ავალიანი გივი
გაზიარება

არავის და არაფერს 

ახლა, როცა სიყვარულს პულსი არ ესინჯება,
ახლა, როცა გრძნობები გიცვივდება ბაგეში,
ვდგავარ გულის მიწაზე მოპოეტო ბიჭებთან,
მხოლოდ გულის სამანთან ვგავარ ლექსზე დაგეშილს.

ვდგავარ გაუღიმარი. არც მთლად უამბიციო,
ვდგავარ ასე უნიჭოდ, ველი არვის, არაფერს.
ხელოვნების საზღვრები ხალხისკენ რომ მიწიო,
ხალხი ხალხი არის და ერთხელ მაინც გააფრენს.

რა დროს პოეზიაა - ახლა დროა ისეთი,
ხედავ? ბავშვებს მოსაქცევს სულიერად ტუქსავენ,
გენით შოთას გალობას ცალი ყურით ისმენდი,
ღვთაებრივად მივტირით - ხოტბას ვასხამთ რუსთაველს.

ჰო, მე ვარ მოციქული ამდენ მეფე-ბატონში,
ხოხვით ამოვიტანე ცაში რაც რამ მებარა,
ბოლოს ყველა დავრჩებით სიკვდილის წილ მარტონი,
ფსევდო სურვილ-იმედი ისევ უკვდავებაა.

ხომ იგრძენი? ასეა... სულით ხორცი ნეტარებს,
მიწის ქვეშევრდომობა, როგორც საქმე დამდაბლდა.
საწოლის ქვეშ შენახვა არ ღირს დარდის მეტადრე,
სჯობს რომ უღვთოდ მივანდო ღვთისნიერს და თავმდაბალს.

მალე, როცა სრულყოფას პულსი გაესინჯება,
მალე, როცა გრძნობები ჩამოცვივა ბაგიდან,
პეშვით სირცხვილს მიართმევ მოპოეტო ბიჭებს და
თუგინდ არ დამიჯერო , ცამდე მხრებით აგიტან.

??????