თან-ხმოვანი
გულჩათხრობილი საღამოა, როგორც განწყობა,
გიმარცვლავ ღმერთს და გადამყავხარ სიკეთის მიღმა,
აღსარებაში ვიღაც თავის ცოდვებს აწყობდა,
აღსარებულმა სინამდვილემ არ გამიღიმა.
სულ გეხვეწები, რომ მუდარა ხსნა არ გეგონოს,
დღესაც გვითვლიან გასულ დღეებს, როგორც გასასვლელს,
მთელი სამყარო გიკარნახებს ჩემზე ნეკროლოგს,
შენ კი ვერ დაწერ ოცნებობა, რომ შეგასწავლე.
უცოდველობამ ჩვენს ბინაში დახრა აკვნები,
ბავშვებს - ბავშვობა შიშველ ტანზეც კი არ ერგებათ.
კეთილდღეობას ამაღამ თუ შემოაკვდები,
მეც დავნებდები... გამაყოლოს შენს გზას ეგება.
აღსარებაში ვიღაც თავის ცოდვებს აწყობდა,
ბედი სუსტი გაქვს. სულის ზრდაში აღარ ერევი.
გულჩათხრობილი საღამოა, როგორც განწყობა,
გიმარცვლავ ღმერთს და ვერ ვიპოვნე ზუსტი ბგერები.