ნადირობის სეზონი
პერსონაჟები: ია, ალე, ”უფლისწული”, მონადირე
I
სიბნელე. ტელეფონის ზარი. საწოლთან, ტუმბოზე, ნათურა ინთება.
ია- (იღებს ყურმილს. გაღიზიანებული, გაბრაზებული. როგორც ჩანს, ტელეფონის ზარი არ ასვენებს).
გისმენთ? ალო ! გისმენთ-მეთქი! ალო!
ახეთქებს ყურმილს. აქრობს ნათურას.
პაუზა
ია საწოლიდან დგება. შუქს ანთბს, საშინაო ხალათს იცვამს, ფანჯარასთან მიდის. ქუჩაში იხედება. მერე სამზარეულოში გადის. ონკანიდან პეშვით სვამს წყალს. მაგიდასთან ჯდება. სიგარეტს უკიდებს.
პაუზა
რეკავს ტელეფონი. ია აუჩქარებლად ბრუნდება საწოლ ოთახში. იღებს ყურმილს. ჩუმად უსმენს. დებს ყურმილს. ისევ ფანჯარასთან ბრუნდება. სიგარეტს ეწევა. მოტრიალდება. ავანსცენისაკენ წამოვა. სიგარეტს საფერფლეში ჩაჭყლეტს. სკამს შემოატრიალებს. ჩამოჯდება. იდაყვებს საზურგეზე დააწყობს. ზედ თავს დაასვენებს.
პაუზა
მოულოდნელად თავს წამოსწევს, თითქოს რაღაც შემოესმაო. ცოტა ხანს ასეა მიყურადებული, დაძაბული. უეცრად ხმამაღალი სიცილი აუვარდება. იცინის გულიანად, დიდხანს.
ია - მოჩვენება ვიყო და თანაც ბრმა?! თუ გაგიგონიათ ან თუ გინახავთ სადმე ბრმა მოჩვენება?
ოთახში, რომელსაც ვერ ვხედავთ, რაღაც ტყდება.
- აი, ხომ ვთქვი! აღარ შემიძლია! რა ვქნა, სად წავიდე, სად დავიმალო.
ტირის, ისევე ხმამაღლა და გულიანად, როგორც წეღან იცინოდა. ცრემლს იწმენდს. მშვიდდება. სლუკუნებს.
- საცოდავო...
- საცოდავო...
შეცვლილი ხმით, მტკიცედ.
- მთავარია გავუძლო. ოღონდ, რას და რატომ? მაგრამ მაინც... ეს არავინ იცის... მთავარია გაძლება...
ისმის ჯოხის კაკუნი.
- არაფერი გატეხო იცოდე! აღარაფერი შემარჩინა...
პაუზა
თავს წამოსწევს.
- მე რომ ვიცოდე, ნამდვილად არსებობ, იცი რას ვიზამდი? აბა, თუ გამოიცნობ. ვერა, ტყუილად ეცდები, იმიტომ რომ წამითაც არ დაუშვებ, ამის გაკეთება თუ შემიძლია. ძაღლივით გაგაგდებდი ქუჩაში! რაო, რა თქვი? ძაღლს ასეთ ამინდში არავინ გააგდებს? მე გავაგდებდი. დაუფიქრებლად, თუმცა, მართლაც, საზიზღარი ამინდია. ბინძური მარტია. რაო, ძაღლი არ მყოლია არასდროს და იმიტომ? მართალი ხარ, ძაღლი კი არა, მახლობელი ადამიანი არ მყოლია არასოდეს, ისე გავატარე ცხოვრება, ისე გავხდი ორმოცი წლისა. ღმერთო, მგონი, რაღაც საშინელებას ვუახლოვდები.
ისმის მსხვრევის ხმა.
- აი, კიდევ გატეხა რაღაც! უზრდელი! ყველა მოჩვენებამ კი არ უნდა იცხოვროს ქალაქში. საერთოდ, რა უნდა ქალაქში მოჩვენებას, თანაც კომუნალურ ბინაში!
ოთახში აშკარად ვიღაც უხილავი დადის, ჯოხის კაკუნით.
- შენც არ გეძინება? რა იყო, რას ეძებ? გშია? რა გაჭამო? რას მიირთმევენ, ნეტა მოჩვეენებები? გინდა, ჯამში რძეს დაგისხამ, როგორც ფისუნიას (წაიღიღინებს) ფისუნია კატაო, აგრე რამ დაგხატაო...
მაცივრიდან იღებს რძის ბოთლს. რძეს ჯამში ასხამს. ჯამს კართან დგამს.
- არც კატა მყოლია არასოდეს.
თითქოს რაღაცას იხსენებს თუ ხმამაღლა ფიქრობს.
- გაღეღილი საყელოდან ვერცხლის პაწაწინა მედალიონი მოუჩანდა. მე ვიცოდი, რაც ეწერა იმ მედალიონზე...
ჯიბიდან იღებს სიგარეტს. უკიდებს.
- საფერფლე მაინც მომაწოდე, თუ მოჩვენებას ქალის პატივისცემა არ მოეთხოვება! რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდე ჩვენგან?..
სიგარეტს კოლოფზე აფერფლებს.
- რომელიღაც ჩემთვის უცხო ენაზე ლაპარაკობდა, უცხოელ პრინცს ჰგავდა. ოღონდ სიზმარს სუბტიტრები ახლდა და ამიტომ ყველაფერი მესმოდა. მე არ მიყვარს კეკლუცი და მოვლილი ბიჭები, თმის კულულებზე ნაზად რომ შეივლებენ ხოლმე ხელს, მაგრამ იმას თვალს ვერ ვაშორებდი. სიზმრიდან მისი სიმხურვალე გამომყვა. სხვათა შორის, სწორედ იმ სიმხურვალეთი ვიცანი მეორე სიზმარში, სადაც სრულიად სხვა სახით მომევლინა: ვითომ მონადირე იყო, ვითომ დახოცილი ანგელოზები ეკიდა ქამარზე, მწყერებივით. ასეთი პატარა ანგელოზები ვერც კი წარმომედგინა. ოღონდ ანგელოზებს თვალები ჰქონდათ ცოცხალი, თვალებით მელაპარაკებოდნენ კიდეც, მაგრამ ვერაფერს მაგებინებდნენ, რაც სრულებით არ მანაღვლებდა. რატომ უნდა მცოდნოდა მე მკვდარი ანგელოზების თვალების ენა!.. მისმენ? სად წახვედი? ააა, რძეს მიირთმევ! მაშ, მართლა გშიებია. მე ახლა ერთ საიდუმლოს გაგანდობ. რადგან შენც გღვიძავს, ეტყობა, ვგავართ კიდეც ერთმანეთს, ოღონდ არ ვიცი, მოჩვენებები ტაზეპამნს ყლაპავენ, თუ არა - მაშ ასე, ყური დამიგდე: რატომღაც მგონია, არა - დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი ბინა არ არის, ანუ ჩემი ბინა კი არის, მაგრამ ნამდვილი არა. სხვა, სხვაგან, სხვა განზომილებაში, შეიძლება სხვა ათასწლეულშიც კი - ჩემი ნამდვილი ბინის დეკორაცია, მაკეტი, ზუსტი ასლი. სადა ვარ მაინც, რა ჰქვია ამ ადგილს. ღამით, სხვათაშორის, გეოგრაფია აღარ არსებობს. რა იცი, იქნებ ჯოჯოხეთიც კია. არა, არ შეიძლება ჯოჯოხეთი ასეთი საშინელი იყოს! ჯოჯოხეთი ხომ ადამიანისათვის არის მოგონილი, ამიტომ ანტიადამიანური ვერ იქნება. აი კიდევ გატეხა რაღაც! დაჯექი და ისე მომისმინე! რას დაბორიალობ, რას ეძებ ამ ბინაში, რა დაგკარგვია. მითხარი, იქნებ მე თვითონ დაგეხმარო. მეც ვეძებ რაღაცას სულ, სულ , სულ, არ კი ვიცი, რას. თითქოს ისეთი რაღაცა დამეკარგა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამკარგვოდა. თითქოს ღმერთმა მომაბარა, მე კი დავკარგე. იმიტომ, რომ .. იმიტომ, რომ... არა, არ ვიცი, რატომ...
წამოდგება, სიგარეტს საფერფლეში ჩააგდებს. ისევ სკამზე ჩამოჯდება.
- ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ იყო ნამდვილად ის დრო, როცა აი აქ, ამ ბინაში ჩემი სიმარტოვის რეკვიზიტით, ანუ ჩემი საყვარელი ნივთებით, გარშემორტყმული, თუნდაც წიგნს ვკითხულობდი. ვტიროდი, ვიცინოდი, მუშტს პირზე ვიფარებდი, სიმწრისაგან ან სიხარულისაგან რომ არ მებღავლა. ამ ტახტზე ვიწექი, მუხლებზე პლედი მეფარა, ეს ნათურა მქონდა ჩართული, ახლოს მოჩოჩებულ სკამზე საფერფლე მედო, ამ კარადიდან გადმოღებულ წიგნს ვკითხულობდი. თიხის ქოთანში შარშანდელი პრემიერის ხმელი ყვავილები ეწყო. აღარ მახსოვს წიგნის სათური. ყვავილების სახელიც დამავიწყდა. ბოლოს ყველაფერი ერთად გროვდება, ყველაფერი ერთში იყრის თავს, ყველაფერი ერთი ხდება. მილიონი ყვავილი ერთი ხდება, მილიონი წიგნი - ერთი პაწაწინა ბროშურა, რომელსაც ყდა მოხეული აქვს, სათაურზე კი სამოთხის ბიბლიოთეკის შტამპი გატყაპნილა, რომ ვეღარ გაარჩიო, რას კითხულობ, თუკი კითხვა გახსოვს საერთოდ. სად წახვედი? აქა ხარ?
ისმის ჯოხის კაკუნი.
- ერთად მაინც ვიაროთ, გვერდიგვერდ. შენ გგონია, მე ვხედავ რამეს, ან თუ ფიქრობ, რომ ვინმე მხედავს? სხვა რაღაა მოჩვენება! მოდი, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი... მოდი ჩემთან, მოდი, შე საცოდავო...
თითქოს, მართლაც, ვიღაცასთან ერთად ხელჩაკიდებული დადის ოთახში. ბნელდება.
II
რეკავს ტელეფონი.
შუქი ინთება.
ია ისევ სკამზე ზის, თითქოს სძინავს. ყოველ შემთხვევაში, არ ესმის, როგორ იღება ბინის კარი. ფრთხილად, ნელ-ნელა.
რეკავს ტელეფონი.
ბინაში შემოიპარება, შემოიძურწება მონადირე: რეზინის ჩექმები, ფარფლებიანი ქუდი, ორლულიანი თოფი. თითისწვერებზე დადის. გულდასმით ათვალიერებს და ჩხრეკს ბინას. აშკარად რაღაცას ეძებს. თოფის ტუჩით ქექავს კომოდისა თუ კარადის უჯრებს, გარდერობს. საწოლის ქვეშაც იხედება, კარადის იქითაც...
ტელეფონი გაბმულად რეკავს.
ია გაუნძრევლად ზის.
ბნელდება.
III
ალეს ოთახი.
დილაა.
ალე და ია ლოგინში წვანან.
ია- (ჩურჩულით, გაუბედავად). გღვიძავს?
ალე- რარა დროსია !
ია - (ღიმილით) . დილა მშვიდობისა!
ალე- მაშ, წამოფრინდი, საქმეს მიხედე. ადრე ამდგრასა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარიო, ხომ გაგიგონია?
ია- ეგ კურდღელზეა ნათქვამი, ჩემზე კი არა.
ალე - ხალხური სიბრძნე ყველა შტერზე ერთნაერად ვრცელდება.
ია - გეგონოს! მწევარიც ხომ ადრეა ამდგარი, რას მიკეთებს, რატომ ვერ ეწევა? გამოდის, რომ ადრე ამდგარი მწევარი ვერ ეწევა ადრე ამდგარ კურდღელს. ეს სიბრძნეა? გეკითხები. ამ დილაუთენია რაღა მე გამოვეკიდო საცოდავ ბაჭიას!
ალე - ქალო! სად მცალია მე შენთან საკამათოდ!
ია - მწერალი ხარ, სიტყვებზე ფიქრობ, ახალ წიგნზე!
ალე - მოგცლია ერთი, ვინაა წიგნის წამკითხველი! რაღა წიგნი გადაშალოს, ”კოკა-კოლას” ბოთლს გახსნის და მოიგებს პრეზერვატივს.
ია - ან ეგ ვიღას ახსოვს...
ალე - ნამეტანი ღრმა პესიმიზმში გადაჩეხილხარ, ჩემო კარგო.
პაუზა
ია ტუმბოდან იღებს ”როლს”, ხმამაღლა კითხულობს.
ია - პარკში პატარა ტბა იყო. ნაპირზე უყვარდა დგომა...
ალე - ოჰო?
ია - (განაგრძობს კითხვას) და როცა წვიმდა, მაშინ თითქოს კიდევ უფრო პატარავდებოდა ის ტბა.
ალე -ოჰო მეთქი!
ია - ბატონო? მე მითხარი რამე?
ალე - რამდენჯერ უნდა გაგიმეორე, ხმამაღლა ნუ კითხულობო !
ია - მე ყოველთვის ასე ვსწავლობ როლს. ხმამაღლა. (განაგრძობს კითხვას). ტბა მავთულის ღობით იყო შემოღობილი, იმიტომ რომ ...
ალე - არ გესმის?
ია - დამაცადე.
ალე - როლს სწავლობ თუ კითხვას?
ია- (განაგრძობს ხმამაღლა კითხვას). იმიტომ, რომ ბავშვები არ ჩავარდნილიყვნენ შიგ...
ალე - მოიხედე აქეთ!
ია - (მოიხედავს). ბავშვები ხომ თვითმკვლელები არიან!
ალე - მოდი, სცენაზე იკითხე ხმამაღლა, ასე აჯობებს.
ია - სცენაზე ლაპარაკობენ, მწერალო, კითხვით შინ კითხულობენ, თუკი რასაკვირველია გაქვს შენი ბინა, შენი კუთხე. უიმე, ჩემი ბინა გამახსენდა!
ალე - ძალიან გთხოვ, არ ამატირო.
ია - მეც მქონდა ჩემი ტელევიზორი, ჩემი სარეცხის მანქანა, ჩემი მაცივარი. ოღონდ არც ერთის ხმარება არ ვიცოდი. ბანანი მინდა!
ალე - რა გინდა, გენაცვალე?
ია - დილით საბანზე მიწყობდა ხოლმე. გავიღვიძებდი და ჰაპ!
ალე - დააბჩენდი პირს და ჰაპ , ხომ, ჰაპ?!
ია - ჰაპ, ჰაპ,ჰაპ!
ალე - კარგი, არ გადამყლაპო. შენ ის მითხარი, გეცემდა თუ არა?
ია - შენ წარმოიდგინე, არა.
ალე - არ ყოფილა კარგი პედაგოგი.
ია - არა, ეკონომისტი იყო. მატარებელში გავიცანი. ქათამი დაჭრა კოხტად.
ალე - კი, ქათამი მატარებლის ფრინველია.
ია - ლიმონათი. ქაღალდის ჭიქები. ვგიჟდები ქაღალდის ჭიქებზე.
ალე - გამახსენე და გიყიდი.
ია ხმამაღლა კითხულობს.
ია - მივიდა და უთხრა, ნუთუ არავის ესმის ჩემი...
ალე - რა გატირებს?
ია - მეცოდება.
ალე - ვინ?
ია - (არ პასუხობს, კითხულობს). უნდოდა გაეგო, ვინ ვიყავი. მე კი გედს შორიდან ვეჩურჩულებოდი: გენრიეტა, შე საცოდავო, შე საცოდავო, შე საცოდავო. თითქოს პატიმარი იყო...
გაჩერდება, რაღაცას ფიქრობს.
ალე - მორჩა?
ია - ვფიქრობ.
ალე - არ დაგცადოს.
ია - ჩემს საწამებლად იგონებს რაღაცას. (კითხულობს) განა მე თქვენ რამე დაგიშავეთ. ნუთუ არავის ესმის ჩემი...
ალე - (უყვირის) შენთვის იკითხე მეთქი, რამდეჯერ უნდა გითხრა! (პაუზის მერე) ამას ვინ ამბობს?
ია - აჰა, დაინტერესდი?
ალე - კი, აბა, დავინტერესდი! ზრდილობისთვის გეკითხები.
ია - ჯერ არ ვიცი. (განაგრძობს კითხვას) ღმერთო, რა ლამაზად ლაპარაკობენ ადამიანები...
”როლს” გვერდზე გადასდებს.
- იდიოტი.
პაუზა
ალე - მოდი, სამამდე დავითვალოთ და წამოვხტეთ ერთად.
ია - მე თვლა არ ვიცი. მე თუ მკითხავთ, ადამიანის პირველი მტერი არითმეტიკაა.
პაუზა
ალე - არადა, არითმეტიკით გარჩენდა შენი ქმარი. ცოლად მაინც როგორ გაჰყევი?
ია - გაგიჟდი! ეგღა მაკლდა!
ალე - საერთოდ, რა გინდოდა იმასთან, როგორ ჩერდებოდი?
ია - როგორ გითხრა... როგორ აგიხსნა...
ალე - მოკლედ, გააბედნიერე არა?
ია - რა ვიცი... მე მგონი, ჭკუაზე შეიშალა. იქნებ ბედნიერებაც ეს არის, რას გაუგებ. როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა. ბედნიერება! არ არსებობს ამაზე გაუგებარი და ამაზე უფრო ცინიკური სიტყვა... ტუალეტში რომ შევიდოდა, კართან დამადგმევინებდა სკამს და კროსვორდს ვავსებდით.
ალე - ერთად!
ია - ხო.
ალე - საერთო ძალით!
ია - კი.
ალე - ნამდვილად ბედნიერი ყოფილა საწყალი.
პაუზა
- რატომ არ გცემდა?
ია - პატივისცემით იყო გამსჭვალული ჩემდამი. ეს მისი სიტყვებია. მოუსმინე, როგორ ჟღერს - გამსჭვალული! მითხარი, რატომ წაართვი იმ საწყალ ბანკირს ჩემი თავი, რად გინდოდი? როგორც ვატყობ, ტყუილად.
ალე - იმას რად უნდოდი?
ია - იმას ვჭირდებოდი დანიშნულებისამებრ. მოგიყვე დრო გაქვს?
ალე -ერთადერთი , რაც მართლა მაქვს, დროა.
ია - ეჰ, არ ღირს...
განაგრძობს კითხვას, ოღონდ ჩუმად, ტუჩების ცმაცუნით. თან სტრიქონს თითს აყოლებს.
პაუზა
ია - (”როლს” გვერდზე გადასდებს). გახსოვს, ქუჩაში რომ გამაჩერე?
ალე - მაგას რა დამავიწყებს, შენი ჭირიმე, ნუღა გამახსენებ.
ია -ვითომ რატომ?
ალე - მერჩია, მატარებელი გამეჩერებინა და სადმე გადავკარგულიყავი.
ია - (პაუზის მერე). უკაცრავადო, მითხარი. დიდი ბოდიში. მაპატიეთ, ქუჩაში რომ გაჩერებთო. გულში ვიფიქრე, ახლა რომ მკითხოს, ქალიშვილო, რომელი საათიაო, გავუშლი და ვფერთხავ ერთს გემოზე მეთქი. არადა, მაშინვე მაჯახე: ქალიშვილო, რომელი საათიაო.
ალე - მერე მაგას წამოეგე? ვაი სირცხვილო.
ია - არ არსებობს ქალი, ეგ ანკესი არ გადაყლაპოს. გინდაც ელისაბედი იყავი.
ალე - აბა ელისაბედი?
ია - რომელი საათია, დედოფალო, თქვენს ბიგ-ბენზე?
ალე - კი, ასეა. აბა, გააჩერე ქუჩაში ქალი და უთხარი: ” ძვირფასო, სული მევსება თოვლითო”, შეგიყრის ქვეყანას, შეიძლება დაგაჭერინოს კიდეც, მაგრამ თუ გაიგო, ქალიშვილო, რომელი საათიაო, შემოგაფრინდება ზედ.
ია - ეტყობა, პაროლია. აბა, დაუგდე ყური : ქალიშვილო, რომელი საათია! ... მყვირალობის ქრონომეტრი ჩაირთო თითქოს, ახალი წელთაღრიცხვა იწყება! კაცობრიობა ამ პაროლის აკომპანიმენტით მრავლდება.
ალე - ფანქარი რომ მქონდეს, უსათუოდ ჩავიწერდი.
ია - დააკვირდი, რამდენი რამეა ამ ფრაზით ნათქვამი, თუნდაც მე, რამდენ რამეს მახსენებს. აი, ჩვენი საქორწილო სარეცელი...
ალე - სხვათაშორის, ფრაზა არც კი მქონდა დამთავრებული...
ია - შენი ”ფოლკსვაგენის” გადახსნილი სკამი იყო ჩვენი საქორწილო სარეცელი. ფანჯრის მინა ჩამოსწიე, ჭოკივით გამაყოფინე სარკმელში ფეხი. ვიღაც გამვლელმა ფეხსაცმელი წამაძრო და წაიღო. წითელი ”ადიდასი”. ვკვდები სიცილით, როცა მახსენდება. ქალს რომ ფეხსაცმელს მოპარავ, თანაც იმ დროს, თანაც ცალს, როგორია!
ალე - კარგი, გეყოფა, ნუ გადაიჭერი ტკბილ მოგონებებში. მაგას ჯობს, წამოვხტე და ვივარჯიშო ერთი გემოზე. რამდენი ხანია არ მივარჯიშია.
ია - ერთი წუთით მათხოვე შენი ხელი.
ალე - ჩემი ხელი რად გინდა?
ია - მე გასწავლი კარგ ვარჯიშს, აი, რა გაჩვენო!
ალე - რა უნდა მაჩვენო, ქალო, ხელით როდის ვხედავდი?
ია - აბა, თვალით რომ ვერ ხედავ, კარგა ხანია ვიცი.
ალე - გამიშვი ხელი, ვის ვეუბნები. ჰა, არ გამაბრაზო!
ია - აჰა, შენი ხელი. გქონდეს. ვინ გართმევს. კარგად შეინახე. წუწკი. ბანკირი ეძახე შენ, წესიერად და გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობას, წუთი წუთზე. ყოველდღე. კვირა დღეს კი დილით და საღამოს.
ალე - მაგას ვინ ჭამს!
ია - გეფიცები.
ალე - შენს თავს მოატყუე. ეგ მარტო ტელევიზორშია ასე. ხალხს აგიჟებენ. თვითონ ეს პრობლემა აღარ აწუხებთ. ონანისტები. ამასწინათ ეკრანიდან ერთმა ოყლაყმა მოგვახსენა, რაც შეეხება ამ საკითხსო, ხო ზუსტად ასე - ამ საკითხსო, პირადად მე, თვითმომსახურებაზე ვარ გადასულიო.
პაუზა
- ყოველდღე?
ია - ხო, ძალიან წესიერი იყო.
პაუზა
ალე - ბანკირი კი არა, კაზანოვა ყოფილა!
ია - არ ვიცი, გვარი არ მიკითხავს...
პაუზა
- (ღიმილით) . რამდენიმე ნაბიჯით რომ გამშორდა, მოტრიალდა, წელში თავაზიანად მოიხარა, შლიაპის მოხდით მომესალმა, გამარჯობათ, მშვენიერო ქალბატონოო...
ალე - ეგ ვიღაა? იმედია, ბანკირზე დავამთავრეთ საუბარი.
ია - უკაცრავად, ვერ გიცანით, ისე ჩაგიარეთ გვერდითო. ბედნიერი ვარო. მადლობთო. და წავიდა... რატომ იყო, ნეტავ, ბედნიერი?
ალე - არ ვიცი, ვისზე ამბობ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, გეტყვი: ალბათ იმიტომ, მშვიდობით რომ გაგეცალა, გაგასწრო, თავს უშველა. მიხვდი?
ია - (ღიმილით) . ვინ იჭერდა, ნეტავ? მე ხომ იმას არც კი ვიცნობდი...
ალე - სამაგიეროდ ის გიცნობდა ალბათ. ან ჩემი მკითხველი იყო. ჩემი ბიოგრაფია ჰქონდა წაკითხული მსოფლიო ენციკლოპედიებში. ”ჰუ ის ჰუ”, ალბათ კი არა, ნამდვილად გიცნობდა. ბედნიერი ვარო, უყურე შენ! კი ნამდვილად გიცნობდა.
ია - (ღიმილით). თუკი ასეა, თუკი ასეთი საშინელება ვარ, თუკი უსათუოდ უნდა გამექცეს, გამერიდოს ადამიანი, თავს უშველოს, შენ, შენ რატომ არ გარბიხარ, რას უცდი, ვინ გაკავებს?
ალე - მე ხომ გითხარი, მატარებელზე დამაგვიანდა მეთქი. თანაც შლიაპა არა მაქვს. მოგიხადო, მოგესალმო, მადლობა მოგახსენო.
ია - ხო, მადლობელი ვარო... რატომ ნეტავ?
ალე - მეც ეგ მიკვირს, სხვათაშორის. თუმცა, როგორც გითხარი, ალბათ იმიტომ. მშვიდობით რომ გაგასწრო. ”მადლობაც” და ”ბედნიერი ვარ” ამას ნიშნავდა.
ია - არა, არ გაბედო! ამის უფლებას არ მოგცემ. გაჩუმდი. არ შეიძლება ყველაფრის ტალახში ამოსვრა, ამოთითხვნა. არ შეიძლება. ის ქრისტე იყო. დიდება შენს სახელს, მაცხოვარო.
ალე - შლიაპიანი ქრისტე?
ია - თუნდაც!
ალე - ააა, მივხვდი, მივხვდი, ვიზედაც ლაპარაკობ. არა, ჭირიმე, ის ჩვეულებრივი, რიგითი მაწანწალა იყო. იუდას ბიძაშვილი, როგორც ყველა დანარჩენი, ვინც ქრისტე არ არის. მოკლედ, ჩვენისთანა, ჩვენიანი. მე ყველაფერს ვხედავდი ლუდხანის გამოღებული კარიდან. როგორ გაგშორდა, მერე როგორ მოგიხადა შლიაპა. ოღონდ, რა გითხრა, ვერ გავიგე...
ია - მადლობელი ვარო...
ალე - მერე ის შენი ქრისტე ბარში შემოვიდა. ახლა აქ მოიხადა შლიაპა, ოღონდ ახლა სამათხოვროდ - შემეწიეთ კახპა ცოლის პატრონსო. თან სურათს გვაჩვენებდა. მერლინ მონროს სურათი იყო, ჟურნალიდან ამოხეული. დაჭმუჭნული. ხელისგულით ასწორებდა. სულით ავადმყოფს მომეხმარეთო. უპატრონოსო. უბედურსო. უსვინდისოსო. უფულოსო. მშვიდობისთვის მებრძოლსო. მშვიდობისთვის ომში დაინვალიდებულსო. ყველამ ჩაუყარა შლიაპაში ფული. კახპა ცოლი შენს მტერს! მეც მივეცი ოცი თეთრი...
ია - ოჰო?
ალე - მეტი აღარ მქონდა. აღარც ლუდი მომივიდოდა იმ ფულით. ავდექი და მივეცი. თუნდაც იმიტომ, რომ შლიაპა მოგიხადა, გამოგელაპარაკა. თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რა გითხრა.
ია - ბედნიერი ვარო.
ალე - ხურდა გადაითვალა, მუჭით ჩაუყარა ბარმენს პეშვში. ლუდი ჩამოასხმევინა. კათხას სინათლეზე გახედა. ქაფს სული შეუბერა, მოსვა და ამოიგმინა, კარგიაო. აი, მაშინ ნამდვილად ბედნიერი იყო. ულვაშზე ქაფი შერჩენოდა, ბნედიანის დუჟივით.
ია - ვიტირებ, იცოდე.
ალე - იტირე, რა ვქნა. ეს ჩემი ცოლიაო, მერლინ მონროზე. მეტი არა მაქვს მეთქი. ხომ არ ვეტყოდი, ის ფული შენი ჩანთიდან რომ ამოვიღე, ხო არ გადავუშლიდი გულს იმ ავადმყოფს, იმ სალახანას, იმ ბედნიერს!
ია - რა გაყვირებს?
ალე - სხვათა შორის, მეც უნდა გითხრა მადლობა, მეც ხომ შენი ფულით დავლიე ლუდი!
ია - არ არის საჭირო... დარჩა საფულეში რამე?
ალე - ჩემო ძვირფასო, აქამდე როგორ ვერ მიხვდი, რომ მე ვიღებ ან ყველაფერს, ან არაფერს ! ერთი რამე კი უნდა შეგნიშნო, რასაკვირველია, მორიდებით: ტყუილად დააქანავებ მაგ ”კოზლას”, ერთი ფულიანი ქაჯი ვერ მიიბი ზედ. ხომ იცი, ყველაზე მდიდარი ხალხი რაღიბ ქვეყნებშია. გამოიჭირე ვინმე კრეტინი, ჩაჯექი ”მერსედესში” ან ”ვოლვოში”, მე რას მომჩერებიხარ. ჭამე ეკლერი, პიცა, დააყოლე ”ფანტა” ქაღალდის ჭიქით. ხომ გიყვარს!
ია - მაცალე (ხმამაღლა კითხულობს). რა ლამაზად ლაპარაკობენ ადამიანები...
ალე - დამაგლიჯა ნერვები ამ ოხერმა, ამ განათლებულმა უვიცმა, ამან. მართლა გამაგიჟებს ეს ქალი და ამით დამთავრდება...
წამოდგება. საწოლიდან გადაუსვლელად იცვამს. მერე ბალიშზე დაჯდება.
- სულ თამაში გამიგია?!
რეკავს ტელეფონი. ალე შარვლის ჯიბიდან იღებს მობილურ ტელეფონს.
- გისმენთ? კი, ალე ვარ. შენი ქმარი. სხვა ვინ უნდა ვიყო? რას ვაკეთებ? არ იცი? ტენისს ვთამაშობ! ვერთობი! არა, არ ვბრაზობ. ვისთან ვწევარ? კარგი რა! შენი აზრით, ახლა ვისთან შეიძლება ვიწვე? ხო იასთან ვწევარ, იასთან. ნამეტანი ეჭვიანი ხარ, მეტი რომ არ შეიძლება. დაგალაპარაკო? ვინ? სრულ ჭკუაზე ხარ?! კარგი, გადავცემ. (იას) მოგიკითხეს.
ია - მადლობთ.
ალე - (ტელეფონში) . ბავშვებს მიხედე. მეტი არაფერი გევალება. სარეცხს ხელი არ დააკარო. მოვალ და ერთად ამოვწურავთ. საოჯახო სონატა ოთხი ხელისთვის! რაო? უთხარი, მათემატიკას მარტო ვერ მოერევი თქო. მათემატიკამ დამღუპა, თორემ რა ჩემი საქმე იყო მწერლობა, მით უმეტეს, თეატრი. ღმერთმა ყველა ჩემნაერი დაიფაროს. აბა, ყურმილი მიეცი. გამარჯობა, გიო, მახსოვს, როგორ არა. განა როდისმე დამვიწყებია? ვთქვა, რა უნდა მოგიტანო? კი, ბატონო, ბანა ...
ია - ნი!
ალე - შენ არ გეუბნები! (ტელეფონში) შენს დას ხელი არ დააკარო. დაუთმე, გოგოა. მე ყველას ვუთმობ, ყველას ! შენ არ გიჯავრდები. კარგი, კარგი, გკოცნით. აბა, თქვენ იცით.
ჯიბეში იდებს ტელეფონს.
პაუზა
ია - (ღიმილით). თვალებით დავუყვირე, ვკვდები მეთქი. ვერ გაიგო.
ალე - რა თქვი?
ია - (ღიმილით). არაფერი. რაღაც გამახსენდა.
ალე - მერე?
ია - რა მერე?
ალე - ვკვდებიო, დავუყვირეო, თვალებითო. იმან რაო, ან ვის დაუყვირე?
ია - (ღიმილით). მოვატყუე.
პაუზა
ალე - (სიგარეტს უკიდებს). კი, ყველას ვუთმობ... რას იზამ. თავს ზევით ძალა არა მაქვს.
ია - არადა, მგონი, მამაჩემი იყო.
ალე - ვინ იყო მამაშენი? მამა გყავს საერთოდ, შე კომბოსტოს წნილში ნაპოვნო, შენა! რაღაც არ მახსოვს , მშობლები გეხსენებინოს როდისმე. მიმალავდი? მამაზე ”მგონის” ვინ ამბობს, ქალო?
ია - (ღიმილით). მამაჩემი მკვდარია.
ალე - ესე იგი, მამას აჩრდილიც დავირტყით. ნაღდია თეატრია!
ია - მადლობთო. ბედნიერი ვარო. შლიაპა მომიხადა.
ალე - ის გიჟი იყო მამაშენი, მერლინ მონროს ქმარი?
ია - (ღიმილით). არტისტი!
ალე - დაიცა, მამაშენიც მსახიობია?
ია - მამაჩემი მეხანძრე იყო თეატრში.
ალე - ხომ ვთქვი, თეატრია მეთქი!
ია - ოქროს ჩაჩქანი ეხურა. ბრეზენტის ფორმა ეცვა. ხრასახრუშით დადიოდა. ავად რომ ვიყავი, იმ ჩაჩქანზე მსვამდნენ, ქოთნის მაგივრად. აბა, ჩემი გოგო, ფიში - ფიში, მამიკოს ხათრით, აბა ჰე! მილიციის კლუბში კარლ მოორს თამაშობდა.
ალე - თუ მკვდარია, როგორღა დაუძახე, როგორღა ჩაუჟუჟუნე თვალები, მამიკო, მამიკო, ვკვდებიო!
ია - ხომ გითხარი, მოვატყუე მეთქი. მე რა მომკლავს ... ბედნიერი ვარო. მადლობთო.
ალე - ლოთებმა ასეთი ლაპარაკი იციან, სანამ ფულს დაგცინცლავენ. გიჟი პოლიციელი არ მენახა და ესეც ვნახე.
ია - პოლიციელი კი არა, მეხანძრე!
ალე - მით უმეტეს! მით უმეტეს ! მეც არა ვთქვი, რა ქველმოქმედება ამიტყდა, გადასაყრელი ფული ვინ მომცა, ოცი თეთრი ცოტაა? გულმა მიგრძნო, მახლობელს ვაძლევდი, ჩემიანს. ასე რომ, დაკარგულად არ ჩაითვლება ის ფული. ისევ ოჯახში დატრიალდება. მერე იტყვიან, ღმერთი არ არსებობსო. მაგათი დედაც... შემეწიეთ ბოზი ცოლის პატრონსო! მგონი კი არა, ნაღდად მამაშენი ყოფილა, არ უნდა მაგას ბევრი ლაილაი, ნოტარიუსი, რამე-რუმე.
ია - შენ ის მიტხარი, დედა თუ გყავს?
ალე - დედა?
ია - დედის საფლავზე თუ ყოფილხარ? დედის საფლავი ეკლესიასავითაა.
ალე - ნუ ფილოსოფოსობ მეთქი, ხომ გითხარი!
ია - რა სჯობს დედის საფლავზე ტირილს...
პაუზა
ალე - დედაჩემს საფლავი არა აქვს, იმიტომ რომ ცოცხალია და თბილისის ზღვაზე ჰუმანიტარულ მაკარონს მიირთმევს უპატრონო მოხუცების სახლში. ალბათ!
ია - ალბათ?
ალე - ატყობ, რა კარგი სიტყვაა?
ია - შენ ხშირად ხმარობ მაგ სიტყვას.
ალე - იმიტომ, რომ შიგ მთელი სამყარო ეტევა, ტყუილიცა და მართალიც. მიდი შეამოწმე! ალბათ, ალბათ! არავითარი პასუხისმგებლობა! ასე რომ, ალბათ როდესმე ვიყიდი ყვავილბს, წავალ თბილისის ზღვაზე და ალბათ პირველს, რასაც დავინახავ პოლიციელთა მოხეტიალე დასი იქნებამ რომელიც ტრიალ მინდორში წარმოდგენას მართავს. პოლიციელებს უყვართ ყაჩაღობანას თამაში. უპატრონო მოხუცები კი მერხებზე სხედან და სძინავთ, რადგან მკვდარი საათი აქვთ. კანონების ყველაზე ერთგული დამცველები მოხუცები და უპატრონოები არიან. საერთოდ, ყველანი დღეში ერთი საათით მაინც რომ ვკვდებოდეთ, უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა. დედა ალბათ მე მელოდება და ამიტომაც არ სძინავს და ალბათ სწორედ ამ დროს სასწაული ხდება: კარლ მოორს შლიაპას სტაცებს ქარი და ქუდი მიფრინავს, მიფარფატებს, როგორც პაწაწინა მფრინავი თეფში, მფრინავი ლამბაქი და ნელა და მძიმედ ეშვება უპატრონო დედაბრის კალთაში. ლამბაქიდან ალბათ კოსმოსური ჰუმანიტარული დახმარება გადმოხვავდება მოულოდნელად. კოსმოსური ძღვენი დედამიწის ალბათ ყველაზე ღარიბი მცხოვრებლებისათვის და საპასუხოდ ალბათ იფეთქებს მილიონობით მადლობა, მერსი ბოკუ, თენქიუ ვერი მაჩ, დანკე შოონ, ბოზი ცოლებისაგან, ლოთი ქმრებისაგან, ნარკომანი შვილებისაგან, მოკლედ, ყველასაგან, ვის გამოც ალბათ ამ მოხუცებს უპატრონოები ჰქვიათ. წარმოდგენა კი ალბათ გრძელდება, გუგუნებს, ზანზარებს სასულე ორკესტრის აკომპანიმენტით. კიდევ კარგი, შილერი ადვილი სათამაშოა. თითქოს კლასიკა ზარ-ზეიმით სამუდამოდ ეთხოვება თავის უკანასკნელ მკითხველსა და მაყურებელს. მორჩა, მარტო კლიპების სცენარები უნდა ვწერო. ”საკითხავი კლიპები სექსუალურად მოწყენილი თანამემამულეებისთვის”. ”ილიადათი” დავიწყეთ და კლიპით ვამთავრებთ. მალე კაცობრიობა ერთ სამწუთიან კლიპში მოიყრის თავს. მე და შენც კლიპის პერსონაჟები ვართ ალბათ, არ კი ვიცით ...
ია - გენრიეტა თუ იქნება ამ კლიპში?
ალე - რეპი და კლიპი, კლიპი და რეპი,მოგიჩანს ჭიპი, გიხდება კეპი. - გენრიეტა ვინღაა?
ია - გენრიეტა პარკის გედსა ჰქვია ჩემს როლში. რკინის ბადით შემოღობილ გუბურაში დაცურავს. შეხედე, სტუმარი გვყავს!
IV
შემოდის შლიაპიანი, კახპა ცოლის ქმარი
შლიაპიანი - გამარჯობათ, გამარჯობათ, მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ, ბატონებო?
ია - ამას აქ რა უნდა?
ალე - ეს ჩემი საახალწლო საჩუქარია.
ია - რა დროს ახალი წელია ამ შუა ნოემბერში!
ალე - მით უმეტეს.
ია - რა მით უმეტეს, რა ხდება, გამაგებინეთ!
ალე - არაფერიც არ ხდება. ჩვენთან რა უნდა ხდებოდეს? შენ კი, მოსულო, რადგან იმდენი თავხედობა გეყო, რომ მართლა მოხვედი...
შლიაპიანი - დიახ, როგორც მიბრძანეთ. ადვილად მოგაგენით. ზუსტად დამიხაზეთ. კარიც ღია დამხვდა, როგორც შევთანხმდით.
ალე - ხოდა რადგან მოხვედი, გაიხადე და დაწექი ჩვენთან.
შლიაპიანი - მადლობთ. ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ცოლის სურათია, თქვენთვის არ მიჩვენებია?
ია - მომაშორეთ აქედან!
შლიაპიანი - ლამაზი ქალია. კინოვარსკვლავი. ძმები კენედები და კამპანია.
ია - ნახე, ალე, რა ტალახიანი ჩექმები აცვია!
შლიაპიანი - რომ იცოდეთ, საიდან მოვდივარ !
ია - ყარს!
შლიაპიანი - დიდი დრო გავიდა. დიდი მანძილი გამოვიარე. მაგრამ გავიდა კი დრო საერთოდ? სად მიდის დრო, სად? მე და პრეზიდენტმა ასეთი ხელშეკრულება დავდეთ. იმას მშვიდობა უნდა დაემყარებინა, მე კი სამაგიეროდ... როგორც არის. მკლავში ხელი გამომდო, გვერდზე გამიყვანა და მითხრა, გეთაყვა, მშვიდობა არ არსებობს, მშვიდობა პრეზიდენტების მოგონილიაო. თან ბრაზილიური ყავის, ფრანგული ოდეკოლონის, კუბური სიგარისა და საერთაშორისო გაიძვერობის თბილი სურნელი შემომაფრქვია სახეში. ჩემო ძვირფასოო, მითხრა პრეზიდენტმა, მშვიდობისათვის ბრძოლა კახპა ცოლივითაა, შენ მტერსო. მენიშნა, რადგან რაღა შორს მივდივართ. აი, მე პირადად მშვიდობისათვის ბრძოლას შევეწირე. გამიყვანეს და კედელთან დამაყენეს, რომელზედაც დიდი ასოებით მეოცე საუკუნის ყველაზე აბსურდული ფრაზა ეწერა : ”დაივიწყე ყველაფერი, დალიე ”კოკა-კოლა”! ექვსმა მესროლა, ექვსმა ჯარისკაცმა. არადა, ოქმი რომ შეადგინეს, დიახ, სიკვდილსაც ოქმი სჭირდება, ხუთი ნატყვიარი აღმოჩნდა. ერთმა ამაცდინა. შეგნებულად, რადგან აცდენა შეუძლებელი იყო. როცა ჩემი დამზოგველის ვინაობა ვერ დაადგინეს, ექვსივე დახვრიტეს. მე კი სულ იმ ერთზე ვფიქრობ, იმ ერთს დავეძებ. არადა, როგორ გინდა იპოვო ამდენ ხალხში ერთი ნამდვილი ადამიანი! აი, შეხედეთ ჩემს ქურთუკს. ეს ნაჩვრეტები უბრალო არ გეგონოთ, ანდა სიძველის ნიშანი, ნატყვიარებია. ეს ჩემი ბრაილის ანბანი გახლავთ. მართლაც, ალბათ ყველაზე ძვირფასი წიგნია, რაც კი როდისმე წამიკითხავს...
ალე - დაიცა, დაიცა, განა შენ ბრმა ხარ?
შლიაპიანი - არა, მე მკვდარი ვარ. ეს წიგნი სიცოცხლეზე მიყვება. თურმა ადამიანი თავისი სიკვდილით იბადება და თავისივე სიკვდილს დაეძებს მთელი სიცოცხლის მანძილზე და ეს არის სწორედ სიცოცხლის სტიმული. ძალიან უნდა გიყვარდეს სიცოცხლე, უფრო მეტიც, უნდა გესმოდეს მისი აზრი, ამას რომ მიხვდე. უსინათლოთა კლავიშებზე უნდა შეასრულო შენივე გაუთავებელი აგონიის ბოლო აკორდები. ეს არის და ეს. მსოფლიო მოვიარე, სად არ ვიყავი, სიზმრებშიაც კი დავეძებდი. ბრმა ხარო? - მკითხეთ წეღან, დიახ, უსინათლო მოჩვენებაც კი ვიყავი და ერთი ღვთისნიერი მარტოხელა მსახიობი ქალის ბინაში ვცხოვრობდი...
ია - აჰ!
შლიაპიანი - ეს საქართველოა, ხომ? გმადლობ. ბედნიერი ვარ. რამდენი რამ არის კარგი ამქვეყნად. ყოველ ნაბიჯზე ახალი და ახალი კარგი რამ გხვდება. მთავარია, დაინახო, ოღონდ თვალით არა, თვალით დანახული კარგი მშვიდობასავითაა. არ არსებობს! მე ზუსტად ასე წარმომედგინა თქვენი ბინა, თქვენი საწოლი. ”კომედი ფრანსე”. დიახ, ვერავითარი სცენა ვერ შეედრება საწოლს, ერთმანეთის პირისპირ დარჩენილი ორი დედიშობილა ადამიანის კომედიასა თუ ტრაგედიას. საწოლი ყველაზე დიდი თეატრია.
ალე - ხოდა, შენც გაიხადე, რაღას უცდი. ვიფიქრე, აღარ მოვა მეთქი და შენც გამოჩნდი. მოდი, ჩათბი, ჩაბუჟბუჟდი ლოგინში. მართალი ხარ, ლოგინიც ერთ რამედა ღირს. ასეა!
შლიაპიანი - აქ სიყვარულით სავსე გულები ფეთქავენ. გააღეთ ფანჯარა!
ია - არ გააღოთ, გავიყინებით! გაგიჟდი?! დახურე ახლავე! ეს ვინ ყოფილა!
შლიაპიანი - ამ ფანჯრიდან, როგორც რადიორეპროდუქტორიდან, სიყვარულის ხმა უნდა მოეფინოს ქვეყანას. კაცობრიობას სიყვარულის ვიტამინი აკლია. თუ გარადჩენა გინდათ, უსმინეთ მარტო საკუთარ გულს. ამოიგლისეთ ყურები ცვილით, კუპრით, თაბაშირით, ცემენტით, განავლით, რითაც გინდათ, ოღონდ ამოიგლისეთ. შეხედეთ ამ ნაჩვრეტებს. ხედავთ რამეს? დიახ, ამ ნაჩვრეტებიდან მშვიდობის ყველა მსხვერპლი შმოგვყურებს. მათ შორის ის პატარა ბიჭიც, რომელმაც შეგნებულად ამაცდინა ტყვია და რომელსაც ყველგან ვეძებდი. მონადირედ, მეთევზედ, მყვინთავად, მეკობრედ, ჟანდარმად თუ ტერორისტად გადაცმული თუ გარდაქმნილი. დიდ ქალაქებში, სოფლებში, უდაბნოში, ესკიმოსის ყინულის ქოხშიაც კი და, როგორც გითხარით, სიზმრებშიაც. ასე, რომ მსხვერპლი უკვე გაღებულია.
ალე - ამოდი, რაღას უცდი. მოგეხმარო, თუ შენით ამოხვალ?
შლიაპიანი - (საწოლზე ადის) . ამოსვლით კი ამოვალ, მაგრამ როგორ გავიხადო, შიგნით შიშველი ვარ. თამბაქოს ფოთოლი კი მაქვს აფარებული. ეს კუბაა ხომ?
ალე - არა, საქართველოა.
შლიაპიანი - ხედავ, კიდევ შემეშალა. კუბასი ლეღვის ფოთლის ნაცვლად, თამბაქოსას იფარებენ. აქ ალბათ ვაზისას, არა? მე ვუთხარი, სერ, ასე მოვრიგდეთ მეთქი, ბოლოს და ბოლოს, ორივე ჯენტლმენები ვართ მეთქი.თქვენ ჩემი ცოლი, მე კი თქვენი მშვიდობა მეთქი. ინგლისურად დაველაპარაკე, თუმცა იქამდე ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი ინგლისური. თუ მოინდომებ, უფრო სწორად, როცა გაგიჭირდება, შენით ალაპარაკდები ნებისმიერ ენაზე. მივხვდი, ყველა ენა ჩვენშია, ოღონდ ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ საკუთარ თავს არ ვენდობით. მგონი, გადავუხვიე სათქმელს. ხო, ასე ვუთხარი, სერ, რაც უნდა იყოს, თავისუფალი ადამიანი ვარ მეთქი. ესეც ინგლისურად მოვახსენე...
ალე - ვის მოახსენე?
შლიაპიანი - გაიცინა. მხარზე ხელი მომითათუნა: ”თავისუფალი ამქვეყნად მარტო თავისუფლების ქანდაკებააო”. ვის და ... სხვას ვის ვეტყოდი?
ალე - ხედავთ, ამქვეყნად რა ამბები ხდება, ხალხი მშვიდობისთვის იბრძვის, აქ კი, ანუ ჩვენში, პოლიციელები შილერის პიესას თამაშობენ!
შლიაპიანი - უკაცრავად, ჩემო ბატონო, შილერი ვინ არის?
ალე - შილერი დიდი გერმანელი პეოტია.
შლიაპიანი - გოეთე ყოფილა.
ალე - არა, შილერია.
შლიაპიანი - მით უარესი მისთვის. ქალბატონო, აბა, ცოტა ჩაიჩოჩეთ.
ია - არ მომეკარო! ალე, გავგიჟდები!
შლიაპიანი - რა აყვირებს ამ ქალს, კაცი არ უნახავს? ეს შენი სისუსტეა, ძმობილო.
ალე - ასე იცის დილაობით.
შლიაპიანი - შეიძლება, არც გაემტყუნება. ზოგჯერ მე თვითონ არ ვიცი, რას ვამბობ. ვერაფრით მოვუყარე თავი ჩემი ფიქრის ნაგლეჯებს, ვერ მოვაგროვე. ვერ გავაერთიანე. ერთდროულად ათას რამეს ვხედავ, ოღონდ, ტელეოპერატორივით, არ შემიძლია, ერთი მთავარი ამოვარჩიო, მთავარი კადრი დავიჭირო როგორმე, თუნდაც წამით. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაფერი მთავარია. ხან პოლუსზე ვარ, ხან საჰარაში, ხან ზღვაზე, ხან კი აფრიკელის ჩალის ქოხში ვარ შეყუჟული, როგორც ემბრიონი - საშვილოსნოში. აი, თითქოს გრძელი, დაჟანგული, ღრუბელივით ზოზინა ტანკერის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მეზღვაური ვარ, გამწარებული რომ ჩაფრენია საჭეს, ჰორიზონტს რომ მიშტერებია, როგორც გიჟი - გამორთული ტელევიზორის ეკრანს, თუმცა, ისედაც ვერაფერს ხედავს, რადგან უძილობისაგან თვალები ძირმაგარებივით დასჩირქებია. მღვრიე, ჭრელი ნავთი ლაყლაყებს ტანკერის სტომაქში, როგორც გამდნარი ცისარტყელა, ანდა ენერგიისა და სიბრიყვის მილიარდი სპერმა, რომელიც, ოქროს წვიმასავით, უნდა გადმოიღვაროს ევროპის ლაჯებს შორის, ანდა ფიდელ კასტროს სახელობის ბორდელში.
ია - (შეჰკივლებს). ოი!
შლიაპიანი - არ ვიცი, რომელ ერთზე შევაჩერო თვალი, რომელი სურათი გამოვარჩიო იმ უცნაური კალეიდოსკოპიდან. აი, უკვე სიკვდილის პირას მისული კეთროვანი, თითქოს ლეპროზიუმის ჭიშკართან ვდგავარ და ვიღაც ტურისტი ქალი სურდოს მალამოს მიდებს გაწვდილ პესშვში, ჰუმანიტარულად მეხმარება. და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ. მართლაც, არ არის განა ეს ბედნიერება!. დიახ, ბედნიერებაც ღმერთივითაა - გწამს, რადგან აბსურდულია!.
ია - არა, არა მე ხომ თქვენ გიცნობთ. ქუჩაში რომ შემხვდით, იმას არ ვგულისხმობ!
შლიაპიანი - როგორც იქნა, მადლობთ!. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, უფრო ზუსტად, ერთი პიესის გმირები. ამიტომ მოვიჩქაროდი თქვენსკენ. მორიელებში მეძინა. ზღვის ქვებს ვლოკავდი. მარხილის ძაღლებს საჭმელს ვპარავდი, ჩემი საკუთარი ხორცი რომ არ მეჭამა. სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, რა არ გადამხდენია თავს. “არგოს” გემბანზე სირტაკი მიცეკვია ჰერკულესთან ერთად. გჯერათ? მე თქვენ უკვე ერთხელ დამიჯერეთ და შემიფარეთ კიდეც. გახსოვთ? კართან რძიან ჯამს მიდგამდით და მეც, კატასავით ვხვრეპდი რძეს. ეს იყო პირველი რძე ჩემს ცხოვრებაში, რადგან დედის რძეც კი არ მღირსებია. დედა ძუძუზე მდოგვს ისვამდა, მე რომ არ მომეწოვა. . . სხვათაშორის, ცოცხალმა კვალმა მომიყვანა თქვენთან.
ია - ვისმა კვალმა? არაფერი მესმის!
შლიაპიანი - (პეშვად შეკრულ ხელისუგულებს უწვდის) . და აი, ის პატარა ტბა მოგიტანეთ, თუმცა, ტბა კი არა, გუბურაა.
ია - მავთულის ბადით შემოღობილი?
შლიაპიანი - დიახ, დიახ, აი ბადეც, ბავშვები რომ არ ჩაცვივდნენ.
ია - იმიტომ რომ, იმიტომ რომ . . .
შლიაპიანი - ბავშვები ხომ თვითმკვლელები არიან! ბავშვობა პატარა ჯოჯოხეთია. ბადეს თითებით ჩაფრენოდი. შენს გვერდით გავჩერდი. ქუდი მოვიხადე, თუმცა წვიმდა. წვიმის მათხოვარივით ვიდექი. მადლობთ. ბედნიერი ვარ. უჰ, რა კარგია! ვინა ხარო? - მკითხე ცოტა ხნის მერე, ისე რომ ჩემთვის არცშემოგიხედავს…
ია წამოდგება. გრძელი, ჩაფართხუნებული მეზღვაურის მაისური აცვია, მუხლებამდე წვდება. ხელის მტევნები არ უჩანს. ეტყობა, ალეს მაისურია. ამის შემდეგ, ჩვენს თვალწინ თითქოს სასწაული ხდება - ის უკვე სხვა ქალია, რომელმაც იცის, თუ რა საშინელებაა წვიმაში მავთულის ღობესთან დგომა და ტბის ყურება. მაისური, რომლის სახელოებსაც აუჩქარებლად იკეცავს, ქალის ლამაზ და იშვიათ ტანსაცმლად უნდა გადაიქცეს.
რეკავს ტელეფონი.
ალე - (ჯიბიდან იღებს ტელეფონს) - გისმენთ? ოოო! რა ვქნა, როგორ გამოვრთო ეს ოხერი! შეიძლება ბუღალტერიიდან დამირეკონ. ჭამა ხომ გინდათ, თქვე მამაცხონებულებო. დამანებეთ თავი. დამაცადეთ. საქმე მაქვს, საქმე! ყველა წუთი ძვირფასია. ახლა დგას ჩემი ნადირობის სეზონი. როგორ ვერ გაგაგებინე, როგორ ვერ შევიდა შენს თავში, რომ უსაქმური არა ვარ. შენს პირველ ქმარში ხომ არ გეშლები! რაო? მესმის, როგორ არ მესმის, გიოს მეტი ყურადღება ჭირდება. დიახ, გარდამავალი ასაკი. გარდატეხის პერიოდი. დიახ, დიახ, უღელტეხილი. რასაკვირველია, რასაკვირველია.
დედა ხარ, ვალდებული შვილზე იფიქრო, მაგრამ, ნამდვილად გადამრევს ეს ხალხი! ნუ დაგავიწყდება, რომ ჩემი შვილიცაა. რაო? დავუშვათ? რას ქვია დავუშვათ? სხვათაშორის, დიდიხანია ეგ შენი თუ ჩვენი შვილი გარდატეხილია, ოღონდ საით, საკითხავი აი ეს არის! მე მგონი, უფრო შენსკენ, უფრო სწორად, ჩემი პატივცემული სიდედრისკენ…
ია - პარკში პატარა ტბა იყო. მის ნაპირზე უყვარდა დგომა. როცა წვიმდა, მაშინ თითქოს კიდევ უფრო პატარავდებოდა ის ტბა.
შლიაპიანი - ბადეს თითებით ჩაფრენოდი…
ალე - (ტელეფონით ლაპარაკობს). ალო! ხო, მესმის, მესმის. სალომეს გამოართვი. უარი გითხრა? ელისოს თხოვე. ჩვენ რამდენჯერ გავუმართეთ ხელი. როდის? რა ვიცი, როცა გვქონდა არასოდეს არ გვქონია? კარგი ერთი. ასე ყველაფერი როგორ გავიწყდება. მახსოვრობა აშკარად არ გივარგა. არაუშავს, ეს ქალების საერთო სენია. მოკლედ, ნახვამდის, ჩაო. აუფიდერზეინ. აღარ დარეკო. მე თვითონ დაგირეკავ, როგორც კი დავამთავრებ.
ტელეფონს ჯიბეში იდებს.
ია - მე ხმა არ ამომიღია. ვიღაცამ სხვამ, უცნობმა, ჩემს შიგნით დაიძახა. იმ სხვას უნდოდა გაეგო, ვინ ვიყავი. იმ სხვას ჯერ კიდევ ყველაფერი აინტერესებდა. მე კი ტბაზე მოცურავე გედს ვუყურებდი, ნისკარტი სარეცხის სამაგრს რომ უგავდა და ჩურჩულით ვეძახდი: გენრიეტა, გენრიეტა, შე, საცოდავო. თითქოს პატიმარი იყო, მე კი მის სანახავად მოსული ნათესავი…
შლიაპიანი - ძლივს ავფოფხდი მავთულის ღობეზე. წვალებით გადავედი მეორე მხარეს. ფერდობი ჩავირბინე, უფრო სწორად, ჩავსრიალდი, რადგან სველ ბალახზე ფეხი დამისხლტა და დავასკდი ტრაკით. უკაცრავად. და თუმცა წვიმდა, თუმცა ციოდა, ტანსაცმელი გავიხადე (იხდის ტანსაცმელს) და ტბაში შევედი. აჰ! ბბბრ! კარგია! და შევცურდი. ნელა, ძალიან ნელა, რადგან ვშიშობდი, არ დამეფრთხო, მივცურავდი გენრიეტასკენ, რომელიც თითქოს არც კი მამჩნევდა, თავისთვის დაცურავდა, ლამაზიცა და უშნოც ერთდროულად, როგორც სამეფო დინასტიის მდაბიო რძალი, უფრო რომ ჰგავს დედოფალს, ვიდრე ნებისმიერი პრინცესა. გენრიეტა! გენრიეტა! ის კი ისევ მშვიდად განაგრძობდა ცურვას, თითქოს ცოცხალი არსება არც კი იყო, თითქოს ტბაში გედის თაბაშირის ქანდაკება ჩაეგდო ვიღაცას, რომელსაც წყალი თავის ნებაზე დაატარებდა…
ია - როცა წვიმდა, მაშინ კიდევ უფრო პატარავდებოდა ის ტბა. თუმცა, ეს უკვე ვთქვი. განა მე თქვენ რამე დაგიშავეთ! ნუთუ, არავის, არავის არ ესმის ჩემი!
შლიაპიანი - …და როცა მივუახლოვდი, როცა ფეხებში ვტაცე ხელი, რადგან ჩემს მიახლოვებისთანავე კი არ გაცურდა, ცურვით კი არ გამერიდა, არამედ ფრთების ტყლაშუნით წყალზე გაირბინა რამდენიმე ნაბიჯი და უცებ თითქოს რაღაც უზარმაზარი აფეთქდაო - ბორცვი, გორაკი, მთა, ქალაქი - ცაში ავარდა, აიჭრა და მეც თან ამიყოლა. უჰ, რა კარგია! მძლავრად, ღონივრად, ხარბად მიფრინავდა, თითქოს კი არ მიფრინავდა, ცას ნთქავდა…
ია - ქუჩაში რომ შემხვდით, გულმა მანიშნა, შენ ამას კარგად იცნობო. მაგრამ უცებ დაიკარგეთ, ვერც კი მოვასწარი ვინაობა მეკითხა. არადა, მთელი არსება მთხოვდა, უფრო მეტიც - მიბრძანებდა, გამეგო, თუნდაც თქვენი სახელი.
შლიაპიანი - კარგი იქნებოდა, ჩემი სახელი მე თვითონ რომ მცოდნოდა.
ია - ჯერ მამას მიგამსგავსეთ. მასსავით მხრებში იყავით მოხრილი და მასსავით საცოდავად გეხურათ დალაქული შლიაპა, როგორც სამოქალაქოდ გამოწყობილ სამხედროს. მამა მეხანძრე იყო და მილიციის კლუბში კარლ მოორს თამაშობდა. ისიც უცებ გაქრა. ისიც უცებ დაგვეკარგა. მხოლოდ თითის ანაბეჭდები დაგვიტოვა ერთადერთ ჭიქაზე, რომელსაც დიდხანს ვინახავდით ცელოფანის პარკში, როგორც თვითმკვლელობის მამხილებელ საბუთს და ასეც იყო ნამდვილად… და მაინც თქვენ უფრო იყავით მამაჩემი, ვიდრე ის მხრებში მოხრილი კაცი, რომელიც ღამით ჩემს საწოლთან ჩამომჯდარი, სლუკუნით მეხვეწებოდა, მამა დამიძახეო. მოკლედ, წერტილ-მძიმესა ჰგავდა - არც წერტილი იყო და არც მძიმე…
შლიაპიანი - პაწაწინა შიშველი კაცუნა თითქოს უზარმაზარი გლობუსის ირგვლივ დავფრინავდი და ქვევით ფანტასტიკურ რეკლამებივით ელავდნენ ქალაქები თუ ქვეყნები. (ყვირის) გენრიეტა, აგე პართენონი! თეთრი, მშვენიერი და ცოცხალი, როგორც აპოლონის ჩონჩხი! ელადა! ელადა! ჩვენი სიმდაბლისა თუ სიმაღლის გამართლება!
ია - მერე მიგამსგავსეთ ჩემს ძმას, რომლის გაჩენასაც დედა გადაჰყვა და რომელიც სამი წლისა, როგორც მაშინ თქვეს, ბოშებმა მოიტაცეს. ხშირად კი მესიზმრებოდა - ხან სამთვლიან ველოსიპედზე შემჯდარი, მოკლეშარვლიანი, რომელიც, რატომღაც, უცებ კვდებოდა და, საშობაო ბარათივით, ლამაზი და პატარა საფლავის ქვა ჰქონდა. ხან უცნაურად მეცხადებოდა, ბოშა ქალივით გადაცმული, პომადიანი ჭაბუკი, ხურდა ფულის მძივების წკრიალ-ჩხრიალით რომ ცეკვავდა დაირით, ანდა გასაქანს რომ არ მაძლევდა კარტით ხელში, გიმკითხაო, გიმკითხავოო. ამაზე ამაზრზენი და საშინელი სიზმარი იშვიათად მინახავს…
შლიაპიანი - (ყვირის) - აგე, ბრიტანეთი! წყალბურთელივით ამოვარდნილი ზღვიდან. ”ყოფნა-არყოფნა”. ტაუერი. უემბლი ორით ნოლი. ხედავ, გენრიეტა, ხედავ?! (ჩვეულებრივად) არც კი გაუგია ჩემი ხმა, რადგან ცის ზვირთებს მიაპობდა, ფრთოსან კაშალოტივით და სინამდვილეში ალბათ წყალს უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე ცას და ახლა განგების სასჯელისგან თავდახსნილი, საკუთარი სითამამით გაბრუებული თუ გათიშული, თითქოს მთელი კოლუმბია ჰქონდა შეშხაპუნებული, ვეება ფრთებს მძიმედ და მძლავრად იქნევდა, მითოლოგიური ხომალდის ნიჩბებივით…
ია - სიკვდილსაც კი ვაპატიებდი, ასე თეძოების რხევით ცეკვას კი - არა!
შლიაპიანი - (ყვირის) - აგე, მექსიკა! ხედავ, გენრიეტა, სომბრერო, პილპილი, პანჩო ვილა, კაკტუსი!
ია - მერე მიგამსგავსეთ ჩემს ქმარს, რომელიც არასოდეს მყოლია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გადამფრენ ჩიტადა ვარ ჩაფიქრებული ბუნებისგან და ნებისმიერ ბუდეში ზედმეტი დახანება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. რატომაა რომ ნამდვილზე მეტად, ადამიანს გამოგონილისა სჯერა? მითხარი, ალე, შენ მაინც მითხარი, რას გაჩუმებულხარ!
ალე - (ჩუმად) - მე თავი დამანებეთ…
შლიაპიანი - და მერე შორიდან დავინახე კირით შეთეთრებული ქოხები და მილიონობით პაწაწინა ანგელოზი, ხარიხებზე ფეხით ჩამოკიდებული, როგორც დასაკითხი პატიმრები დიქტატორის დილეგში. და თითქოს მივედი კიდეც იქ, სადაც დაიწყო ჩემი გრძელი გზა დიდიხნის წინათ და როცა უვნებლად დავეშვი დედამიწაზე, შევნიშნე ზღვის პირას გამართული ბრეზენტის ფანჩატურა, სადაც თავი შეეფარებინათ ყველა დროისა და ყველა ქვეყნის პრეზიდენტებს, თვით აბრამ ლინკოლნსაც კი, და კალკულატორებზე ანგელოზებს ითვლიდნენ. ერთმა მათგანმა დამინახა თუ არა, წამოდგა, მიატოვა დანარჩენები და ჟესტით ნაპირზე გასეირნება შემომთავაზა. დიდხანს ვსეირნობდით ზღვის თუ ოკეანის პირას ისე, რომ არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, თუმცა მე უფრო მეტი მქონდა სათქმელი, ვიდრე მას, რადგან ახალი ჩამოფრენილი ვიყავი ციდან, სადაც ერთი გედი-კაშალოტი ახლა უკან, თავისი გუბურისკენ მიიკვლევდა გზას ღრუბლებისა და მეტეორების ჯუნგლებში. უცებ გული ამომიჯდა, თუ დამიჯერებთ, ტირილიც კი მომინდა, რადგან მივხვდი, რომ მე და ის პრეზიდენტი ერთნაირები ვიყავით, გარეგნულადაც ერთმანეთს ვგავდით, იმიტომ რომ ერთი ქალი გვიყვარდა. ქალი უნებურად გიმსგავსებს - თუ ბეღურაა, შენც ბეღურა ხდები, თუ გედია, შენც გედივით გიგრძელდება კისერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ორივე, ანუ მე და ის პრეზიდენტი, ბატებს ვგავდით, ოღონდ ჭუკებს. პრეზიდენტმა მაჩუქა სწორედ პოლაროიდით გადაღებული ჩემი ცოლის სურათი.
ია - იქნებ სამივე იყავით ერთდროულად - მამაც, ძმაც და ქმარიც, ანუ არსება, რომელსაც სახელი არა აქვს!
შლიაპიანი - ბედნიერი ვარ. მადლობთ. ამ ქვეყნად ყველაფერზე ძვირფასი გულისხმიერებაა.
ია - რა ლამაზები არიან ადამიანები, როდესაც სხვებს თამაშობენ.
შლიაპიანი - (ქუდს მოიხდის) - შემეწიეთ უბედურს, კახპა ცოლის პატრონს!
რეკავს ტელეფონი.
ალე ჯიბიდან იღებს ტელეფონს.
ალე - გისმენთ? კარგი რა! აღარ შემიძლია! მომკლა შენმა ეჭვიანობამ! რამდენჯერ უნდა გითხრა - ვმუშაობ,
ვმუშაობ-მეთქი! ხო, ხო. არა მცალია. მერე დაგირეკავ. (ჯიბეში იდებს ტელეფონს. ამათ) - უკაცრავად.
ია - სასწაულია! სასწაული!
ალე - რა მოხდა, რა გაყვირებს?
ია - თვალი ამეხილა, თვალი! დამაცადეთ! (შლიაპიანს) მე ხომ თქვენი ქვრივი ვარ!
ალე - შეიშალე?
ია - (ალეს ყურადღებას არ აქცევს) - თქვენს გარდა, სხვა მამაკაცის ხელი არ შეხებია ჩემს სხეულს…
ალე - ვინ დაგიჯერებს, ქალო, ამას?!
ია - დამაცადე-მეთქი! არ დამთუთქვია კანი სხვისი მხურვალე სუნთქვით. არ გასრესილა ჩემი ძუძუს კერტები სხვისი ხელისგულების დოლაბებით. არ აფეთქებულა ჩემი სხეულის წიაღში სხვისი, ხელყუმბარასავით თავკომბალა სურვილი. ტკივილით ვცოცხლობ, ტკივილით, რომელიც მაფხიზლებს და არ მიშვებს, რომ დავიძინო. უკვდავება ტკივილი ყოფილა. ახლა ვხვდები, თუ ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში (ცეკვავს) მე შენ გელოდები ყოველდღე, ყოველ წამს და აი, ოცი საუკუნე გავიდა შენს მოლოდინში. ამ ხნის განმავლობაში ჩემი არსების წიაღში, ჩემი სულის ყველაზე შორეულ გამოქვაბულში, სადაც შეხედვისაც კი მეშინია, ჩემივე უთქმელი სიტყვებისგან თუ ფარული ბოღმისგან ამოიზარდა სტალაგმიტი, ქანდაკება რისხვისა და სიძულვილისა, კუშტი და ამაყი, ქვის ფალოსივით, ბერწი ქალები მდუღარე ცრემლით რომ რწყავენ. ჩემს მუხლებს ახსოვთ შენი, ობობას საცეცებივით, ფრთხილი და დაშაშრული თითები, ჩემს ხელებს კი - სიმძიმე შენი, ქარისგან თუ დილეგის ჭუჭყისგან, კვერცხივით გაშიშვლებული თავისა, საიდანაც გამოიჩეკა იდეა მარადიული მოლოდინისა. და აი, მეც გელოდები, მარადიული ქვრივი ქალწული. შემომხედე! შემომხედე!
ალე - (ყვირის) - გაჩუმდით! გაჩუმდით! (ყურებზე ხელებს აიფარებს. ჩუმად) გთხოვთ. გემუდარებით. გეყოფათ. გაჩუმდით-მეთქი… (ცოტა ხნის მერე ჩვეულებრივი ხმით) ყველაფერი ტყუილია. ყველა ტყუის, რადგან ყველამ ერთად დაკარგა ერთადერთი მართალი სიტყვა. სად არის, სად? არავინ იცის. იქნებ, მარგალიტივით, სადღაც ოკეანის ფსკერზე, წყალმცენარეთა აბლაბუდაში გახვეულ ნიჟარაშია შეყუჟული. ვიდრე იქამდე მიხვალ, ვიდრე მიაგნებ, ზვიგენი შეგჭამს. არადა, უამრავი, უამრავი სიტყვის შემცვლელი, თუ ყალბი სიტყვაა დახვავებული ჩვენს გარშემო, მთასავით, როგორც ელევატორში - ხორბალი. ჩაყავი ხელები ოქროსფერ, ბუსუსიან, ჩახურებულ ხორბალში იღლიამდე და გაირინდე. ხელოვნური ყოველთვის ნამდვილზე ეფექტურია, თანაც ადამიანს ყველაფერი ბევრი უყვარს, თუმცა ერთ სიტყვას ელოდება სულ, სულ, დაბადებიდან სიკვდილამდე. ყველა სიტყვა ერთ სიტყვაში ეტევა, ოღონდ არავინ იცის, რა სიტყვაა ის. (იჩოქებს) ღმერთო, ერთი სიტყვა! ერთი სიტყვა მიწყალობე! (წამოდგება) მოდით, ჩამეკარით გულში. მოდით. უბედურებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით.
ორივეს მკერდში ჩაიკრავს.
შლიაპიანი - მადლობთ. ბედნიერი ვარ. (ტირის.)
ალე - შვილებო, შვილებო…
ია - აი, როგორც იქნა, ჩემი ლოდინიც დამთავრდა! ამიტომ არასოდეს არ უნდა გაიტეხოს ადამიანმა გული. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მთავრდება, ლოდინიც კი!
შლიაპიანი - არა, არა, ნუ იტყვი მაგას, ეგ არ დაიჯერო. წერტილი არ არსებობს, ანუ არაფერი არ მთავრდება. ყველაზე პირობითი, შეიძლება ითქვას, ილუზიური, ამ ქვეყნად რაიმეს დასასრულია. შენ მართლა ელოდები ვიღაცას, ოღონდ ის ვიღაც მე არ ვარ, სხვაა, ჩემს შემდეგ მოდის. ახლაც კართან დგას. სულ დამავიწყდა!
ალე - მოიყვანე, ვინც გინდა. ეს საწოლი ყველას დაიტევს.
შლიაპიანი - ისეთი მორიდებულია, ჯერ შენ შედიო.
ალე - ხოდა, დაუძახე მეთქი, რაღას უცდი, არ გესმის?
შლიაპიანი - (ტანზე იცვამს, თან ეძახის). თქვენო უმაღლესობავ, შემობრძანდით, შემობრძანდით, თქვენო უმაღლესობავ!
V
შემოდის მულტფილმის უფლისწული.
შლიაპიანი - მობრძანდით, მობრძანდით, ნუ გერიდებათ.
”უფლისწული” ჩართავს პორტატულ მაგნიტოფონს. ისმის სასიყვარულო მელოდია.
ია - ღმერთო! ნუთუ ეს შენ ხარ!
”უფლისწული უბიდან იღებს ერთ ცალ წითელ ”ადიდასს”
- უიმე! მოდი აქ!
ფეხს გაუწვდის
- ჩამაცვი!
”უფლისწული” ცალ მუხლზე იჩოქებს და ისე აცმევს.
- ეს ხომ ჩემი ”ადიდასია”, ღმერთო!
ალე - კი მაგრამ, მეორე სად არის, ასკინკილით ხომ ვერ ივლი?
ია - (ღიმილით) . ასკინკილა ცუდია?
ალე - მე არ მითქვამს, ცუდიაო. მე სხვა რაღაც გკითხე. მგონი.
ია - აი, მეორეც!
ბალიშის ქვემოდან გამოაძვრენს მეორეს, ოღონდ თეთრ ”ადიდასს”
- ტყუილად კი არ ვინახავდი, ტყუილად კი არ მედო თავქვეშ. აქედან ამოდიოდნენ თითქოს ჩემი ტკბილი სიზმრები.
ფეხს გაუწვდის ”უფლისწულს”.
- ესეც ჩამაცვი!
ცალ მუხლზე დაჩოქილი ”უფლისწული” აცმევს მეორე ”ადიდასსაც”.
- ხომ მიხდება?
ალე - დაიცა, დაიცა, აქ რაღაც გაუგებრობაა. თუ თვალი არ მატყუებს, მგონი, ეს თეთრი უნდა იყოს, არა?
ია - კი, თეთრია.
ალე - ესე იგი, არ მეშლება.
ია - არა, დალტონიკი ნამდვილად არ ხარ.
ალე - ხოდა, თუ არ მეშლბა...
ია - ააა, მივხვდი, მივხვდი, რისი თქმაც გინდა. მე რომ ცალ-ცალ ფეხსაცმელს ვატარებ, არ იცოდი? მოკლედ, ჩემი ლოდინი ახლა კი ნამდვილად დამთავრდა. წერტილი როგორ არ არსებობს. აი, ეს თეთრი ”ადიდასი” იგივე წერტილია. მოკლედ, მომილოცეთ. ამისრულდა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდი.
ალე - მაინც რა აგისრულდა, ჭირიმე?
ია - გაღეღილი საყელო. ვერცხლის მედალიონი...
ალე - ბოდავს!
შლიაპიანი - არც არის საკვირველი.
ია - ქალიშვილო, რომელი საათია!
ალე - ხომ ვთქვი, ბოდავსო!
ია - მედალიონს აწერია, მედალიონს!
ალე - მაგის მეტი ვერაფერი დაიმახსომე?
ია -როგორ არა, როგორ არა, მითხრეს, დედოფალი გახდებიო!
ალე - ეს ვიღამ მოგახსენა?
ია - ბორიამ!
ალე - ბორიამ?! ბორია, ბორია... ბორია ვინ არის?
ია - ბორია თაგვია.
ალე - თაგვი?
ია - თეთრი.
ალე - აუჰ!
ია - იმან ამოიღო ყუთიდან ქაღალდი.
ალე - გერბიანი?
ია - დიახ, დედოფალი გახდებიო!
ალე - მერე თაგვს უჯერებ, ქალო?
ია - აი, თუ არ ვუჯერებ! თაგვი ეძახე! ეტყობა, ეს იყო ჩემი ბედი. წამიყვანე, ჩემო უფლისწულო, სადაც გენებოს, წამიყვანე!
ალე -კარეტა არ დაგავიწყდეთ, კარეტა!
ია - ნუ ბრაზობ, ალე.
ალე - ეგღა მაკლია!
ია - მე შენ აზნაურობას გიბოძებ.
ალე - რისთვის, დედოფალო?
ია - აი, თუნდაც, ამ მაისურისთვის.
ალე - ეგ არაფერი. გამიხსენეთ ხოლმე, როცა საკუთარ იახტაზე იქნებით.
ია - მოკლედ, ჩვენი წასვლის დროა. დღეიდან რადიოთი მოგმართავთ ხოლმე, ყოველ კვირა დღეს.
ალე - მადლობთ, დედოფალო, მადლობთ.
ია - წავიდეთ. უფლისწულო, წამიყვანე. რაღას ვუცდით!
ალე - მართლა არ შემშალოთ ეხლა! ეს მგონი საშაა. კინოსტუდიის ცნობილი ლოთი. რისი წამყვანია! დაეტიე მანდ!
ია - (”უფლისწულს”). ალექსანდრე, ძვირფასო, მიმღერე რამე!
”უფლისწული” რთავს მაგნიტოფონს. ასლოკინებს. ტუჩებზე ხელის ზურგს მიირტყამს.
ია - უიმე, ამან, მგონი, ლაპარაკი არ იცის!
ალე - იმიტომაც მღერის, სულელო, სიმღერა მუნჯის ენაა!
ია - მე ყოველთვის შენი მადლობელი ვიქნები, ალე, მაგრამ ახლა გამიშვი, გთხოვ. მე შენ არასოდეს დაგივიწყებ. იცით, მგონი ბედნიერი ვარ. ჩქარა, ალექსანდრე, ჩემო ხელმწიფევ, წამიყვანე აქედან, ამ სახლიდან, ამ ქალაქიდან, ამ პლანეტიდან, ამ გალაქტიკიდან, ჩქარა!
შლიაპიანი - დაიცადეთ, დაიცადეთ!
ია - ჩქარა მეთქი!
შლიაპიანი - ერთი სიტყვა მათქმევინეთ.
ია - მერე, მერე, მერე!
შლიაპიანი - რა ვქნა, იძულებული ვარ, საიდუმლო გაგიმხილოთ.
ია - უკაცრავად, ჩემო ბატონო, ბედნიერებს საიდუმლო არ გააჩნიათ!
შლიაპიანი - არა, ეს უფრო მეტია, ვიდრე საიდუმლო.
ია - მითუმეტეს, მითუმეტეს!
შლიაპიანი - სწორედ მას დავეძებდი ყველგან, ყველგან, ცხადშიაც და ძილშიც, წარსულშიაც და მომავალშიც. ყველა ბიბლიოთეკის ფიჭასავით ტკბილი თაროები გამოვწუწნე, ათასობით კინოლენტის პაწაწინა ყუნწებში ვარ გამძვრალი, მთელ სხეულზე დედამიწის ატლასი მაქვს ამოსვირინგებული და იცით რატომ? გამწარებულს მისი შიშველი ტერფები მკერდში რომ ჩამეკრა და დამეკოცნა, მადლობის ცრემლით განმებანა. აი, ეს ყმაწვილი...
ხელს გაიშვერს ”უფლისწულისაკენ”
ია - ჩემი ალექსანდრე!
შლიაპიანი - გახლავთ ის ჯარისკაცი, ვინც მე თოფი არ მესროლა!
ია - აჰ!
შლიაპიანი - და ვინც, ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა, ვიპოვე.
ია - კი მაგრამ...
შლიაპიანი - თუმცა, ძალიან ბევრი კი ვეწამე.
ია - აკი, აკი ექვსივე დახვრიტესო?
შლიაპიანი - შენ ეს ცოცხალი გგონია?
ია -კარგით რა, გეყოფათ. დამინდეთ.
შლიაპიანი - და უფრო მეტსაც გეტყვი...
ია - მეტი რაღა უნდა მითხრა, რა?!
შლიაპიანი - ეს შენი ძმაა, შენი ღვიძლი ძმა!
ია - გაჩუმდი!
შლიაპიანი - ბავშვობაში დაკარგული შენი ძმა!
ია - ღმერთო...
შლიაპიანი – გახსოვს გითხარი, კვალმა შენთან მომიყვანა – მეთქი!
ია – რა ხდება ჩემს თავს!
შლიაპიანი – დიახ, შეუმცდარად მოვედი შენთან, მაგრამ, როგრც არ არსებობს წერილი, ასევე არ არსებობს თურმე სიზუსტეც. მის ნაცვლად, შენ შემრჩი ხელში. Mაგრამ, როგორც ხედავთ, ბოლოს მაინც ვიპოვე. არ იკითხავთ, სად? სად და მულტფილმში! თავიდანვე როგორ არ ვიფიქრე, რომ კეთილი არსება მხოლოდ და მხოლოდ მულტფილმში უნდა მეძებნა!
ია – ძმა? ეს ჩემი ძმაა? როგორ ამიხდა სიზმარი. ქალივით ეცვა და ქალივით ცეკვავდა. დაირით.
ალე - განა ამას, ანუ შენს ძმას ქალივით აცვია?
ია – ეს ერთი და იგივეა.
ალე – დაირას სადღა ხედავ?
ია – (მაგნიტოფონზე უთითებს). აგე დაირა!
შლიაპიანი – დიახ, ექვსივე დახვრიტეს.
ია – და ამან... ამან არ გესროლა?
შლიაპიანი – იმ ექვსიდან მარტო ამან არ მესროლა.
ია – გმადლობ, შენ უფალო!
შლიაპიანი - დიახაც, ამან უნდა თქვას, მკვდარი ვარო!
ია – (“უფლისწულს ხელზე კოცნის. მერე მკერდში ჩაიკრავს. ეფერება და ტირის). გმადლობ, უფალო, გმადლობ... ერთი სიტყვა მითხარი, ძმაო, ერთი სიტყვა!
შლიაპიანი – ასე ძალიან უყვარს?
ალე – არა, თავის თავი სძულს...
“უფლისწული” – (ასლოკინებს. ტუჩებზე ხელის ზურგს მიირტყამს). პარდონ!
ბნელდება.
ისმის ფრთების მძლავრი შხუილი. უეცრად ელვა გაანათებს სცენას – ოთახში არავინაა.
VI
პირველი სურათის დეკორაცია. იას ბინა.
იას საშინაო თეთრი ხალათი აცვია. თითქმის ავანსცენაზე უდგას სკამი. აწრიალებულია.
სიგარეტს ეწევა.
ეტყობა, უძილობა აწამებს.
რეკავს ტელეფონი. ია ყურადღებას არ აქცევს.
პაუზა
ია – ასე მგონია, ადრე გედი ვიყავი. მავთულის ბადით შემოღობილ გუბურაში დავცურავდი. არაფერზე ვფიქრობდი. შეიძლება ითქვას, ეს იყო ბედნიერება პარკის მასშტაბით. Mმერე ამ ბინაში გადმოვსახლდი, წიგნებით, აფიშებით, ყვავილებით გარშემორტყმული, ოღონდ, ყოველ დილით მაინც პარკში გავრბოდი. მავთულის ბადეს თითებით ჩაფრენილი, გედს ველაპარაკებოდი, ვუყვებოდი, რაც თავს გადამხდენოდა. თითქოს პატიმარი იყო, მე კი მის სანახავად მისული ნათესავი. ახლა ვფიქრობ, შეიძლება ჩემს თავს ვეძებდი, მე ხომ სულ ჩემს თავს დავეძებ, უამრავ, უამრავ, უამრავ სხვის სახესა თუ სხვის სიტყვებში რომ დამკარგვია. უიმედოა, სიმარტოვე იმ ქვეყანასავითაა, ანუ ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილი და მოშორებული ხარ. თუმცა, ეს ქვეყანა და ის ქვეყანა ხშირად მერევა ხოლმე, თუნდაც იმიტომ, რომ იმათთან უფრო დიდი ხალისით ვსაუბრობ, ვინც დიდი ხანი ამ ქვეყნად აღარ არის. იტყვიან, სიმარტოვის წამალი სიყვარულიაო, სიყვარულის ჭიდან მე ყოველთვის გვამები ამომქონდა ხოლმე, აი ახლაც მესმის როგორ ჭრიალებს ოწინარი. მძიმედ, ძალიან მძიმედ. ყოევლთვის მეშინოდა ამ ხმის, ამ ჭრიალის. ამ დროს იწყებოდა ჩემი ტკივილიცა და სიხარულიც ერთდროულად, რასაც, ჩვეულებრივად, სიყვარულს ვეძახით. მეშინოდა იმიტომ, რომ ბოლოს მაინც მარტო ვრჩებოდი, მართლაც, პარკის გედივით და საშინელი ეჭვი გაავსებდა ხოლმე ჯერ ჩემს გულს, მერე ჩემს ბინას, მერე მთელ სამყაროს: ვინ, ვინ გვეტყვის დაბეჯითებით, რომ სწორე დეს, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, არ არის საიქიო?!
პაუზა
- ღმერთო, რა კარგია სიცოცხლე, როცა არ იცი, რომ ცოცხალი ხარ!...
მეზობელ ოთახში რაღაც ტყდება.
- დაიწყო!
ისმის ჯოხის კაკუნი.
- დაიწყო, დაიწყო! აღარ შემიძლია ისევ თავიდან, ისევ თავიდან!... აღარ შემიძლია!...
ბინაში შემოიპარება, შემოიძურწება მონადირე: ძალიან ფრთხილად დადის, თითის წვერებზე. გულდასმით ჩხრეკს ყველაფერს, თოფის ტუჩით ქექავს თეთრეულს, საწოლის ქვეშ იხედება, კარადის უკანაც.
ჯოხის კაკუნი ახლოვდება.
რეკავს ტელეფონი.
თანდათან ბნელდება.
დასასრული
2002 წელი