წაუყვანია. _ გენერალმა ზრდილობის გამო ისევ ახედა ფსელდონიმოვს. ისიც უმალ მოიბღუნძა, თუმცა ისე არა, როგორც გენერალს ეგებოდა. `ეს რა უსულგულო ვინმე ყოფილა~, _ გაუელვა თავში. _ რასა ბრძანებთ! _ მიატანა დიდად განცვიფრებულმა აკიმ პეტროვიჩმა. გაკვირვების ბუბუნი აღმოხდათ სხვებსაც. _ აბა, განსაჯეთ ჩემი მდგომარეობა... (ივან ილიჩმა ყველას მოავლო თვალი.) რა გზა მქონდა, ფეხით წამოვედი. ვიფიქრე, დიდ პროსპექტამდე მივალ და რომელიმე ვანკას ავიყვანმეთქი... ხე-ხე! _ ხი-ხი-ხი! _ მოწიწებით ჩაიხითხითა აკიმ პეტროვიჩმაც. ხალხში ისევ გუგუნი გაისმა, მაგრამ ამჯერად უფრო მხიარული. ამ დროს ლაწანით გასკდა კედელზე დაკიდებული ლამპის შუშა. ვიღაც ფიცხლად ეცა გასასწორებლად. ფსელდონიმოვი შეკრთა და მკაცრად გახედა ლამპას. მაგრამ გენერალს არც კი შეუნიშნავს ეს და ყველა დამშვიდდა. _ მივდივარ... მშვენიერი წყნარი ღამეა. უცებ მუსიკის ხმა და ბრაგაბრუგი მომესმა. სადღაც ცეკვავდნენ. პოლიციელს ვკითხე. იმან მითხრა, ფსელდონიმოვი ცოლს თხოულობსო. შენ თურმე, ძმაო, მთელ პეტერბურგის მხარეს პატიჟებ და მეჯლისებს მართავ, ჰა? ხა-ხა! _ უცებ ისევ ფსელდონიმოვს მიუტრიალდა გენერალი. _ ხი-ხი-ხი! დიახ, ბატონო ჩემო... _ გაეხმიანა აკიმ პეტროვიჩი. სტუმრები ისევ შეჩოჩქოლდნენ. მაგრამ ყველაზე სულელური ის იყო, რომ ფსელდონიმოვს არც ახლა გაუღიმია, მხოლოდ თავი კი დახარა, თითქოს ხე ყოფილიყო. `ბრიყვია თუ რა არის! _ გაიფიქრა ივან ილიჩმა. _ ახლა უნდა გაეღიმა მაგ მუტრუკს და ყველაფერი ჩინებულად იქნებოდა~. გული მოუთმენლობით აევსო. _ ვიფიქრე, მოდი, ჩემს ხელქვეითთან შევალ. მართლა ხომ არ გამაგდებს... უნდა, არ უნდა, სტუმარი უნდა მიიღოს. შენთან უკაცრავად, ძმაო, თუ ხელი შეგიშალე რამეში, წავალ... მე ხომ სანახავად შემოვედი მხოლოდ... ამასობაში ყველანი ნელ-ნელა ამოძრავდნენ. აკიმ პეტროვიჩი დათაფლული სახით იყურებოდა: აქაოდა, თქვენი აღმატებულება ხელს ვის შეუშლისო? სტუმრებს სითამამის პირველი ნიშნები დაეტყოთ. თითქმის ყველა ქალი იჯდა, ეს კი უკვე კარგის მომასწავებელი იყო. უფრო გამბედავნი ცხვირსახოცებს ინიავებდნენ. გაქუცული ხავერდისკაბიანი მანდილოსანი განზრახ ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაც ოფიცერს. მანაც ასევე ხმამაღლა მოინდომა ეპასუხა, მაგრამ რახან მარტო ორნი იყვნენ ხმამაღლა მოლაპარაკენი, ვეღარ გაბედა. მამაკაცების მეტ წილს კანცელარიის მოხელენი და ორი-სამი სტუდენტი შეადგენდა. თან ახველებდნენ და თან ერთმანეთს ისე უყურებდნენ, თითქოს უბიძგებდნენ, მიდი, მიდი, ნუ გეშინია, გაბედეო. ორ-ორი ნაბიჯიც კი გადადგეს აქეთ-იქით. თუმცა დიდი მორიდება არავის ეტყობოდა. ოღონდაც ავი და ბოროტი თვალით უყურებდნენ ამ ვაჟბატონს, აქ რომ შემოეხეტა და მხიარულება ჩაეშალათ. ოფიცერს შერცხვა თავისი სულმოკლეობის და ნელ-ნელა მიუახლოვდა მაგიდას. _ გამიგონე, ძმაო, შენს სახელსა და მამის სახელს ვერ მეტყვი? _ ჰკითხა ივან ილიჩმა ფსელდონიმოვს. _ პორფირი პეტროვიჩი, თქვენო აღმატებულებავ, _ თითქოს ჯარში იყო, ისე გადმოქაჩა მან თვალები. _ ჰოდა, გამაცანი შენი ახალგაზრდა ცოლი, პორფირი პეტროვიჩ... მომიყვანე... და... გენერალმა წამოდგომა დააპირა. მაგრამ ფსელდონიმოვი კისრისტეხით გავარდა სასტუმროსკენ. პატარძალი იქვე, კარში იდგა, მაგრამ როცა გაიგონა, ჩემზე ლაპარაკობენო, მაშინვე დაიმალა. ერთი წუთის შემდეგ ფსელდონიმოვმა ხელჩაკიდებული გამოიყვანა იგი. აქეთ-იქიდან გზა დაუთმეს. ივან ილიჩი დიდი ამბით წამოდგა და ქალს თავაზიანად გაუღიმა. _ ფრიად მიხარია თქვენი გაცნობა, _ უთხრა და დიდკაცურად დაუკრა თავი, _ მეტადრე ამისთანა დღეს... გენერალმა ცბიერად გაიღიმა. მანდილოსნები აღტაცებით შეჩოჩქოლდნენ. _ რა საუცხოოა! _ თითქმის გასაგონად ჩაილაპარაკა ხავერდისკაბიანმა ქალმა. პატარძალი მართლა შესაფერისი წყვილი აღმოჩნდა ფსელდონიმოვისთვის. ჩვიდმეტიოდე წლის გამხდარი ქალი იყო, პატარა და ფერმკრთალ სახეს წვეტიანი ცხვირი უმშვენებდა. წვრილ თვალებს სწრაფად ასრიალებდა აქეთ-იქით, დარცხვენა არ ეტყობოდა, პირიქით, დაჟინებით და რაღაც ღვარძლითაც იმზირებოდა. აშკარა იყო, ფსელდონიმოვი სიტურფისთვის არ თხოულობდა. ეცვა ვარდისფერსარჩულიანი თეთრი მარმაშის კაბა, კაბიდან გამხდარი კისერი, გალეული ტანი და ტანმორჩილი ძვლები უჩანდა. გენერლის მისალმებაზე ხმაც არ გაუღია. _ ძალიან ლამაზი ცოლი კი გყოლია, _ განაგრძო გენერალმა ხმადაბლა, თუმცა ისე, პატარძალსაც რომ გაეგონა. მაგრამ ფსელდონიმოვს არც ახლა დაუძრავს კრინტი და, ასე განსაჯეთ, არც შეტოკებულა. ივან ილიჩმა მის თვალებში რაღაც ცივი ფარული ნაპერწკალი შეამჩნია, უცნაური და მავნე. და მაინც, გენერალს უსათუოდ გრძნობიერება უნდა გაეღვიძებინა ამ კაცში. ის ხომ ამისთვის იყო მოსული. `ფერი ფერსო, მადლი ღმერთსო! _ გაიფიქრა გუნებაში. _ თუმცაღა...~ გენერალი ისევ გამოელაპარაკა მის გვერდით დასკუპულ დედოფალს. მაგრამ `ჰო~ თუ `არას~ მეტი ვერაფერი წამოაცდენინა, ისიც ყველა კითხვაზე არც კი. `დაირცხვინოს მაინც, მაშინ გავიხუმრებდი, _ გაურბინა ისევ გუნებაში, _ თორემ აღარ ვიცი, რა ვქნა~. აკიმ პეტროვიჩსაც, თითქოს ჯიბრზე, პირში წყალი ჩაეგუბებინა, მერე რა რომ თავისი სიბრიყვით, მაინც არ ეპატიებოდა. _ ბატონებო! იქნებ მართლა ჩაგიშალეთ მხიარულება? _ ახლა ყველას მიმართა გენერალმა და იგრძნო, ხელისგულებიც რომ გაუოფლიანდა. _ ნუ წუხხართ, თქვენო აღმატებულებავ, ახლავე დავიწყებთ, ჯერჯერობით ვისვენებთ, _ მიუგო ოფიცერმა. პატარძალმა კმაყოფილებით შეხედა ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოფიცერს, რომელიღაც პოლკის მუნდირი რომ ეცვა. ფსელდონიმოვიც იქვე იდგა, მთელი ტანით წინ გადმოხრილი. კეხიანი ცხვირი ახლა უფრო მეტად დამჩნეოდა სახეზე. ისე იდგა და იმზირებოდა, ლაქია გეგონებოდა ქურქით ხელში, თავისი ბატონების დამშვიდობებას რომ ელის. ასე გაიფიქრა თავად ივან ილიჩმა, რომელმაც აღარ იცოდა, რა წყალში ჩავარდნილიყო, თავს საოცრად უხერხულად გრძნობდა, თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებოდა, თითქოს სადღაც ბნელში მოხვედრილიყო და იქიდან ვეღარ გამოეღწია. უცებ სტუმრების ბრბო ორად გაიპო და დაბალი, ჩასუქებული, ხნიერი ქალი გამოატარეს. ეცვა უბრალოდ, თუმცა სიკოხტავისთვის მხრებზე დიდი შალი მოესხა, ყელთან ქინძისთავით შეკრული, და თავსაბურავიც წამოეცვა, რომლის ტარებას ნაჩვევი არ უნდა ყოფილიყო. ხელში პატარა მრგვალი ლანგარი ეკავა. ლანგარზე ეს წუთია გახსნილი შამპანურის სავსე ბოთლი და ორად ორი ჭიქა იდგა, მხოლოდ ორი სტუმრისთვის განკუთვნილი. ხნიერი ქალი გენერალს ჯიქურ მიეახლა და თავი დაუკრა. _ ნუ დაგვძრახავთ, თქვენო აღმატებულებავ, მაგრამ რახან გვიკადრეთ და ჩემი ვაჟიშვილის ქორწილზე გვეწვიეთ, წყალობა გამოიჩინეთ და ნეფე-დედოფალი დამილოცეთ. ნუ გვითაკილებთ, პატივი დაგვდეთ, ჩემო ბატონო.
ივან ილიჩს მისი მოსვლა ხსნად მოეჩვენა. ქალი ხნიერი არ აღმოჩნდა, ორმოცდახუთსა თუ ექვსზე მეტის არ იქნებოდა, მაგრამ ისეთი კეთილი, ღაჟღაჟა, გაშლილი, ჭეშმარიტად პირმრგვალი რუსული სახე ჰქონდა, ისე კეთილად იღიმებოდა, ისე უბრალოდ უკრავდა თავს, გენერალს თითქმის გულზე მოეშვა და იმედი მოეცა. _ მაშ თქვე-ენ დე-და ბრძანდებით თქვენი ვა-ჟის? _ წამოიწია დივნიდან იგი. _ დედა გახლავთ, თქვენო აღმატებულებავ, _ წაილუღლუღა ფსელდონიმოვმა, გრძელი კისერი წამოსჭიმა და ცხვირი კიდევ უფრო წინ გამოსწია. _ ოჰო! ფრიად, ფრი-იად მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. _ მაშ ნუ გვითაკილებთ, თქვენო აღმატებულებავ. _ დიდი სიამოვნებით დავლევ. ლანგარი მაგიდაზე დადგეს. ფსელდონიმოვი წინ გამოიჭრა და ღვინო დაასხა. კვლავ ზეზე მდგარმა ივან ილიჩმა სასმისი აიღო. _ მეტადრე, მეტადრე იმიტომ მიხარია ეს შემთხვევა... რომ შემიძლია... გამოვთქვა ჩემი... ერთი სიტყვით, როგორც უფროსი... გისურვებთ, ქალბატონო (იგი პატარძალს მიუბრუნდა) და შენც, ჩემო კარგო პორფირი _ დიდსა და ხანგრძლივ ბედნიერებას. გენერალმა გრძნობით დაცალა ეს უკვე მეშვიდე სასმისი ამ საღამოს. ფსელდონიმოვი დინჯად, კუშტადაც კი შესცქეროდა. გენერალს იგი უკვე მთელი არსებით სძულდა. _ თქვენც მიირთვით, აკიმ პეტროვიჩ, თქვენც დამილოცეთ შვილები, _ ახლა პალატის უფროსს მიუბრუნდა ქალი. _ თქვენ უფროსი ბრძანდებით, _ ის თქვენი ხელქვეითი. ყურადღება მიმიქციეთ, როგორც დედა გთხოვთ. ამას იქითაც ნუ დაგვივიწყებთ. თქვენ გენაცვალეთ, აკიმ პეტროვიჩ, თქვენი კეთილი გულის ჭირიმე.
`რა საუცხოები არიან ეს რუსი ასაკოვანი ქალები! _ გაიფიქრა ივან ილიჩმა. _ ყველა არ გამოაცოცხლა! ამიტომაც მუდამ მიყვარდა ხალხი...~ ამ წუთს კიდევ ერთი ლანგარი შემოუმატა სუფრას მოახლე ქალმა _ მის ჯერ გაურეცხავ ჩითის კაბასა და ხაბარდას შარიშური გაჰქონდა. ვეებერთელა ლანგრისთვის ორი ხელი ძლივს შემოეწვდინა. ზედ უამრავი პატარა თეფში ეწყო ვაშლებით, კანფეტებით, მარმელადებით, კაკლითა თუ სხვა ნუგბარით სავსე. ეს ლანგარი აქამდე სასტუმროში იდგა ყველა სტუმრისა და მეტწილად მანდილოსანთა პირის ჩასატკბარუნებლად. ახლა კი მარტო გენერალს მოართვეს. _ ნუ დაგვძრახავთ ნუგბარზე, თქვენო აღმატებულებავ. მოგეხსენებათ, კეთილი გულით მორთმეულიო... _ იმეორებდა და თავს უკრავდა მოხუცი ქალი. _ რას ბრძანებთ... _ ივან ილიჩმა სიამოვნებითაც აიღო და თითებშუა გატეხა ერთი კაკალი. გადაწყვეტილი ჰქონდა სახელის მოხვეჭის ხათრით უკან არ დაეხია. უეცრად პატარძალმა ჩაიხითხითა. _ რა იყო? _ ღიმილით შეეკითხა ივან ილიჩი, რომელსაც სიცოცხლის ამ პატარა ნიშანმაც სიხარული მოჰგვარა. _ აი, ივან კოსტენკინიჩი მაცინებს, ბატონო ჩემო, _ მიუგო ქალმა და თავი დახარა. გენერალმა მართლა დაინახა ერთი ქერათმიანი ლამაზი ყმაწვილი, რომელიც დივნის მეორე მხარეს სკამზე ჩამალულიყო და რაღაცას უჩურჩულებდა ფსელდონიმოვას. ყმაწვილი წამოდგა. ძალზე ახალგაზრდა და მორცხვი ჩანდა. _ `სიზმრების წიგნის~ ამბავს ვეუბნები, თქვენო აღმატებულებავ, _ მობოდიშებით ჩაილაპარაკა მან. _ რა სიზმრების წიგნის? _ მოწყალედ ჰკითხა ივან ილიჩმა. _ სიზმრების ახალი წიგნი გამოვიდა, ლიტერატურული.
ვეუბნებოდი, ბატონი პანაევი რომ დაგესიზმროს, მეორე დღეს გულისპირზე ყავას გადაისხამ-მეთქი. `რა აჯამი ყოფილა~, _ გაბრაზდა გულში ივან ილიჩი. ყმაწვილი უზომოდ გახარებული ჩანდა, ბატონ პანაევზე რომ მოჰყვა, თუმცა ყურებამდე კი გაწითლდა. _ დიახ, დიახ, გამიგონია... _ გაეხმიანა მისი აღმატებულება. _ არა, მაგაზე უკეთესს გეტყვით, _ ზედ ყურთან ჩაულაპარაკა მეორე ხმამ. _ ამბობენ, ახალი ლექსიკონი გამოვაო, ბატონი კრაევსკი წერილებს დაწერსო, ალფერაკიცო. სამხილებელი ლიტერატურა იქნებაო... ეს ხმა უკვე საკმაოდ მოურიდებელ ყმაწვილს ეკუთვნოდა, თეთრი ჟილეტი რომ ეცვა, ხელთათმანები ეკეთა და ქუდი ხელში ეჭირა. იგი არ ცეკვავდა, ყველას ქედმაღლურად უყურებდა, ვინაიდან სატირულ ჟურნალ `მუგუზალის~ თანამშრომელი იყო. ამ ქორწილზე შემთხვევით ამოჰყო თავი. ფსელდონიმოვს დაეპატიჟა, როგორც საპატიო სტუმარი. ის და ფსელდონიმოვი `შენობით~ ლაპარაკობდნენ. გასულ წელს ერთად ცხოვრობდნენ თურმე რომელიღაც გერმანელ ქალთან ნაქირავებ `კუთხეში~ და დიდი გასაჭირიც გადაეტანათ. თუმცა არაყს კი გემოზე ყლურწავდა და რამდენჯერმე მიაკითხა კიდეც ერთ პატარა ოთახს, საითაც ყველა სტუმარს უკვე გაეკვლია გზა. _ იცით, სასაცილო იმიტომაც არის, თქვენო აღმატებულებავ, _ აღტაცებით გააწყვეტინა უცებ ქერა ყმაწვილმა, გულისპირის ამბავს რომ მოჰყვა, და ამის გამო თეთრჟილეტიანის სიძულვილით სავსე მზერა დაიმსახურა, _ სასაცილო იმიტომ არის, რომ დამწერს მიაჩნია, ვითომ ბატონმა კრაევსკიმ მართლწერა არ იცის და ჰგონია, `სამხილებელი ლიტერატურა~ `სამხილებულად~ უნდა დაიწეროსო. საწყალმა ბიჭმა ძლივს დააბოლოვა სიტყვა. თვალებზე შეატყო, რომ გენერალმა დიდი ხანია უკვე იცის ეს ამბავი და ალბათ იმიტომაც შეიშმუშნა ახლა. უზომოდ დარცხვენილი ბიჭი საჩქაროდ გაეცალა იქაურობას და დანარჩენი ხანი სულ დაღვრემილი იყო. სამაგიეროდ, `მუგუზლის~ უტიფარმა თანამშრომელმა უფრო ახლოს მიიწია გენერლისკენ და, მგონი, გვერდით დაჯდომაც დაუპირა. მისი ეს უტიფრობა ცოტა არ იყოს, ეხამუშა ბატონ პრალინსკის. _ ჰოო! ერთი ეს მითხარი, პორფირი, _ დაიწყო მან, რამე რომ ეთქვა, _ სულ მინდოდა მეკითხა, რატომ გეძახიან ფსელდონიმოვს და არა ფსევდონიმოვს? შენ ხომ სინამდვილეში ფსევდონიმოვი იქნები. _ დანამდვილებით ვერაფერს მოგახსენებთ, თქვენო აღმატებულებავ, _ მიუგო ფსელდონიმოვმა. _ ალბათ ჯერ კიდევ მაშინ, მამამისმა რომ დაიწყო სამსახური, შეცდომით ჩაუწერეს ასე საბუთებში და ესეც ფსელდონიმოვი დარჩა. ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე, ბატონო ჩემო, _ ჩაურთო აკიმ პეტროვიჩმა. _ უთუოდ ეგრე იქნება, _ ფიცხად ჩამოართვა სიტყვა გენერალმა, _ უ-თუ-ოდ. აბა თავად განსაჯეთ: ფსევდონიმოვი ხომ ლიტერატურულ სიტყვა `ფსევდონიმისგან~ წარმოსდგება, ფსელდონიმოვი კი არაფერსაც არ ნიშნავს. _ სიბრიყვე, ბატონო, _ დაატანა აკიმ პეტროვიჩმა. _ როგორ თუ სიბრიყვე? _ რუსი ხალხის სიბრიყვე, ბატონო. სიბრიყვით ეშლებათ ხოლმე ლიტერები და თავისებურად გამოთქვამენ. მაგალითად, ინვალიდის მაგივრად ნევალიდს ამბობენ, დიახ. _ ოჰოჰო... _ ნევალიდიო, ხე-ხე-ხე... _ მუმერსაც ამბობენ, თქვენო აღმატებულებავ, _ წამოაყრანტალა ზორბა ოფიცერმა, რომელსაც თავის გამოჩენის სურვილი დიდი ხანია უღიტინებდა. _ მუმერი რაღას ნიშნავს? _ ნუმერს, თქვენო აღმატებულებავ.
_ ჰოო, მუმერი ნუმერის ნაცვლად... დიახ, დიახ... ხე-ხეხე-ხე!... _ ივან ილიჩი იძულებული იყო, ახლა ოფიცრის ხათრით ჩაეხითხითა. ოფიცერმა ჰალსტუხი გაისწორა. _ კიდევ ხვედრითსაც ამბობენ, _ ჩაერია ახლა `მუგუზლის~ თანამშრომელიც. მაგრამ მისმა აღმატებულებამ მას უკვე წაუყრუა. აბა ყველას ხათრით ხომ არ იხითხითებდა. _ ხვედრითო გვერდითის ნაცვლად, _ არ ეშვებოდა უკვე გულმოსული `თანამშრომელი~. ივან ილიჩმა გოროზად შეავლო თვალი. _ აბა რას ჩააცივდი? _ წაუჩურჩულა ფსელდონიმოვმა თანამშრომელს. _ ჩავაცივდი კი არა, ვესაუბრები. განა საუბარიც არ შეიძლება? _ შეეკამათა იგი ჩურჩულით, მაგრამ მაინც დადუმდა და დაბოღმილი გავიდა ოთახიდან. თანამშრომელმა პირდაპირ იმ მიმზიდველ უკანა ოთახს მიაშურა, სადაც მოცეკვავე კავალრებისთვის საღამოს დასაწყისშივე ორნაირი არაყი, ქაშაყი, ხიზილალიანი პურის პაწია ნაჭრები და ეროვნული სარდაფიდან წამოღებული მაგარი ხერესი ეწყო პატარა მაგიდაზე, რომელსაც იაროსლავლური სუფრა ეფარა. გულზე გახეთქილს ის იყო, არაყი უნდა დაესხა, რომ უცებ ფსელდონიმოვის მეჯლისის საუკეთესო მოცეკვავე და კანკანერი, სამედიცინოს თმაგაჩეჩილი სტუდენტი შემოვარდა და ისიც არაყს ეცა. _ სადაცაა დაიწყებენ! _ თქვა და საჩქაროდ გადაყლურწა არაყი. _ მოდი და ნახე: სოლოს ხელებზე ვიცეკვებ, ვახშმის შემდეგ კი გავბედავ და თევზაურსაც ჩამოვუვლი. ქორწილს კიდევაც მოუხდება. ფსელდონიმოვისთვის, ასე ვთქვათ, მეგობრული ჟესტი იქნება... კაი ქალი ყოფილა ეს კლეოპატრა სემიონოვნა, მაგასთან არაფრის მოგერიდება. _ დამყაყებული ვიღაც ბრძანდება, _ კუშტად მიუგო თანამშრომელმა და არაყი გადაკრა.
_ ვინაა დამყაყებული? _ ვინა და ის, ვისაც მთელი პასტილა წინ დაუდგეს. მერწმუნე! დამყაყებული ვიღაცაა. _ შენც იტყვი რაღა! _ წაიბურტყუნა სტუდენტმა და როცა კადრილის მუსიკა გაიგონა, ოთახიდან გავარდა. თანამშრომელმა გულის გასამაგრებლად კიდევ ერთი ჭიქა დაისხა, გადაკრა და დასაყოლებელი მიატანა. ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს ივან ილიჩს თავის სიცოცხლეში არ ჰყოლია `მუგუზლის~ თანამშრომლისთანა მძვინვარე და მოსისხლე მტერი, მეტადრე იმის შემდეგ, რაც ორი ჭიქა არაყი დალია. ვაი, რომ გენერალს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. არ იცოდა აგრეთვე ერთი დიდად მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომელმაც ესოდენ დიდი გავლენა იქონია სტუმრების შემდგომ დამოკიდებულებაზე მისი აღმატებულებისადმი. საქმე ის გახლავთ, რომ თუმცა თავაზიანად და დაწვრილებით ახსნა, რატომაც მობრძანდა ხელქვეითის ქორწილზე, სინამდვილეში ამ განმარტებამ ვერავინ დააკმაყოფილა, სტუმრები მაინც იშმუშნებოდნენ. მაგრამ უცებ სასწაულებრივი გარდაქმნა მოხდა: ყველა დაწყნარდა, ყველა გამხიარულდა და ყველა მზად იყო ისე ეხარხარა, ეკივლა და ეცეკვა, თითქოსდა მოულოდნელი სტუმარი იქ არც ყოფილიყო. ამის მიზეზი ვიღაცის მიერ მოტანილი ცნობა იყო, სტუმარი ცოტა... შექეიფიანებული გახლავთო. მერე რა, რომ ერთი შეხედვით ეს დიდზე დიდ ცილისწამებას ჰგავდა, მაგრამ ჭორი თითქოს თანდათან გამართლდა და ყველასთვის ყველაფერი გასაგები გახდა. უფრო მეტიც, ყველამ საოცრად ლაღად იგრძნო თავი. სწორედ მაშინ დაიწყო კიდეც კადრილი, რასაც ვახშამი უნდა მოჰყოლოდა და რაზედაც ასე ეშურებოდა სამედიცინოს სტუდენტი. ის იყო, ივან ილიჩს პატარძლისთვის რაღაც კალამბური უნდა ეთქვა, რათა ამით მაინც გამოეცოცხლებინა, რომ უცებ ზორბა ოფიცერი მოიჭრა და პატარძლის წინ ცალ მუხლზე დაე ცა. ქალიც მყისვე წამოხტა და მოცეკვავეთა რიგებში ჩასადგომად გაცქრიალდა. ოფიცერს ბოდიშიც არ მოუხდია, პატარძალს ზედაც არ შეუხედავს გენერლისთვის. გეგონებოდა, კიდეც გაუხარდა, თავი რომ იხსნაო. `რას იზამ, თავისთავად მართალიც არის, _ გაიფიქრა ივან ილიჩმა, _ ვერც ზრდილობას მოსთხოვ ამ ხალხს~. _ ჰმ... შენ, ძმაო პორფირ, მე ნუ მომერიდები, _ მოუტრიალდა უცებ გენერალი ფსელდონიმოვს. _ ეგების რამე საქმე გაქვს... ან თადარიგი უნდა დაიჭირო... ჩემი არ მოგეხათროს, გეთაყვა. _ გულში კი გაიფიქრა: `ნეტავ ვიცოდე, რას დამდგომიხარ ყარაულივით?~ გენერალს უკვე ჭირივით სძულდა ფსელდონიმოვი, სძულდა მისი გრძელი კისერი და მოშტერებული თვალები. მოკლედ, ყველაფერი სულ სხვანაირად, დიახ, სულ სხვანაირად დატრიალდა, თუმცა ივან ილიჩი ჯერ მაინც არ უტყდებოდა ამ ამბავში თავის თავს. კადრილი დაიწყო. _ ხომ არ გვიბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ? _ ჰკითხა აკიმ პეტროვიჩმა, რომელსაც მოწიწებით ეკავა ბოთლი და მისი აღმატებულების სასმისში ღვინის დასხმას აპირებდა. _ მე... აღარ ვიცი, რა ვთქვა... თუკი... მაგრამ აკიმ პეტროვიჩი გაბრწყინებული სახით უკვე უსხამდა შამპანურს. მერე თავისთვისაც დაისხა თითქოსდა მალულად, თითქოსდა ქურდულად, წელში ლამის გადატეხილმა, ეს კია, მოწიწების ნიშნად თავის ჭიქას ერთი თითის დადება დააკლო. მშობიარე ქალივით კრუნჩხვები უვლიდა, თავის უფროსთან რომ იჯდა. რაზე უნდა ელაპარაკა? არადა, მოვალეც იყო მისი აღმატებულება გაერთო, რამეთუ ღმერთმა მისი ამფსონობის ღირსი გახადა, ხოლო შამპანურზე უკეთეს გასართობს რას ნახავდა. მის აღმატებულებასაც ეამა, რომ აკიმ პეტროვიჩმა ღვინო დაუსხა - განა იმიტომ, ეს თბილი და მართლა საზიზღარი შამპანური შეესვა, უბრალოდ, სულიერი სიამოვნება იგრძნო. `მოხუცს დალევა უნდა, უჩემოდ კი ვერ გაუბედავს, _ გაიფიქრა გენერალმა გუნებაში, _ ხომ ვერ დავუშლი... სასაცილოც იქნება, სავსე ბოთლი წინ გვედგას და არ დავლიოთ~. გენერალმა შამპანური მოსვა. უქმად ჯდომას უქმად შრომა სჯობიაო, მოგეხსენებათ. _ მე ხომ აქ, ასე ვთქვათ, შემთხვევით მოვხვდი, _ დაიწყო მან მძიმე-მძიმედ, ხაზგასმით, _ შესაძლოა ზოგს ჩემი ამ... შეკრებაზე მოსვლა.. ასე ვთქვათ, უკა-დრი-სად ეჩვენოს. აკიმ პეტროვიჩი მოკრძალებული ცნობისმოყვარეობით უსმენდა. _ მაგრამ იმედია, თქვენ კი გამიგებთ, აქ რატომ მოვედი... მართლა და მართლა ღვინის სასმელად ხომ არ მოსულვარ. ხეხე! აკიმ პეტროვიჩმა ერთი პირობა გადაწყვიტა, თვითონაც ჩაეხითხითა, მაგრამ რატომღაც ხმა ჩაუწყდა და სანუგეშო კვლავაც ვეღარაფერი თქვა. _ აქ იმიტომ მოვედი, რომ... ასე ვთქვათ, გავამხნევო... ასე ვთქვათ, ზნეობრივი მაგალითი მივცე, _ განაგრძობდა ივან ილიჩი და თან გულში ბრაზობდა აკიმ პეტროვიჩის უტვინობაზე. მაგრამ უეცრად თვითონაც დადუმდა, რადგან შეამჩნია, საწყალ აკიმ პეტროვიჩს ისე ჩაეღუნა თავი, გეგონება, რამე დაეშავებინოს. გენერალი ამის დანახვამ ცოტა არ იყოს დააბნია და სასწრაფოდ ისევ მოწრუპა სასმელი. აკიმ პეტროვიჩმა კი კვლავ ბოთლს დასტაცა ხელი და ჭიქა შეუვსო, თითქოს ერთადერთი ხსნა ეს იყო მისთვის. `ბევრი ვერაფერი სახსარი გაგაჩნია~, _ გაივლო გულში ივან ილიჩმა და გოროზად შეავლო თვალი საწყალ აკიმ პეტროვიჩს. იმან კი გენერლის ეს გოროზი მზერა რომ იგრძნო, გადაწყვიტა არამც და არამც არც ხმა ამოეღო და არც თავი აეწია.
ორიოდე წუთს ასე ისხდნენ ერთმანეთის პირდაპირ. ეს ორი წუთი აკიმ პეტროვიჩისთვის მტანჯველი გამოდგა. რამდენიმე სიტყვა მინდა აკიმ პეტროვიჩზეც მოგახსენოთ. ეს გახლდათ ერთი მორჩილი და თვინიერი კაცი, ძველ ყაიდაზე აღზრდილი, უფროსების შიშსა და კრძალვას ნაჩვევი, ამავე დროს ბუნებით კეთილი და, წარმოიდგინეთ, კეთილშობილიც. აკიმ პეტროვიჩი წარმოშობით პეტერბურგელი რუსი იყო, მისი მამა და მამის მამაც პეტერბურგში დაიბადნენ, პეტერბურგში დაიწყეს სამსახური და იქიდან ფეხი არ მოუცვლიათ. ისინი სრულიად განსხვავდებიან სხვა რუს კაცთაგან. თითქმის არაფერი იციან რუსეთის შესახებ და არც ადარდებთ ეს ამბავი. მათთვის ყველაფერი პეტერბურგითა და, რაც მთავარია, სამსახურით შემოფარგლულა. მათი ერთადერთი საზრუნავი კაპიკიანი პრეფერანსი, დუქანი და თვიური ხელფასია. არ იციან არც ერთი რუსული ადათი, არც ერთი რუსული სიმღერა `ლუჩინუშკას~ გარდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ არღნებზე უკრავენ. თუმცა პეტერბურგელი რუსის გამორჩევა ორი არსებითი, ურყევი ნიშნით შეგიძლიათ. პირველი ნიშანი ის გახლავთ, რომ უკლებლივ ყველა პეტერბურგელი რუსი `პეტერბურგსკიე ვედომოსტის~ `აკადემიჩესკოე ვედომოსტის~ ეძახის. მეორე ასევე არსებით ნიშანს ის წარმოადგენს, რომ პეტერბურგელი რუსი თავის დღეში სიტყვა `საუზმეს~ არ იხმარს, უთუოდ `ფრიშტიკს~ იტყვის და `ფრი~ მარცვალზე გაუკეთებს მახვილს. აი, ამ ორი ძირითადი და განსხვავებული ნიშნით, თუ გნებავთ, მუდამ გამოარჩევთ მათ. ერთი სიტყვით, ეს იმ თვინიერ ადამიანთა ტიპი გახლავთ, რომელიც ამ უკანასკნელი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა საბოლოოდ. თუმცა აკიმ პეტროვიჩი არცთუ უჭკუო კაცი იყო. გენერალს რომ მისთვის რაიმე შესაფერისი ეკითხა, აკიმ პეტროვიჩი კიდევაც უპასუხებდა და კიდევაც მხარს აუბამდა საუბარში. მაგრამ ამისთანა კითხვებზე ხელქვეითს არც ეგებოდა პასუხი;
თუმცა აკიმ პეტროვიჩს ცნობისწადილი კლავდა, დაწვრილებით გაეგო მისი აღმატებულების ნამდვილი ზრახვანი... ამასობაში ივან ილიჩს უფრო და უფრო ეძალებოდა ფიქრი, ათასნაირი რამ უტრიალებდა თავში. გულისყურდაკარგული მისდა შეუმჩნევლად წარამარა ყლურწავდა ღვინოს. აკიმ პეტროვიჩიც მაშინვე გულმოდგინედ უვსებდა ჭიქას. ორივე დუმდა. ივან ილიჩმა მოცეკვავეებს დაუწყო ცქერა. ცეკვებმა რამდენადმე მიიქცია მისი ყურადღება, ერთმა ამბავმა კიდეც გააკვირვა... მოცეკვავენი მართლა მხიარული სანახავი იყვნენ. აქ ყველა გულწრფელად, თავის გასართობად და მოსაგიჟიანებლად ცეკვავდა. კარგი მოცეკვავეაო, ბევრზე ვერ იტყოდი, მაგრამ ეს უკანასკნელნიც ისე გულმოდგინედ აბრაგუნებდნენ ფეხებს, სხვებს ტოლს არ უდებდნენ. მოცეკვავეებში, პირველ ყოვლისა, ოფიცერი გამოირჩეოდა. განსაკუთრებით იქ, ანუ სოლო უნდა ეცეკვა. იმ დროს ისე გასაოცრად გადაიხრებოდა ერთ მხარეს ეს ბოძივით გაჯგიმული კაცი, გეგონებოდა, ეს-ესაა წაიქცევაო. მაგრამ ერთი ნაბიჯის შემდეგ ზუსტად ისეთივე კუთხით გადაქანდებოდა ახლა უკვე მეორე მხარეს. სახეზე ამ დროს დიდზე დიდი სიდინჯე ეხატა და ღრმად სწამდა, ყველა განცვიფრებული შემომყურებსო. ერთ კავალერს მეორე ილეთზევე ჩასძინებოდა თავისი წყვილის გვერდით, რომელსაც კადრილამდე მოესწრო მაგრად გამობრუჟვა და ქალი იძულებული იყო, მარტო ეცეკვა. ცისფერშარფიან მანდილოსანთან მოცეკვავე ახალგაზრდა რეგისტრატორი იმ საღამოს შესრულებულ ყველა ხუთივე კადრილის დროს სულ ერთსა და იმავე ოინს იმეორებდა: ჩამორჩებოდა თავის წყვილს, თითებში მოიმწყვდევდა ქალის შარფის წვერს და წყვილების შეცვლის დროს ბარე ოცჯერ მაინც ჩაკოცნიდა ხოლმე ამ წვერს. მისი წყვილი კი წინ მისრიალებდა და ვითომც ვერაფერს ამჩნევდა. სამედიცინოს სტუდენტი მართლაც ყირამალა დადგა ცეკვის დროს და დიდი აღფრთოვანების ყიჟინა და სიამოვნების წივილ-კივილი გამ ოიწვია. ერთი სიტყვით, ყველას ფრიად ლაღად ეჭირა თავი. შეჭიკჭიკებულ ივან ილიჩს ერთი პირობა ღიმილიც მოერია, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც მწარე ეჭვი შეეპარა გულში; რა თქმა უნდა, გენერალს ძალიან მოსწონდა სითამამეც და თავისუფალი თავდაჭერაც, გულში ნატრობდა კიდეც ამ სითამამეს, როცა დამფრთხალი სტუმრები უკან-უკან იხევდნენ. ახლა კი სითამამემ ზღვარსაც გადააჭარბა. მაგალითად, ერთმა ქალმა, ვისაც მეოთხე ხელიდან ნაყიდი გაქექილი ლურჯი ხავერდის კაბა ეცვა, მეექვსე ილეთის შესრულებისას კაბა ქინძისთავებით აიკეცა, ისე რომ, გეგონებოდა, გრძელი შარვლით ცეკვავსო. სწორედ ეს გახლდათ კლეოპატრა სემიონოვნა, ვისაც, მისი კავალრის _ სამედიცინოს სტუდენტის თქმის არ იყოს, ყველაფერს ადვილად გაუბედავდი. სამედიცინოს სტუდენტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. არა, თუ წეღან ყველა უკან-უკან იხევდა, ახლა ნეტავ რა ძალამ გაათამამა ასე უცბად! ხომ თითქოს არაფერია, მაგრამ ეს გარდატეხა, ცოტა არ იყოს, უცნაური ჩანდა და რაღაცას მოასწავებდა. ივან ილიჩის არსებობა თითქოს აღარც კი ახსოვდათ. რასაკვირველია, გენერალი პირველი ხარხარებდა და ტაშიც შემოჰკრა. აკიმ პეტროვიჩი ბანს აძლევდა და მოწიწებით ხითხითებდა, თუმცა, ეტყობა, მართლა სიამოვნებდა. რა იცოდა, თუ მისი აღმატებულების გულში ახალი ეჭვის ჭია იღვიძებდა. _ მშვენივრად კი ცეკვავთ, ყმაწვილო, _ ნაძალადევად უთხრა ივან ილიჩმა სტუდენტს, რომელმაც კადრილის დამთავრების შემდეგ გვერდით ჩაუარა. სტუდენტი მთელი ტანით შემოტრიალდა, დაიღრიჯა, სახე უზრდელად ლამის ცხვირთან მიუტანა მის აღმატებულებას და მამალივით მიაყივლა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ივან ილიჩი მაგიდიდან წამოდგა. მაგრამ სხვებმა კი ხარხარი ატეხეს, ისე ბუნებრივად გამოუვიდა ეს ყივილი სტუდენტს და ისე მოულოდნელად დაღრიჯა სახე. ივან ილიჩი გაოგნებული იდგა. უეცრად ფსელ
დონიმოვი მიუახლოვდა, თავი დაუკრა და ვახშამზე წამობრძანება სთხოვა. ფეხდაფეხ დედა მოსდევდა. _ თქვენო აღმატებულებავ, დედაშვილობას, პატივი დაგვდეთ, სიღარიბით ნუ დაგვიწუნებთ... _ ეუბნებოდა იგი თავის დაკვრით. _ აღარ ვიცი მართლა... _ დაიწყო ივან ილიჩმა, _ მე ხომ იმიტომ არა... მე... მე უკვე წასვლა მინდოდა... გენერალს მართლაც ქუდი ეჭირა ხელში. კიდევ მეტი: იქვე, იმ წამს, თავის თავს აღთქმა მისცა, არამც და არამც არ დავრჩებიო... და მაინც დარჩა. ერთი წუთის შემდეგ პირველი იგი მიუძღოდა სტუმრებს სუფრისკენ. ფსელდონიმოვი და დედამისი გზას უკვალავდნენ. გენერალი ყველაზე საპატიო ადგილას დასვეს და წინ კვლავ შამპანურის გაუხსნელი ბოთლი დაუდგეს. საუზმედ ქაშაყი და არაყი იყო. გენერალმა ხელი არყისკენ წაიღო, ვეება სასმისი გაივსო და გადაჰკრა. არაყი კი არასოდეს დაულევია. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მაღალი მთიდან მოგორავს, მოგორავს, უნდა გაჩერდეს, უნდა რაღაცას მოეჭიდოს, მაგრამ ვერ ახერხებს. მის თავს მართლაც უფრო და უფრო საოცარი ამბავი ხდებოდა. კიდევ მეტი: ეს ბედის დაცინვა იყო. ღმერთმა უწყის, რა დაემართა ამ ერთ საათში. აქ შემოსვლისას, ასე ვთქვათ, მზად იყო მთელი კაცობრიობა თუ ყველა თავისი ხელქვეითი გულში ჩაეკრა; მაგრამ არ გასულა ერთი საათი, რომ გამწარებულმა იგრძნო, თუ რა ჭირივით სძულს ფსელდონიმოვი, წყევლის მას, მის ცოლს, მის ქორწილსაც. კიდევ მეტი: ფსელდონიმოვის სახესა და თვალებში რა ხანია ამოიკითხა, რომ იმასაც სძულს, რომ ისე უყურებს, თითქოს უნდა უთხრას: `ჯანდაბას შენი თავი და ტანი! რა ჭირად გადამეკიდა, ეს წყეული!..~ თუმცა ივან ილიჩი ახლაც, ამ სუფრაზეც კი, უმალ მარჯვენას მოიჭრიდა, ვინემ არათუ სხვას, არამედ თავის თავს გულწრფელად გამოუტყდებოდა, მართლა ასე არისო. ჯერაც საამი სო ჟამს არ დაეკრა, ჯერაც მხოლოდ სულიერ ჭიდილში იყო. მაგრამ გული, გული კი... უკვნესოდა! გული გარეთ, ჰაერზე გასვლას, მოსვენებას სთხოვდა. ივან ილიჩს ხომ მეტისმეტად კეთილი გული ჰქონდა. განა არ იცოდა, რომ აქამდე უნდა წასულიყო კი არადა, გაქცეულიყო, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად შეტრიალდა, დიახ, დიახ, სულ სხვანაირად მოხდა, ვიდრე ოცნებებმა დაუსურათა. `ნეტავ რატომ მოვედი? განა იმიტომ, მესვა და მეჭამა?~ _ ეკითხებოდა თავის თავს და თან ქაშაყს მიირთმევდა. საკუთარ თავს თვითონვე გმობდა და საკუთარ გმირობას ზოგჯერ თვითონვე დასცინოდა. თავადაც ვეღარ გაეგო, მართლა რა ძალამ მოიყვანა აქ? მაგრამ როგორ უნდა წასულიყო, თუკი საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა? `რას იტყვიან? ასე იტყვიან, უწესო ადგილებში დაეთრევაო. თუ არ დავასრულე, მართლაც ასე გამოვა. რას იტყვის, მაგალითად (ამ ამბავს ხომ ხვალვე გაიგებს ყველა), სტეფან ნიკიფორიჩი, სემიონ ივანიჩი, რას იტყვიან კანცელარიებში, შემბელებთან, შუბინებთან? არა, ისე უნდა წავიდე, ყველა მიხვდეს და გაიგოს, რატომ მოვედი, ზნეობრივი მიზანი სამზეოზე გამოვიტანო... _ არადა, ეს ამაღელვებელი წუთი ვერა და ვერ მოეხელთა. _ პატივსაც კი არ მცემენ. ნეტავ რა აცინებთ? ისე უტიფრად იქცევიან, თითქოს გული არ ჰქონდეთ... კი, კი, დიდი ხანია ეჭვი მქონდა, ახალგაზრდა თაობას გული არა აქვს-მეთქი! არა, უნდა დავრჩე, რადაც უნდა დამიჯდეს... აქამდე ცეკვავდნენ, სუფრასთან კი ყველა ერთად შეიყრის თავს... ჩამოვაგდებ სიტყვას სხვადასხვა საკითხზე, რეფორმებზე, ვილაპარაკებ რუსეთის დიდებაზე... ყველას აღვაფრთოვანებ. დიახ! იქნებ კიდევ გამოვასწორო ყველაფერი... იქნებ ასეც ხდება ხოლმე სინამდვილეში. მაინც რა ვთქვა ისეთი, რომ ყურადღება მივიპყრო? რა ხერხი ვიხმარო? აღარ ვიცი, ვერაფერი მომიფიქრებია... ნეტავ რა უნდათ, რას ითხოვენ?.. უყურე, იქ, მგონი, ხითხითებენ... ღმერთო ჩემო, ჩემზე ხომ არა! ან ნეტავ რა მინდა, აქ რისთვის ვარ, რად არ მივდივარ, რას ველი?..~ ასე ფიქრობდა ივან ილიჩი და აუტანელი სირცხვილის გრძნობა თანდათან გულს უფრო უწურავდა. მაგრამ ვაი, რომ ყველაფერი ერთმანეთს წაეწყო. სუფრასთან დაჯდომის ზუსტად ორი წუთის შემდეგ ერთმა ფიქრმა მოიცვა მთლიანად და შეზარა. ანაზდად იგრძნო, რომ უბედურად მთვრალია, წინანდელივით შეჭიკჭიკებული კი არადა, გალეშილი მთვრალი. ამის მიზეზი ერთი ჭიქა არაყი იყო, შამპანურს რომ დააყოლა და მაშინვე მოერია. მთელი არსებით გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა. რა თქმა უნდა, სითამამე კი მოემატა, მაგრამ შეგნებამ არ უღალატა და უყიჟინებდა: `არ ვარგა, არა, არც შეგფერის და არც გეკადრება!~ ცხადია, მთვრალის მერყევ ფიქრებს ერთ წერტილზე რა გააჩერებს. თვითონაც გრძნობდა, მის სულში რომ თითქოს ორი ძალა შესჭიდებოდა ერთმანეთს: ერთი ჩასძახოდა _ თავი გამოიჩინე, გაიმარჯვე, დაბრკოლებები გადალახე, შენს მიზანს უთუოდ მიაღწევო. მეორე კი მწარედ ღრღნიდა და გულს უწიწკნიდა: `რას იტყვიან? რით დამთავრდება? ხვალ, ხვალ რა იქნება!..~ ადრევეც ყრუდ კარნახობდა გული, რომ სტუმრებს შორის უკვე ბევრი მტერი ჰყავს. `წეღანაც მთვრალი ვიყავი და ალბათ იმიტომ~, _ გაიფიქრა მწარე ეჭვით. მაგრამ თავზარი დაეცა, როცა უტყუარი ნიშნებით დარწმუნდა, სუფრაზე რომ მართლა მტრები ჰყავდა და ამაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლებოდა. `რატომ! რა დავაშავე!~ _ ფიქრობდა იგი. სუფრასთან მხოლოდ ოცდაათამდე სტუმარი იჯდა, მეტი ვერ დაეტია. სხვებს დაუდევრად ეჭირათ თავი, ბოროტი სითამამით გაჰყვიროდნენ, ხმამაღლა ყაყანებდნენ, სადღეგრძე ლოებს ნაადრევად იძახდნენ, მანდილოსნებს დასორსოლებულ პურს ესროდნენ. ერთი ჩია კაცი, გაქონილი სერთუკის ამარა, სუფრაზე დაჯდომისთანავე სკამიდან გადმოვარდა და ვახშმის დამთავრებამდე ძირს ეგდო. მეორემ სუფრაზე მოინდომა აძრომა და იქიდან სადღეგრძელოს თქმა, მაგრამ ოფიცერი კალთებში ჩააფრინდა და მისი უდროო აღტაცება დააცხრო. მიუხედავად იმისა, რომ მზარეულად ვიღაც გენერლის ყმა მოეწვიათ, ვახშამი ფრიად მდაბიური გამოვიდა: იყო გალანტირი, კარტოფილებით შემოწყობილი ენა, კატლეტები მწვანე მუხუდოს მისაყოლებლით, ბატი და ბოლოს ბლანმანჟე; სასმელებიდან _ ლუდი, არაყი და ხერესი. შამპანური მხოლოდ გენერალს მოართვეს და ისიც თავის მხრივ აკიმ პეტროვიჩს გაუმასპინძლდა, რომელმაც ვახშამზე უკვე ვეღარ გაბედა თვითონ ეთავა შამპანურის დასხმა. სადღეგრძელოები სხვა სტუმრებს კავკასიური ღვინით ან, რაც მოხვდებოდათ, იმით უნდა შეესვათ. სუფრა რამდენიმე მაგიდისგან შედგებოდა, ასე განსაჯეთ, ბანქოს მაგიდაც კი მიედგათ. ეფარა ნაირ-ნაირი სუფრები, მათ შორის იაროსლავური ფერადი სუფრაც. ყოველ მანდილოსანს მამაკაცი ეჯდა გვერდით. ფსელდონიმოვის დედა სუფრასთან არ დამჯდარა, დაფუსფუსებდა და განკარგულებებს იძლეოდა. სამაგიეროდ, ერთი მავნე არსება მოევლინა სუფრას, აქამდე რომ არ გამოჩენილა. ეცვა რაღაც მოწითალო აბრეშუმის კაბა, ეხურა წოპწოპა ჩაჩი, ყბა კი ახვეული ჰქონდა. ეს თურმე პატარძლის დედა იყო, რომელიც ძლივს დაითანხმეს, ვახშამზე მაინც გამოსულიყო უკანა ოთახიდან. ფსელდონიმოვის დედასთან დიდი ქიშპი ჰქონია და აქამდე იმიტომ არ გამოდიოდა. თუმცა ამაზე მერე იყოს. ეს მანდილოსანი გენერალს ღვარძლითა და დაცინვით უყურებდა, როგორც ჩანს, არც ნებავდა მისი გაცნობა. ივან ილიჩს მეტისმეტად საეჭვოდ ეჩვენა იგი. თუმცა მის გარდა ბევრი სხვაც საეჭვო ჩანდა და უნებლიე შიშსა და შფოთს უნერგავდა, თითქოსდა ერთმანეთ თან პირი შეეკრათ სწორედ ივან ილიჩის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეჩვენა, ხოლო ვახშმის დამთავრებამდე ამაში საბოლოოდ დარწმუნდა. მაგალითად, ერთმა მავნე წვეროსანმა ვაჟბატონმა, თურმე თავნება მხატვარმა, რამდენჯერმე შეხედა ივან ილიჩს, მერე მიტრიალდა და მეზობელს რაღაც გადაუჩურჩულა, რომელიც უკვე კარგა გამობრუჟული ბრძანდებოდა. ეს ყმაწვილიც თურმე სადღაც სწავლობდა, მაგრამ ზოგიერთი ნიშნით ისიც საეჭვო ჩანდა. ავი რამ იყო მოსალოდნელი სამედიცინოს სტუდენტებისგანაც. თვით ოფიცერსაც მაინცდამაინც საიმედო პირი არ უჩანდა. მაგრამ ყველაზე მეტ სიძულვილს მაინც `მუგუზლის~ თანამშრომელი ამჟღავნებდა. უნდა გენახათ, რა ამბით გადათხლაშულიყო სკამზე, რა დიდგულად იმზირებოდა და თავისთვის ფრუტუნებდა! მართალია, სტუმრებიდან დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან `მუგუზალში~ რაღაც ოთხი ლექსი დაებეჭდა და ამიტომ ლიბერალად მოჰქონდა თავი, და არც გულზე ეხატებოდა, მაგრამ როცა ივან ილიჩის გვერდით პურის სორსალი დავარდა, აშკარად მის მხარეს გამოსროლილი, ივან ილიჩი თავს დადებდა, რომ ამ სორსალის მსროლელი `მუგუზლის~ თანამშრომელი იყო. აშკარა გახლდათ, რომ ეს ყველაფერი სავალალოდ მოქმედებდა გენერალზე. ყველაზე მეტად იმის აღმოჩენამ შეაწუხა, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სიტყვების მკაფიო გამოთქმა უჭირს, რომ ბევრის თქმა უნდა, ოღონდ ენა არ ემორჩილება. შემდეგ შიგადაშიგ თითქოს გონიც ეკარგება, რაც მთავარია, ისეთ დროს ჩაიფრუტუნებს და გაიცინებს, როცა სასაცილო არაფერია. ამ განწყობამ მალე გაუარა კიდევ ერთი ჭიქა შამპანურის წყალობით, რომელიც ივან ილიჩმა დაისხა, მაგრამ დალევა არ უნდოდა, უცებ კი მისდა უნებურად გადაკრა. ამ ჭიქის შემდეგ ლამის ტირილი მოუნდა, უცნაური გულჩვილობა მოერია:
ანაზდად ხელახლა შეუყვარდა ყველა _ ფსელდონიმოვიც და `მუგუზლის~ თანამშრომელიც. მოუნდა ყველას გადახვეოდა, ყველაფერი დაევიწყებინა და ყველას შერიგებოდა. კიდევ მეტიც: დაუფარავად ეამბნა მათთვის, რა კეთილი და კარგი კაცია, რა დიდებული ნიჭისა და უნარის პატრონი, რარიგ გამოადგება იგი მამულს, რა ხუმარა ვინმეა, რა მარჯვედ სჩვევია ქალთა გამხიარულება, რაც მთავარია, რაოდენ მოწინავე აზრების მატარებელი, რა ჰუმანური გული აქვს, როგორ უნდა, ყველას, სულ პატარა კაცსაც დაუახლოვდეს. ბოლოს კი გულღიად მოჰყვეს, თუ რამ მოიყვანა დაუპატიჟებლად ფსელდონიმოვთან, რამ დაალევინა ორი ბოთლი შამპანური და თავისი მოსვლით რად გააბედნიერა ეს კაცი. `თავიდათავი სიმართლეა, წმიდათაწმიდა სიმართლე და გულღიაობა! მხოლოდ გულღიაობით მოვთოკავ ამათ. ვიცი, რომ ჩემსას იწამებენ; ახლა მტრული თვალით მიცქერიან, მაგრამ როცა ყველაფერს ვეტყვი, უმალ მოვიგებ მათ გულს. ყველა შეავსებს სასმისს და ჩემს სადღეგრძელოს შესვამს. დარწმუნებული ვარ, ოფიცერი თავის სასმისს დეზზე დაიმსხვრევს. ურიგო არ იქნება, ვაშაც დასძახონ! ჰაერში რომ ამისროლონ, როგორც ჰუსარებს სჩვევიათ, უარს არ ვიტყოდი, კიდევაც ძალიან გამიხარდება, პატარძალს შუბლზე ვეამბორები: სანდომიანი ქალია. აკიმ პეტროვიჩიც მშვენიერი ადამიანია. რა თქმა უნდა, ფსელდონიმოვი შემდეგში გამოსწორდება. რა ვუყოთ მერე, თუ, ასე ვთქვათ, დიდკაცური პეწი აკლია... მართალია, ახალ თაობას გულისხმიერება არ გააჩნია. მაგრამ... მე ვიტყვი მაგათ რუსეთის თანამედროვე მოწოდებაზე ევროპის სხვა სახელმწიფოთა შორის, ვახსენებ გლეხთა საკითხსაც და ყველას შევუყვარდები, დიდებულად დავიძვრენ თავს!..~ ეს დიახაც სასიამოვნო ოცნება იყო, მაგრამ ამ საამო იმედებში ჩაძირულმა ივან ილიჩმა, სამწუხაროდ, უეცრად კიდევ ერთი მოულოდნელი რამ შეამჩნია თავის თავს: თურმე ფურთხ ებაც სცოდნია. ყოველ შემთხვევაში დორბლი მისდა უნებურად უცვიოდა პირიდან. ეს მაშინ შეამჩნია, როცა აკიმ პეტროვიჩს ლოყა დაუდორბლა, ამ უკანასკნელს კი მოწიწებამ ნება არ მისცა მაშინვე მოეწმინდა დორბლი. ივან ილიჩმა ხელსაწმენდი აიღო და უცებ თავისი ხელით მოსწმინდა. მაგრამ მისივე საქციელი სულელური, გონივრულობას მოკლებული ეჩვენა, დადუმდა და თვითონვე გაუკვირდა, ეს რა ვქენიო. აკიმ პეტროვიჩიც, მართალია, ნასვამი იყო, მაგრამ დამდუღრულივით იჯდა. გენერალმა მხოლოდ ახლა მოისაზრა, რომ ლამის თხუთმეტი წუთია, რაღაც ძალიან საგულისხმო თემაზე ელაპარაკება, მაგრამ აკიმ პეტროვიჩი თითქოს არათუ დარცხვენით, რაღაც შიშითაც კი უსმენდა. ფსელდონიმოვსაც, ერთი სკამის იქით რომ იჯდა, კისერი წამოეგრძელებინა, თავი გვერდზე გადაეხარა და ღმეჭით აყურადებდა, გეგონებოდა, მართლა დადარაჯებული იყო. ივან ილიჩმა სტუმრებს გადახედა და დაინახა, რომ ბევრს მისკენ მოუპყრია თვალი და ხარხარებს. მაგრამ საკვირველი ის იყო, ამის კი არ შერცხვა, პირიქით, ერთხელ კიდევ დაეწაფა სასმისს და უცებ რაც შეიძლება ხმამაღლა დაიწყო: _ ეს წუთია ვეუბნებოდი აკიმ პეტროვიჩს, ბატონებო, რომ რუსეთი... დიახ, სწორედ რუსეთი... ერთი სიტყვით, გესმით ალბათ, რი-სი თქმაც მინდა... რომ რუსეთი, ჩემი ღრმა რწმენით, ჰუ-ჰუმანურობის ხანას განიცდის... _ ჰუ-ჰუმანურობისა! _ გაისმა სუფრის მეორე თავში. _ ჰუ-ჰუ! _ ჰე-ჰე! გენერალი წამით შეჩერდა. ფსელდონიმოვი წამოდგა და სტუმრებს თვალი გადაავლო, აბა ვინ დაიყვირაო? აკიმ პეტროვიჩი ქურდულად აქნევდა თავს საყვედურის ნიშნად. გენერალმა ეს ყველაფერი მშვენივრად დაინახა და გული ჩასწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
_ დიახ, ჰუმანურობის ხანას! _ ჯიუტად განაგრძო მან. _ წეღან... დიახ, სწორედ წეღან ვეუბნებოდი სტეფან ნი-კიფოროვიჩს... დიახ... რომ, ასე ვთქვათ, საგანთა განახლება... _ თქვენო აღმატებულებავ! _ შეაწყვეტინა ვიღაცამ სუფრის ბოლოდან. _ რას მიბრძანებთ? _ მიუგო ივან ილიჩმა და შეეცადა ამის მთქმელი დაენახა. _ არაფერს, თქვენო აღმატებულებავ, წამომცდა მხოლოდ, განაგრძეთ! გა-ნა-გრძეთ-მეთქი! _ გაისმა ისევ ის ხმა. ივან ილიჩი უსიამოდ შეიშმუშნა. _ ასე ვთქვათ, ამ საგანთა განახლება... _ თქვენო აღმატებულებავ! _ დაიძახა ისევ ვიღაცამ. _ რა გნებავთ? _ თქვენი გამარჯვება! ეს კი ვეღარ მოითმინა გენერალმა, სიტყვა გაწყვიტა და წესის დამრღვევისა და შეურაცხმყოფელისკენ მიაბრუნა თავი. ეს იყო თითქმის პირტიტველა მოწაფე ბიჭი, უკვე ძალზე მთვრალი. რა ხანია ღრიალებდა და ჭიქა და ორი თეფშიც მიემსხვრია, აქაოდა, ქორწილში ასე იციანო. როცა გენერალი მისკენ მიტრიალდა, ოფიცერი მკაცრად ტუქსავდა მყვირალას. _ რა იყო, რა გაღრიალებს? აქედან უნდა გაგაგდოს კაცმა! _ თქვენზე არა, თქვენო აღმატებულებავ, თქვენზე არა! განაგრძეთ! _ ყვიროდა სკამზე გადათხლაშული შექეიფიანებული მოწაფე, _ განაგრძეთ, მე გისმენთ და ძა-ლიანაც, ძალიანაც კმაყოფილი ვარ თქვენი! მა-საწონია, მა-საწონი. _ მთვრალია ეს ლაწირაკი! _ ჩაიჩურჩულა ფსელდონიმოვმა. _ ვხედავ, რომ მთვრალია, ოღონდაც... _ ეს წუთია ერთი სასაცილო ანეკდოტი მოვყევი, თქვენო აღმატებულებავ! _ ჩაერია ოფიცერი, _ ჩვენ ერთი პორუჩიკი გვყავდა და ზუსტად ასე ელაპარაკებოდა უფროსებს; ჰოდა, ესეც ახლა იმას ჰბაძავს. უფროსის ყოველ სიტყვაზე მა-საწონი, მა-საწონიაო, აყოლებდა! ჯერ ერთი წლის წინ გააგდეს ამის გულისთვის სამსახურიდან. _ ვინ, რომელი პორუჩიკი? _ ჩვენს პოლკში იყო, თქვენო აღმატებულებავ, პირდაპირ შეშლილი გახლდათ ამ სიტყვაზე. ჯერ დაუყვავეს, ჭკუაში ჩავაგდებთო, მერე კი საკანში ჩააყუდეს... უფროსი რომ მამაშვილურად არიგებდა, ის მა-საწონია, მა-საწონიაო, იძახდა. არადა, მამაცი ოფიცერი იყო, კარგა მაღალი. დააპირეს სამართალში მიეცათ, მაგრამ ნახეს, რომ შეშლილი იყო. _ მაშასადამე... ტუტუცი ყოფილა. ტუტუცობისთვის კი ეს მეტისმეტია... მე, მაგალითად, ვაპატიებდი... _ მედიცინამაც დაამოწმა, თქვენო აღმატებულებავ. _ როგორ! გა-გაკვეთეს? _ რას ბრძანებთ, კაცი ცოცხალი გახლდათ. სტუმრებმა ერთხმად გადაიხარხარეს, თუმცა მანამდე დინჯად ეკავათ თავი. გენერალი გაცოფდა. _ ბატონებო, ბატონებო! _ შეჰყვირა და ამჯერად ენაც აღარ დაბმია, _ ნუ გგონიათ, იმის გარჩევა არ შემეძლოს, რომ ცოცხალს არავინ გაკვეთს. მე მეგონა, შეიშალა და ცოცხალი აღარ იყო... ანუ მოკვდა... ესე იგი, მინდა ვთქვა... რომ თქვენ არ გიყვარვართ... არადა, მე ყველა მიყვარხართ... დიახ, პორ... პორფირიც მიყვარს... ვიცი, რომ ამის თქმით თავს ვიმცირებ... ამ დროს ვეებერთელა დორბლი პირიდან გამოუხტა გენერალს და სუფრის გამოსაჩენ ადგილზე დაეცა. ფსელდონიმოვი უმალ ხელსახოცით ეცა გასაწმენდად. ამ უკანასკნელმა მარცხმა საბოლოოდ გაანადგურა გენერალი. _ ბატონებო, ეს უკვე მეტისმეტია! _ სასოწარკვეთით შესძახა მან.
_ მთვრალია, თქვენო აღმატებულებავ, _ ჩაუჩურჩულა ისევ ფსელდონიმოვმა. _ მე ვხედავ, პორფირი, რომ თქვენ... ყველა... დიახ! მე ვამბობ, რომ იმედი მაქვს... დიახ, მე გთხოვთ მითხრათ: რით დავიმცირე თავი? ივან ილიჩი ლამის ტიროდა. _ რას ბრძანებთ, თქვენო აღმატებულებავ! _ პორფირი, მე შენ გეუბნები... თქვი, მე თუ მოვედი... დიახ... დიახ, ქორწილზე, მიზანიც მქონდა. მსურდა სულით ამემაღლებინეთ... მე მსურდა ყველას გეგრძნოთ. მე თქვენ მოგმართავთ: ძალიან დავმცირდი თქვენს თვალში თუ არა? სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. საქმეც სწორედ ის იყო, რომ ამისთანა პირდაპირ კითხვას სამარისებური სიჩუმით შეხვდნენ. `ღმერთო, რა იქნებოდა, ახლა მაინც დაეძახათ ვაშა!~ _ გაუელვა თავში მის აღმატებულებას. მაგრამ სტუმრები მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ. აკიმ პეტროვიჩი ცოცხალ-მკვდარი იჯდა. შიშით ენაჩავარდნილი ფსელდონიმოვი გულში ამ მეხდამცემ კითხვას იმეორებდა, რომელიც დიდი ხანია თავში უტრიალებდა. `ხვალ რა დღეს დამაყრიან ამისთვის?~ უკვე კარგა მაგრად გალეშილი `მუგუზლის~ თანამშრომელი, აქამდე მოჟამული და დადუმებული რომ იჯდა, უცებ პირდაპირ გენერალს მიუბრუნდა და თვალების ბრიალით მთელი საზოგადოების სახელით მეხივით დასჭექა: _ დიახაც, ბატონო ჩემო, დიახაც დაიმცირეთ თავი! დიახ, ბატონო ჩემო, დამყაყებული აზრების კაცი ბრძანდებით... დამყაყებულის! _ გონს მოდით, ყმაწვილო! თუ იცით, ასე ვთქვათ, ვის ელაპარაკებით! _ გაშმაგებით უყვირა გენერალმა და ხელახლა წამოიჭრა ადგილიდან. _ ვის და თქვენ, ბატონო ჩემო, და მეორეც, მე ყმაწვილი არ გახლავართ... აქ თავმოსაწონებლად და სახელის მოსახვეჭად მობრძანდით. _ ეს რას ჰგავს, ფსელდონიმოვ! _ შესძახა გენერალმა. ზეზე წამომხტარი ფსელდონიმოვი ზარდაცემული გაშეშებულიყო ერთ ადგილზე. აღარ იცოდა, არ ექნა. სტუმრებსაც ენა ჩავარდნოდათ. მხატვარი და მოწაფე ტაშს უკრავდნენ და ვაშა, ვაშაო, იძახდნენ. თანამშრომელი კვლავ გაცოფებით ყვიროდა: _ დიახ, ჰუმანურობით დატრაბახება გნებავდათ და იმიტომ მობრძანდით! ყველას ჩაუშხამეთ მხიარულება. ყლურწავთ შამპანურს და იმას არ ფიქრობთ, რა ძვირი გახლავთ შამპანური იმ მოხელის ჯიბისთვის, ვინც თვეში ათ მანეთს იღებს. ვეჭვობ, რომ თქვენც იმ უფროსთაგანი უნდა იყოთ, რომელთაც თავიანთი ხელქვეითების ყმაწვილი ცოლები დიახაც გემრიელ ლუკმად მიაჩნიათ... დიახ, დიახ! _ ფსელდონიმოვ, ფსელდონიმოვ! _ ყვიროდა გენერალი და მისკენ იწვდიდა ხელებს. `მუგუზლის~ თანამშრომლის ყოველი სიტყვა ხანჯლად ესობოდა გულზე. _ ახლავე, თქვენო აღმატებულებავ, თუ შეიძლება, ნუ შეწუხდებით! _ მთელი ძალით მიაძახა ფსელდონიმოვმა. თანამშრომელს ეცა, ქეჩოში ხელი დაავლო და სუფრიდან გამოათრია. საკვირველიც იყო, რამ მისცა ასეთი ძალა ამ ჩია ფსელდონიმოვს. მაგრამ თანამშრომელი მთვრალი ბრძანდებოდა, ფსელდონიმოვს კი წვეთი ღვინო არ დაელია. შემდეგ რამდენიმე მუჯლუგუნიც მიაყოლა ზურგში და გარეთ გააგდო. _ ყველა არამზადები ხართ! ხვალვე ყველას `მუგუზალში~ გამოგაჭენებთ!.. _ ღრიალებდა თანამშრომელი. ყველანი ადგილიდან წამოხტნენ. _ თქვენო აღმატებულებავ, თქვენო აღმატებულებავ! დაწყნარდით, თქვენო აღმატებულებავ! _ ეხვეოდნენ გენერალს ფსელდონიმოვი, მისი დედა და რამდენიმე სტუმარი.
_ არა და არა! _ ყვიროდა გენერალი, _ მიწასთან გამასწორეს... მე... მე, ასე ვთქვათ, პატივი მინდოდა მეცა. სანაცვლოდ კი რა, რა მივიღე! გენერალი თითქმის უგონოდ დაეშვა სკამზე, მკლავები მაგიდაზე დააწყო და თავი პირდაპირ ბლანმანჟეს თეფშში ჩარგო. თუ რა თავზარი დაეცა ყველას, მგონი, აღწერა საჭირო აღარცაა. წუთით და გენერალი ისევ წამოდგა, ალბათ წასვლა უნდოდა, მაგრამ წაბანცალდა, სკამის ფეხს წამოედო, იატაკზე ზღართანი მოადინა და ხვრინვა ამოუშვა. ასე ემართება ხოლმე ადამიანს, რომელიც სმას არაა ნაჩვევი და შემთხვევით დათვრება. უკანასკნელ წუთამდე, უკანასკნელ წამამდე არ ღალატობს გონი, მერე კი უეცრივ მოცელილივით ეცემა. გენერალი უგონოდ იწვა იატაკზე. ფსელდონიმოვს თმაში წაევლო ხელები და გაშეშებულიყო. სტუმრები საჩქაროდ დაიფანტნენ. ყველა თავისებურად ხსნიდა მომხდარ ამბავს. დაახლოებით ნაშუაღამევის სამი საათი იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ ამ უსიამო ამბის გარეშეც ფსელდონიმოვს არც ისე კარგად ჰქონდა საქმე, როგორც კაცს შეიძლება ჰგონებოდა. სანამ გენერალი იატაკზეა გაშხლართული, ხოლო ფსელდონიმოვი თავზე ადგას და სასოწარკვეთილი თმას იგლეჯს, შევწყვიტოთ ჩვენი ამბის მსვლელობა და რამდენიმე სიტყვა ვთქვათ თავად პორფირი პეტროვიჩ ფსელდონიმოვზე. ქორწინებამდე ჯერ ერთი თვით ადრე კაცი უიმედოდ იღუპებოდა. იგი გუბერნიიდან იყო ჩამოსული, სადაც ერთ დროს მამამისი მსახურობდა და სადაც ციხეში დაასრულა სიცოცხლე. ჯვრისწერამდე ხუთი თვით ადრე პეტერბურგში უსახსროდ დარჩენილმა ფსელდონიმოვმა, როგორც იყო, იშოვა ათმანეთიანი ადგილი და კაცი ხელახლა დაიბადა. მაგრამ მალე ისევ დაჯაბნა ცხოვრებამ. ამქვეყნად ფსელდონიმოვს დედის მეტი არავინ ჰყავდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ დედამაც დატოვა გუბერნია. დედა-შვილს სიცივითა და შიმშილით სძვრებოდა სული პეტერბურგში. ბევრჯერ ყოფილა ისეთი დღეები, როცა ფსელდონიმოვი წყლის დასალევად თავისი ფეხით წასულა ფონტანკაზე. სამსახურში მოწყობის შემდეგ დედამ და შვილმა საცხოვრებელი კუთხე გაჭირვებით დაიქირავეს. დედამ მრეცხაობას მიჰყო ხელი, შვილი კი მთელი ოთხი თვე კაპიკს კაპიკზე ადებდა, რომ ჩექმა და შინელი ეყიდა. ვინ მოთვლის, რამდენი დამცირება გადაუტანია კანცელარიაში, რამდენჯერ უკითხავთ მისთვის უფროსებს, აბანოში თუ იყავიო? ხმაც გაუვრცელეს, ფსელდონიმოვს ვიცმუნდირის საყელოში ბაღლინჯოები ჰყავს დაბუდებულიო! მაგრამ ეს შესახედად თვინიერი და წყნარი კაცი მაგარი ხასიათის გამოდგა. განათლებით ვერ დაიკვეხნიდა და არც მისი ლაპარაკი გაუგია ვინმეს. ვერც იმას ვიტყვი დანამდვილებით, რამეზე თუ ფიქრობდა ან ოცნებობდა ოდესმე. სამაგიეროდ რაღაც ქვეშეცნეული, ანგარიშმიუცემელი სწრაფვა გაუჩნდა, ამ გაჭირვებულ ყოფიდან თავი დაეღწია და გზას სწეოდა. ჭიანჭველას ჰგავდა თავისი სიჯიუტით: ჭიანჭველას თუ ბუდეს დაუნგრევ, იმავე წუთს შეუდგება ახალი ბუდის შენებას. დაუნგრევ მეორედ _ მეორედაც ააშენებს და ასე იქნება გაუთავებლად. ფსელდონიმოვიც მუყაითი და მეოჯახე კაცი იყო. შუბლზე ეწერა, რომ თავისას აუცილებლად მიაღწევდა, ბუდეს მოიწყობდა და შავი დღისთვის ფულსაც გადაინახავდა. ამქვეყნად მხოლოდ დედას უყვარდა, ამ მტკიცე ნების, მშრომელ, გამრჯე და ამავე დროს კეთილი გულის დედაკაცს და იქნებ ასე ეჯახირათ დაქირავებულ კუთხეში ბარე ხუთი-ექვსი წელი, მდგომარეობის გამოკეთებამდე, რომ ბედის განგებით გადამდგარ ტიტულოვან მრჩეველ მლეკოპიტაევს არ გადაჰყროდნენ. მლეკოპიტაევი ყოფილი ხაზინადარი იყო და ოდესღაც გუბერნიაში მუშაობდა, ახლა კი პეტერბურგში გადმოსახლებულიყო თავისი ოჯახით. ფსელდონიმოვს იცნობდა და ოდესღაც მამამისისგან რაღაცით დავალებული იყო. მართალია, დიდი შეძლე ბა არ ჰქონდა, მაგრამ ცოტა ფული მაინც ებადა, თუმცა რამდენი, ეს არც მისმა ცოლმა იცოდა, არც უფროსმა ქალმა, არც ნათესავებმა და არც არავინ ამქვეყნად. მლეკოპიტაევს ორი ქალი ჰყავდა, იყო უჟმური და ახირებული კაცი, ლოთი, შინაურების სულთამხუთავი და თანაც ავადმყოფი. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა თავისი ერთ-ერთი ქალი ფსელდონიმოვისთვის მიეთხოვებინა: აქაოდა, მამამისი კარგი კაცი იყო და შვილიც კარგი იქნება, ვიციო. მლეკოპიტაევს მუდამ თავისი გაჰქონდა. თუ რაღაცას აიხირებდა, გაიტანდა კიდევაც. მართლაც რომ მეტისმეტად ხუშტურიანი კაცი იყო. მეტწილად სავარძელში იჯდა ხოლმე, რაღაც ავადმყოფობის გამო ფეხები წართმეოდა. მაგრამ ეს როდი უშლიდა ხელს არაყი ესვა. მთელი დღეები ლოთობდა და ილანძღებოდა. ბოროტი იყო და უსათუოდ ვინმე უნდა ეწვალებინა. საამისოდ რამდენიმე შორეული ნათესავი ქალი შემოიკედლა სახლში: თავისი ავადმყოფი და კაპასი და, კიდევ ორი ცოლისდა, ისინიც ავები და ენაჭარტალები, შემდეგ ერთი თავისი მოხუცი მამიდა, რაღაც შემთხვევის გამო ნეკნჩამტვრეული. კიდევ ერთი გარუსებული გერმანელი ქალი, რომელიც `ათას ერთი ღამის ზღაპრებს~ ოსტატურად უყვებოდა და ართობდა. მისი ლუკმის შემყურე გაუბედურებული ქალების მასხრად აგდება და ყოველ წუთს ლანძღვა-გინება დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა, მიუხედავად ამისა, ვერც ერთი ქალი, ცოლის ჩათვლით, რომელსაც თავისი დღე და მოსწრება კბილები სტკიოდა, სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავდა. მლეკოპიტაევი ერთმანეთს აჩხუბებდა მათ, ჭორებსა და შუღლს თესავდა და, როცა ისინი ერთმანეთს ლამის თმით დაითრევდნენ, სიცილით კვდებოდა და სიხარულით ცას ეწეოდა. მისი უფროსი ქალი, ვიღაც ოფიცერზე გათხოვილი, მთელი ათი წელი გაჭირვებული ცხოვრების მერე რომ დაქვრივდა და მამასთან დაბრუნდა თავისი სამი ჭიანი შვილით, მლეკოპიტაევმა დიდად გაიხარა. მართალია, შვილიშვილები ჭირივით სძულდა, მაგრამ რახან მათი ჩამოსახლებით ყოველდღიური ცდებისთვის მეტი გასაქანი მიეცა, ფრიად კმაყოფილი გახლდათ. როკაპი ქალებისა და სნეული ბავშვების მთელი ეს ხროვა, თავის სულთამხუთავთან ერთად, პეტერბურგის მხარეზე ერთ პატარა ხის სახლში შეყუჟულიყო, ნახევრად მშივრები ეყარნენ, ვინაიდან ძუნწი მოხუცი კაპიკობით იძლეოდა საჭმლისთვის ფულს, თუმცა არაყზე ფული არ ენანებოდა; აკლდათ ძილიც, იმიტომ, რომ ბერიკაცს უძილობა სჭირდა და გართობას ითხოვდა. მოკლედ, ყველანი შავ დღეში იყვნენ და დაბადების დღეს იწყევლიდნენ. სწორედ ამ დროს დაადგა თვალი მლეკოპიტაევმა ფსელდონიმოვს. დიდად გააკვირვა მისმა გრძელმა ცხვირმა და მორჩილმა იერმა. მისი გალეული და შეუხედავი უმცროსი ქალი იმხანად ჩვიდმეტის გახდა. ოდესღაც გერმანულ სკოლაში დადიოდა, მაგრამ ანბანის მეტი იქ ვერაფერი ისწავლა. შემდეგ შინ იზრდებოდა, უფეხო და ლოთი მამის ზედამხედველობის ქვეშ, ვისი წყალობითაც მათ ოჯახში აყალმაყალი, ჭორები, ენატანიობა და ცილისწამება არ ილეოდა. ის ერთი გაწრიპული გოგო იყო, სისხლნაკლული და სურავანდიანი. ამხანაგ-მეგობრები არასოდეს ჰყოლია, არც ჭკუა მიეცა ღმერთს. გათხოვება რა ხანია ნატვრად გადაქცეოდა. ხალხში მისი ხმა არავის გაეგონა, შინ კი, დედისა და მამის მუქთამჭამლებთან ავი და ანჩხლი იყო. მეტადრე არაფერი ერჩივნა დისშვილების ჩქმეტასა და ცემა-ტყეპას, მუდამ აბეზღებდა, თუკი შაქარს ან პურს მოიპარავდნენ და ამიტომაც მასა და მის უფროს დას გაუთავებელი ჩხუბი და კინკლაობა ჰქონდათ. ბერიკაცმა თვითონ შესთავაზა ფსელდონიმოვს თავისი ქალი ცოლად. ხომ ასე გაჭირვებული იყო, ფსელდონიმოვმა მაინც დაფიქრების დრო ითხოვა. დედა-შვილი დიდხანს ბჭობდა; მაგრამ პატარძალს მზითვში სახლი მოჰყვებოდა, მართალია, ერთსართულიანი ხის უბადრუკი სახლი, მაგრამ მაინც ხომ რაღაც ღირდა. გარდა ამისა, ორმოც თუმანსაც აძლევდნენ. ამდენ ფულს კი აბა როდის იშოვიდა! `თუ იცი, რატომ შემომყავს სიძე? _ ღრიალებდა ლოთი და უჯიათი ოჯახის მამა, _ ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამდენმა დედაკაცებმა თავი მომაბეზრეთ და მინდა მაგ ფსელდონიმოვმაც ჩემს დუდუკზე იცეკვოს, რამეთუ მისი მწყალობელი ვარ. მეორე მიზეზი ისაა, რომ არ გინდათ მისი შემოსვლა და ბრაზით სკდებით. ამიტომაც თქვენს ჯიბრზე შემომყავს. ჩემი სიტყვა სიტყვაა! შენ კი, პორფირკა, იცოდე, ცოლად რომ ითხოვ, კარგად მიბეგვე; დაბადებიდანვე ცხრა ეშმაკი უზის გვამში. გამოუყარე ეგ ეშმაკები და იმათგან ყავარჯენს გავიკეთებ...~ ფსელდონიმოვი არაფერს ამბობდა, მაგრამ გულში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. დედა-შვილი ჯვრისწერამდე შემოიყვანეს ოჯახში, დაბანეს, თავით ფეხამდე შემოსეს, ქორწილის ფული მისცეს. ბერიკაცი დედა-შვილს წყალობდა, ალბათ იმიტომ, რომ მთელ ოჯახს ჭირივით სძულდა. ფსელდონიმოვის დედა იმდენად მოეწონა ბერიკაცს, მასთან თავს იკავებდა და არ გესლავდა. თუმცა თვითონ ფსელდონიმოვს კი ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე თავის თვალწინ კაზაკური აცეკვა. `ახლა კი გეყოფა, მხოლოდ იმის ნახვა მინდოდა, თავს ხომ არ გაგივიდა ჩემთან~, _ უთხრა კაზაკურის დამთავრების შემდეგ. ქორწილის ფული ძალიან ცოტა მისცა და ყველა თავისი ნათესავნაცნობი დაპატიჟა. ფსელდონიმოვის მხრიდან მარტოოდენ `მუგუზლის~ თანამშრომელი და საპატიო სტუმარი აკიმ პეტროვიჩი იყვნენ. ფსელდონიმოვმა ძალიან კარგად იცოდა, პატარძალს რომ ეზიზღებოდა და ოფიცრის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. ასე იყო დედასთან შეთანხმებული. ქორწილის დღეს დილიდან დაწყებული საღამომდე ბერიკაცი უმსგავსოდ იგინებოდა და უბედურად სვამდა. შინაურები უკანა ოთახებში შეყუჟულიყვნენ და იქ იხუთებოდნენ. წინა ოთახებში მეჯლისი და ვახშამი უნდა გამართულიყო. როცა არყით გალეშილმა ბერიკაცმა, როგორც იქნა, ლამის თერთმეტ საათზე დაიძინა, მთელი ის დღე თავის მძახალზე გასისინებულმა პატარძლის დედამ გადაწყვიტა რისხვა წყალობით შეეცვალა და მეჯლისსა და ვახშამზე გამოსულიყო. ივან ილიჩის მობრძანებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ქალბატონი მლეკოპიტაევა შეცბა, განაწყენდა და ლანძღვა დაიწყო, თუ გენერალი გყავდათ დაპატიჟებული, რატომ არ გამაფრთხილეთო. ბევრი უმტკიცეს, თვითონ მოვიდა დაუპატიჟებლადო, მაგრამ ისეთი უტვინო იყო, ვერა და ვერ დააჯერეს. საჭირო გახდა შამპანურის ყიდვა. ფსელდონიმოვის დედას მხოლოდ ერთი ვერცხლის მანეთიანი აღმოაჩნდა, ვაჟს კაპიკი არ ჰქონდა, ისევ როკაპ დედაბერ მლეკოპიტაევას უნდა შეხვეწნოდნენ, ჯერ ერთი და მერე მეორე ბოთლი შამპანურის ფული მოეცა. განუმარტეს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მომავალი სამსახურებრივი დაწინაურებისთვის, სინდის-ნამუსში ჩააგდეს. ბოლოს დედაბერმა თავისი ჯიბიდან მისცა ფული, სამაგიეროდ, ისეთი ძმრითა და ნაღვლით შეზავებული ფიალა შეასვა ფსელდონიმოვს, ვინ მოთვლის, რამდენჯერ შევარდა იგი იმ ოთახში, სადაც საქორწინო სარეცელი იყო გაშლილი, უხმოდ იგლეჯდა თმას და უღონო ბრაზით აცახცახებული დაემხობოდა ხოლმე სამოთხის ნეტარებისთვის განკუთვნილ სარეცელზე. დიახ! რა იცოდა გენერალმა, რა ძვირად დაუჯდა ფსელდონიმოვს მისთვის მორთმეული ორი ბოთლი შამპანური. ჰოდა, წარმოიდგინეთ ფსელდონიმოვის სასოწარკვეთა, როცა ივან ილიჩის ამბავი ასე მოულოდნელად დამთავრდა. მთელი ღამე ისევ დავიდარაბა ელოდა, მთელი ღამე, ვინ იცის, ჟინიანი პატარძლის წუწუნი და ტირილი, მისი უტვინო სანათესავოს საყვედურები უნდა ესმინა, არადა, ისედაც თავი სტკიოდა, ისედაც თვალთ უბნელდებოდა. თან გენერალს დახმარება სჭირდებოდა, ღამის სამ საათზე მისთვის ან ექიმი უნდა მოეყვანა, ან ეტლი ეშოვა და შინ წაეყვანა. დიახ, უთუოდ ეტლი, ვინაიდან უბრალო ოთხთვალათი ხომ არ შეიძლებოდა მართლა და მართლა ამისთანა პიროვნების და ისიც ამისთანა დღეში მყოფის შინ გადაყვანა.
მაგრამ ან ეტლისთვის საიდან ეშოვა ფული? მლეკოპიტაევის გაცოფებულმა ცოლმა, აქაოდა, გენერალმა ზედაც არ შემომხედა და ორი სიტყვაც არ გაიმეტა ჩემთვის ვახშამზეო, განაცხადა, კაპიკი აღარ დამრჩაო. იქნებ მართლაც არ დარჩა ფული. მაშ, სად იშოვოს? რა წყალში ჩავარდეს? დიახაც, რომ თმის საგლეჯად ჰქონდა საქმე. ამასობაში ივან ილიჩი დროებით იქვე, სასადილოში მდგარ პატარა ტყავის დივანზე დააწვინეს. სანამ სუფრას აალაგებდნენ და მაგიდებს დაშლიდნენ, ფსელდონიმოვმა ყველას ჩამოუარა ფულის სასესხებლად, მსახურებსაც კი სთხოვა, მაგრამ ფული არავის აღმოაჩნდა. აკიმ პეტროვიჩსაც კი შეჰკადრა, რომელიც ყველაზე ბოლოს დარჩენილიყო. მაგრამ ეს კეთილი კაცი ფულის სესხებაზე ისე გაოგნდა და დაფრთხა, რაღაც სისულელეები წამოროშა. _ სხვა დროს სიამოვნებით, ახლა კი... უკაცრავად, მაგრამ... _ წაილუღლუღა, ქუდს ხელი დაავლო და ოთახიდან სასწრაფოდ გავარდა. მხოლოდ სიზმრების წიგნზე მოლაპარაკე კეთილი ყმაწვილი გამოადგა კიდევ ფსელდონიმოვს, თუმცა სულ ტყუილად კი გაისარჯა. იგი გვიანობამდე დარჩა და ფსელდონიმოვის გასაჭირი ერთგულად გაიზიარა. ბოლოს ფსელდონიმოვმა, დედამისმა და ამ ყმაწვილმა მოითათბირეს, რომ ექიმის მაგივრად ისევ ეტლი დაექირავებინათ და ავადმყოფი შინ წაეყვანათ, მანამდე კი შინაური საშუალებანი ეხმარათ: საფეთქლებსა და შუბლზე ცივი ტილო დაედოთ, კეფაზე კი ყინული და სხვა რამე. ეს უკვე ფსელდონიმოვის დედამ ითავა. ყმაწვილი ეტლის საშოვნელად გაქანდა. რახან ეს ამბავი პეტერბურგის მხარეზე ხდებოდა, ასეთ დროს კი იქ მეეტლეებს ვერავინ ნახავდა, კარგა შორს წავიდა და მეეტლეები გააღვიძა. შეიქნა ვაჭრობა. პირველად ხუთი მანეთი სთხოვეს, ძალიან გვიან არისო. ბოლოს სამზე შეთანხმდნენ. ღამის ოთხი საათი იქნებოდა, როცა ყმაწვილმა დაქირავებული ეტლი ფსელდონიმოვთა სახლს მოაყენა. მაგრამ იქ უკვე შეეცვალათ გადაწყვეტილება. ჯერ ისევ გონმიხდილი ივან ილიჩი ისე ცუდად გამხდარიყო, ისე კვნესოდა და ბორგავდა, მისი შინ წაყვანა შეუძლებელი და სახიფათოც კი იქნებოდა. `ვინ იცის, კიდევ რა შეემთხვევა გზაში?~ _ იძახდა სულმთლად დამფრთხალი ფსელდონიმოვი. რა უნდა ექნათ? ავადმყოფი რომ აქ დაეტოვებინათ, სად დაეწვინათ? აი, რა იყო ისევ თავსამტვრევი. მთელ სახლში მხოლოდ ორი საწოლი იდგა: ერთ უზარმაზარ ორსაწოლიან ლოგინზე ბებერ მლეკოპიტაევსა და მის ცოლს ეძინათ ხოლმე, ახალნაყიდი მეორე კაკლის ხის ორსაწოლიანი ლოგინი ნეფე-დედოფლისთვის იყო განკუთვნილი. დანარჩენი ბინადარნი, უფრო სწორად, ბინადარი ქალები იატაკზე ეყარნენ, აშმორებულ და ამყრალებულ ბუმბულის ლეიბებზე, ანუ ყოვლად სამარცხვინოზე, და არც ისინი ჰქონდათ სამყოფი. მაშ ავადმყოფი სად დაეწვინათ? ბუმბულის ლეიბი კიდევ მოინახებოდა _ გაჭირვების შემთხვევაში ვიღაცას გამოაცლიდნენ, მაგრამ სად და რაზე დაეგოთ? რახან დარბაზი მოცილებული იყო ჯალაბის სამყოფელს და თანაც ცალკე გასასვლელი ჰქონდა, ჯობდა იქ გაეშალათ. ოღონდ რაზე გაეშალათ? ნუთუ სკამებზე? მაგრამ სკამებზე, მოგეხსენებათ, მხოლოდ შაბათ-კვირას შინ მოსულ გიმნაზიელებს უშლიან ლოგინს, ივან ილიჩისთანა კაცისთვის კი ასეთი რამ დიდი უპატივცემლობა იქნებოდა. რას იტყოდა, როცა მეორე დღეს გაიღვიძებდა და ნახავდა, სკამებზე დამაწვინესო? ფსელდონიმოვს ამის გაგონებაც არ სურდა. გზა ერთი იყო: საქორწინო სარეცელზე გადაეყვანათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საქორწინო სარეცელი სასადილოს გვერდით პაწაწკინტელა ოთახში იდგა. ლოგინზე ორსაწოლიანი ახალი ლეიბი ეგო, სუფთა თეთრეული ეფარა. ოთხი ვარდისფერი ბალიშისთვის ფურჩალით გაწყობილი მარმაშის საპირეები ჩამოეცვათ. ვარდისფერი ატლასის საბანი ლამაზად იყო ნაკერი. ზემოთ ოქროს რგოლი ეკიდა და იქიდან მარმაშის ფარდები ეშვებოდა. ერთი სიტყვით, დიახაც, საკადრისად იყო მორთული. თითქმის ყველა სტუმარმა მოინახულა საწოლი და ყველამ ძალიან შეაქო. პატარძალს, მართალია, ჭირივით სძულდა ფსელდონიმოვი, მაგრამ იმ საღამოს რამდენჯერმე მალულად შეირბინა და დაათვალიერა იქაურობა. ჰოდა, სულ ცოფები ყარა, როცა გაიგო, მის საქორწინო სარეცელზე, ვინ იცის, რა ჭირით დაავადებული კაცი გადმოყავდათ! პატარძლის დედიკო თავის შვილს გამოესარჩლა, იჩხუბა და დაემუქრა, ხვალვე ქმარს ვეტყვიო. მაგრამ ფსელდონიმოვმა თავისი გაიტანა: ივან ილიჩი საქორწინო სარეცელზე გადააბრძანეს, ნეფე-დედოფალს კი დარბაზში სკამებზე გაუშალეს ლოგინი. პატარძალი სლუკუნებდა, ლამის ყველა დაჩქმიტა, მაგრამ ურჩობა მაინც ვერ გაბედა: კარგად იცოდა მამამისის ყავარჯნის ძალა და ის ამბავიც, რომ მისი მამიკო ხვალ უთუოდ მოითხოვდა რაღაც-რაღაცების დაწვრილებით ანგარიშს. მის სანუგეშოდ დარბაზში ვარდისფერი საბანი და მარმაშიანი ბალიშები გადმოიტანეს. სწორედ ამ დროს მოიყვანა ყმაწვილმა ეტლი. მაგრამ, როცა გაიგო ეტლი საჭირო აღარააო, გაბრაზდა. ფული თავისი ჯიბიდან უნდა მიეცა, თვითონ კი თავის დღეში ორშაურიანიც არ უჭყაოდა, არც ფსელდონიმოვს გააჩნდა კაპიკი. ერთი პირობა მეეტლის სინდისში ჩაგდება სცადა. მაგრამ იმან ალიაქოთი ატეხა და დარაბებს მუშტები დაუშინა. ზუსტად არ ვიცი, რით დამთავრდა ეს ამბავი. თუ არ ვცდები, ყმაწვილი ამ ეტლით პესკიზე გაემართა, მეოთხე როჟდესტვენსკაიას ქუჩაზე, სადაც მისი ნაცნობი სტუდენტი თავის ახლობლებთან ღამეს ათევდა, იმ იმედით, გავაღვიძებ და ვცდი, იქნებ ფული ჰქონდესო? დილის ხუთი საათი იქნებოდა, როცა ნეფე-დედოფალი მარტოდ ჩაკეტეს დარბაზში. გენერლის საწოლთან ფსელდონიმოვის დედა დარჩა, ძირს გაგებულ პატარა ნოხზე მოიკუნტა და ქურქი წაიფარა. მა გრამ ძილი არ დასცალდა; წარამარა ზეზე უნდა წამომხტარიყო. ივან ილიჩს კუჭი აშლოდა. ფსელდონიმოვის დედა ვაჟკაცური გულის, დიდსულოვანი ქალი იყო. თავისი ხელით გახადა გენერალს ტანსაცმელი, მთელი ღამე, როგორც საკუთარ შვილს, ისე დასტრიალებდა თავს. საწოლიდან პატარა დერეფანში წინ და უკან დაჰქონდა საჭირო ჭურჭელი, მაგრამ იმ ღამის ვაივაგლახი ამით არ დამთავრებულა. არ გასულა ათი წუთი, რაც ნეფე-დედოფალი დარბაზში ჩაკეტეს, რომ შემზარავმა იქაურობა კივილმა შეძრა. ეს გაავებული ხმა სულ არ ჰგავდა სიხარულის კივილს. შემდეგ გაისმა ხრიგინი, ჭახანი, თითქოს სკამები წაიქცაო. წუთიც და ბნელი დარბაზი შეშინებული და მოვიშვიშე ქალებით გაიჭედა. რა ეცვათ და როგორ გამოიყურებოდნენ, ამის აღწერა არ შეიძლება. ესენი იყვნენ: პატარძლის დედა, უფროსი და, თავისი სნეული ბავშვები რომ მიეყარა, სამი დეიდა, მათ შორის ნეკნჩამტვრეულიც, იქ გაჩნდა მზარეული ქალი, მოცუხცუხდა მეზღაპრე გერმანელი ქალი, ვისთვისაც ერთადერთი ავლა-დიდება, ბუმბულის ლეიბი გამოეცლიათ ძალით ნეფე-პატარძლისთვის დასაგებად, რადგან მთელ სახლში ამაზე უკეთესი ლეიბი არავის ჰქონდა. ეს დარბაისელი, გამჭრიახი არსებანი უკვე თხუთმეტი წუთია სამზარეულოდან დერეფანში ფეხაკრეფით გამოსულიყვნენ და დიდზე დიდი ცნობისწადილით აყურადებდნენ დარბაზის კარს. ამასობაში ვიღაცამ ჰაიჰარად აანთო სანთელი. სურათი მართლაც მოულონელი აღმოჩნდა. განიერი ბუმბულის ლეიბის ქვეშ შემდგარ სკამებს ორი ადამიანის სიმძიმისთვის ვერ გაეძლო, გაცურებულიყო და ლეიბი იატაკზე დავარდნილიყო. ამჯერად გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილი პატარძალი გაანჩხლებით სლუკუნებდა. ცოცხალ-მკვდარი ფსელდონიმოვი ავ საქმეზე წასწრებულ დამნაშავესავით იდგა. თავის მართლება არც უცდია. იყო ერთი ვიშ ვიში და წივილ-კივილი. ხმაურზე ფსელდონიმოვის დედამაც მოირბინა, მაგრამ პატარძლის დედიკომ ამჯერად ყველას აჯობა. ჯერ სიძეს უცნაური და მეტწილად უსამართლო საყვედურები დააყარა: `ამის მერე რა ქმარი ხარ, გეთაყვა? ეს რა სირცხვილი გვაჭამე, ქმრად როგორ ივარგებ?~ და სხვადასხვა. შემდეგ თავის ქალიშვილს ხელი დაავლო, თავისთან წაიყვანა და პასუხისმგებლობაც მრისხანე ქმრის წინაშე თვითონ იკისრა. დანარჩენები თავის ქნევითა და ვიშვიშით უკან მიჰყვნენ. ფსელდონიმოვთან მარტო დედა დარჩა. მაგრამ როცა დედამ ნუგეშისცემა დაუწყო, ვაჟმა ოთახიდან ისიც გააგდო. ფსელდონიმოვს სანუგეშოდ როდი სცხელოდა. ტახტამდე მილასლასდა და, როგორც იყო, ფეხშიშველი და საცვლების ამარა ჩამოჯდა მოღუშული. ტვინი ერეოდა. შიგადაშიგ ანგარიშმიუცემლად მოავლებდა ხოლმე დარბაზს თვალს, სადაც ცოტა ხნის წინ გახელებით როკავდნენ სტუმრები და საიდანაც თამბაქოს კვამლი ჯერ კიდევ არ გასულიყო, დათხვრილ იატაკზე კვლავ ეყარა პაპიროსის ნამწვავები და კანფეტის ქაღალდები. გადაყირავებული სკამები და ანგრეული საქორწინო სარეცელი უტკბეს მიწიურ ოცნებათა ამაოებაზე ღაღადებდა. ასე დაჰყო თითქმის ერთი საათი. თავში სულ ბნელი ფიქრები უტრიალებდა. მაგალითად, რა მოელის ხვალ სამსახურში? მწარე გრძნობა უკარნახებდა, რომ სამსახური აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ძველ ადგილზე ვერაფრით ვერ დარჩება ამ საღამოს მომხდარი ამბების წყალობით. აგონდებოდა მლეკოპიტაევიც, რომელიც ხვალ ალბათ ისევ აცეკვებს კაზაკურს მისი მორჩილების გამოსაცდელად. ისიც მოისაზრა, რომ მლეკოპიტაევმა, მართალია, ხუთი თუმანი მისცა ქორწილისთვის, რაც მთლიანად დაიხარჯა, მაგრამ მზითვის ორმოცი თუმნის მიცემა ჯერ არ უფიქრია და კრინტიც არ დაუძრავს ამაზე. არც სახლი იყო მის სახელზე მთლიანად გაფორმებული. აფიქრებდა ცოლის ამბავიც, რომელმაც მისი ცხოვრების ყვე ლაზე დიდი გასაჭირის ხანს მიატოვა. არც ის მაღალი ოფიცერი გამოჰპარვია, მისი ცოლის წინ ცალ მუხლზე რომ იჩოქებდა. ფიქრობდა იმ ცხრა ეშმაკზე, მშობლისვე მოწმობით მის ცოლს რომ ჰყავდა გვამში ჩამძვრალი, და ყავარჯენზეც, რომლითაც უნდა განედევნა ისინი... რა თქმა უნდა, ფსელდონიმოვს ბევრის ატანა და მოთმენა შეეძლო, მაგრამ ბედი ისეთ მოულოდნელ წკიპურტებს სთავაზობდა, ადამიანს საკუთარ ძალაში დააეჭვებდა. მწარე იყო ფსელდონიმოვის ფიქრები. ამასობაში სანთლის ნამწვი თითქმის მიილია. მისი მოციმციმე შუქი ფსელდონიმოვს გვერდიდან სცემდა და კედელზე უზარმაზარ ჩრდილად აჩენდა წაგრძელებულ კისერს, კეხიან ცხვირს და ბუძგა თმას შუბლსა და კეფაზე. ბოლოს, როცა ალიონის სიგრილემ დაჰკრა, სულით და ხორცით გაყინული წამოდგა ადგილიდან, ძლივს მიათრია ტანი სკამებს შუა დაგდებულ ლეიბამდე, მუხლებით აფოფხდა ქვეშაგებზე და ისე მიეგდო, რომ არც ლოგინი გაუსწორებია, არც სანთელი ჩაუქრია და არც ბალიში ამოუდვია თავქვეშ. მალე მკვდარივით ჩაეძინა. ალბათ ასე სძინავთ ხოლმე მსჯავრდადებულთ, რომელთაც მეორე დღეს საჯარო დასჯა ელით. ასეთივე და შეიძლება უფრო ტანჯული ღამე გაათია ბატონმა პრალინსკიმ ბედუკუღმართი ფსელდონიმოვის საქორწინო სარეცელზე! თავის ტკივილი, გულის რევა თუ მისთანა უსიამო ამბები წამით არ აძლევდა სულის მოთქმის საშუალებას. ეს იყო ჯოჯოხეთური წამება. როცა ხანდახან გონს მოვიდოდა, ისეთი საშინელი და საზიზღარი სურათები გაუელვებდა თვალწინ, ერჩივნა კიდეც, გონს არ მოსულიყო. თავში კვლავ დომხალივით ერეოდა ყველაფერი. მაგალითად, იცოდა, რომ თავს ფსელდონიმოვის დედა დასტრიალებდა, ჩაესმოდა მისი მშვიდი დარიგება: `მოითმინე, გენაცვალე, მოითმინე, დედაშ ვილობას, მოითმინე და მალე მოგეშვება~, მაგრამ თუ რატომ იყო ეს ქალი მის გვერდით, ვერა და ვერ გაერკვია. სულ რაღაც საშინელება ელანდებოდა: ყველაზე ხშირად სემიონ ივანიჩი ედგა თვალწინ, მაგრამ როცა კარგად დააკვირდებოდა, სემიონ ივანიჩის ნაცვლად ფსელდონიმოვის ცხვირს ხედავდა. ელანდებოდა მხატვარი, ოფიცერი, ყბააკრული დედაბერი. ყველაზე მეტად მის ყურადღებას ზემოთ დაკიდებული ოქროს რგოლი იტაცებდა, რომელიც ფარდები იყო გაყრილი. სანთლის ნამწვის მბჟუტავ შუქზე ნათლად ხედავდა ამ რგოლს და თავის თავს გონებაში ეკითხებოდა: რისთვისაა საჭირო, აქ რატომ არის ან რას ნიშნავსო? რამდენჯერმე ჰკითხა მოხუც ქალსაც, მაგრამ ეტყობა, გასაგებად ვერ უთხრა სათქმელი და ვერც ის მიუხვდა ნათქვამს. ბოლოს გათენებისას ტკივილებმა უკლო და მაგრად ჩაეძინა. დაახლოებით ერთი საათი ეძინა. გამოეღვიძა თითქმის სრულ გონზე. ეს კია, თავი აუტანლად სტკიოდა, პირი გამწარებოდა და ენაც დაბუჟებოდა. გენერალმა თავი წამოსწია, მიმოიხედა და ჩაფიქრდა. დარაბების ჭუჭრუტანებიდან ალიონის ცრიატი სინათლე ვიწრო ზოლებად შემოჭრილიყო და კედელზე ციმციმებდა. შვიდი საათი იქნებოდა. ივან ილიჩს უეცრად გაახსენდა ყველაფერი, რაც იმ საღამოს გადახდა თავს; გაახსენდა ვახშამი, მისი მარცხით დამთავრებული გმირობა, სუფრაზე ნათქვამი სიტყვა. თვალწინ წარმოუდგა საშინელი სიცხადით, რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას, რას იტყოდნენ და იფიქრებდნენ მასზე. როცა მიიხედ-მოიხედა და დაინახა, როგორ წაებილწა და რას დაემსგავსებინა თავისი ხელქვეითის საქორწინო სარეცელი _ საშინელი სირცხვილის გრძნობამ ისე გაუწურა გული, რომ შეჰყვირა, პირზე ხელები აიფარა და სასოწარკვეთით ჩაემხო ბალიშში. წუთიც და ფეხზე იყო. იქვე სკამზე კოხტად ელაგა მისი გაწმენდილი ტანსაცმელი. გენერალმა ჰაიჰარად ჩაიცვა. თან აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს რაღაცის ეშინიაო. მეორე სკამზე მისი ქურქი და ქუდი ეწყო, ქუდში კი ყვითელი ხელთათმანები მოჩანდა. ივან ილიჩს უჩუმრად უნდოდა გაპარვა. მაგრამ უცებ კარი გაიღო და თიხის ტაშტითა და ხელსაბანით ფსელდონიმოვის დედა შემოვიდა. მხარზე პირსახოცი ეკიდა. ქალმა ხელსაბანი ძირს დადგა და პირდაპირ უთხრა, პირი უთუოდ უნდა დაიბანოო. _ დედაშვილობას, დაუბანლობა არ იქნება... გენერალმა იგრძნო, რომ ამქვეყნად მხოლოდ ამ ერთადერთი არსების, ამ მოხუცი ქალის შეიძლება არ შერცხვენოდა და არ შეშინებოდა. მან პირი დაიბანა. ცხოვრების მძიმე წუთებში, როცა სინდისის ქენჯნა შემოუტევდა, არაერთხელ გახსენებია იმდილანდელი გაღვიძება, ეს თიხის თასი და ცივი წყლით სავსე ქაშანურის ხელსაბანი, სადაც ყინულები ისევ ცურავდა, გახსენებია ვარდისფერ ქაღალდში შეხვეული თხუთმეტკაპიკიანი მომრგვალო საპონი ზედ ამოტვიფრული რაღაც ასოებით. ალბათ, ნეფე-პატარძლისთვის ნაყიდი, პირველად რომ მან იხმარა, და მის წინ მდგარი მოხუცი ქალი, მარცხენა მხარზე გადაკიდებული პირსახოცით. ცივმა წყალმა გამოაცოცხლა გენერალი, პირი შეიხოცა, მერე დასტაცა ხელი ქუდს, ფსელდონიმოვის დედის მოწოდებული ქურქი მხრებზე მოიგდო და ოთახიდან ისე გავარდა, მადლობაც არ უთქვამს თავისი მომვლელისთვის. გაიარა დერეფანი, მერე სამზარეულო, სადაც უკვე კნაოდა კატა და ქვეშაგებიდან თავწამოწეული მზარეული ქალი ხარბი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა, გამოვიდა ეზოში და იმწუთას ჩავლილი ეტლისკენ გაქანდა. სუსხიანი დილა იყო, ცივი მოყვითალო ნისლი ჯერ კიდევ ფარავდა სახლებსა თუ სხვა საგნებს. გენერალმა საყელო აიწია. ასე ეგონა, ყველა მე მიყურებს, ყველამ იცის ჩემი ამბავი და ყველა მცნობსო... რვა დღე არ გამოსულა ბატონი პრალინსკი სახლიდან და რვა დღე არ გამოცხადებულა სამსახურში, ისე მძიმედ გახდა ავად, მაგრამ უფრო სულიერად, ვიდრე ხორციელად. ამ რვა დღეში ისეთი ჯოჯოხეთი გამოიარა, იმ ქვეყნად უთუოდ ჩაეთვ ლებოდა. ხანდახან იქამდეც მიდიოდა, ბერად აღკვეცას ფიქრობდა. დიახ, ნამდვილად ფიქრობდა. ამ დროს წარმოსახვა ფრიად და ფრიად გაიტაცებდა. თვალწინ დაუდგებოდა ღია კუბო, განმარტოებული სენაკი, ტყეები და მღვიმეები, ესმოდა ჩუმი გალობა მიწისქვეშა თაღებში, მაგრამ გამოფხიზლების უმალ გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი საშინელი აბდაუბდა იყო და საოცრად რცხვენოდა ამ აბდაუბდის. მერე სინდისის ქენჯნა შემოუტევდა. მერე ისევ სირცხვილი დაეუფლებოდა, შანთივით დაღავდა და ტკივილს უმწვავებდა. ლამის კრუნჩხვა მოსდიოდა, როცა წარმოიდგენდა, რას იტყვიან ან იფიქრებენ, კანცელარიაში რომ შევა, რა ჩურჩული ატყდება, იგი რომ ჩაივლის, ალბათ სულ ასე იქნება ერთი წლის, ათი წლის თუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მის თავზე მომხდარი ეს ანეკდოტი შთამომავლობასაც გადაეცემა. ხანდახან ისეთი სულმოკლეობა დაეუფლებოდა, მზად იყო იმავე წუთს სეიმონ ივანოვიჩთან წასულიყო და პატიება და მეგობრობა ეთხოვა მისთვის. თავის თავს ყველაფერში კიცხავდა: საკუთარი საქციელისთვის გამართლება ვერ მოენახა და რცხვენოდა კიდეც ამის. დროდადრო იმასაც ფიქრობდა, სამსახურს თავს დავანებებ, განვმარტოვდები და კაცობრიობის ბედნიერებას შევწირავ სიცოცხლესო. ყოველ შემთხვევაში, ნაცნობთა წრე უნდა გამოიცვალოს, თანაც ისე, რომ თავი აღარავის გაახსენოს. შემდეგ ესეც აბდაუბდად მიაჩნდა და ფიქრობდა, თუ ხელქვეითებს დიდი სიმკაცრით მოექცევა, კიდევ შეიძლება ყველაფერი გამოასწოროს. მაშინ ისევ მოეცემოდა იმედი და მხნეობა უბრუნდებოდა. ბოლოს, მთელი რვა დღის წამებისა და ტანჯვის შემდეგ, იგრძნო, რომ გაურკვევლობის ატანა აღარ შეეძლო და ერთ მშვენიერ დღეს კანცელარიაში გადაწყვიტა წასვლა. შინ ყოფნისას ათასჯერ მაინც წარმოიდგინა ის სურათი, როგორ შევიდოდა თავის კანცელარიაში, და გული ეწურებოდა. თავზარდაცემული რწმუნდებოდა, რომ უთუოდ გაიგონებ და ორაზროვან ჩურჩულს, დაინახავდა ორაზროვან სახეებს, ღვარძლიან ღიმილს. მაგრამ რარიგ გაოცდა, როცა ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. გენერალს მოწიწებით შეხვდნენ, მოწიწებით მიესალმნენ, ყველა დინჯად იყურებოდა, ყველა საქმით იყო გართული. გული სიხარულით აევსო, როცა თავის კაბინეტს მიაღწია. ბატონი პრალინსკი მაშინვე ჩაუჯდა საქმეებს, მოისმინა რამდენიმე მოხსენება და განმარტება, გამოიტანა რამდენიმე გადაწყვეტილება. გრძნობდა, რომ ასე ჭკვიანურად არასოდეს უმსჯელია და ასეთი გონივრული გადაწყვეტილებანი არასოდეს გამოუტანია. ხედავდა, რომ ყველა კმაყოფილი იყო, ყველა მოწიწებით უცქერდა, ყველა პატივისცემით ექცეოდა. ყველაზე ეჭვიანი თვალიც კი ვერაფერს შეამჩნევდა. საქმე დიდებულად მიდიოდა. ბოლოს აკიმ პეტროვიჩიც ეახლა რაღაც ქაღალდებით. მის შემოსვლაზე ივან ილიჩს გულმა ოდნავ რეჩხი უყო, თუმცა მხოლოდ წამით. ჩაუჯდა აკიმ პეტროვიჩის შემოტანილ საქმეებს, მედიდურად ელაპარაკა, მიუთითა, რა გაეკეთებინა, ისიც აუხსნა, როგორ. ოღონდ ეს კი შეამჩნია, რომ აკიმ პეტროვიჩს თითქოს თვალს ვერ უსწორებს, უფრო სწორად, აკიმ პეტროვიჩი გაურბის მის მზერას. მაგრამ აგერ აკიმ პეტროვიჩმა მოათავა თავისი საქმე და ქაღალდების აკრეფა დაიწყო. _ კიდევ ერთი თხოვნა გახლავთ შემოსული, _ თქვა მან მეტისმეტი თავშეკავებით, _ მოხელე ფსელდონიმოვი დეპარტამენტში გადაყვანას ითხოვს... მისი აღმატებულება სემიონ ივანიჩი ადგილს შეჰპირებია. გთხოვთ წყალობა მოიღოთ და დაეხმაროთ, თქვენო აღმატებულებავ. _ ოჰო, მაშ გადადის, _ გენერალს თითქოს დიდი ლოდი მოსწყდა გულიდან და აკიმ პეტროვიჩს შეხედა. წამიერად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
_ მერედა რა, ჩემი მხრივ... შევეცდები, _ ბრძანა მან, _ დავეხმარები. აკიმ პეტროვიჩს უნდოდა საჩქაროდ გასცლოდა იქაურობას. მაგრამ გენერალი უცებ კეთილშობილმა გულისთქმამ გაიტაცა და გადაწყვიტა ეს საქმე საბოლოოდ მოეთავებინა. როგორც ჩანს, კვლავ ზეშთაგონებამ გაიტაცა. _ გადაეცით ფსელდონიმოვს, _ დაიწყო მან და აკიმ პეტროვიჩს მრავლისმეტყველად შეხედა, _ გადაეცით, რომ ცუდს მაინც არ ვუსურვებ, დიახ, არ ვუსურვებ!.. პირიქით, მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო, დიახ, დიახ, დავივიწყო... ივან ილიჩს უცებ სიტყვა გაუწყდა და განცვიფრებით მიაჩერდა აკიმ პეტროვიჩს. მისი საქციელი ეუცნაურა. ეს გონიერი კაცი დიდი ბრიყვი ვინმე გამოდგა. იმის ნაცვლად, გენერლისთვის ბოლომდე მოესმინა, უცებ სულელივით გაწითლდა, გამომშვიდობების ნიშნად თავის კანტურს მოჰყვა, რაც უზრდელობაც კი იყო, და კარისკენ უკან-უკან დაიხია. სახეზე ეწერა, რარიგ ნატრობდა ამწუთს მიწა გასკდომოდა, უფრო სწორად, უცებ თავის მაგიდასთან გაჩენილიყო. მარტო დარჩენილი გენერალი დაბნეული წამოდგა სკამიდან, სარკეში ჩაიხედა, მაგრამ თავისი სახე ვერ დაინახა. _ არა, მხოლოდ სიმკაცრე, სიმკაცრე და სიმკაცრე უშველის საქმეს! _ თავისდა უნებურად ჩურჩულებდა იგი. მაგრამ უცებ სისხლი მოაწვა სახეზე. ისე შერცხვა და ისე დაუმძიმდა გული, ამ რვა დღის განმავლობაში ყველაზე აუტანელ წუთებშიც მსგავსი რამ არ უგრძნია. `ვერა, ვერ გავუძელ!~ წამოსცდა თავისთვის და უღონოდ დაეშვა სკამზე.

??????