ლეონიძე გიორგი
გაზიარება

ვინც სთქვა ქართული ლექსი პირველმა 

ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი,
შენ, ბედნიერო და უსახელო;
ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი,
სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ!
იქნებ ის იყავ, დანაცრებული,
მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში,
იქნებ აღსდექი განათებული
ზედაზნის დილის გამოხედვაში.
იქნებ ლერწამი შენი ძვლებია,
არაგვის ჩქერზე ამორხეული;
იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებია
სვეტიცხოველზე შენი სხეული?
იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ,
გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა?
არ ვიცი, მაგრამ ყველგან მიცვნიხარ,
ვინც სთქვი ქართული ლექსი პირველმა!

??????