ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

განთიადზე 

ტბას დაეცა ლურჯი ნისლი, მსუბუქი და გამჭვირვალე,
დაფიქრებულ ცათა უფსკრულს დილის სუნთქვა დასძრავს მალე!
ცა ნათლდება და ზამბახთა ნაზ თასებში ტკბილ-ნასვამი,
ალმასივით ალ-ბურუსში თრთის, ციმციმებს დილის ნამი!
გათენების ტალღა-ზვირთში იშმუშნება ტყის ლერწამი,
გაჰქრა ღამე, გაჰქრა, როგორც ერთი წუთი, ერთი წამი.
ოჰ, არ მინდა, რომ დაგშორდე! მე მომხვიე წელზე ხელი,
შენ ჩემს მკერდზე დაყრდნობილი ვნებით სუნთქავ, და მე ცხელი
შენი სუნთქვა დავიწყების ბურუსში მხვევს, მიგუბებს სულს,
და მე ვისმენ, როგორც სიზმარს, იდუმალ ხმას, ნეტარ ჩურჩულს!
„სიცოცხლეო, როცა ასე ღელავს, ტოკავს განთიადი,
მე გშორდები... დავგვიანდი... ეხლა დროა... წადი, წადი!
უკანასკნელ კოცნის შემდეგ მე მივდივარ... მაშ, მშვიდობით,
დამერწმუნე, ვერვის ჰპოვებ, შეგიყვაროს ჩემებრ გრძნობით...
მალე მოვა შემოდგომა, მოვა წვიმა, ნიაღვარი
და სარკმელთან, ბნელი ღამით, ქვითინს იწყებს მწვანე ქარი:
შენც სარკმელთან ცრემლს დააფრქვევ, გაგიტაცებს შორი ვნება
და მწუხარე შემოდგომით მომიგონო შეიძლება!
მოიგონებ გაზაფხულზე გაღვიძებულ ბუჩქნარ-წალკოტს
და სარკმელში რომ ვისროდი ხან ზამბახებს, ხან ვარდის ტოტს“.

1914

??????