ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მგზავრის სიმღერა 

თავგანწირულად მინდორ-ველად
მიმაფრენს ცხენი.
გაზაფხულია... სიო დაჰქრის
კიდითი კიდე;
მზე სხივებს აფრქვევს, ქვეყანაზე
შვების მომფენი,
არე-მიდამოს ღვთაებრივი
ატკბობს სიმშვიდე.
ამ სიმშვიდეში მე ვერ ვპოვე
ვერც სიტკბოება,
ვერც რამ ისეთი სასიცოცხლო
და სანეტარო.
დაჰქროლე, ქარო... მე არ მიყვარს
ეგ მყუდროება,
მე ქარიშხალთან შებმა მინდა,
დაჰქროლე, ქარო!
ბედნიერებას მე არ ვეძებ
ამ ქვეყანაზე,
შვების ძებნაშიც ვტყუვდებოდი
ქვეყნად ყოველთვის,
და, დეე მოვკვდე, თუნდ ვიცოცხლო
ქარიშხლის ხმაზე,
როგორც მოხდება... ყველაფერი
ერთია ჩემთვის!

1914

??????