კანტატა
ოჰ, ნუ შეწყვეტ, ტურფავ, შენსას
ნაღვლიან ხმებს - გულის მომკვლელს,
ეგებ შეძრას ფიქრთა სიღრმე
და ცრემლები გადმომჩქეფდეს.
შენგნით იმედს შევუპყრივარ...
განცდა მომდევს გაბასრული,
ჩემს სიყვარულს, აღტაცებას
ეხლა არ აქვს დასასრული.
გრძნობას ალბობს უხილავად
ნაღვლიანი შენი ხმები,
ოჰ, ნუ შესწყვეტ შენს სიმღერას
ტურფავ, ტურფავ გევედრები!
1914