ასათიანი ლადო
გაზიარება

პირველი მჭედლები 

იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები…
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.
პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი
და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი.
უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული,
ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.
ქურაში ცეცხლის ენები — წითელი აბრეშუმები,
კედლებზე ახალთახალი თხუთმეტწყრთიანი შუბები,
უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,
დასახარჯავი ხანჯლები ღა პერანგები ნაბდისა.
იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები…
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.
პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.

1941

??????