ლეონიძე გიორგი
გაზიარება

ლექსი, წარმოთქმული ლესია უკრაინკას ძეგლის გახსნაზე სურამში, 1952 წლის 3 აგვისტოს 

როგორც ყორნის ფრთის ნაჩრდილმა,
წარსულმა გადაიარა,
და შენც, შიგ გულში დაჭრილო,
მოგირჩა მწარე იარა.
გულზე შავი ცა გეხურა,
შუაღამეთა სიმძიმე,
მაგრამ ლესიას ლექსებმა
ვარსკვლავნი ააციმციმეს.
შენ, უკრაინავ, ჩვენო ძმავ,
ნაომარო და აღმდგარო,
დნეპრო, კიევო, ალვებო,
ალუბლიანო ბაღნარო,
ვისწრაფით ― საქართველოდან
დღე დიდებისა გახაროთ.
გილოცავთ ჩვენი დავითიც,
მისი ხმა დღესაც გვსმენია,
გილოცვენ ქართვლის ვაჟებიც,
მკერდზე რომ სისხლი სდენიათ,
შენთვის თავდადებულები,
შენს მიწაში რომ ჰსვენიან.
იმ სისხლით შეფიცულები
ურყეველ ძმობას გახარებთ,
ვაშა, რომ დროშა მშვიდობის
ბრძოლაში არსად გახარეთ!
ვაშა, რომ ჰყვავი, შენდები,
რომ გულზე ვარდი დაისხი,
იცოცხლე წელი იმდენი,
რამდენიც მოვა მაისი.
მარად ბრწყინავდეს ჩახჩახით
ძმობის მზე მომავალისა,
სანამდი დნეპრსა და მტკვარში
დიოდეს წვეთი წყალისა!

??????