პირველი საუბარი ღმერთთან ექსკლიუზივი
საიქიოდან მობრუნებულს არ ჰგავს ეს უბედური?!
ხალხური
ჯერ საშინელი ჭახანი გავიგონე, მერე მილიცელის სტვენა და ბოლოს ვიღაცის აღტაცებული შეძახილი: „აუჰ, რა ავარიაა!!!“ მეტი არაფერი. საოპერაციო მაგიდაზე რომ დამდეს, საქმე პირდაპირ ღმერთთან დავიჭირე.
საიქიო თითქმის არაფრით განსხვავდება სააქაოსგან. ის კია, საიქიოში ტრანსპორტი არ არის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთადერთ ეტლს, რომლითაც დღე და ღამე ილია წინასწარმეტყველი დახრიგინობს და კაციშვილს არ სვამს შიგ.
– დაჯექი! – მითხრა ღმერთმა. დავჯექი და ამოვიოხრე.
– რა მიიღებს ამის სულს! ნახე, როგორ ყარს „ზუბროვკის“ სუნით? – მიუბრუნდა ღმერთი სანდომიანი სახის, გაურკვეველი ასაკის ანგელოზს და პირი ამარიდა. მერე ანკეტა ამოიღო
– გვარი?
– დუმბავა.
– სახელი?
– ჯვებე.
– სქესი?
მე გამეღიმა.
– გახადე შარვალი! – მიუბრუნდა ანგელოზს.
– კაცი ვარ, ბატონო! – შემეშინდა მე.
– ეშმაკი ვერ გაგარჩევთ, რომელი ხართ. ერთმა მომატყუილა უკვე. გახადე შარვალი, რომ გეუბნები!– გაუჯავრდა იგი იმავე ანგელოზს.
– ღმერთი არ გწამს? ჩემით გავიხდი! – ვიკივლე მე.
სქესი: მამაკაცი, – შეავსო ცოტა ხნის შემდეგ ღმერთმა სათანადო გრაფა.
– ეროვნება?
– ქართველი! – ღმერთმა თავი ასწია და დიდხანს მიყურა.
– რომ არ გავხარ? – მითხრა ბოლოს.
– რა ვქნა, ბატონო! – მოვისაწყლე თავი.
– საზღვარგარეთ თუ ხარ ნამყოფი?
– როგორ არა!
– სად?
– თითქმის ყველგან.
– რომელიმე უცხო ენა იცი?
– არცერთი, ბატონო!
– ვაი, შენს პატრონს უბედურს!.. საიდანღაც მეცნობა ეს კაცი. – მიუბრუნდა ღმერთი ვიღაცის პირად საქმეში ჩაფლულ ანგელოზს.
– ეს ის კაცი არ არის, მამაზეციერო, ბრმანაწლავის ოპერაცია რომ გაუკეთეს ამას წინათ და მაკრატელი რომ ჩაუტოვეს მუცელში, – უპასუხა ანგელოზმა ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.
– შენ ხარ, აბა, ის, ბეწვზე რომ ეკიდე? – მიცნო ღმერთმა და გამიღიმა.
– კი, ბატონო, მე ვარ, – გავუღიმე მეც. ღმერთმა უცებ წარბი შეიკრა.
– ბევრს სვამ და ჩქარა დადიხარ, მოქალაქევ!
– ფეხბურთზე მაგვიანდებოდა, პატივცემულო!
– ვერ თქვი დროზე, შე უღმერთო, ამდენი რომ ტყუილუბრალოდ მალაპარაკე? შემოირტყა შუბლზე ხელი ღმერთმა. მერე თვალები გაუბრწყინდა და სკამი ჩემკენ მოაჩოჩა.
– მოყევი, თუ ძმა ხარ, რას შვრება ჩვენი „დინამო“. ამ ბოლო დროს ვეღარ ვადევნებ თვალყურს, ტელევიზორი გადამიწვა იმ დეგენერატმა, ორას ოცზე ჩართო. – გახედა დარცხვენილ ანგელოზს ღმერთმა.
– ჩვენი „დინამო“, მამაზეციერო!…
– მოეშვი, თუ ძმა ხარ, მაგ ოფიციალურობას, უბრალოდ გიორგი დამიძახე, გეხვეწები! – ლოყაზე ხელი მომითათუნა ღმერთმა.
– ჩვენი „დინამო“, გიორგი ჩემო, წელს კარგ ფორმაშია. შეიძლება, პირველი ადგილიც გავირტყათ.
– ვერ ივარგეთ, თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი ადგილი, – ამოიხვნეშა ღმერთმა.
– შე კაი კაცო, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რომ გვიღალატე?
– იმ თამაშს სულაც არ დავსწრებივარ, – თვალი ამარიდა ღმერთმა.
– არ დასწრებიხრ, ჩემო ძმაო, და კინაღამ დავიღუპეთ. ღმერთი ააშენებს კოტრიკაძის ოჯახს, იმან გადაგვარჩინა.
– არ გადამრიო!
– კი, შენ ნუ მომიკვდები!
– ჩემი ბრალია, არ უნდა გამეჩინა ბურთი მრგვალი, – ჩაილაპარაკა მამაზეციერმა.
– ისე ლაპარაკობ, დალოცვილო, თითქოს მარტო ბურთია შენი გაჩენილი.
ღმერთმა მუდარის თვალით გადმომხედა: თუ ძმა ხარ, ამ ანგელოზთან ნუ მიჯავრდები და შენობით ნუ მელაპარაკები, თორემ მერე სულ თავზე დამაჯდებაო.
მე ხელად თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.
– ჩემი ღმერთივით ბიჭები რას შვრებიან? – მკითხა ღმერთმა.
– რომელს კითხულობთ ბატონო?
– მესხი, ბარქაია, იამანიძე, ჩოხელი, კოტრიკაძე, კალოევი, რომელი ერთი ჩამოგითვალო, – აღარ ეყო თითები ღმერთს.
– გმადლობთ, კარგად არიან. მოგიკითხათ ყველამ. ძალიან ენატრებით, მაგრამ…
– გადაეცი ჩემგან, ცოტა ღვინის სმას მოუკლონ და საათში ოც კილომეტრზე მეტი სიჩქარით ნუ დადიან, თორემ… კიროვის ბაღის ბიჭების ბღავილი და კისრის ძარღვების ბერვა აღარ უშველით მერე, – წარბები შეიკრა ღმერთმა. – მანქანა რომ კარგი იყოს, მაგენი მომასწრებდნენ მანქანის ყიდვას, ამ ხნის კაცი ფეხით რომ დავეთრევი? არც ღვინო მიყვარს სხვაზე ნაკლებად, მაგრამ ხომ ხედავ? – ღმერთმა ფხვნილის რძე გამოიღო მაცივრიდან და მოსვა.
– ასეა, ბაბაია. ახლა წადი და გადაეცი იმ ბიჭებს, რაც დაგაბარე!
– გადავცემ, ბატონო, მაგრამ მათ მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ, ხანდახან. ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთნ. მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
– მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
– ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
– ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
– ოღონდ წელს პირველი ადგილი აგვაღებინე, ღმერთო, და…
– რა ვქნა, გენაცვალე, – ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა, – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავები და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ თქვენ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი. ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენ მაგივრად ვითამაშო, – ანერვიულდა ღმერთი.
– მაგას ვინ გკადრებთ, ბატონო ღმერთო! ოღონდ წელს პირველი ადგილი გვაჩუქე და ქაშვეთში ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებთ, – გამოვიგლიჯე ყელი მე.
– თუ ძმა ხარ, თავი დამანებე! მასე იცით თქვენ: ჯერ მთხოვთ, მერე გადიხართ ტრიბუნებზე, გადმოაგდებთ ცხრა მეტრო ენას და დედ–მამის სულს მიტრიალებთ.
– შეგვიბრალე, ღმერთო! არ გეცოდებით, დასაკლავი ხარებივით რომ ვბღავით სტადიონზე? – მთლად მოვიმკდარუნე თავი.
– უნდა ითმინოთ. მოთმინებითა შენითაო, წერია სახარებაში. სახარებას ხომ კითხულობ? – მკითხა ღმერთმა.
– არა, ბატონო!
– აბა რას კითხულობ, შე უბედურო?! – გაუკვირდა მამაზეციერს.
– მე რა უნდა წავიკითხო, თვითონ ვწერ, – ამაყად გადავხედე ღმერთს.
– აბა, წერე და იკითხე! – ცალყბად მომიგდო მან.
– ერთი თხოვნა კიდევ… – შევევედრე უფალს.
– მალე თქვი და მორჩი, მეძინება! – თქვა ღმერთმა და დაამთქნარა.
– თუ შეიძლება, აქედან რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, მოვყვები რა, ღმერთს ველაპარაკე მეთქი.
– სადაც გინდა მოყევი, სულ ერთია, არავინ დაგიჯერებს და…
– რას ბრძანებთ, მე ვინ არ დამიჯერებს?!
– გეყოფა ახლა ტლიკინი, წადი! – მითხრა ღმერთმა და თვალები დახუჭა.
***
თვალი გავახილე. თავზე ცხვირპირაკრული ქირურგი მადგა.
– გამარჯობათ! – ვთქვი მე მიკნავებული ხმით.
– საიქიოდან დაბრუნებულს გაუმარჯოს! – ხელი დამიქნია ექიმმა.
– თქვენ ხუმრობთ, ექიმო, და ამ წუთში ღმერთს ველაპარაკებოდი ფეხბურთზე, – დავიწყე მე.
– ყველაფერი გასაგებია: მძიმე კატეგორიის ტვინის შერყევაა, – სინანულით შემომხედა ექიმმა და თავის კანტურით გავიდა პალატიდან.