სულაც არ ბნელა! ექსკლიუზივი
ბნელა, ძალიან ბნელა,
და არის ცხადზე ცხადი -
იჭრება დაფნის ტყეები
და უსაბუთოდ გადის.
ბნელა, პარნასზე ბნელა,
დგას ლაწალუწი ტოტების...
კონტრაბანდული დაფნით
თქვენ სადღა მოებღოტებით!
აქ უბნელობა არ გადის,
არც - ჯიქურ მოფრენები;
ვაკეში ვაკელები ხართ,
პარნასზე - სოფლელები.
არ გაჭენდება ჯაგლაგი,
ხმა ჩაიწმინდეთ ჯერეთ;
მაგ კინტაური ლექსებით
პარნასს ვერ აამტვერებთ!
ვაკეში არის „პარნასი“ –
წიგნების მაღაზია;
პარნასზე - ვაკე არ არის,
პარნასი - მაღალზეა!
აქ ბევრი გაასილაქეს -
უბანში ნაფერები;
აქ სხვანაირი ჰავაა,
სხვანაირი გაფრენები.
აქ სხვა წამალზე სხედან,
აქ სხვა კაიფი მოსულა;
აქ სხედან, სეფელექსებზე
ვინც ღმერთმა დააორსულა.
ჩვენი ამაყი დუმით
როდემდე გახეიროთ;
ვაკეში - კაი ბიჭი ხარ,
პარნასზე - ვაკეირო...
იცით და - ვითომ არ იცით
თქვენ ჩვენი სახელები;
იცით და - ცდილობთ არცოდნას
ცოფით და გახელებით:
ვაკეში სოფლელები ვართ,
პარნასზე - ვაკელები!