ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

კორდზე 

რა სიწყნარეა! მთვლემარე კორდზე
მე შევაყენე დაღლილი ცხენი.
ღელეთა შორის აცურდა ნისლი,
ნაპრალთა მკერდზე გადანაფენი.
და მთვარის შუქი, მინელებული,
ტყეებს და ველებს უვლის გარშემო.
არც სიო დაჰქრის, არც ხის რტო იძვრის,
რა სიწყნარეა, ოჰ, ღმერთო ჩემო!
ჰე, გაიღვიძე, ქარო ძლიერო,
გამოაღვიძე მიდამო მკვდარი,
გასწი, უამბე ადამიანებს -
ჩემი ოცნება მიუსაფარი;
და თუ მათ შორის აღმოჩნდა ერთი
უუშორესი თანამგრძნობელი, 
ისიც დიდია მისთვის, ვისთვისაც
ზღვა-უდაბნოა მთელი სოფელი.
ჰე, გაიღვიძეთ, ტყისა ფოთლებო
და თუ ოდესმე დაღონებული
მოვიდეს აქ ის, ვისაც ვაებით
ჩემმა სიმღერამ დასწყვიტა გული,
უთხარით, რომ მას დიდხანს ველოდი,
დიდხანს ველოდი ყმაწვილურ ჟინით,
და ცივ სამარეს ამოვეფარე
ამ მოლოდინით!

1914

??????