ბედნიერება
რა უშავს იმას, ვისაც არრა აქვს
და არც დაეძებს ამ ქვეყნად რამეს,
ვინც გზას უკაფავს უკვდავი სულის
თავისუფლებას და სითამამეს.
სხვისადმი შური ვინც გულს ჩაიკლა,
ვინც სავალი გზა გააფართოვა,
არ იცის, რაა გაუბედავად
დასამარებულ ფიქრების გროვა;
ვინაც არ იცის დანაშაული,
მოთმენით იტანს დაცინვას, გმობას,
და იარაღად ხმარობს მწარე დროს,
მხოლოდ სიმშვიდეს და გულცივობას.
რა უშავს იმას, ვინც მტერთა შორის
თავმდაბალია და უწყინარი,
ვინც მოუსვენარ და მქუხარ ბრბოში
თავს შეიფარებს მშვიდი და წყნარი.
ვისაც არ ხიბლავს არც ეს ქვეყანა,
არც ის სოფელი, არც მძლავრი ვნება,
ვისთვისაც საგანს არრა შეადგენს
და არც არავის ემორჩილება.
ვინც იჭვებისგან თავისუფლდება,
ბრძოლას არ იწვევს წუთიერ დღეში,
და ასე წყნარად განისვენებს ის
მარადისობის უფსკრულ-სიღრმეში.
1914