ანკეტა
ფირმა სიამოვნებითაც კი დათანხმდა, რომ მიმიღებდა სამუშაოდ, ოღონდ ჯერ დახასიათება უნდა წარმედგინა და ერთი გრძელი ანკეტა შემევსო. ეს ჩვეულებრივი წესია, რადგან დამქირავებელს ურჩევნია თავი დაიზღვიოს რაიმე მოულოდნელი უსიამოვნებისგან, ანდა უბრალოდ, უნდა გაიგოს ვინა ხარ, რა კაცი ხარ და ესეც სრულიად ბუნებრივია.
რაც შეეხება დახასიათებას, ეს თითქოს ადვილად მოგვარდა, მე თვითონ, საკუთარი ხელით მივუტანე და ჩავაბარე კაცს, რომელმაც – ასე მომეჩვენა, – გულისხმიერება გამოიჩინა ჩემს მიმართ. ერთი სიტყვით, ამ მხრივ დაბრკოლება არ შემხვედრია. ახლა მარტო ანკეტა მაფიქრებდა.
ძველ სამსახურში რამდენიმე სამუშაო დღე კიდევ მრჩებოდა, რომ ზოგიერთი რამ მომეგვარებინა, მომარაგებამოწოდების პირობები გამერკვია და მშვიდად წავსულიყავი; მაგრამ მალიმალ ფიქრები წამიღებდა ხოლმე, განსაკუთრებით ანკეტაში ჩამორიგებული კითხვები არ მასვენებდა, რა და როგორი პასუხები უნდა გამეცა, სულ ეს მიტრიალებდა თავში.
ჩემი ფირმიდან წასვლა წმინდა მატერიალური მოსაზრებით გადავწყვიტე, თუმცა კი ათი წელი ერთგულად ვემსახურე; ხელმძღვანელობაც თითქოს გაგებით მოეკიდა ჩემს ასეთ მოწადინებას, მაგრამ მაინც სცადა გადაეთქმევინებინა და ადრინდელზე უკეთესი პირობებიც კი შემომთავაზა, თუმცა ახალი ფირმის პირობებს სულ ერთია, ვერ გაუტოლდებოდა, არადა მათთვის არანაირი მოთხოვნილება არ წამიყენებია.
ბოლოს და ბოლოს ჩემი ფირმის ხელმძღვანელობა შეურიგდა ჩემ გადაწყვეტილებას და კიდეც მომილოცა; ის კი არადა, კადრების განყოფილებამ ჩემი პატივისცემის ნიშნად ბანკეტიც კი გამართა, (თუმცა ამაზე არც კი მიფიქრია) და ყველამ ერთსულოვნად მიიღო მონაწილეობა. როცა უთვალავი სადღეგრძელო შეისვა და გზაც დამილოცეს, მე განზე გავიხმე ბანკეტის მოთავე და ვუთხარი, მთელ ხარჯებს მე ვიკისრებ-მეთქი, ხოლო თუ თქვენსას დაიჩემებთ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოსო, მაშინ ფირმის მონაწილეობის სიმბოლური მნიშვნელობა მაინც მიეცით-მეთქი.
მაგრამ ამის გაგონებაც კი არავის უნდოდა; გულითადი მოლოცვები, ხელის ჩამორთმევა ხომ არ მაკმარეს და ჩემდა გასაოცრად ოქროს კალამიც კი მაჩუქეს, რამაც ცოტა არ იყოს, შემაცბუნა და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო, მით უმეტეს, რომ კალამზე ამოტვიფრული იყო ამერიკული "O.K.".
როგორც უკვე ვთქვი, ანკეტაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა; ასე იყო თუ ისე, ამას მაინც ვერ ავცდებოდი, ახალ სამუშაოზე მიღებისთვის ეს აუცილებელი პირობა იყო, მაგრამ ის მაინც ვერა და ვერ ამეხსნა ჩემი თავისთვის, რატომ გავჩუმდი რაღაცრაღაცებზე; ეტყობა, ჩემდაუნებურად ვცადე საქმის ნამდვილი ვითარება მიმეჩქმალა, თუმცა ამას რაღა აზრი ჰქონდა, მერჩივნა ყველაფერი პირდაპირ და გულახდილად მეღიარებინა.
უპირველეს ყოვლისა, თურმე ანკეტაში აუცილებლად უნდა ჩამეკრა ჩემი ოჯახის წევრების, ე.ი. ჩემი, მამაჩემის, დედისა და ცოლის ოთხი ფოტოსურათი. ამის თაობაზე ვკითხე კიდეც ფირმის მუშაკს, – რომელიც ანკეტების საქმეებს განაგებდა, – ნუთუ ეს სავალდებულოა-მეთქი. მას ხმაც არ ამოუღია, მარტო გაიღიმა და თითი დაადო ანკეტის პირველი ფურცლის პირველ სტრიქონს, რომლის ქვემოთ მოხაზულ ოთხ კვადრატს მოჰყვებოდა დიდი წითელი ასოებით გამოყვანილი წარწერა: „მნიშვნელოვანია“, მერე დამრიგებლის ღიმილით შემომხედა.
მის ასეთ ღიმილსა თუ საქციელში მტრული ვერაფერი შევამჩნიე, პირიქით, ვთქვი კიდეც, ამ ინტელიგენტური იერის ადამიანის ჩემდამი დამოკიდებულებაში კეთილგანწყობა უფრო ვიგრძენი. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე განათლებით ფილოლოგი იყო.
მეც მეტი რა გზა მქონდა, მივიტანე ფოტოსურათები, ჩავაწებე აღნიშნულ კვადრატებში და საბეჭდ მანქანას მივუჯექი (ჩემდა სამარცხვინოდ, მართლა საშინელი ხელწერა მაქვს); დროდადრო დავხედავდი ხოლმე ჩემთვის ესოდენ საყვარელ სახეებს და რაც უნდა იყოს, მაინც ჩემი ოჯახი ეს არის-მეთქი, ვფიქრობდი.
და მეც წათამამებული თუ გულდაჯერებული იმით, რომ საპასუხისმგებლო პოსტი უნდა დამეკავებინა, თანაც ერთ ყველაზე დიდ და მსოფლიოში ცნობილ ფირმაში, გულში ვიმეორებდი: „ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო ადამიანებო!...“
საგანგებოდ ანკეტების შესავსებად განკუთვნილ ოთახში მარტო ვიჯექი და ჩემთვის ვბუტბუტებდი: „ძვირფასო მამა, ძვირფასო დედა, საყვარელო მარია!“ ეტყობა, მეზობელ ოთახში თანამშრომელმა ყური მოჰკრა ჩემ ბუტბუტს და მოვტრიალდი თუ არა, ისიც დავინახე, ჩემს ზურგს უკან იდგა და იღიმებოდა. მან გამაფრთხილა, საბეჭდ მანქანაზე მხოლოდ მეოთხე გვერდამდე უნდა დაიბეჭდოს, დანარჩენი წესის თანახმად ხელითაა შესავსებიო. მეც გავუღიმე, მოვუბოდიშე, ძალიან ცუდი, თითქმის გაურკვეველი ხელწერა მაქვსმეთქი. მან ჩაიცინა და ესღა თქვა:
– როგორიც გაქვთ, გაქვთ, რა გაეწყობა, ახლა რაღა ეშველება! თუმცა კი ხელწერა ერთგვარად ავლენს ადამიანის ბუნებას. წაკითხვით მაინც წავიკითხავთ, ამისთვის თავს ნუ შეიწუხებთ! ესაა ჩვენი მოვალეობა...
მან სიგარეტიც კი შემომთავაზა და თავის კაბინეტში დაბრუნდა. მეც ისე შევავსე ანკეტა – როგორც მითხრეს, ჩავაბარე კადრების მუშაკს და შინ წავედი. ეს ამბავი ახლაღა გამახსენდა, რამდენიმე დღის მერე და უნდა ვაღიარო, გვარიანად ამაფორიაქა; მაშინვე ფოტოსურათები დამიდგა თვალწინ, თანაც მამაჩემისა და ჩემი ცოლისა. პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ მათ სხვისი თვალით, შორიდან შევხედე, უფრო სწორად, კადრების განყოფილების მუშაკის თვალით.
მამაჩემს, ერთი შეხედვით სამოც წელს თუ მისცემდით, მაგრამ იმისთანა გამომეტყველება თუ იერი ჰქონდა, კაცი იფიქრებდა ჯუჯააო, კისერი სულ არ უჩანდა, გეგონებოდათ თავი პირდაპირ მხრებში აქვს ჩამჯდარიო, ვინც ამ ფოტოსურათს დახედავდა, უთუოდ იფიქრებდა, ან ხერხემალი აქვს გამრუდებული , ანდა ერთი უჟმური კუზიანი ვინმეა. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძიმებდა მისი მოკაუჭებული, ბალნიანი ცხვირი, წინ წამოწეული, წვეტიანი ნიკაპი, ხოლო პირი გახეული და გახვრეტილი გეჩვენებოდათ; წყლიანი, უფრო სწორად, გაწყალებული თვალები დახატულივით წარბებს ქვემოდან იბღვირებოდნენ; და ბოლოს, პატარა, მრგვალი, მოჭმუჭნული ყურები, ერთს ნიჟარის ნაწილი აკლდა, მეორეს – ბიბილო. ყველაფერი ეს ერთად მამაჩემს იმისთანა იერს აძლევდა, მის შემხედვარეს ან ლოთი ეგონებოდა, ან რომელიღაც უცხო ჯიშის გარეული ფრინველი, შოშია თუ ღამურა, გზის პირას რომ ჩამოსხდებიან ხოლმე ხანდახან და ცნობისმოყვარეობით იყურებიან აქეთ-იქით, მერე კი ფრთების ტყლაშუნით აფრინდებიან. ამ ყველაფრის მერე მამაჩემის გრაფაში კიდევ ერთ ასეთ კითხვაზე უნდა გამეცა პასუხი – „უჩივის თუ არა ჯანმრთელობას, ან რა დაავადება აწუხებს“. რა გაეწყობოდა, მეც ავდექი და ასე ჩავწერე – ღვიძლი აწუხებს-მეთქი, ხოლო კითხვაზე „რა დროიდან?“ ვუპასუხე – ამის დადგენის საშუალება არა გვქონია-მეთქი.
აბა, ერთი წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ასეთი პორტრეტი არა მარტო თანამდებობის პირებზე, ხელმძღვანელობაზე (უკვე ისიც მაეჭვებდა, რომ ეს ანკეტა მანამდე მიაღწევდა), არამედ თუნდაც კადრების განყოფილების მუშაკზე.
ჩემი ახალგაზრდა, 22 წლის ცოლი ყოველთვის სანდომიანი, ანდა თუ გნებავთ, საკმაოდ ლამაზიც კი მეჩვენებოდა, არც მეტი, არც ნაკლები, მაგრამ თუ ფოტოსურათს კარგად დააკვირდებოდით, არა თუ უბრალოდ ლამაზი, მშვენიერზე მშვენიერიც კი გეგონებოდათ! მაგრამ ღმერთო, შენ მიშველე! ამასაც თუ სილამაზე შეიძლება უწოდო! ვინმე მომღერალი, თუ სარეკლამო სურათზე გამოსახული, ან მიუზიკჰოლის "gire" დაგიდგებოდათ თვალწინ – გამომეტყველება, ტუჩპირის მოხაზულობა რომელიღაც მტაცებელს მიუგავდა, მსუქანი, მრგვალი, გლუვი და გაბერილი ყელ-კისერი ერთ ვინმე ავხორც ქალს უფრო გაგახსენებდათ, ანდა სულაც პატაგონურ ყიყინა ბაყაყს. კითხვაზე – „ცოლის საქმიანობა?“ – ვუპასუხე – „დიასახლისი!“ სხვა რა გზა მქონდა!
ისევ ჩამესმის ყურში კადრების განყოფილების მუშაკის სიტყვები: „ყოველი ადამიანი იმას წარმოადგენს, რაც არის: თავისი მამის შვილს, თავისი ცოლის ქმარს! თუ მამა სასმელის მოყვარულია, ხოლო ცოლი... როგორც იტყვიან... პრიმიტიული, იმის მეტი რაღა რჩებათ, რომ საკუთარ თავშიც ერიოთ ერთიცა და მეორეც, მთელი მათი ღირსებებიც და ნაკლიც“.
ეეჰ, მაინც რა თავქარიანივით მოვიქეცი! როგორ არ ავწონ-დავწონე ყველაფერი, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, თუკი ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი მომავალი?!
ძველ ფირმაში რვა სამუშაო დღე კიდევ მრჩებოდა. გუშინ სამმართველოს სამდივნოში რომ შევყოვნდი, გავიგე, თურმე ხელმძღვანელობას კიდევ ერთი დახასიათება შეედგინა ჩემი ახალი პატრონებისთვის. მდივანმა ისეთი სიკეთე გამოიჩინა, რომ ასლიც კი წამაკითხა.
დახასიათება მართლაც დიდებული იყო, თერთმეტ ფურცელზე ზედმიწევნით, ზუსტად იყო ყველაფერი ჩამოთვლილი, რაც მეც კი არ მახსოვდა და ვერც გავიხსენებდი. როცა ვკითხულობდი, გული ამიჩუყდა და თვალზე ცრემლიც მომადგა, მაგრამ ბოლო სტრიქონებამდე რომ მივედი, სულ ერთიანად გავქვავდი და გავცივდი. დახასიათება მთავრდებოდა ამ სიტყვებით: „ჩვენი ფირმის დატოვება მხოლოდ მატერიალური მოსაზრებით გადაწყვიტა!“
სრული ჭეშმარიტება კი იყო, მაგრამ ეს ბოლო სტრიქონი სულ ერთიანად აუქმებდა ზემოთ ნათქვამს. მდივანს მადლობა გადავუხადე და მაინც ვკითხე, ხომ არ შეიძლება ბოლო სტრიქონი წავშალოთ-მეთქი, რადგან ვფიქრობ, ჩემი ახალი პატრონები ამას დიდ ყურადღებას მაინც არ მიაქცევენ-მეთქი. მდივანმა თავი გააქნია, დაჟინებით შემომხედა და მარტო ამოიოხრა; მე ეს საყვედურად კი მომეჩვენა, მაგრამ მერე უკვე რამდენჯერმე დაბეჯითებით გაიმეორა: – ეეჰ, ეს არა, არა და არა...
მე ისევ ჩემსას გავიძახოდი. მაშინ უხალისოდ, მაგრამ საიდუმლოდ გამანდო, რომ თურმე ხელმძღვანელობა ძალიან, ძალიან გაანაწყენა ჩემმა გადაწყვეტილებამ, უფრო სწორად იმან, რომ მე წმინდა ანგარებიანი მოსაზრებით მოვინდომე სხვა ფირმაში გადასვლა. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო, ისიც კარგად იცოდნენ, რომ ფირმას ერთგულად და პატიოსნად ვემსახურე ამ ხნის მანძილზე, არც ჩემი წვლილი დავიწყებიათ, მაინც ვერ გაჩუმდებოდნენ ჩემი წასვლის მიზეზზე. მდივანმა ისიც გამიმხილა, რომ თავისი ყურით მოისმინა, როგორ ოხრავდნენ სხდომის დროს და ისიც, ბატონმა პრეზიდენტმა რომ განაცხადა: „რაკი მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა, ჩემი აზრით, ჯობდა რაიმე ზნეობრივი საბაბი მოეფიქრებინა, ანდა უბრალოდ სხვა ფირმაში გადასვლა იმ მოსაზრებით გაემართლებინა, რომ ახლა ეს ფირმა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობსო. მაგრამ ანგარების გამო?! ...ჰო, კარგი და კეთილი, ამას როგორმე შევეგუებით! სამაგიეროდ ის ხომ მაინც გავიგეთ, ვისთან გვქონია საქმე!“
სამდივნოდან მთლად დათრგუნვილი წამოვედი. თურმე დახასიათების საქმეც ვერ ყოფილა კარგად, როგორც მეგონა. წასვლით კი წავიდოდი, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზაც რომ სულ მოვიჭერი! დღეს დილას მაინც წავედი ახალი ფირმის კადრების განყოფილებაში. შიშისაგან სული მელეოდა, მაგრამ კბილი კბილს დავაჭირე, გავქვავდი და თავი გავიმაგრე, მშვიდი, თავდაჯერებული კაცის სახე კი მივიღე, რაც არც არასდროს მქონია, მაგრამ როცა კადრების განყოფილების მუშაკი კაბინეტიდან გამოვიდა, ჩემსკენ გამოემართა და დავინახე, რომ არც მას ედო ფერი, უკვე გული გადამიქანდა, რაღაც ჩამწყდა შიგნით, რაკი მივხვდი, რომ...