ჩემი იადგარი
რაც გულის ძგერამ გამოსცა,
დარჩება შეუსმინარი?
რაც გულის ქურამ გამოსწვა
ზურმუხტ ოცნების მინარი,
ნუ თუ არ დაიელვარებს?..
ერთ გულს ვერ დავწვავ მაინცა?
აჟღერდი, ლექსო, მღელვარე,
მიშველე შენსა რაინდსა!
შავკაბიანი მზრდიდა მე,
გუთანი ტრედა ხარისა,
რაც მათი ღვაწლით ვიწამე,
კაცად მან დამახარისხა!
მე მახსოვს დედის თავშალი,
ზედ ქვეყნის გული ეხატა,
იმ გულს ვდარაჯობ ჯავშანით,
სიტყვა გავხადე ვეფხვადა!
სამშობლოვ, ვსუნთქავთ ერთ სუნთქვით,
ერთ ცეცხლის ალზე ვიწვებით,
ყოველ კალამზე, მე თუ ვთქვი,
ლექსად შენ ამოიწები!
შენ მოგიწყურე წყურვილით
და შენ, სამშობლოს იაო,
შენი სპეტაკი სურნელი,
გთხოვ, გულზე დამინიაო!
ქართლო, ხმას შენთვის დავრეკავ,
შენი ფუძნარის ძალებით;
მე გულით გულზე დაგეკარ,
მე შენ არ დაგეცალები!
შენი ნაჟური წვეთი ვარ
და შენი ძუძუს ნაცვარი;
შენ დაგიბრუნდეს ერთიან,
შენგან ნაწოვი რაც არი,―
ჩემი ოცნების ღვენთია
ეს მწირი ნამოღვაწარი!