აბუსელიძე როინ
გაზიარება

ტყუპები (ბალადა) 

ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს, 
თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქავდნენ ჰაერს, 
ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს, 
ჟანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის, 
მაგრამ არ იცი, არასოდეს არ იცი თურმე, 
ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი. 

შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა, 
ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით, 
ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად, 
მოასკდა ქალაქს ნიაღვარი, იქუხა ცაზე, 
ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით, 
რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე - 

ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს, 
ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში 
სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს 
და უცებ ერთ ტყუპს ღვარად წასკდა ზურგიდან სისხლი, 
დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს, 
გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი. 

გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას, 
მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი, 
იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა 
და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის, 
თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ, 
დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი. 

.............. ............ ...............

დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა,
იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე,
გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას,
წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო...

??????