თოფურია თეა
გაზიარება

*** უცნაურია ექსკლიუზივი

უცნაურია,
არ იყო წარსული ტკბილი,
მაგრამ მაინც ხელზე აგეკრო.
წინ არ გახედებს,
თითქოს სახის მაგიერ,
კეფაზე გაქვს წყვილად თვალები.
საკუთარ სხეულში,
როგორც ნაქირავებში ცხოვრობ.
სული მდგმურივით აღმა-დაღმა დადის,
ისე გვიან ბრუნდება,
ერთი-ორჯერ კინაღამ უიმისოდ დაიძინე.
ღრენით აღებს კარს,
სანამ სხეულში შემოვიდოდეს,
ტანსაცმელზე ტალახიან ფეხებს გაწმენდს.
შენ კი ძველ სისუსტეს ვერ გადაეჩვიე,
მოფერებას ითხოვ,
როგორც ხელში აყვანას მონატრებული,
მსუქანი ბავშვი,
თავისსავე ბურთს რომ მიუსვეს.
რა იქნებოდა, ცხოვრებაც ასეთი გქონოდა,
გასაბერი,
მოგბეზრდებოდა, დაჩუტავდი,
მოგბეზრდებოდა, შეინახავდი...
თორემ, აბა, ეს რას ჰგავს?
მოგბეზრდა და არ იცი, რა უყო.

??????