ბოდლერი შარლ
გაზიარება

პარიზის სპლინი - ლექსები პროზად (მთარგმნელი: გამსახურდია ზვიად) 

-უცხო-

- იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, დაჲ თუ ძმა?
- არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა დაჲ.
- მაშ მეგობრები?
- მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
- იქნებ სამშობლო?
- არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
- მშვენიერება?
- მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
- ოქრო?
- მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს... ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ... 
ის საოცარი ღრუბლები.

************************************************************************************************************
-დედაბრის ვარამი-

სახედანაოჭებული დედაბერი გაიბადრა ბუდრუგუნა ბალღის დანახვაზე. ამ მშვენიერ არსებას, მასავით უსუსურს, უკბილოს და უთმოს, ყველა თავს ევლებოდა.
იგიც მიეტანა ბალღს მოსაფერებლად, მაგრამ დამფრთხალი პატარა ხელიდან გაუსხლტდა მოხუცს, შეშინებული და აწივლებული.
მაშინ საბრალო მოხუცი კვლავ მიუბრუნდა თავის მარტოობას მარადჟამულს, ატირდა კუთხეში საწყალობლად და მოსთქვამდა: "ვაი ჩვენ, საბრალო დედაბრებს, ხანგადასულებს, თოთო ბავშვებსაც რომ აღარ მოვწონვართ და ზიზღს ვგვრით მათ, ვისი სიყვარულიც გვწადია!"

************************************************************************************************************
-მხატვრის აღსარება-

რაოდენ გულში ჩამწვდომია შემოდგომის დღეთა აღსასრული! გულში ჩამწვდომი და სევდისმომგვრელი! ხომ არსებობენ მომხიბვლელი გრძნობანი, ბუნდოვანნი და ძალუმნი, და არ არსებობს ლახვარი, მარადისობის ლახვარზე უბასრესი.
რაოდენ მომხიბლავია ჭვრეტა ცისა და ზღვისა, უსაზღვროების სიმარტოვე, სიჩუმე, ლურჯი ტატნობის შეუდარელბელი ლივლივი. აი პაწაწინა აფრაც მოსჩანს თვალსაწიერზე... ეული და მიუსაფარი, როგორც ჩემი ბედკრული ყოფა. ზღვის მოქცევის მონოტონური დუდუნი; მთელი გარემო ფიქრობს ჩემით, ან იქნებ მე ვფიქრობ გარემოთი? (აი, რა მალე მეკარგება საკუთარი "მე" ამგვარი ჭვრეტის სიდიადეში); ჰოდა, ფიქრობენ, აზროვნებენ-მეთქი, ვამბობდი; აზროვნებენ ხატოვნად, მუსიკალურად, ჩვენი ყოველდღიური დეუქციების გარეშე, ყოველგვარი სოფიზმებისა და სილლოგიზმების გარეშე.
ჰო, მაგრამ, ჩემში იბადებიან ეს აზრნი, თუ საგნები ჰბადებენ მათ, მათი გარდაუვალი შედეგია დაძაბულობა. ესოდენ ზეაღმტაცი შვება ტკივილს იწვევს სულისმიერს და ტანჯავს სხეულებრივს. უკიდურესად დაძაბული ნერვები მძაფრი კრუნჩხვებით ჰპასუხობენ ყოველივე ამას.
და აჰა, მზარავს ლაჟვარდთა სიღრმე, გულს მიღონებს ზეცის სიწმინდე, ზღვის უშფოთველობა, გარემოს უძრაობა, აღაშფოთებენ ჩემს სულს... 
ნუთუ მარად უნდა ვიტანჯო, ან იქნებ სამუდამოდ უნდა გავექცე მშვენებას? ჰოი ბუნებავ, უწყალო ჯადოქარო! იკმარე თრგუნვა ჩემი ნატვრის და სიამაყის!
მშვენიერების წვდომა უთანასწორო დუელია, სადაც მხატვარი ბედითად მოსთქვამს, საბოლოო დამარცხებამდე.

************************************************************************************************************
-ყველას თავისი ქიმერა ჰყავს-

ტყვიისფერ ცისქვეშ, უგზო, მტვრიან დაბლობზე, სადაც არ ხარობს არც ბალახი, არც ჭინჭარი, არც ძეძვიანი, შემომეყარნენ წელში გადრეკილი, მწკრივად მიმავალნი კაცნი.
ყოველ მათგანს ზურგზე შეესვა ვეება ქიმერა, ფქვილის ან ნახშირის ტომარასავით მძიმე, რომაელ მხედრის აღჭურვილობასავით ძნელად სატარებელი.
თანაც, ეს ურჩხული ინერტული მასსა როდი გახლდათ, არამედ ცოცხალი არსება, იგი შემოხვეოდა ადამიანს მძლავრი, დრეკადი კუნთებით, ხოლო მისი ფანტასტიური თავი აზიდულიყო მათ თავებზე, შემზარავი მუზარადივით, ძვლი დროის მეომრები რომ იხურავდნენ, მტრისთვის ზარდასაცემად.
მე ვკითხე ამ კაცთაგანს ერთ-ერთს, სად მიხვალთ-მეთქი. მან მომიგო: ეს არავინ უწყის, არც მე, არც სხვამ, თუმც აშკარაა, რომ სადღაც მივდივართო, ვინაიდან დაუთრგუნავი მოთხოვნილება გვაქვსო სვლისა.
მართლაცდა საოცარი იყო: არცერთ მგზავრთაგანს თითქოს არ აწუხებდა ზურგზე მოკიდებული და კისერში ჩაფრენილი გაავებული მხეცი, ვინაიდან ისინი ამ მხეცებს სთვლიდნენ საკუთარი არსების ნაწილად. ამ დაქანცულ, კუშტ სახეებზე სასოწარკვეთის ნიშანწყალიც არ ჩანდა. პირქუშ ცის ფონზე მიიზლაზნებოდნენ ისინი, ტყვიისფერ ცასავით მოსაწყენი დაბლობის მტვერში, ბედის მორჩილნი, წელში გატეხილნი, თითქოს მისჯილი აქვთო ლოდინი მარადის.
ჩამიარეს და გაუჩინარდნენ შორეთში, იქ, სადაც პლანეტის სიმგრვალე ყოველივეს ფარავს ცნობისმოყვარე კაცის თვალისათვის.
წუთით ვცადე ამოცნობა ამ მისტერიისა, მაგრამ მალე განურჩევლობამ მომიცვა, და მეც გაცილებით მეტად მოვიკაკვე მისი სიმძიმის ქვეშ, ვიდრე ის კაცნი, ქიმერების ტვირთქვეშ რომ მოკაკულიყვნენ.

************************************************************************************************************
-ძაღლი და ფლაკონი-

''ჩემო პატარა გოშიავ, ჩემო ლამაზო, ჩემო ცუგრუმელავ, მომიახლოვდი, დაგაყნოსვინო სურნელება ამ ნელსაცხებლის, ქალაქის საუკეთესო პარფჲუმერთან რომ შევიძინე''.
ძაღლი კუდის ქიცინით მომიახლოვდა, რაც, ჩემი ვარაუდით, ამ საბრალო არსებაში შეესაბამება ღიმილს თუ სიცილს და ცნობისმოყვარედ მიადო სველი დრუნჩი თავღია ფლაკონს; შემდეგ უეცრად უკანვე გახტა შეშფოთებული და თითქოს მყვედრისო, ყეფა ატეხა.
''ო, უკუღმართო ძაღლო! ნაგვის ფუთა რომ მომეცა შენთვის, სიამით დაჰყნოსავდი და შესაძლოა შეგესანსლა კიდეც. ასე, რომ, ჩემი ნაღვლიანო ცხოვრების უღირსო მეგობარო, შენ ბრბოს ჰგავხარ, რომელსაც სათუთი არომატები როდი უნდა მიართვა - რაც მას აღიზიანებს, - არამედ კარგად შერჩეული უწმინდურება.

************************************************************************************************************

-თრობა-

თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. 
ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.
ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.
და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.

************************************************************************************************************
-რომელია ორთაგან ნამდვილი?-

მე კარგად ვიცნობდი ბენედიქტას, მას რაღაც იდეალური ატმოსფერო ახლდა მუდამ. 
მისი თვალები აღვიძებდნენ ჩემში წყურვილს ყოველივე დიადისას და მშვენიერისას. ისინი აღძრავდნენ ნდომას დიდებისას და გვარწმუნებინებდნენ უკვდავებას.
თუმც ეს საუცხოო ასული ფრიად მშვენიერი გახლდათ, დიდხანს რომ ეცოცხლა, და ჩვენი გაცნობის შემდგომ რამდენიმე დღეში მიიცვალა. მე ჩემი ხელით მივაბარე იგი მიწას გაზაფხულზე, როდესაც ტურფად ჰყვაოდნენ ყვავილნი და გაზაფხული საკმეველს აკმევდა სასაფლაოზეც. დიახ, ჩემი ხელით დავფლე იგი, მაგრად ჩავჭედე კუბოში, რომელიც სურნელოვანი და ულპობელი ხისგან იყო გამოთლილი და კიდობანს უფრო ჰგავდა ინდოეთიდან ჩამოტანილს, ვიდრე კუბოს.
და ამ დროს, ანაზდად, მზერა გამიშტერდა, გაოგნებული დავაცქერდი იმ ადგილს, სადაც დავფლე ჩემი საუნჯე, რადგან პაწაწინა არსება შევნიშნე მანდ, რომელიც საოცრად ჰგავდა მიცვალებულს. და ეს პაწაწა არსება რაღაც ველური გახელებით ტკეპნიდა ახალდაყრილ მიწას, ისტერიულად ხარხარებდა და ჰკიოდა: "ნამდვილი ბენედიქტა მე ვარ, მე ყველასათვის ცნობილი კანალია! შენ დაისჯები შენი სიშმაგისთვის და სიბრმავისთვის და იცოდე, ამიერიდან მე შემიყვარებ, მე, დიახ, აი, ასეთს, როგორსაც მხედავ!" "
არა, არა, არა", - შევღრიალე ველური ხმით და, ჩემი უარისთვის უფრო მეტად ხაზგასასმელად, ჯიუტად დავკარი მიწას ფეხი. ფეხი მუხლამდე ჩამეფლო საფლავში და ამგვარად, ხაფანგში გაბმული მგლის მსგავსად, ალბათ სამუდამოდ, დავრჩი იდეალის აკლდამაზე მიჯაჭვული.

************************************************************************************************************
-სარკე-

შემოდის კაცი უკიდურესად გულისამრევი გარეგნობისა და იხედება სარკეში.
"რად იყურებით სარკეში, განა ვერ ხედავთ, რომ უსიამოვნების მეტს ვერაფერს იგრძნობთ ამის შედეგად?"
მახინჯი კაცი მპასუხობს: "ბატონო ჩემო, 1789 წლის უკვდავი პრინციპების მიხედვით, ყველა ადამიანი თანაბარია თავიანთ უფლებებში; ასე რომ მეც მაქვს უფლება სარკეში ჩახედვისა; რაც შეეხება სიამოვნებას თუ უსიამოვნებას, ეს ჩემი პირადი სინდისის საქმეა".
საღი გონების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მე ვიყავი მართალი, მაგრამ კანონის თვალსაზრისით არც ის იყო მტყუანი.

************************************************************************************************************
-ბებერი ჯამბაზი-

სასერინოდ გამოსული ბრბო ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილოყო მოედანზე და მხიარულობდა. 
ეს იყო ნამდვილი საახალწლო დღესასწაული, რომლის დადგომაზეც წინასწარ ოცნებობენ ყოველი ჯურის კომედიანტები, ჯამბაზები, მცეხთა მგეშავნი და მეწვრილმანენი, იმ იმედით, რომ აინაზღაურებენ მთელი წლის დანაკლისს.

ასეთ დღეებში, როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება ყველაფერი - სარარდებელიც და საზრუნავიც; ყველანი ბალღებს ემსგავსებიან. ბალღთათვის ეს დღე ხომ შვების დღეა, სკოლის დავიდარაბისგან განთავისუფლებაა მთელი დღე-ღამით. მოზრდილთათვის კი ეს ზავია ცხოვრების მტრულ ძალებთან დადებული, თავის დაღწევაა გამუდმებული დაძაბულობისა და ბრძოლისაგან.

თვით საზოგადოებაში გამოსული კაციც კი, ინტელექტუალური შრომით მცხოვრები, ჩაებმება ზოგჯერ ამ გადამდებ მხიარულების ფერხულში, ძალაუნებურად მასაც ჩაითრევს ხოლმე საყოველთაო უზრუნველობის ატმოსფერო. მეც, როგორც ჭეშმარიტ პარიზელს, არასოდეს გამიშვია შემთხვევა ქუჩის ამ სანახაობათა ჭვრეტისა, განსაკუთრებით უქმე დღეებში.

ირგვლივ მართლაცდა საშინელი კონკურენციის ატმოსფერო სუფევს: ისმის ღრიალი, ყმუილი, კივილ-წივილი; ეს ხმები სპილენძის გუგუნსა და აფეთქების ხმებს ერწყმიან, ჭრელაჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი მასხარები ათასგვარად მანჭავენ შავგრემან, ქარცემულ სახეებს, წვიმისა და მზისგან გაკაჟებულნი, დიდი მსახიობის აპლომბით ისვრიან ენამახვილ კალამბურებს, მოლიერის იუმორივით მძიმესა და სოლიდურს. ჩაფსკვნილი ძალოსნები ამაყობენ თავიანთი დაბერილი კუნთებით, ორანგუტანგისებური ჩაჭყლეტილი თავ-კისრით, გოროზად დააბიჯებენ წინადღით საგანგებოდ გარეცხილ შემოჭერილ რეიტუზებში, მოცეკვავე გოგონები ფერიების დარად დაცქრიალებენ ფარნების შუქზე, მათ ბრჭყვიალა კვედაკაბებზე რომ ირეკლება.

ყველგან სინათლე, სიხარული, ყაყანი, ციებ-ცხელება. ერთნი ფულს იხდიან, მეორენი იხვეჭენ, თანაბარის ხალისით. ირგვლივ დიდი გამოცოცხლებაა. 
ბალღები დედის კალთებს ჩასჭიდებიან, თხოვენ შაქარყინულს, ხანაც მამებს ასხდებიან მხრებზე, რათა უკეთ დაინახონ ილუზიონისტი, მათ თვალში - ბრწყინვალე ღვთაება. აქ ყველა სხვა არომატს ახშობს ტაფაზე აშიშხინებული ერბოს სუნი, თითქოსდა საკმეველიაო ამ დღესასწაულისა.

გერდულების რიგის ბოლოში დავინახე საბრალო, ბებერი ჯამბაზი, მოკაკული, ძალმიხდილი, თითქოს სირცხვილით გამოქცევიაო ამ დიდებულ ზეიმს - ეს იყო რაღაც ნანგრევი ადამიანისა. იგი თავისი გახუნებული კარვის ერთ-ერთ სვეტს მიყრდნობოდა, ასეთი დაძენძილი კარავი არც ერთ დაჩლუნგებულ და გაუბედურებულ ველურს არ ექნებოდა. აქ ძლივსღა ბჭუტავდა ორი, თითქმის ბოლომდე დამწვარი სანთელი.

ყველგან სიამე, სიხარული, ღრიანცელი, სარფა, ხვალინდელი დღის იმედი; ცხოველმყოფელი ხალისი; აქ კი უიმედობა, სიდუხჭირე - თანაც სიდუხჭირე ჯამბაზის ჩვრებში მორთული, თვით გაჭირვება ჰქმნიდა მყვირალა კონტრასტს, ყოველგვარი ხელოვნების გარეშე. ეს უბედური როდი იცინოდა! იგი არც ტიროდა, არც ცეკვავდა, არც მღეროდა, ჟესტითაც არ ითხოვდა შველას. იგი უძრავად და უტყვად იდგა, დამორჩილებული ბედს, დაეყარა ფარ-ხმალი. მისი ბედი გადაწყვეტილი იყო.

მაგრამ რა ღრმა, რა დაუვიწყარი მზერით ათვალიერებდა იგი ამ ბრბოს, ამ შუქურებს, რომელთა მორევი შეგუბებულიყო მისი დუხჭირი სადგომის მახლობლად! ბოღმა მომაწვა ყელში, თვალები ცრემლით ამევსო, იმ ჯიუტი ცრემლით, რომელიც თითქოს არ ლამობსო თვალთაგან გადმოღვრას.

რა მექნა? ხომ არ მეკითხა ამ უბედურისთვის რა იშვიათობის, რა უცნაურობის ჩვენებას აპირებდა იგი, იმ აყროლებულ ფარდულებთან, პატარა სცენაზე? მართალი გითხრათ, ვიდექი და ვყოყმანობდი, მეშინოდა, გული არ ვატკინო-მეთქი. 
ბოლოს გადავწყვიტე, ცოტაოდენი ფული ჩამედო მისთვის, იმ იმედით, რომ იგი სწორად გამიდებდა, მაგრამ ამ დროს რაღაც ალიაქოთი ატყდა, ბრბო დამეტაკა და წამიღო სხვა მხარეს და იგი დავკარგე თვალთაგან.

უკან ვიხედებოდი, თითქოსდა დევნილი ამ ზმანებით, თან გულისტკივილით ვამბობდი: რა ვნახე ახლა? განა ეს მოხუცებული მწერლის ხატება არ იყო, თაობა რომ შემოეცლება, რომლისთვისაც იგი ბრწყინვალე გართობის წყაროს წარმოადგენდა; განა ეს მოხუცი პოეტი არ იყო, რომელსაც არც მეგობრები ჰყავს, აღარც ოჯახი, აღარც შვილები, რომელიც გაჭირვებამ და უმადურმა საზოგადოებამ სრულ დაცემამდე მიიყვანეს და რომლის ფარდულშიც ამ გულმავიწყ და ცვალებად ხალხს აღარ უნდა შესვლა?

************************************************************************************************************
-ღარიბის სათამაშო-

მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.

თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, - ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები.

თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები. 
თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.

გზისპირად, დიდი ბაღის მესერთან, რომლის სიღრმეშიც თეთრი, მშვენიერი სასახლე ელავდა მზის შუქზე, იდგა პირმშვენიერი ბავშვი, ჭრელ, საზაფხულო სამოსში მორთული.

ფუფუნება, უზრუნველობა და სიმდიდრე ამალაზებენ თითქოს ამ ბავშვებს, თითქოს ისინი სხვა ცომისაგან არიანო მოზელილი, ვიდრე საშუალო წოდების ან ღატაკთა შვილები.

მის გვერდით, ბალახზე ეგდო სათამაშო, მისივე პატრონივით ლამაზი, გალაქული, მოოქროვილი, ჭრელსამოსიანი, ბრჭყვიალა ფერებით დამშვენებული. მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა თავის საყვარელ სათამაშოს და სულ სხვა რამეს შესცქეროდა.

მესრის მეორე მხარეს, ჭინჭარში და ძეძვიანში იდგა მეორე ბალღი, ჭუჭყიანი, გამხდარი, გამურული, ერთი იმ პაწია მდაბიორთაგანი, რომელშიც მიუკერძოებელი კაცის მზერა თავისებურ მშვენიერებასაც კი ჰპოვებს, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მცნობივით, გონების თვალით გადააცლის დიდებულ სურათს უხეშ ზედნადებს ლაქისას, უნიჭო ხელოსნის მიერ დადებულს და ჩამოაცლის მას სიღატაკის საზიზღარ დაღს.

ამ მესრიდან, სიმბოლურად რომ ჰყოფდა ამ ორ სამყაროს - დიდ შარაგზასა და სასახლეს, პაწია ღატაკი უჩვენებდა პაწია მდიდარს თავის საკუთარ სათამაშოს, რომელსაც მდიდარი ხარბად ათვალიერებდა, როგორც არნახულ, საუცხოო ნივთს. ეს სათამაშო, რომელსაც ჩამოგლეჯილი ბიჭუნა ატრიალებდა ხელში, ხანაც ზევით ისროდა და აქეთ-იქით აქანებდა პატარა გალიით, იყო ცოცხალი ვირთხა, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც ჩანს, მისი მშობლები, ეკონომიის მიზნით, თავად ცხოვრებას დაესესხნენ ამ სათამაშოს.

ორივე ბავშვი შესციცინებდა ერთმანეთს, ძმური ერთობით იცინოდნენ და აჩენდნენ თანასწორად თეთრ კბილებს.

************************************************************************************************************
-ფანჯრები-

ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. 
ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.

სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.

აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.

მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.

შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.

??????