უმბრალი ფრანსისკო
გაზიარება

ესპანელი მამაკაცი 

ესპანელ მამაკაცს შავი სათვალის გარეშე სახლიდან გამოსულს ვერ ნახავთ; მას უეჭველად აქვს შავი ულვაშები და ბრიოლინით გაპრიალებული, საგულდაგულოდ დავარცხნილი შავი თმა; საკვირაოდ და საქორწილოდ საგანგებოდ ზოლიანი და წინწკლებიანი ჰალსტუხები აქვს შერჩეული; ლურჯ კოსტუმს ასევე საზეიმოდ იცვამს, ნაცრისფერს კი – საყოველდღეოდ; ესპანელი მამაკაცის სრულყოფილი სახის წარმოსაჩენად აუცილებელია ეცვას ცხვირწვეტიანი შტიბლეტები, მაქმანიანი პერანგები, პიჯაკის გულის ჯიბეში ედოს საწერ-კალამი, სიგარეტის კოლოფი კი შარვლის წინა, ან უკანა ჯიბეში; ასეთივე აუცილებელი და საჭირო საგანია კბილსაჩიჩქნი, რასაც ან კბილებით ღრღნის, ან ფრჩხილებს იწმენდს, ხანაც ზეთისხილის ასაღებად იყენებს და ხან კიდევ ოჯახში ქალებს აშინებს, როცა ხუმრობით უჩხვლეტს ხოლმე მოულოდნელად.

ესპანელმა მამაკაცმა იცის, რომ ჩვენ ის გლეხუჭები ვართ, ვინც ნაპოლეონსა და ნელსონს კუდით ქვა ასროლინა. ესპანელი მამაკაცი სპორტს არ მისდევს, სამაგიეროდ სპორტლოტოს თამაშით ერთობა, ახლა იგი აღარც მეომარია და აღარც საყვარელი (თუ არაფერს ვიტყვით ცოლქმრული მოვალეობის დადგენილ ნორმებზე), ის აღარც სვამს ადრინდებულად, რადგან მისი ღვიძლი, თირკმელები და სხვა ორგანოები სასმელს ვეღარ უძლებენ. ზაფხულობით ესპანელი მამაკაცი მოკლე სახელოებიან და ძალიან გამჭვირვალე და ძალიან კოკობზიკურ პერანგებს იცვამს, თუმცა მისი ბანჯგვლიანი და ტატუირებული სხეული საზიზღარი დასანახია.

ესპანელ მამაკაცს, როგორც თვითონ ბაქიბუქობს, საკმაოდ ბევრ ქალთან ჰქონია ურთიერთობა იმ დროს, როცა სამხედრო სამსახურში იყო, მერე კი შეეშვა ამ საქმეს, თუმცა კი სინამდვილეში თავად ქალებმა აღარ ინდომეს მასთან საქმის დაჭერა, თანაც იმდროინდელი მსუქან-მსუქანი მოსამსახურე ქალები უგზოუკვლოდ გაქრნენ, ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ქალიშვილებს, ვინც პროგრესს ფეხი აუწყო, მისთვის მეტისმეტად გამხდრები და გაკნაჭულები არიან, შვედი ტურისტები კი ურცხვები და უზნეოები ეჩვენება. 

ნეტავი დღემდე სადმე თუ მაინც შემორჩნენ ნამდვილი ესპანელი მამაკაცები! ოღონდაც! თუმცა ყოველ ჩვენგანში მისი რაღაც ნიშანი ისევ მოიძებნება, მაგრამ არ ჩანს, რადგან ჩვენ ჯიუტად ვმალავთ და ვჩქმალავთ მოდური პერანგების, წელში გამოყვანილი პიჯაკების, ევროპული მანერებისა თუ ნატის ფეხსაცმლის საფარქველქვეშ. მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად, სკივრში ჩამწყვდეული ეშმაკივით ამოძვრება ხოლმე და სწორედ ასეთ დროს ხდება, რომ ავუხირდებით ტაქსის მძღოლს, ავეკიდებით ქუჩაში ქალს, ანდა მთელი ძალით ვღრიალებთ, რომ მხარს ვუჭერთ და დიდი გულშემატკივრები ვართ “რეალ მადრიდისა” საერთაშორისო მატჩში. ჩვენმა ამ ეროვნულმა ხასიათმა მართლა სული მოითქვა ფეხბურთში, ამ ნამდვილ მამაკაცურ სპორტში და განურჩევლად ყველას აღგვაფრთოვანებს ჩვენი სასახელო ფეხბურთელის დე ფილიპეს გამჭრიახობა, როცა ქვემეხივით ურტყამს კარში. როდესაც გვგონია, რომ ძველი კომპლექსებისგან გავთავისუფლდით, ირონიულად გვეღიმება კიდეც ჩვენ თანამემამულეზე, რომელსაც ბამბით გვარიანად გამოტენილი სამხრეებიანი პიჯაკი და მოკლე შარვალი აცვია; მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ისევ ამოხტება ხოლმე ეშმაკი, ყველას ჩვენ, ესპანელებს სულში რომ გვიზის და მაშინ სრულიად უდანაშაულო მოხუცზე ვიყრით ჯავრს, კაი სილას გავაწნავთ ბავშვს, ვკლავთ ძაღლს, ანდა ვინმე სკანდინავიელ ტურისტს მარტო იმიტომ ვუყვირით, რომ თავი დაგვანებოს, ჩვენ ისეთები არა ვართ, თქვენ რომ გგონივართ, როცა მან უბრალოდ გვკითხა, რომელი საათიაო.

ესპანელი მამაკაცი ხმამაღლა ლაპარაკობს, შავ თამბაქოს ეწევა, კვირაობით დომინოს თამაშობს, მაგიდაზე კოჭებს აკაკუნებს, ბარში ზის და გამვლელ ქალებს ისე აშტერდება, როგორც ტორერო არენაზე გამოშვებულ ხარებს; ასეა თუ ისე, ზიანს ხომ მაინც არავის აყენებს, თუნდაც თვითონვეა მდარე გემოვნების განსახიერება. მაგრამ საშიში მაინც ის ესპანელია, – როგორც უკვე ვთქვი, – ჩვენ სულში რომაა ჩაბუდებული. თავად ესპანელი მამაკაცი გაიძახის, რომ მოდის აყოლა ნამდვილი მამაკაცისთვის უღირსი საქმეა, რომ ისე უნდა ჩაიცვა, როგორც ყოველთვის გეცვა; თუმცა თვითონაც რომ არ ჩამორჩება მოდას, ოღონდ ოცდაათი წლის წინანდელ მოდას, მაღალი ვარცხნილობა რომ ჰქონდათ და ისეთი პიჯაკები ეცვათ, რომ ჰერაკლესავით მხარბეჭიანები ჩანდნენ. ეს უჩვეულო არსება დღემდე ბინადრობს ხმელთაშუაზღვის ევროპის ზოგიერთ ლუდხანაში, სასაუზმეებში, გარეუბნის სახელოსნოებში და საეჭვო დაწესებულებებში, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველა ერთმანეთს ან აღტაცებით უყურებს, ან ზიზღით. სხვათაშორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ჯურის მამაკაცები სოციალური კიბის ყველა საფეხურზე გვხვდებიან და თანაც ყველაზე მაღალ საფეხურზეც კი, ელეგანტურადაც აქვთ შევერცხლილი საფეთქლები და ულვაშები, მუქ სათვალესაც ატარებენ, ოღონდ საუკეთესო ხარისხისას. კისერზე აბრეშუმის ყელსახვევიც აქვთ ვითომ დაუდევრად შემოხვეული, “სეატა-600”-ით კი არ დაბრძანდებიან, ბრწყინვალე მანქანებით იწონებენ თავს, კბილსაჩიჩქნების ნაცვლად კი მოვერცხლილი ძვლის ჩიბუხები აქვთ კბილებში გარჭობილი.

მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ესპანელ ქალებს ასეთი მამაკაცები აღარ მოსწონთ; ესპანელი მამაკაცებიც, თავის მხრივ, უნდობლად უყურებენ ქალებს, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ არ იცნობენ, არც არაფერი ესმით მათი და ვერც გაუგიათ, ამიტომ ვერც იმას ხვდებიან, როგორ მოახერხეს იმ უსიცოცხლო და უნიათო ბიჭბუჭებმა, რომ პირდაპირ ცხვირწინ ააცალეს ყველა ლამაზმანი. ესპანელი მამაკაცის ტრაგედია კი სწორედ ისაა, რომ არაფერი გაეგება ესპანელი ქალისა, რადგან მისთვის სულ ორიოდე წუთიც ენანება და მაშინაც პრაგმატული საკითხების გარკვევას ანდომებს, მერე კი საათობით ლაყბობს რაღაც თეორიულ პრობლემებზე მეგობრებთან კაფეში. ამიტომაცაა, რომ ვერ მიმხვდარა, მაინც როგორ მოხდა ოდესღაც მაგარი კაცები, სამხედრო ფორმა, ვენეციელი მავრები, წარსულში ასე წარმატებულები, დღევანდელ დღეს სულ აღარ ფასობენ, მათ აღარავინ აგდებს სათვალავში. ამისთანა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ქალს მარტო ერთი რამ არგებს – მათრახი და კარგი კვება, მისი მოვალეობა მხოლოდ ისაა მამაკაცს კუდში დასდევდეს და თვალებში უყურებდეს, მაგრამ ესპანელი მამაკაცი ხომ ბევრს ყვირის და ცოტას ფიქრობს; იმის დრო აღარ რჩება, რომ თავისი ტრაგედია გაიაზროს და დაუსვას საკუთარ თავს კითხვა “ყოფნა არყოფნა?!”, ვერა და ვერ უგრძვნია თავისი დრამის მთელი სიღრმე და სიმძიმე: რატომ არიან მის მიმართ ქალები ასე გულგრილები! ამ დროს კი ქალები უფრო მეტს ხედავენ და ბევრიც ესმით, ტელევიზორსაც კარგად უყურებენ, ყურადღებით აკვირდებიან, სად რა ხდება, ვინ ვინ არის, ახლა უფრო მომღერლები მოსწონთ, ყვავილებს რომ უძღვნიან, მსახიობები, თუნდაც ვიწრო მხრები ჰქონდეთ, ახალგაზრდა აქსელერატები და დახვეწილი ინტელექტუალები.

ჩვენ დროში სენიორიტას გულის მოსაგებად აღარ კმარა, რომ მარტო კვირაობით მიაცილო ეკლესიამდე, კრევეტებით გაუმასპინძლდე და მბრძანებლური კილოთი ელაპარაკო, აღარც მოძველებული ქათინაურები გადის, ქუჩაში რომ მიაძახებდნენ ხოლმე და უაზრო, დათაფლული ლაყბობა. ქალის გემოვნებაც შეიცვალა და სტრატეგიაც სასიყვარულო თამაშებში. ამიტომ გულსატკენია ესპანელ მამაკაცს სხვა ეპოქიდან მოსულს რომ ხედავ, უკვე მოძველებული და დაჟანგებული ქვემეხებიდან რომ ისვრის... რაკი ესპანელ მამაკაცს უკვე აღარც ხენდროს და აღარც სხვა რაიმე ნუგბარს აღარ არგუნებენ, მას თითქოს ნელ-ნელა ხავსი ეკიდება, მისივე მსგავს გლეხუჭების წრეში იკეტება და მათსავით უხალისო და დაღვრემილი მოიბუზება, ვიღაც გაჰყვირის ბარში, თამაშობენ ბანქოს, მღერიან ანდალუსიურ სევდიან სიმღერებს. მას ჯერ ისევ არ ძალუძს აღიაროს, მაგრამ რომელიღაც მეათე გრძნობა კარნახობს, რომ მისი დრო წავიდა. მოსამსახურის ადგილის მაძიებელ გოგონასაც და შეძლებული ოჯახის შვილსაც, დიზაინის გაკვეთილებზე რომ დადის, ერთნაირად მოსწონს მომღერალი ჟოან მანუელ სერატიც, თუმცა ფართო მხარ-ბეჭი კი არა აქვს; ამიტომ არის, ესპანელ მამაკაცს, მოწყენილობისგან გული რომ ელევა, კარგა ხანია სიყვარულის აღმაფრენა რომ არ განუცდია და თან მოჭარბებული ენერგია ღრღნის, ამიტომაც ისევ ომისკენ მიუწევს გული.

??????