ბოდლერი შარლ
გაზიარება

შხამი (მთარგმნელი: ჩაბრაძე ბაჩანა) 

ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური 
სასწაულებრივ დიდებულებით 
და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი 
ოქროვან ორთქლში ამოისრული, 
თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები. 

თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს, 
ახანგრძლივებს უსაზღვროებას, 
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას, 
და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ 
სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას. 

ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების, 
მწვანე თვალების შხამიან სურას, 
ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა სცურავს... 
სად ოცნებები, შენით მთვრალები, 
ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას. 

ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად 
შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის, 
ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს, 
ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა 
და, ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!

??????